Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-687(კ-21) 21 თებერვალი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მესამე პირი) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ.ტ-ა

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისი

მესამე პირები - მ.ჭ-ა, რ.წ-ა, თ.ს-ე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 09 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 21 სექტემბერს მ.ტ-ამ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის მიმართ და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2017 წლის 05 ივნისის №... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017წლის 18 აგვისტოს №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ქ. ფოთში, ...ის ჩიხში მდებარე 7,2 ჰა მიწის ნაკვეთის (შენობა-ნაგებობებთან ერთად, მათ შორის ტბა 2,4 ჰა) რეგისტრაციაში გატარების დავალება მოითხოვა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და ი.ტ-ა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილებით მ.ტ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 05.06.2017წ. №... გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“ და ამავე სააგენტოს 18.08.2017წ. №... გადაწყვეტილება ,,ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“, გარდა ი.ტ-ას უძრავი ნივთების საკადასტრო კოდებით (... და ... ) რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებს შორის ინსტრუქციით განსაზღვრულ ზედდებასთან დაკავშირებით (18.08.2017წ. №... გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის 1.5. პუნქტი), რადგან ხსენებული აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობისათვის არსებობდა მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, დავის საგნის ფარგლებში, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერების და შეფასების გათვალისწინებით, კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 06 ნოემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

მ.ტ-ამ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხეთათვის ქ. ფოთში, ...ის ჩიხი №...-ში არსებული შენობა-ნაგებობების და მათ ქვეშ არსებული მიწის ფართობებზე - 1. საღორე (შენობა-ნაგებობა) 2749.06 კვ.მ.; 2. სამორიგეო ჯიხური (შენობა) 10.23 კვ.მ; 3. საწყობი და ლაბორატორია (შენობა-ნაგებობა) – 140 კვ.მ. 4. საპირფარეშო 3 კვ.მ, საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება მოითხოვა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ მ.ჭ-ა, რ.წ-ა და თ.ს-ე.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ.ტ-ას დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და ამავე სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისს დაევალათ მ.ტ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. ფოთში, ...ის ჩიხის №...-ში არსებული შემდეგი შენობა-ნაგებობებისა და მათ ქვეშ მდებარე მიწის ფართობებზე: 1. საღორე (შენობა-ნაგებობა) 749.06 კვ.მ.; 2. სამორიგეო ჯიხური (შენობა) 10.23 კვ.მ; 3. საწყობი და ლაბორატორია (შენობა-ნაგებობა) – 140 კვ.მ. 4. საპირფარეშო 3 კვ.მ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 09 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 09 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოსაზრებით, სასამართლოს უნდა დაედგინა (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში) რა ქონება გადაეცა კოოპერატივ „ს...ს“ კოლმეურნეობა ...ისაგან, კოოპერატივმა „ს...მ“ მოახდინა თუ არა ხელახალი რეგისტრაცია „მეწარმეთა შესახებ“ კანონით დადგენილი წესით (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურის არქივში დაცული იყო თუ არ აღნიშნული სუბიექტის ხელახალი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია), შესაბამისად, ხომ არ გაუშვა 1990 წელს დაფუძნებულმა კოოპერატივმა (კოოპერატივის დაფუძნების საკითხი ასევე საჭიროებდა სასამართლოს მიერ გამოკვლევას) საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის დადგენილებით განსაზღვრული ხელახალი რეგისტრაციის ვადა. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი მას აღარ ჰქონდა უფლება განეხორციელებინა ხელახალი რეგისტრაცია, რამდენადაც მისი სამართლებრივი მდგომარეობა უთანაბრდებოდა რეგისტაცია გაუქმებული საწარმოს მდგომარეობას. აღნიშნული საკითხის გარკვევა მნიშვნელოვანი იყო იმის დასადგენად ხელახალი რეგისტრაციის განუხორციელებლობით ხომ არ დაკარგა კოოპერატივმა (როგორც ორგანიზაციულმა წარმონაქმნა) უფლება კოლმეურნეობისაგან შეძენილ ქონებაზე და იყო თუ არა სახეზე კოოპერატივ „ ს...ს“ უფლებამონაცვლე - შპს „ს...“ (შპს „ ჰ...“), რომლისგანაც, როგორც მოსარჩელე მიუთითებდა, გადაეცა სარეგისტრაციო ობიექტები. კასატორის მითითებით, საქმის გარემოებების დამატებით გამოკვლევის მიზნით, სააგენტომ 2019 წლის 1 აპრილის №152230/17 სამსახურებრივი ბარათით მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია კოოპერატივ „ს...ს“ დაფუძნებისა და მის მიერ ხელახალი რეგისტრაციის გავლის თაობაზე, ამასთან, მოითხოვა ინფორმაცია სს „ ფ...ის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი ...) შესახებ. აღნიშნულის პასუხად სააგენტოს მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 2 აპრილს წარმოდგენილი №153234/17 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე 1994 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის №578 დადგენილების მე–2 პუნქტით დადგენილი იქნა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედებამდე კერძო (სამოქალაქო) სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოების ხელახალი სავალდებულო რეგისტრაცია ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით. ხელახალი რეგისტრაციის ვადა გაგრძელებულ იქნა 1996 წლის 1 სექტემბრამდე. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სს „ფ...ი“ (ს/ნ ...) დარეგისტრირდა 2000 წლის 2 აგვისტოს. 2000 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით სს „ფ...ი“ (ს/ნ ...) რეგისტრირებული იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სამართლებრივი ფორმით, დასახელებით „ს...“. სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში დაცული ოჩამჩირის რაიონისა და ქ. ტყვარჩელის სასამართლოს მიერ 02/08/2000წ. რეგისტრირებული წესდების 1.2 მუხლის თანახმად, შპს „ს...“ იყო კოოპერატივ „ს...ს“ სამართალმემკვიდრე, თუმცა საარქივო მასალაში არ იყო დაცული ინფორმაცია უფლებრივი წინამორბედის სარეგისტრაციო რეკვიზიტების თაობაზე. შესაბამისად, არ იქნა დადგენილი წარმოადგენდა თუ არა სს „ფ...ი“ (ს/ნ ...) 1990 წელს დაფუძნებული კოოპერატივი „ს...ს“ უფლებამონაცვლეს. განსახილველ შემთხვევაში სარეგისტრაციო დოკუმენტად მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი იყო შპს „ჰ...ს“ პარტნიორთა კრების №3 (12.05.2010 წ.) ოქმი. 2010 წლის 12 მაისის მდგომარეობით მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელი იყო გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ზემოაღნიშნული პარტნიორთა კრების ოქმი რომ ნივთზე უძრავ მ.ტ-ას უფლების რეგისტრაციის საკმარის საფუძვლად ყოფილიყო მიჩნეული, 2010 წლის 12 მაისის მდგომარეობით, შპს „ჰ...ს“ საკუთრების უფლება რეგისტრირებული უნდა ყოფილიყო უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში. საჯარო რეესტრის მონაცემებით კი დგინდებოდა, რომ შპს „ ჰ...ს“ და არც მის წინამორბედ არც ერთ ეტაპზე საჯარო რეესტრისთვის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით არ მიუმართავს. საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, შპს „ჰ...ს“ 2010 წლის 12 მაისის კრების ოქმი ვერ ჩაითვლებოდა უძრავ ნივთზე მ.ტ-ას უფლების რეგისტრაციის საკმარის საფუძვლად, ვინაიდან თავად გამყიდველს - შპს „ჰ...ს“ არ ჰქონდა მოპოვებული საკუთრების უფლება გადასაცემ უძრავ ნივთზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ძირითადი იურიდიული საფუძველია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; კერძოდ, უძრავი ქონების პირის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციისათვის აუცილებელია მას გააჩნდეს სარეგისტრაციოდ წარდგენილი ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი საბუთი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ნივთის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის მიხედვით, უფლების დამდგენი სარეგისტრაციო დოკუმენტი განმარტებულია, როგორც სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ საქმეში წამოდგენილი მასალებით დასტურდება მოსარჩელის მართლზომიერი მფლობელობა სადავო უძრავ ქონებაზე. კერძოდ, საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ ფოთის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1976 წლის 20 ოქტომბრის №15/506 გადაწყვეტილებით ფოთის ... კოლმეურნეობა ,, ...ს’’ ...ის უბანში, ასფალტის ქარხნის მომიჯნავედ გამოეყო 4.0 ჰა მიწის ნაკვეთი დამხმარე მეურნეობის მოსაწყობად, ხოლო ფოთის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1976 წლის 21 ივნისის №18/600 გადაწყვეტილებით, ... კოლმეურნეობა ,,...ს“ გამოეყო სატბორე მეურნეობის მოსაწყობად მდ. რიონის სამხრეთ ტოტის მარჯვენა მხარეს რეფულირებულ ტერიტორიაზე მდებარე ხელოვნური ტბის სარკე 20.5 ჰა და მის ირგვლივ საშუალოდ 10 მეტრიანი მიწის ზოლი შემორაგვისთვის 2.5 ჰა.

საქმეში წარმოდგენილი 1991 წლის 31 ოქტომბრის აქტის თანახმად, ფოთის ... კოლმეურნეობა „...ის“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ, მთავარი ბუღალტერის მოადგილემ, ბუღალტერმა, დამხმარე მეურნეობის მეღორეობის ფერმის გამგემ და მუშამ კოლმეურნეობის გამგეობის №104 განკარგულების თანახმად, მეღორეობის ფერმის გაყიდვასთან დაკავშირებით, კოლმეურნეობის კუთვნილი ძირითადი საშუალებები გადააბარეს ფოთის საწარმოო კოოპერატივ „ს...ს“.

კოლემურნეობა „...ისაგან“ კოოპერატივი „ს...ს“ მიერ შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ სადავო უძრავი ქონების შეძენა დადასტურებულია როგორც ფოთის ... კოლმეურნეობა „...ის“ თავმჯდომარის, ისე სს „ გ...ის“ ფოთის ფილიალის მმართველის მიერ გაცემული ცნობებით (ტ.1, ს.ფ. 40-42). საქმეში აგრეთვე წარმოდგენილია 2002 წლის 5 იანვარს ფოთის მერიის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათება, რომლის თანახმად, ქ. ფოთში მდებარე ...ის ტერიტორია საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო კოოპერატივ „ს...ს“ სახელზე. ცნობა-დახასიათებაში მითითებულია ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - ერთსართულიანი საღორე, ორსართულიანი ხის საწყობი, ლაბორატორია და ერთსართულიანი ჯიხური.

დადგენილია, რომ მ.ჭ-ამ, თ.ს-ემ და რ.წ-ამ ერთობლივი განცხადებით მიმართეს ოჩამჩირის რაიონისა და ქ. ტყვარჩელის გაერთიანებულ სასამართლოს და მოითხოვეს კოოპერატივ ,,ს...ს“ სამართალმემკვიდრე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ს...ს“ რეგისტრაციაში გატარება. ოჩამჩირის რაიონული და ქ. ტყვარჩელის გაერთიანებული სასამართლოს 2000 წლის 2 აგვისტოს დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა შპს ,,ს...“ (ტ. 2, ს. ფ. 318-320). საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ შპს ,,ს...ს“ პარტნიორებმა მ.ჭ-ამ, თ.ს-ემ და რ.წ-ამ თავიანთი წილები შპს ,,ს...ში’’ დაუთმეს ა.ტ-ას, რითაც ისინი გავიდნენ შპს ,,ს...დან“ და შპს ,,ს...ს“ ერთადერთი დამფუძნებელი 100%-იანი წილით გახდა ა.ტ-ა, ამასთან შპს ,,ს...ს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს ,,ჰ...“ (ტ. 1, ს. ფ. 157-161, 07.04.2009წ. პარტნიორთა კრების ოქმი). 2009 წლის 19 მაისის №1361 ბრძანებით ცვლილება შევიდა შპს ,,ს...ს“ სამეწარმეო რეესტრის მონაცემებში და საწარმოს ეწოდა შპს ,,ჰ...“. საზოგადოების დირექტორად დაინიშნა მ.ტ-ა. შპს „ჰ...ს“ 2010 წლის 12 მაისის პარტნიორთა კრების №3 ოქმის თანახმად, შპს „ჰ...ს“ 100%-იანი წილის მესაკუთრე ა.ტ-ამ დააკმაყოფილა საზოგადოების კრედიტორის, მ.ტ-ას მოთხოვნა და მისი ვალის ქონებით გაქვითვის მიზნით, საკუთრებაში გადასცა შემდეგი მატერიალური აქტივები: ა) საღორე (შენობა-ნაგებობა) - 749.06 კვ.მ; ბ) სამორიგეო ჯიხური (შენობა) – 10.23 კვ.მ; გ) საწყობი და ლაბორატორია (შენობა-ნაგებობა) – 140 კვ.მ; დ) საპირფარეშო - 3 კვ.მ; ე) ტბა (წლის სარკე) – 24 830 კვ.მ; საძოვარი (სასოფლო-სამეურნეო მიწა) – 25300 კვ.მ; ზ) მიწის ნაკვეთი - 17 191 კვ.მ. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ქონების გადაცემის ნაწილში დასრულებულად ჩაითვალა ოქმზე ხელმოწერისთანავე. ამასთან, ახალ მესაკუთრე მ.ტ-ას გადაეცა ის სამართლებრივი აქტები, წესდებები, ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, უფლებები, ნებართვები და სხვა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდნენ ამ ქონებისა და მასზე მიმაგრებული მიწის ფართობის კანონიერ წარმომავლობასა და მართლზომიერ მფლობელობას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების დადგენილად მიჩნევის პირობებში, დაუსაბუთებელია სადავო ქონებაზე მ.ტ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმა. კასატორის მითითებით, სასამართლოს უნდა დაედგინა რა ქონება გადაეცა კოოპერატივ „ს...ს“ კოლმეურნეობისაგან. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2002 წლის 5 იანვარს ფოთის მერიის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათების თანახმად, ქ. ფოთში მდებარე ...ის ტერიტორია (რომელიც ფოთის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1976 წლის 20 ოქტომბრის №15/506 გადაწყვეტილებით ფოთის ... კოლმეურნეობა ,,...ს’’ გადაეცა) საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო კოოპერატივ „ ს...ს“ სახელზე. ცნობა-დახასიათებაში მითითებულია ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - ერთსართულიანი საღორე, ორსართულიანი ხის საწყობი, ლაბორატორია და ერთსართულიანი ჯიხური. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მ.ტ-ას მოთხოვნას სწორედ საღორის, სამორიგეო ჯიხურის, საწყობის ლაბორატორიისა და 3 კვ.მ ფართობის მქონე საპირფარეშოს საკუთრების უფლებით რეგისტრაცია წარმოადგენს. რაც შეეხება კოოპერატივ „ს...ს“ სამართალმემკვიდრის საკითხს, როგორც ზემოთ აღინიშნა, ოჩამჩირის რაიონული და ქ. ტყვარჩელის გაერთიანებული სასამართლოს 2000 წლის 2 აგვისტოს დადგენილებით დაკმაყოფილდა მ.ჭ-ას, თ.ს-ისა და რ.წ-ას განცხადება კოოპერატივ ,,ს...ს“ სამართალმემკვიდრედ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ს...ს“ რეგისტრაციაში გატარების თაობაზე და დარეგისტრირდა შპს ,,ს...“. ამასთან, ოჩამჩირის რაიონისა და ქ. ტყვარჩელის სასამართლოს მიერ 2000 წლის 2 აგვისტოს რეგისტრირებული წესდების 1.2 მუხლის თანახმად, შპს ,,ს...“ არის კოოპერატივ ,,ს...ს“ სამართალმემკვიდრე. ამდენად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადო მტკიცებულებებით ვერ გამორიცხა სადავო ქონების მ.ტ-ას სახელზე რეგისტრაციის მართლზომიერება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სადავო ქონებაზე სხვა პირის რაიმე სახის უფლება საქმეში დაცული მასალებით არ დასტურდება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავიც მხრივ არსებითად ეყრდნობა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებიტად სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 09 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა