საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-352(კ-21) 21 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ო.თ-ი
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი
მესამე პირი - ა.ჯ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 02 აგვისტოს ო.თ-მა სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-... განყოფილების ...ის - ა.ჯ-ის 2017 წლის 11 ივლისის MIA 017 01652517 წერილის გაუქმება და შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისათვის გორის რაიონის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებაში ო.თ-ის კუთვნილი წილის ოთახების მდებარეობის განსაზღვრის თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალება. მოპასუხედ განისაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი.
გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ა.ჯ-ი.
გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით ო.თ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს (...ის) პოლიციის მე-... განყოფილების ...ის - ა.ჯ-ის მიერ 2017 წლის 11 ივლისს გაცემული MIA 0 17 01652517 წერილი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა 2017 წლის 11 ივლისს გაცემულ MIA 0 17 01652517 წერილთან დაკავშირებით საკითხის ხელახლა განხილვისას გარემოებების შესწავლა, მტკიცებულებების გამოკვლევა და ახალი ცნობის გაცემა. გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 01 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ო.თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ო.თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო.თ-მა, რომელმაც განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ ა.ჯ-მა არ გაითვალისწინა უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 02 მაისის განჩინება, არ დაელოდა სააპელაციო პალატის 2012 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებას და მოასარჩელე გამოასახლა სადავო სახლიდან. კასატორის მითითებით, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუდგენია, თუ კონკრეტულად სახლის რომელი ოთახებიდან გამოასახლეს მოსარჩელე. ამასთან სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა მოწმის დაკითხვის თაობაზე. ო.თ-მა აღნიშნა, რომ ცხოვრობდა მამაპაპისეული სახლის 1/3 წილში და საკუთარი ნებით არ დაუტოვებია საცხოვრებელი. კასატორის მითითებით, ა.ჯ-ის მიერ 2017 წლის 11 ივლისს შედეგნილი წერილი შეიცავს არასწორ ინფორმაციას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 01 ივნისის განჩინებით ო.თ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო.თ-ი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში გასაჩივრებულია გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-... განყოფილების ... ის - ა.ჯ-ის 2017 წლის 11 ივლისის MIA 017 01652517 წერილი, რომლის თანახმად, მოსარჩელე ო.თ-ს 2017 წლის 2 ივნისის №1301429 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ განცხადებაში მითითებული ბინიდან ო.თ-ის გამოსახლება მოხდა ი.ჩ-ის 15.06.2012წ. №779004 განცხადების და საჯარო რეესტრიდან წარმოდგენილი ამონაწერის საფუძველზე, ო.თ-ის შესაბამისი გაფრთხილების შემდეგ, იძულების ზომების გამოყენების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გამოსახლების თაობაზე არსებულ მასალებში მითითებული იყო, რომ ო.თ-ს დაკავებული ჰქონდა ბინის მხოლოდ 1/3 და კონკრეტული ოთახების შესახებ მითითებული არ იყო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველო მოკლებული იყო შესაძლებლობას, მიეთითებინა ო.თ-ის ბინის კონკრეტული ოთახების შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, მას სადავო საცხოვრებელ სახლში დაკავებული ჰქონდა კონკრეტული ოთახები (ქუჩის მხარეს). შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს უნდა გაეცა იმგვარი ცნობა, სადაც მითითებული იქნებოდა ზემოაღნიშნული კონკრეტული ოთახები.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ 2017 წლის 11 ივლისის MIA 01701652517 წერილით, მოქალაქე ო.თ-ს ადმინისტრაციული წარმოების მასალების შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდა. ადმინისტრაციულ ორგანოს მოკლებული იყო შესაძლებლობას, გაეცა იმგვარი შინაარსის ცნობა, სადაც მითითებული იქნებოდა, თუ კონკრეტულად რომელი ოთახებიდან გამოასახლეს მოსარჩელე, რამდენადაც ასეთი სახის ინფორმაცია (დოკუმეტები) წარმოების დაცული არ ყოფილა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის N 747 ბრძანებით დამტკიცებული „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის“ მე-6 მუხლის თანახმად, საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის აღსრულებისთანავე უფლებამოსილი პირი ადგენდა ოქმს, რომელსაც მასთან ერთად ხელს აწერდა ქმედუნარიანი ორი დამსწრე (თუ იყო). მხარეებს ჰქონდათ თითო დამსწრის დასახელების უფლება. ამასთან, მათ უფლება ჰქონდათ გაცნობოდნენ ოქმს და მიეღოთ მისი ასლი. გასახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული არ არის ო.თ-ის მიმართ განხორციელებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების შესახებ ოქმი. ამასთან, არც მოსარჩელეს წარმოუდგენია გამოსახლების პროცედურის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტები. ამდენად, სათანადო მტკიცებულებებით ვერ დგინდება მოსარჩელის მიმართ იძულების ზომების გამოყენების ფაქტი.
საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ 2011 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის ... განყოფილებაში (...) ი.ჩ-ის განცხადების საფუძველზე, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება გორის რაიონ სოფელ ...ში მდებარე მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან ო.თ-ის გამოსახლებასთან დაკავშირებით. გაიცა უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ გაფრთხილებები, თუმცა გამოსახლების პროცედურა რამდენჯერმე გადაიდო მოსარჩელესა და ი.ჩ-ეს შორის სასამართლო დავის მიმდინარეობის გამო. საქმის მასალებში წარმოდგენილი 2012 წლის 07 ივლისის ტელეფონზე გასაუბრების ოქმით დასტურდება, რომ გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის ... განყოფილების ... ა.ჯ-ი ტელეფონით დაუკავშირდა ი.ჩ-ეს, რომელმაც სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ მის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე ო.თ-მა დაცალა სადავო უძრავი ქონება და მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხსენებული გარემოება დამატებით ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელის გამოსახლების მიზნით იძულებითი ღონისძიებები არ გატარებულა. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო შესაძლებლობას განესაზღვრა, თუ კონკრეტულად რომელი ოთახებიდან გამოასახლეს მოსარჩელე და გაეცა ცნობა ო.თ-ის კუთვნილი წილის ოთახების მდებარეობის განსაზღვრის თაობაზე. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 24 მაისის N747 ბრძანებით დამტკიცებული „საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის წესის“ თანახმად, საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის აღკვეთის მიზნით უფლებამოსილი ადმინისტრაცილი ორგანო უზრუნველყოფდა თანაზომიერების პრინციპის გათვალისწინებით ხელმყოფის უძრავი ნივთიდან ფიზიკურად გამოყვანას, სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით უძრავ ნივთში შეღწევას და სხვა ღონისძიებების ერთობლიობას, რომელიც უზრუნველყოფდა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დაცვას და არ იწვევდა პირის წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას (დასჯას). ამდენად, იმ პირობებში, როდესაც კასატორი სადავოდ არ ხდის თავად გამოსახლების პროცედურას და ამ მიმართებით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია, მის მიერ დაკავებული ოთახების მდებარეობის განსაზღვრა სცდება ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების ფარგლებს, რაც გამორიცხავს ო.თ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო.თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა