საქმე #ბს-1082(3კ-22) 16 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების, ასევე, ე. გ-ეის, მ. გ-ეის, ე. ც-ეის, ლ. ბ-ეის, ო. ბ-ეისა და მ. დ-ეის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 16 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - ჩოხატაურის მინიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2008-2009 წლებში კომისიის მიერ სხვადასხვა მოქალაქეებზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობები, თუმცა აღნიშნული მოწმობების გაცემის მიზნით კომისიას შესაბამისი განცხადებები არ განუხილავს, ადმინისტრაციული წარმოება არ ჩაუტარებია და გადაწყვეტილება არ მიუღია, რის გამოც მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლების მოწმობები ბათილია, რამდენადაც დარღვეულია კანონმდებლობით გათვალისწინებული მათი მომზადებისა და გამოცემის წესი.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სამინისტროსათვის ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 მაისის განაჩენის (საქმე #1/8-11) შესახებ ცნობილი გახდა 2019 წლის 12 ნოემბერს. განაჩენში მითითებულია, რომ სადავო საკუთრების მოწმობები გაიცა კომისიის გვერდის ავლით, უკანონოდ. ანალოგიური შინაარსის ჩანაწერია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის #1/ბ-11-2013წ. განაჩენშიც, რომელიც სამინისტროსთვის ასევე ცნობილი გახდა 2019 წლის 12 ნოემბერს. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სწორედ ამ თარიღიდან უნდა იქნეს ათვლილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ერთთვიანი ვადა. მოსარჩელე ასევე გასათვალისწინებელ გარემოებად მიიჩნევს იმას, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიმართ მოქმედებს კანონიერების პრინციპი. ფაქტი იმისა, რომ აღიარების კომისიის სხდომები არ ჩატარებულა და ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დარღვევით, სამინისტროსათვის ცნობილი გახდა 2019 წლის 12 ნოემბერს, სასამართლო განაჩენით.
ამდენად, სარჩელის დაზუსტების შემდგომ, მოსარჩელემ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და საკუთრების უფლების მოწმობის გამცემი კომისიის მიერ გაცემული 2008 წლის 30 ოქტომბრის #239 საკუთრების უფლების მოწმობის, 2008 წლის 28 დეკემბრის #460 საკუთრების უფლების მოწმობის, 2008 წლის 23 ოქტომბრის #224 საკუთრების უფლების მოწმობის, 2008 წლის 20 ოქტომბრის #210 საკუთრების უფლების მოწმობის, 2009 წლის 21 აპრილის #198 საკუთრების უფლების მოწმობის, 2008 წლის 19 სექტემბრის #147 საკუთრების უფლების მოწმობის, 2008 წლის 7 ოქტომბრის #200 საკუთრების უფლების მოწმობის, 2008 წლის 28 ოქტომბრის #234 საკუთრების უფლების მოწმობის, 2008 წლის 6 ნოემბრის #262 საკუთრების უფლების მოწმობის, 2008 წლის 28 დეკემბრის #365 საკუთრების უფლების მოწმობის, 2008 წლის 17 დეკემბრის #366 საკუთრების უფლების მოწმობის, 2008 წლის 26 დეკემბრის #448 საკუთრების უფლების მოწმობის, 2008 წლის 6 ნოემბრის #259 საკუთრების უფლების მოწმობისა და 2008 წლის 29 დეკემბრის #471 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა მოითხოვა.
ამავე სარჩელით მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის შესაბამისად, 2008 წლის 19 სექტემბრის #147 საკუთრების უფლების მოწმობის მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ე. გ-ე, მ. გ-ე, ე. ც-ე, ნ. ს-ა, ლ. ბ-ე და ო. ბ-ე.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შეჩერდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის გამცემი კომისიის მიერ 2008 წლის 19 სექტემბრის #147 საკუთრების უფლების მოწმობის მოქმედება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა მ. დ-ეე.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ შ. ჭ-ე, თ. ბ-ი და ზ. ჯ-ი.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ა. თ-ე.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარჩელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 30 ოქტომბრის #239, 2008 წლის 28 დეკემბრის #460, 2008 წლის 23 ოქტომბრის #224, 2008 წლის 20 ოქტომბრის #210; 2008 წლის 19 სექტემბრის #147, 2008 წლის 7 ოქტომბრის #200, 2008 წლის 28 ოქტომბრის #234, 2008 წლის 6 ნოემბრის #262, 2008 წლის 17 დეკემბრის #365, 2008 წლის 17 დეკემბრის #366, 2008 წლის 26 დეკემბრის #448, 2008 წლის 6 ნოემბრის #259 და 2008 წლის 29 დეკემბრის #471 საკუთრების უფლების მოწმობების ბათილად ცნობის შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 30 ოქტომბრის #239, 2008 წლის 28 დეკემბრის #460, 2008 წლის 23 ოქტომბრის #224, 2008 წლის 20 ოქტომბრის #210, 2008 წლის 19 სექტემბრის #147, 2008 წლის 7 ოქტომბრის #200, 2008 წლის 28 ოქტომბრის #234, 2008 წლის 6 ნოემბრის #262, 2008 წლის 17 დეკემბრის #365, 2008 წლის 17 დეკემბრის #366, 2008 წლის 26 დეკემბრის #448, 2008 წლის 6 ნოემბრის #259 და 2008 წლის 29 დეკემბრის #471 საკუთრების უფლების მოწმობები; დანარჩენ ნაწილში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარჩელი 2009 წლის 21 აპრილის #198 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სისხლის სამართლის საქმეზე 2012 წლის 7 მაისს მიღებული განაჩენით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, დადგენილი იყო, რომ არა მხოლოდ კომისიის, არამედ მესამე პირთა მხრიდანაც არ ყოფილა დაცული სადავო პერიოდში მოქმედი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ 2007 წლის 11 ივლისის საქართველოს კანონისა და „საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის #525 ბრძანებულების დებულებები ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის, კერძოდ, კომისიაში სათანადო წესით არ წარდგენილა მათი განცხადებები, სათანადო დოკუმენტაცია, არ გადახდილა აღიარების საფასური და ა.შ. ამასთან, ამავე განაჩენით გარდა იმისა, რომ დადასტურებული იყო 2008 წლის აგვისტოდან ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდში მოქალაქეებზე 132 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის უკანონოდ გაცემის ფაქტი, სახელობითად იყო ჩამოთვლილი ის უკანონო საკუთრების მოწმობები, რომელთა ბათილად ცნობის მოთხოვნაც დაყენებული იყო განსახილველ საქმეზე (ნ. ს-ას მიმართ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის გარდა).
რაც შეეხება მესამე პირის - ნ. ს-ას მიმართ გაცემული #198 საკუთრების უფლების მოწმობის კანონიერების საკითხს, სააპელაციო პალატის შეფასებით, ყურადღება უნდა გამახვილებულიყო ამ აქტის გამოცემის პერიოდზე - 2009 წლის 21 აპრილი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარჩელი ეფუძნებოდა 2012 წლის 7 მაისის განაჩენით ჩოხატაურის აღიარების კომისიის თავმჯდომარის მიერ საკუთრების უფლებების მოწმობების არაკანონიერად გაცემის ფაქტის დადგენას, თუმცა გასათვალისწინებელი იყო ის გარემოება, რომ დასახელებული განაჩენით დადგინდა 2008 წლის აგვისტოდან ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების უკანონობა, ნ. ს-ას სახელზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი კი გაცემული იყო აღნიშნული პერიოდის შემდგომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს ე. გ-ემ, მ. გ-ემ, ე. ც-ემ, ლ. ბ-ემ, ო. ბ-ემ და მ. დ-ეემ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ს-ას მიმართ საკუთრების უფლების მოწმობა გაცემულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დამკავებელი ფიზიკური პირის მემკვიდრეზე, რადგან აღნიშნული საკუთრების უფლების მოწმობის გაცემას წინ უძღოდა ნ. ს-ას სასარგებლოდ სამკვიდრო მოწმობის გაცემა.
სამინისტრო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილია კანონით გაუთვალისწინებელ მემკვიდრეზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც ნ. ს-ამ მოითხოვა თავისი მეუღლის მამის მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. ამასთან, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის #525 ბრძანებულების (05.12.2008წ - 22.01.2010წ. მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კომისია გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას და დამოწმებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს, რომელზედაც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად, ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების საზღვრები და ფართობი, რომელთა საფუძველზეც საკუთრების უფლებააღიარებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში. თუ დაინტერესებულ პირს წარმოადგენს სავარაუდო მემკვიდრე, საკუთრების უფლების მოწმობა გაიცემა დანართი #3-ით გათვალისწინებული ფორმით.
კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ნ. ს-ას სასარგებლოდ #198 საკუთრების უფლების მოწმობა გაცემულია არა დასახელებული ბრძანებულების #3 დანართის, არამედ #2 დანართის შესაბამისად.
ამასთან, კასატორი საგულისხმოდ მიიჩნევს, რომ #198 საკუთრების უფლების მოწმობით საკუთრების უფლება აღიარებულ იქნა ...ში, ...ის ქუჩის #...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, რომელიც ტყის ფონდის მიწებში ხვდებოდა. ტყის ფონდის მართვის შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს კი არ მიუღია გადაწყვეტილება ტყის ფონდის საზღვრებიდან უძრავი ქონების ამორიცხვის თუ ტყის ფონდის მართვისათვის ხელშეშლის არარსებობის შესახებ. თავის მხრივ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც დაკავებულია ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ, რომელთა საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის შესაბამისად და რომელთა სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვა ხელს არ შეუშლის სახელმწიფო ტყის ფონდის მართვისა და დაცვის განხორციელებას.
კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ნ. ს-ას ნაწილში, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები, რასაც შედეგად მოჰყვა გადაწყვეტილებაში ურთიერთსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელი მსჯელობის ასახვა.
კასატორი მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-3 და მე-5 მუხლებზე, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის #525 ბრძანებულების მე-12 და მე-17 მუხლებზე, ასევე, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 მაისის განაჩენზე და აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დადგინდა სახელმწიფოსათვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენება, ვინაიდან კურორტ ...ში უკანონოდ განიკარგა სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთები. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც უტყუარად არის დადგენილი საკუთრების უფლების მომწობების სიყალბე, კასატორის მოსაზრებით, იკვეთება მათი გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. კასატორისათვის გაუგებარია, რატომ გაიზიარა სასამართლომ აპელანტების მსჯელობა და რატომ დატოვა ძალაში ნ. ს-ას მიმართ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა.
კასატორები - ე. გ-ე, მ. გ-ე, ე. ც-ე, ლ. ბ-ე, ო. ბ-ე და მ. დ-ეე აღწერენ იმ გარემოებებს, რომლებმაც, მათივე შეფასებით, განაპირობა საკუთრების უფლების მიტოვება სადავო უძრავ ქონებებზე. ამასთან, კასატორები მიიჩნევენ, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადგილი არ ჰქონია უკანონო ქმედებას.
კასატორთა განმარტებით, კომისიას წერილობითი და ზეპირი ახსნა-განმარტების გარდა სასამართლოში არაფერი წარმოუდგენია. კასატორებს კი მოეთხოვათ მუნიციპალიტეტში შეტანილი განცხადებების, ადმინისტრაციული წარმოების მასალებისა და გადახდის ქვითრების წარდგენა.
კასატორები, ასევე, მიიჩნევენ, რომ სასამართლომ არ იმსჯელა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე - არსებობდა თუ არა სადავო უძრავ ქონებებზე მესამე პირთა საკუთრების უფლების აღიარების წინაპირობები. ამასთან, მათი მოსაზრებით, თუკი სასამართლო თვლიდა, რომ დარღვეული იყო ადმინისტრაციული წარმოების წესები, მას სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად უნდა ეცნო ბათილად.
კასატორები აღნიშნავენ, რომ ე. გ-ეს აქვს 2007 წლის ცნობა საჯარო რეესტრიდან და სახლის 2006 წლის პროექტი, ასევეა ე. ც-ე და მ. გ-ე, რომელთა სახლების არსებობა დადასტურებულია. შესაბამისად, კასატორები მიიჩნევენ, რომ მესამე პირების ნაკვეთები საერთოდ არ არის სატყეო ზონაში და ამის შესახებ არანაირი დოკუმენტი საქმეში არ არსებობს, ზოგადად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება და დასკვნა იმის თაობაზე, რომ მესამე პირებს მიწა არ ეკუთვნოდათ და მათ შ. ს-ეის უკანონო ქმედებით მიიღეს რაიმე სარგებელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. გ-ეის, მ. გ-ეის, ე. ც-ეის, ლ. ბ-ეის, ო. ბ-ეისა და მ. დ-ეის საკასაციო საჩივარი ე. გ-ეის, მ. გ-ეის, ლ. ბ-ეის, ო. ბ-ეისა და მ. დ-ეის ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. გ-ეის, მ. გ-ეის, ე. ც-ეის, ლ. ბ-ეის, ო. ბ-ეისა და მ. დ-ეის საკასაციო საჩივარი ე. ც-ეის ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები, ასევე, ე. გ-ეის, მ. გ-ეის, ე. ც-ეის, ლ. ბ-ეის, ო. ბ-ეისა და მ. დ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და საკუთრების უფლების მოწმობის გამცემი კომისიის მიერ გაცემული 2008 წლის 30 ოქტომბრის #239 საკუთრების უფლების მოწმობის, 2008 წლის 28 დეკემბრის #460 საკუთრების უფლების მოწმობის, 2008 წლის 23 ოქტომბრის #224 საკუთრების უფლების მოწმობის, 2008 წლის 20 ოქტომბრის #210 საკუთრების უფლების მოწმობის, 2009 წლის 21 აპრილის #198 საკუთრების უფლების მოწმობის, 2008 წლის 19 სექტემბრის #147 საკუთრების უფლების მოწმობის, 2008 წლის 7 ოქტომბრის #200 საკუთრების უფლების მოწმობის, 2008 წლის 28 ოქტომბრის #234 საკუთრების უფლების მოწმობის, 2008 წლის 6 ნოემბრის #262 საკუთრების უფლების მოწმობის, 2008 წლის 28 დეკემბრის #365 საკუთრების უფლების მოწმობის, 2008 წლის 17 დეკემბრის #366 საკუთრების უფლების მოწმობის, 2008 წლის 26 დეკემბრის #448 საკუთრების უფლების მოწმობის, 2008 წლის 6 ნოემბრის #259 საკუთრების უფლების მოწმობისა და 2008 წლის 29 დეკემბრის #471 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი ე. გ-ეის, მ. გ-ეის, ე. ც-ეის, ლ. ბ-ეის, ო. ბ-ეის, მ. დ-ეის, ა. თ-ეის, შ. ჭ-ეის, თ. ბ-ისა და ზ. ჯ-ის სასარგებლოდ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობები, თუმცა სამინისტროს უარი ეთქვა ნ. ს-ას მიმართ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობაზე. ამასთან, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მოითხოვენ სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას, უფრო კონკრეტულად, ნ. ს-ას სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობასაც. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით, ასევე, გაასაჩივრეს მესამე პირებმა - ე. გ-ემ, მ. გ-ემ, ე. ც-ემ, ლ. ბ-ემ, ო. ბ-ემ და მ. დ-ეემ. თუმცა გადაწყვეტილება საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ მესამე პირებს - ა. თ-ეს, შ. ჭ-ეს, თ. ბ-ისა და ზ. ჯ-ის. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მათ სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობების ბათილად ცნობის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში და საკასაციო სასამართლო მოკლებულია პროცესუალურ შესაძლებლობას, იმსჯელოს აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის კანონიერებაზე.
საკასაციო სასამართლო, უპირველესად, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარჩელის ცენტრალურ საფუძველს წარმოადგენს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 მაისის განაჩენი, რომლითაც სასამართლომ დაადგინა, რომ კომისიის თავმჯდომარე შ. ს-ეემ ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. განაჩენით შ. ს-ეის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის გამცემი კომისიის თავმჯდომარემ - შ. ს-ეემ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება, კერძოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, უხეშად დაარღვია საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის #96 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის წესები“, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის #525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების დებულების“ მოთხოვნები და 2008 წლის აგვისტოდან ამავე წლის დეკემბრამდე პერიოდში მოქალაქეებზე უკანონოდ გასცა საკუთრების დამადასტურებელი 132 მოწმობა, რისთვისაც მოქალაქეებისაგან პირადად აიღო გარკვეული თანხა და თვითონ უზრუნველყო სათანადო დოკუმენტების მომზადება. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, რამდენადაც მოქალაქეებმა მიიღეს სარგებელი, შ. ს-ეის მიერ უკანონოდ გაცემული მოწმობები მათ წარადგინეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩოხატაურის სარეგისტრაციო სამსახურში და საკუთრებაში დაირეგისტრირეს სახელმწიფო ტყის ფონდში შემავალი მიწის ნაკვეთები. კერძოდ, როგორც განაჩენშია აღნიშნული, კომისიის თავმჯდომარე შ. ს-ეემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ, კომისიის გვერდის ავლით გასცა საკუთრების უფლების მოწმობები.
ამასთან, საპროცესო შეთანხმების - ბრალზე გარიგების საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილებები მხოლოდ დანიშნული სასჯელის ნაწილში.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე დადგინდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის გამცემ კომისიას 2008 წლის აგვისტოდან ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით არც ერთი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა არ გამოუცია კანონით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების წესით. მეტიც, საკუთრებების მოწმობის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად, კომისიის გვერდის ავლით მიღების ფაქტზე აღიარების კომისიის თავმჯდომარე მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. საგულისხმოა ისიც, რომ განაჩენში კონკრეტულად არის ჩამოთვლილი ის უკანონო საკუთრების უფლების მოწმობები, რომელთა ბათილად ცნობის მოთხოვნაც დაყენებულია განსახილველ საქმეზე (გარდა ნ. ს-ას სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობისა).
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მესამე პირების მიერ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილ განმარტებებზე, კერძოდ, კასატორები მიიჩნევენ, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მათ მიერ სადავო მიწის ნაკვეთების თვითნებურად დაკავების ფაქტი. ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მესამე პირებს, სათანადო კანონისმიერი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უფლება აქვთ მიმართონ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ იმ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების/რეგისტრაციის მოთხოვნით, რომლის თვითნებურად დამკავებლებს ან მართლზომიერად მფლობელებსაც (მოსარგებლებსაც) წარმოადგენენ.
რაც შეეხება მესამე პირის - ნ. ს-ას მიმართ გაცემული #198 საკუთრების უფლების მოწმობის კანონიერების საკითხს და ადმინისტრაციული ორგანოების საკასაციო საჩივრებს, საკასაციო პალატის შეფასებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის გამოცემის პერიოდს - 2009 წლის 21 აპრილი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარჩელი ეფუძნება 2012 წლის 7 მაისის განაჩენით ჩოხატაურის აღიარების კომისიის თავმჯდომარის მიერ საკუთრების უფლებების მოწმობების არაკანონიერად გაცემის ფაქტის დადგენას, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დასახელებული განაჩენით დადგინდა 2008 წლის აგვისტოდან ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების უკანონობა, ნ. ს-ას სახელზე საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი კი გაცემულია აღნიშნული პერიოდის შემდგომ, ხოლო ნ. ს-ა და მის მიმართ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა მოხსენებულიც კი არ არის 2012 წლის 7 მაისის განაჩენში. შესაბამისად, ის არგუმენტები, რომელიც მოსარჩელე მხარეს ჰქონდა სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი ფაქტების გათვალისწინებით, მხედველობაში ვერ იქნება მიღებული ნ. ს-ას მიმართ, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც რაიმე დამატებითი წონადი არგუმენტი აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობის თაობაზე მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია.
ამასთან, როგორც საქმის მასალებით, კერძოდ, 2008 წლის 25 ივნისის სამკვიდრო მოწმობით დგინდება, ნოტარიუსი ლ. ვ-ა ადასტურებს, რომ ნ. ს-ა არის ე. ლ-ეის პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან მეუღლე. 2007 წლის 1 ივნისს გარდაიცვალა ა. ლ-ე. მის კუთვნილ დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ ცნობილი იყო შვილი - ე. ლ-ეე, რომელიც გარდაიცვალა 2001 წლის 12 ოქტომბერს. მისი გარდაცვალების გამო მემკვიდრეობა გადადის მეუღლე ნ. ს-აზე, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო სააგარაკო ბინა მდებარე კურორტ ...ში, ...ის ქ. #...-ში. აღნიშნული აგარაკი კურორტის წიგნებში არსებული მონაცემებით საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ა. ლ-ეს, მაგრამ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩოხატაურის სამსახურის მიერ გაცემული 25.06.2008წ. #57/28-0538 ცნობის თანახმად, დღეის მდგომარეობით, იგი რეგისტრირებული არ არის ჩოხატაურის სარეგისტრაციო სამსახურში, ასევე მონაცემები არ არის აღრიცხული ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს არქივში.
საქმეში წარმოდგენილია, ასევე, 2008 წლის 25 სექტემბერს დაინტერესებული პირის - ნ. ს-ას დაკვეთით შპს „ს...-ის“ მიერ შესრულებული ჩოხატაურის რაიონის კურორტ ...ში, ...ის ქ. #...-ში მდებარე მიწის ნაკვეთის გეგმა, 99 კვ.მ. ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობის (სააგარაკო სახლი, განაშენიანების ფართობი: 35.3 კვ.მ) საკადასტრო აზომვითი ნახაზი და 2008 წლის ივნისის მდგომარეობით შედგენილი ამავე შენობა-ნაგებობის ტექნიკური პასპორტი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საკასაციო საჩივრებში განვითარებულ მსჯელობას, კერძოდ, კასატორები მიუთითებენ, რომ ჩოხატაურის რაიონის კურორტ ...ში, ...ის ქ. #...-ში მიწის ნაკვეთი, რომელზეც ნ. ს-ას უღიარდა საკუთრების უფლება, საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის დროისათვის (2009 წლის 21 აპრილი) ექცეოდა სატყეო ზონაში, საიდანაც სადავო უძრავი ქონება დღემდე არ ამორიცხულა. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრებში წარმოდგენილ აღნიშნულ მოსაზრებას და მის საწინააღმდეგოდ განმარტავს, რომ გასაჩივრებული საკუთრების უფლების მოწმობის ნ. ს-ას სახელზე გაცემის დროისათვის, სადავო მიწის სატყეო ზონაში მოქცევის ფაქტის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება. საქმის მასალებით, ასევე, არ დგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი დღეის მდგომარეობითაც მიეკუთვნება სატყეო ზონას. უფრო მეტიც, ადმინისტრაციული ორგანოები ვერც საკასაციო საჩივრის ფარგლებში ვერ ადასტურებენ ზემოაღნიშნულ გარემოებებს, რამდენადაც საკასაციო საჩივარსაც არ ერთვის ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოთა მხრიდან არ წარმოდგენილა ნ. ს-ას სახელზე აღიარებული სადავო უძრავი ქონების სატყეო ზონისათვის მიკუთვნების თაობაზე დასაშვები და დასაბუთებული, სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო საჩივრებში ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან მხოლოდ მითითება აღნიშნულ გარემოებაზე არ არის საკმარისი სატყეო ზონაში კონკრეტული ნაკვეთის მოქცევის ფაქტის დასადგენად.
ამასთან, საკასაციო სასამართლომ ნაკვეთის მდგომარეობის მოძიების მიზნით, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულ საქართველოს ინტერაქტიულ რუკაზე (https://maps.municipal.gov.ge) მოიძია ნ. ს-ას სახელზე 2009 წლის 21 აპრილის #198 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე დარეგისტრირებული უძრავი ქონების (ს.კ. ..., მისამართი: კურორტი ..., ...ის ქუჩა #...) ფაქტობრივი მდგომარეობა 2016-2017წწ.-ის პერიოდში. რუკაზე ასახული ვითარებით ცალსახად დგინდება, რომ მითითებული მიწის ნაკვეთი განლაგებულია ...ს განაშენიანების ცენტრში, ტყისაგან საკმაო მანძილის დაშორებით და მისი მიმდებარე ტერიტორია ათვისებულია მრავალი შენობა-ნაგებობით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ლ. ბ-ეს (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარზე 24.08.2022წ. #14261979939 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, ო. ბ-ეს (პ/ნ ...) 24.08.2022წ. #14261939568 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, კ. ჩ-ის (პ/ნ ...) ე. გ-ეის (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარზე 26.08.2022წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, მ. დ-ეის (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარზე 26.08.2022წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, ე. ც-ეის (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარზე 26.08.2022წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, მ. გ-ეის (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარზე 26.08.2022წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, ლ. ბ-ეს (პ/ნ ...) და ო. ბ-ეს (პ/ნ ...) - თითოეულ მათგანს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210-210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ამასთან, ე. გ-ეს (პ/ნ ...), მ. დ-ეეს (პ/ნ ...), ე. ც-ეს (პ/ნ ...) და მ. გ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეთ მათ საკასაციო საჩივარზე კ. ჩ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - თითოეულ მათგანს 210-210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები, ასევე, ე. გ-ეის, მ. გ-ეის, ე. ც-ეის, ლ. ბ-ეის, ო. ბ-ეისა და მ. დ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება;
3. ლ. ბ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე ა. ბ-ეის მიერ 24.08.2022წ. #14261979939 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. ო. ბ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე ა. ბ-ეის მიერ 24.08.2022წ. #14261939568 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
5. ე. გ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე კ. ჩ-ის (პ/ნ ...) მიერ 26.08.2022წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
6. მ. დ-ეეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე კ. ჩ-ის (პ/ნ ...) მიერ 26.08.2022წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
7. ე. ც-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე კ. ჩ-ის (პ/ნ ...) მიერ 26.08.2022წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
8. მ. გ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე კ. ჩ-ის (პ/ნ ...) მიერ 26.08.2022წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა