№ზ-641-6(გან-22) 23 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გ. ბ-ეის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინების განმარტების შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინებით გ. ბ-ეის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, დაუსაბუთებლობის გამო; გ. ბ-ეის კერძო საჩივარი საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 ნოემბრის განჩინებაზე და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 ნოემბერის დამატებით განჩინებაზე დარჩა განუხილველი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 იანვრის განჩინებით გ. ბ-ეის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, დაუსაბუთებლობის გამო; გ. ბ-ეის კერძო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 3 დეკემბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველი.
2022 წლის 24 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა გ. ბ-ეემ და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინებით განმცხადებელ გ. ბ-ეეს განცხადებაზე ხარვეზის შესავსებად დაუდგინდა საპროცესო ვადა 7 დღე, სააპელაციო პალატის განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან და დაევალა განცხადებაში მიეთითებინა: ა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებაზე; ბ. იმის შესახებ, თუ რა საფუძვლით და რა ფარგლებში მოითხოვდა განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას; გ. გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი. ამავე განჩინებით განმცხადებელს განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა ხარვეზს, განცხადება დარჩებოდა განუხილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 მარტის განჩინებით გ. ბ-ეის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და გ. ბ-ეეს განცხადებაზე დადგენილი ხარვეზების შესავსებად დაწესებული ვადა გაუგრძელდა 5 დღით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინებით გ. ბ-ეის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო; ხოლო გ. ბ-ეის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დაუშვებლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ბ-ეემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 მაისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს - გ. ბ-ეეს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზები, კერძოდ, ამავე ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დასაბუთებული და ხელმოწერილი კერძო საჩივრის დედანი იმდენ ასლად, რამდენი მხარეც არის საქმეში, ასევე - შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ ხარვეზების ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებით გ. ბ-ეის შუამდგომლობა მოსამართლე მაია ვაჩაძის აცილების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული გ. ბ-ეის კერძო საჩივარი. ამავე განჩინებით გ. ბ-ეეს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
2022 წლის 12 სექტემბერს კერძო საჩივრის ავტორმა - გ. ბ-ეემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებაში უსწორობის გასწორება მოითხოვა, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ნაცვლად გ. ბ-ეე გათავისუფლდება კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში უარი განაცხადა კერძო საჩივრის განხილვაზე. ამავე განცხადებით კერძო საჩივრის ავტორმა მოსამართლეების - მაია ვაჩაძისა და გოჩა აბუსერიძის აცილება მოითხოვა. ამასთან, 2022 წლის 12 ოქტომბერს კერძო საჩივრის ავტორმა მოსამართლე გოჩა აბუსერიძის აცილებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოში დამატებით წარმოადგინა განცხადება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით გ. ბ-ეის შუამდგომლობა მოსამართლეების - მაია ვაჩაძისა და გოჩა აბუსერიძის აცილების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. ბ-ეის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით გ. ბ-ეის განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდა და გ. ბ-ეის მიერ კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო კერძო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება.
2022 წლის 31 ოქტომბერს გ. ბ-ეემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მოსამართლეების - მაია ვაჩაძის, გოჩა აბუსერიძისა და ბიძინა სტურუას აცილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინების განმარტება, თუ რა საფუძვლით, რის გამო გადაუვადდა გ. ბ-ეეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 თებერვლის განჩინებით გ. ბ-ეის შუამდგომლობა მოსამართლეების - მაია ვაჩაძის, გოჩა აბუსერიძისა და ბიძინა სტურუას აცილების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ბ-ეის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინების განმარტების შესახებ განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
ამდენად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს სასამართლოს მიერ მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების წესსა და პირობებს, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს ამგვარ უფლებამოსილებას ანიჭებს იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები, შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. განმარტების აუცილებლობა არსებობს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების შემთხვევაში. გადაწყვეტილების განმარტებისას კი არ უნდა იქნეს შეცვლილი კანონიერ ძალაში შესული და განმარტებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და განმარტების საგანს უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ გადაწყვეტილების შინაარსი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პირობების არსებობისას.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლო არ წარმოადგენს გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებებით არ დაკმაყოფილდა გ. ბ-ეის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივლისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ; ხოლო გ. ბ-ეის განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდა და გ. ბ-ეის მიერ კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო კერძო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება. საკასაციო სასამართლოს აღნიშნულ საქმეზე არ მიუღია ახალი გადაწყვეტილება, შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინება არ ექვემდებარება განმარტებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების განმარტება დაიშვება მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ გადაწყვეტილებაში იგულისხმება გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დაექვემდებაროს აღსრულებას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი განცხადება რეალურად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინების კრიტიკას წარმოადგენს და არ ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას, ვინაიდან, მითითებული ნორმა სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას განმარტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალური წინაპირობა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებებით გ. ბ-ეეს ხაზგასმით განემარტა, რომ საკასაციო სასამართლომ გ. ბ-ეის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტისას იმსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხზე და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივრის არსიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის განხილვის უზრუნველსაყოფად გ. ბ-ეეს უნდა გადავადებოდა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ბ-ეის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინების განმარტების შესახებ განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ბ-ეის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინების განმარტების შესახებ განუხილველი დარჩეს დაუშვებლობის გამო;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა