Facebook Twitter

№2851-13 7 მარტი, 2013 წელი

ჯ-ე ზ , 2851-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ დ. ხ-ის

მსჯავრდებულ _ ზ. ჯ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. ჯ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 სექტემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ბრალდებულ ზ. ჯ-ეს შორის.

ზ. ჯ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის გამოყენებით 4 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი, საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით – 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

მსჯავრდებულ ზ. ჯ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 15 სექტემბრიდან.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №16 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ზ. ჯ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 სექტემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 და მე–18 მუხლების საფუძველზე მსჯავრდებულ ზ. ჯ-ეს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული როგორც რეალური სასჯელი – 4 წელი, ისე პირობითი მსჯავრი – 2 წელი და გამოსაცდელი ვადა – 3 წელი, რისთვისაც საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1 წელი და 6 თვე – პირობითი მსჯავრი, 2 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით.

ზ. ჯ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2011 წლის 15 სექტემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. ჯ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივარში აღნიშნა, რომ, რადგან მას არ ჰქონია გამოსაცდელი ვადა, ითხოვა განჩინებში ცვლილების შეტანა გამოსაცდელი ვადის გაუქმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, რომლის საფუძველზეც დანიშნული სასჯელი 1/4-ით უნდა შეუმცირდეს პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი – მე-15 მუხლების მოქმედება.

პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-18 მუხლით, სადაც აღნიშნულია: ,,ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა“ და ერთნაირად და პროპორციულად კანონიერად შეამცირა რეალური სასჯელი, პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა.

მართალია, ზ. ჯ-ე დანაშაულის ჩადენის დროს იყო ნასამართლობის არმქონე პირი, მაგრამ მას ჩადენილი ჰქონდა მძიმე კატეგორიის დანაშაული და მის მიმართ უნდა გავრცელებულიყო სწორედ ზემოაღნიშნული მუხლების მოთხოვნები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. ჯ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი