საქმე #ბს-1120(კ-22) 16 თებერვალი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 5 მარტს მ.ფ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მის საკუთრებაშია ქალაქ ბათუმში, ...ის ქ. #52-ში საცხოვრებელი ბინა და ბინის სხვენზე არსებული მანსარდი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მანსარდის რეკონსტრუქცია არ განხორციელებულა, მხოლოდ არსებული ფანჯრის ღიობები გაფართოვდა უმნიშვნელოდ და არ გაზრდილა არსებული შენობის პარამეტრები. 2015 წლის 22 სექტემბერს გაცემულ #210 მითითებაში არ დადგენილა და დაზუსტებულა, ნამდვილად გააფართოვა თუ არა არსებული მანსარდის პარამეტრები (ფართი) მ.ფ-ემ. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით კი, რეკონსტრუქცია მაშინ მიიჩნევა მშენებლობად, თუ ადგილი აქვს დაშენებას, არსებითად იცვლება შენობის ექსტერიერი, სამუშაოები უკავშირდება მზიდ კონსტრუქციებს და ა.შ., რასაც, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია.
მოსარჩელის მითითებით, 2015 წლის 22 სექტემბერს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მანსარდში მოწყობილი ღიობების გამო, მ.ფ-ეს მისცა მითითება სამშენებლო სამუშაოების შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის შესახებ. 2015 წლის 12 ნოემბერს ამავე სამსახურმა მიიღო #360 დადგენილება, რომლითაც უნებართვო მშენებლობის გამო მ.ფ-ე დააჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარით და მოთხოვა განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟი. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის #360 დადგენილება კანონით განსაზღვრული წესით არ ჩაბარებია და შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება მ.ფ-ის მიერ არ გასაჩივრებულა.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2016 წლის 19 თებერვალს ზედამხედველობის სამსახურმა #360 დადგენილების შეუსრულებლობის გამო მიიღო #56 დადგენილება და დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო, მხარეს საურავი - 3 000 (სამი ათასი) ლარი დააკისრა. აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა იმ პირობებში, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ძალაში შესული 2015 წლის 12 ნოემბრის #360 დადგენილება დაჯარიმებისა და დემონტაჟის თაობაზე, რამდენადაც 2016 წლის 18 მარტს მ.ფ-ემ #8266/25 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და #360 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა. საჩივარში იგი უთითებდა, რომ დადგენილება არ ჰქონდა ჩაბარებული და მისთვის უცნობი იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესახებ. საჩივრის განხილვის შემდეგ, მერიამ 2016 წლის 25 მარტს გამოსცა #02/39 ბრძანება და მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მ.ფ-ის საჩივარი 2015 წლის 12 ნოემბრის #360 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე შესაძლოა არ ყოფილიყო წარმოებაში მიღებული, ხოლო ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 19 თებერვლის #56 დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული. მიუხედავად ამისა, მერიამ 2016 წლის 25 მარტის ბრძანებით (#02/39) შეაჩერა როგორც 2015 წლის 12 ნოემბრის #360 დადგენილების, ისე 2016 წლის 19 თებერვლის #56 დადგენილების მოქმედება.
მოსარჩელის განმარტებით, ქალაქ ბათუმის მერიამ 2016 წლის 24 მაისს განიხილა მ.ფ-ის 2016 წლის 18 მარტის #8266/25 ადმინისტრაციული საჩივარი და მიიღო #02/68 ბრძანება „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 19 თებერვლის #56 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე მ.ფ-ის 2016 წლის 18 მარტის #8266/25 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“. მიუხედავად იმისა, რომ მ.ფ-ე ასაჩივრებდა არა მარტო #56 დადგენილებას საურავის დაკისრებაზე, არამედ მერიის ზედამხედველობის სამსახურის #360 დადგენილებასაც დაჯარიმებასა და დემონტაჟის შესახებ, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საჩივრის მხოლოდ ნაწილზე. ქალაქის ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ საერთოდ არ იმსჯელა საჩივრის იმ ნაწილზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო #360 დადგენილების ბათილად ცნობა (დაჯარიმება და დემონტაჟი).
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ბრძანებები ადმინისტრაციული წარმოების დაწყებასა (#02/39, 25.03.2016წ.) და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (#02/66) მ.ფ-ეს ჩაბარდა მხოლოდ 2018 წლის 22 თებერვალს. მისი საჩივრის განხილვას იგი ვერ დაესწრო კანონით დადგენილი წესით განხილვაზე მიუწვევლობის გამო. ამიტომაც, მოსარჩელისათვის გაუგებარია, რატომ არ იქნა განხილული მისი საჩივრის ის ნაწილი, რომელიც შეეხებოდა მერიის ზედამხედველობის სამსახურის თავდაპირველ #360 დადგენილებას, რომლითაც გადაწყდა მისი დაჯარიმება 3 000 ლარით. 2017 წლის 25 მაისს მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მიიღო „ზედამხედველობის სამსახურის 2015 წლის 12 ნოემბრის #360 დადგენილების იძულებით შეჩერების ნაწილში შეუსრულებლობის გამო ჯარიმის დაკისრების შესახებ“ #556 დადგენილება და მ.ფ-ე დააჯარიმა 1000 ლარით.
მოსარჩელე, ასევე, მიუთითებს, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაწყებულია სააღსრულებო წარმოება.
ამდენად, მოსარჩელემ (1) „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო მ.ფ-ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2015 წლის 12 ნოემბრის #360 დადგენილების, (2) „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2015 წლის 12 სექტემბრის #360 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო საურავის დაკისრების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 19 თებერვლის #56 დადგენილების, ასევე, (3) „„საურავის დაკისრების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 19 თებერვლის #56 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე მ.ფ-ის 2016 წლის 18 მარტის #8266/25 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ ვიცე-მერის 2016 წლის 24 მაისის #02/66 ბრძანებისა და (4) „2015 წლის 12 ნოემბრის #360 დადგენილების იძულებით შეჩერების ნაწილში შეუსრულებლობის გამო ჯარიმის დაკისრების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 25 სექტემბრის #556 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ამასთან, მოსარჩელემ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს იუსტიის სამინისტროს სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებული #A17115725-005/001 სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 მარტის განჩინებით მ.ფ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდა „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო მ.ფ-ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2015 წლის 12 ნოემბრის #360 დადგენილების მოქმედება, მ.ფ-ისათვის ჯარიმის დაკისრების/მ.ფ-ის დაჯარიმების ნაწილში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2018 წლის 19 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე მ.ფ-ის სასარჩელო მოთხოვნაზე - 2015 წლის 12 ნოემბრის #360 დადგენილების იძულებით შეჩერების ნაწილში შეუსრულებლობის გამო ჯარიმის დაკისრების შესახებ ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 25 სექტემბრის #556 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე, შეწყდა საქმის წარმოება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამონაცვლედ განისაზღვრა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით მ.ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2015 წლის 12 სექტემბრის #360 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო საურავის დაკისრების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 19 თებერვლის #56 დადგენილება და „მ.ფ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2016 წლის 24 მაისის #02/66 ბრძანება საურავის ნაწილში; მ.ფ-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ფ-ემ, რომელმაც გასაჩირებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მ.ფ-ის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მაისის განჩინებით ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2015 წლის 12 სექტემბრის #360 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო საურავის დაკისრების კანონიერება. შესაბამისად, სააპელაციო პალატას უნდა შეემოწმებინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საურავის დაკისრების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 19 თებერვლის #56 დადგენილება და მ.ფ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2016 წლის 24 მაისის #02/66 ბრძანება (საურავის ნაწილში).
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 26-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმა დამრღვევმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში, ხოლო დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, გათვალისწინებულია დამრღვევისათვის საურავის დაკისრება (კოდექსის 25.10 მუხ.).
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-17 ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში დადგენილებაში მითითებული მხარისათვის გაცნობას. ამავე კანონში მოცემულია დადგენილების გაცნობის წესი, კერძოდ, კოდექსის 25-ე მუხლის მე-19 ნაწილის თანახმად, თუ დადგენილებაში მითითებული მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების გაცნობა (პირადად ჩაბარებით) ვერ ხერხდება, გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან დადგენილებაში აღნიშნული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა; გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული დანაწესი (აქტის გაცნობა აქტის ობიექტზე განთავსებით) გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ დადგენილებაში მითითებული მხარისათვის მისი გაცნობა პირადად ჩაბარებით ვერ ხერხდება. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამოწუროს დადგენილების (მითითების, შემოწმების აქტის, უწყების) მხარისათვის პირადად ჩაბარების ყველა გონივრული შესაძლებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიშვება თვალსაჩინო ადგილზე აქტის განთავსება, როგორც აქტის ადრესატისთვის გადაცემის ალტერნატიული საშუალება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 268-ე მუხლის ითვალისწინებს საქმეზე მიღებული დადგენილების გამოცხადების, მისი ასლის ჩაბარება-გაგზავნის წესს. მითითებული მუხლის მე-4 ნაწილით, დადგენილების ასლი ჩაბარდება ხელწერილით. დადგენილების ასლის გაგზავნის შემთხვევაში საქმეში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მ.ფ-ეს ხელწერილით, პირადად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (დემონტაჟისა და დაჯარიმების შესახებ დადგენილება) არ ჩაბარებია. ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებდა, რომ დადგენილება ადრესატს გაეგზავნა ფოსტით, თუმცა ვერ ჩაბარდა და შესაბამისი უკუგზავნილი დაუბრუნდა ადმინისტრაციულ ორგანოს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 58-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ საქმის მასალებით უდავოდ იყო დადგენილი, რომ ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი დადგენილება მ.ფ-ეს არ მიუღია და გზავნილი უკან დაუბრუნდა გამგზავნ ადმინისტრაციულ ორგანოს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 268-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების მხარისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, ის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით საჯაროდ ცხადდება და მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება საჯაროდ გამოცხადებიდან მე-3 დღეს. საქართველოს ზოგადი ადმინიატრაციული კოდექსის 57-ე მუხლით (საჯაროდ გამოცხადება), აქტის საჯაროდ გამოცხადება ნიშნავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადმინისტრაციულ ორგანოში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, ღიად განთავსებას. აუცილებლობის შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჯაროდ გამოცხადდება აგრეთვე სხვა საჯარო ადგილას.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აქტის გამომცემი ორგანოს მხრიდან პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის გაცნობის წესის დაცვა მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს საჯარო ინტერესების გატარების კუთხით, რამდენადაც ადმინისტრაციული აქტი ვერ ამოქმედდება (გარდა საგამონაკლისო წესისა), თუკი მას დაინტერესებული მხარე არ იცნობს. ამასთან, აღნიშნული დანაწესის დაცვა აუცილებელია პირის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის მავალდებულებელი ან შემზღუდავი შინაარსისაა. უფლების მზღუდავი დასაბუთებული აქტის გაცნობის გარეშე პირი მოკლებულია შესაძლებლობას, ისარგებლოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებრივი გარანტიებით, მათ შორის, უფლებით, სადავო გახადოს აქტის კანონიერება. მოცემულ შემთხვევაში კი, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იქმნებოდა იმგვარი ვითარება, რომ მ.ფ-ეს იმ პირობებში დაეკისრა საურავი, როდესაც მისთვის ცნობილი არ იყო 2015 წლის 12 სექტემბრის #360 დადგენილების თაობაზე, რის შესახებაც ადმინისტრაციულ ორგანოს მხარის საჩივრის განხილვის პროცესში, მისი წარმომადგენლის (ოჯახის წევრის, მეუღლის) ახსნა-განმარტების საფუძველზე ეცნობა და ეთხოვა, რომ არ დაკისრებოდა საურავი.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, აქტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსებამდე, გამოეყენებინა კანონით გათვალისწინებული ყველა მის ხელთ არსებული შესაძლებლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის კანონით დადგენილი წესით გასაცნობად.
სააპელაციო პალატის შეფასებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გადაწყვიტა 2015 წლის 12 სექტემბრის #360 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო მოსარჩელისათვის 3000 ლარის ოდენობით საურავის დაკისრების საკითხი, რომ არ გამოუკვლევია და კანონის შესაბამისად არ შეუფასებია ჯარიმის გადახდის ვალდებულების წარმომშობი სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლის საკითხი. ამგვარად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 19 თებერვლის #56 დადგენილების გამოცემისა და 2015 წლის 12 სექტემბრის #360 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო საურავის დარიცხვის საფუძველი.
ამასთანავე, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების შესახებ შესაძლო სამართალდამრღვევის ინფორმირებულობა უპირობოდ არ მოიაზრებდა უფლების მზღუდავი აქტის დაინტერესებული პირისათვის ჩაბარებას, ამ აქტის შინაარსის მისთვის გაცნობას და არ ათავისუფლებდა ადმინისტრაციულ ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის დადგენილი პროცედურის დაცვით გაცნობის ვალდებულებისგან. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების საბოლოო პროდუქტი დაინტერესებული პირის მიმართ ყოველთვის უარყოფით შედეგს არ მოასწავებდა. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელემ იცოდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, აღნიშნული უპირობოდ არ ნიშნავდა, რომ მას წინასწარ უნდა განესაზღვრა მხოლოდ დაჯარიმების შესახებ აქტის მიღების შესაძლებლობა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის სრული დაცვით. კასატორის მითითებით, სასამართლომ გაიზიარა მხარის პოზიცია, რომ 2015 წლის 12 ნოემბრის #360 დადგენილება მას არ ჩაბარებია კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ უკანონო იყო საურავის დაკისრების თაობაზე 2016 წლის 12 თებერვლის #56 დადგენილება.
კასატორი არ ეთანხმება ზემოხსენებულ შეფასებას და აღნიშნავს, რომ მითითებული დადგენილება მხარეს გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით 2015 წლის 16 ნოემბერს, თუმცა გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა ვერც პირადად ჩაბარების და ვერც ფოსტის მეშვეობით გაგზავნის წესით. 2015 წლის 27 ნოემბერს იგი გაიკრა ობიექტზე, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-17 და მე-19 ნაწილებით გათვალისწინებული წესით. საქმეში წარმოდგენილია აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი ფოტომასალა. ამდენად, კასატორის შეფასებით, სამართლებრივად არასწორია გადაწყვეტილებაში მითითებული ის გარემოება, რომ აქტი მხარეს არ ჩაბარებია კანონმდებლობით დადგენილი წესით, რამდენადაც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან გამოყენებულ იქნა აქტის ჩაბარების კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ალტერნატიული წესი.
კასატორი, ასევე, არ ეთანხმება სასამართლოს შეფასებას, რომ 2015 წლის 12 ნოემბრის #360 დადგენილება, შესაბამისად, საურავის დაკისრების თაობაზე მიღებული 2016 წლის 12 თებერვლის #56 დადგენილება და შემდგომში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 24 მაისის #02/66 ბრძანება არის უკანონო. მუნიციპალური ინსპექცია მიუთითებს, რომ დამრღვევს შესაბამისი აქტით განემარტა, რომ დაჯარიმების თაობაზე დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღეში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, მას დაეკისრებოდა საურავი ჯარიმის ერთმაგი ოდენობით. 2016 წლის 2 თებერვლის შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოვლინდა, რომ მ.ფ-ის მიერ არ იყო გადახდილი #360 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმა. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან კანონიერად იქნა გამოცემული პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 26-ე მუხლით გათვალისწინებული საურავის დარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება. ამასთან, კასატორი განმეორებით აღნიშნავს, რომ სასამართლოს განმარტება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილების კანონით განსაზღვრული წესით გაცნობის ვალდებულების დარღვევის შესახებ არის დაუსაბუთებელი, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული ყველა ალტერნატიული ხერხი.
კასატორი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე, 96-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოსცა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მ.ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 19 თებერვლის #56 დადგენილება და მ.ფ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2016 წლის 24 მაისის #02/66 ბრძანება საურავის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში კი, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. უფრო კონკრეტულად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ.ფ-ის მიერ ჩადენილ იქნა სამშენებლო სამართალდარღვევა, რის გამოც არ არსებობდა მისთვის 3000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრებისა და უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის დავალების თაობაზე 2015 წლის 12 ნოემბრის #360 დადგენილების ბათილად ცნობის საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა როგორც სარჩელის დაკმაყოფილების, ასევე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, თუმცა მოსარჩელე მ.ფ-ის სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი. შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მ.ფ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
ამდენად, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს მ.ფ-ის მხრიდან სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საურავის დაკისრების კანონიერების დადგენის მიზნით, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მხოლოდ იმ გარემოების გამორკვევა, დარღვეულ იქნა თუ არა სამშენებლო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს მხრიდან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის ჩაბარების/გაცნობის კანონმდებლობით დადგენილი წესი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, დადგენილია, რომ ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2015 წლის 12 ნოემბრის #360 დადგენილებით უნებართვო მშენებლობის, კერძოდ, მანსარდის რეკონსტრუქციის, მანსარდზე ღიობების გამოჭრისა და კედლის ამოშენების გამო, მ.ფ-ე დაჯარიმდა 3000 (სამი ათასი) ლარით და მას დაევალა განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟი.
საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ მ.ფ-ეს ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის #360 დადგენილება ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა 2015 წლის 16 ნოემბერს, თუმცა გზავნილი ვერ ჩაბარდა ადრესატს და დაუბრუნდა გამგზავნს, ხოლო უკუგზავნილზე ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულ იქნა, რომ ადრესატი ვერ მოიძებნა. უკუგზავნილზე ასევე, მიწერილია, რომ მეზობლების განმარტებით, რომლებიც ვინაობას არ ასახელებენ, მისამართზე ადრესატი - მ.ფ-ე არ ცხოვრობდა.
2016 წლის 2 თებერვალს ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შედგა შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, ზედამხედველობის სამსახურმა დადგენილად ჩათვალა, რომ მ.ფ-ის მიერ არ იყო შესრულებული 2015 წლის 12 ნოემბრის #360 დადგენილება, რომლითაც უნებართვო მშენებლობის გამო, მ.ფ-ე დაჯარიმდა 3000 (სამი ათასი) ლარით, კერძოდ, ჯარიმა არ იქნა გადახდილი. შესაბამისად, მ.ფ-ის სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე 2015 წლის 12 ნოემბრის #360 დადგენილების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2016 წლის 16 თებერვალს ჩატარდა ზეპირი მოსმენა, რომელსაც ესწრებოდა მ.ფ-ის მეუღლე - ვ.დ-ე. მან ზეპირი მოსმენის სხდომაზე განმარტა, რომ მისი და მისი მეუღლისათვის - მ.ფ-ისათვის უცნობი იყო დაჯარიმების შესახებ, რადგანაც მათ არ ჩაბარებიათ 2015 წლის 12 ნოემბრის #360 დადგენილება.
საქმის მასალებით, ასევე, დადგენილად არის მიჩნეული, რომ 2015 წლის 12 ნოემბრის #360 დადგენილების შეუსრულებლობის გამო, ზედამხედველობის სამსახურმა მიიღო 2016 წლის 19 თებერვლის #56 დადგენილება და დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო, მ.ფ-ეს დააკისრა საურავი - 3 000 (სამი ათასი) ლარი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც საქმის მასალებითა და კასატორის არგუმენტაციით დგინდება, გამომდინარე იქიდან, რომ მ.ფ-ისათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის #360 დადგენილების ფოსტის მეშვეობით ჩაბარება ვერ მოხერხდა, ადმინისტრაციულმა ორგანომ ხსენებული დადგენილება მოსარჩელე მხარეს მშენებარე ობიექტზე გამოკვრის წესით, 2015 წლის 27 ნოემბერს გააცნო. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მხოლოდ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხარისათვის ჩაბარება-გაცნობის ყველა შესაძლო გზის ამოწურვის შემდგომ მიიღო მშენებარე ობიექტზე დადგენილების გაკვრის თაობაზე გადაწყვეტილება, რის გამოც კასატორის მოსაზრებით, მას არ დაურღვევია კანონმდებლობის მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-17 ნაწილზე, რომლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა გაეცნოს დადგენილებაში მითითებულ მხარეს.
ამავე მუხლის მე-19 ნაწილის თანახმად, თუ დადგენილებაში მითითებული მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების გაცნობა (პირადად ჩაბარებით) ვერ ხერხდება, გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან დადგენილებაში აღნიშნული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება: ა) საინფორმაციო დაფა; ბ) მშენებლობის ტერიტორიაზე სამუშაოთა მწარმოებლისათვის დროებით განთავსებული შენობა; გ) მშენებლობის ტერიტორიის შემომფარგვლელი უსაფრთხოების ღობე.
ამავე მუხლის მე-20 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული თვალსაჩინო ადგილების არარსებობისას თვალსაჩინო ადგილად ჩაითვლება მშენებარე ობიექტის ფასადი, ხოლო თუ მშენებარე ობიექტი მრავალბინიანი სახლია – ბინის მთავარი შესასვლელი.
ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 7 მარტის #ბს-972(კ-21) განჩინებაზე, სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული დანაწესი (აქტის გაცნობა აქტის ობიექტზე განთავსებით) გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ დადგენილებაში მითითებული მხარისათვის მისი გაცნობა პირადად ჩაბარებით ვერ ხერხდება. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამოწუროს დადგენილების (მითითების, შემოწმების აქტის, უწყების) მხარისათვის პირადად ჩაბარების ყველა გონივრული შესაძლებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ არის დაშვებული თვალსაჩინო ადგილზე აქტის განთავსების გზით, მისი ადრესატისთვის ჩაბარებულად მიჩნევა.“
საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. ამავე კოდექსის 58-ე მუხლის მიხედვით პირველი ნაწილის კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას.
„საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის გაცნობის წესის დაცვა, აქტის გამომცემი ორგანოს მხრიდან, მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს საჯარო ინტერესების გატარების კუთხით, რამდენადაც ადმინისტრაციული აქტი ვერ ამოქმედდება (გარდა საგამონაკლისო წესისა), თუკი მას დაინტერესებული მხარე არ იცნობს. ამასთან, აღნიშნული დანაწესის დაცვა აუცილებელია პირის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის მავალდებულებელი ან შემზღუდავი შინაარსისაა. საკასაციო პალატა საგულისხმოდ მიიჩნევს, აღნიშნოს, რომ უფლების მზღუდავი დასაბუთებული აქტის არგაცნობისას პირი მოკლებულია შესაძლებლობას, ისარგებლოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებრივი გარანტიებით, მათ შორის უფლებით, სადავო გახადოს აქტის კანონიერება.“ (სუს 07.03.2022წ. #ბს-972(კ-21) განჩინება).
საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივლისის #ბს-365(2კ-19) განჩინებაზე, სადაც საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ „თვალსაჩინო ადგილზე აქტის განთავსება მხოლოდ მაშინ მიიჩნევა კორესპონდენციის ადრესატისთვის ჩაბარებად, უკეთუ ორგანომ გზავნილის პირადად ჩაბარების ყველა სხვა საშუალება ამოწურა. ორგანომ არა მხოლოდ ფორმალურად უნდა შეასრულოს კანონის დანაწესი აქტების გაგზავნის შესახებ, არამედ უნდა განახორციელოს რეალური ქმედებები გზავნილის ჩასაბარებლად. ადრესატისათვის კორესპონდენციის ერთხელ გაგზავნა ვერ იქნება ასეთ ღონისძიებად მიჩნეული, რადგან ფოსტის მეშვეობით გზავნილის ერთხელ ჩაუბარებლობა არ ადასტურებს გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარების რეალურ შეუძლებლობას და შესაბამისად, არ წარმოშობს თვალსაჩინო ადგილზე აქტის განთავსების გზით გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევის წინაპირობას.“
ამდენად, ზემოხსენებული სამართლებრივი საფუძვლებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის შეფასებას, რომ სამშენებლო ზედამხედველობის განმახორციელებელმა ორგანომ გამოიყენა ყველა ალტერნატიული საშუალება 2015 წლის 12 ნოემბრის #360 დადგენილების მ.ფ-ისათვის პირადად ჩასაბარებლად და მხოლოდ მას შემდგომ მიიღო აქტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების შესახებ გადაწყვეტილება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზედამხედველობის სამსახური ფორმალურად მიუდგა აქტის ადრესატისათვის გაგზავნა-ჩაბარების საკითხს, კერძოდ, მიიჩნია, რომ მხარისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პირველივე გაგზავნის დროს ჩაუბარებლობამ შექმნა მისი თვალსაჩინო ადგილას გამოკვრის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს არ მიუმართავს დამატებითი ღონისძიებებისათვის, რათა უზრუნველეყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მ.ფ-ისათვის პირადად ჩაბარება. უფრო კონკრეტულად, საქმის მასალებით არ დასტურდება 2015 წლის 12 ნოემბრის #360 დადგენილების ადრესატისათვის განმეორებითი გაგზავნა, მასთან სატელეფონო კომუნიკაციის, ასევე, მოსარჩელე მ.ფ-ის ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილის/ადგილსამყოფლის მოძიებისა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისთვის სხვა მისამართზე ჩაბარების მცდელობა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის კანონმდებლობით განსაზღვრული წესი მხოლოდ ფორმალურად დაიცვა, რაც, პრაქტიკულად, მის განუხორციელებლობას უტოლდება.
შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო, აქტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსებამდე, გამოეყენებინა კანონით გათვალისწინებული მის ხელთ არსებული ყველანაირი შესაძლებლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის კანონით დადგენილი წესით გასაცნობად.
საკასაციო პალატა, ასევე, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელე მ.ფ-ეს საურავი დაეკისრა იმ პირობებში, როდესაც მისთვის ცნობილი არ იყო 2015 წლის 12 სექტემბრის #360 დადგენილების თაობაზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელეს ისე დააკისრა 2015 წლის 12 სექტემბრის #360 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო 3000 ლარის ოდენობით საურავი, რომ არ გამოუკვლევია და კანონის შესაბამისად არ შეუფასებია ჯარიმის გადახდის ვალდებულების წარმომშობი სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლის საკითხი.
ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ არ არსებობდა 2015 წლის 12 სექტემბრის #360 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის გამო საურავის დარიცხვისა და შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2016 წლის 19 თებერვლის #56 დადგენილების გამოცემის საფუძველი.
საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების შესახებ შესაძლო სამართალდამრღვევის ინფორმირებულობა უპირობოდ არ მოიაზრებს უფლების მზღუდავი აქტის დაინტერესებული პირისათვის ჩაბარებას, ამ აქტის შინაარსის მისთვის გაცნობას და არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადრესატისათვის დადგენილი პროცედურის დაცვით გაცნობის ვალდებულებისგან. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების საბოლოო პროდუქტი დაინტერესებული პირის მიმართ ყოველთვის უარყოფით შედეგს არ მოასწავებს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელემ იცოდა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, აღნიშნული უპირობოდ არ ნიშნავს რომ მას წინასწარ უნდა განესაზღვრა მხოლოდ დაჯარიმების შესახებ აქტის მიღების შესაძლებლობა (სუს 07.03.2022წ. #ბს-972(კ-21) განჩინება).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა