საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1437(კ-22) 9 მარტი, 2023 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. ჟ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის პირველი ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:ლ. ჟ-ამ 2020 წლის 14 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ ამავე სააგენტოს 2020 წლის 07 აგვისტოს N03-953/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის, ლ. ჟ-ას დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. ჟ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ ამავე სააგენტოს 2020 წლის 07 აგვისტოს N03-953/ო ბრძანება; მოპასუხეს, ლ. ჟ-ას დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის პირველი ივნისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვის დროს შესაძლებელი იყო 199 სამოთახიანი ბინის განაწილება, თუმცა წარმოდგენილი იყო 560 განაცხადი, რომელთაც წინასწარი შეფასებით მიენიჭათ 3 და მეტი ქულა. კასატორის მითითებით, 2020 წლის 21 ივლისის კომისიის ოქმით (N36) ცხადად დასტურდება, რომ 560 განმცხადებელს მიენიჭა 3,0 ქულა, რაც საკმარისი გახლდათ იმისთვის, რომ კომისიას ყოველი მათგანის განსახლების საკითხი, თუმცა სააგენტო საკმარისი ბინების არარსებობის გამო, ვერ დააკმაყოფილებდა ყველა განაცხადს, მიუხედავად საჭირო ქულისა. შესაბამისად, სააგენტომ, მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღო გადაწყვეტილება თუ ვისი დაკმაყოფილების საკითხი იყო პრიორიტეტული.
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად კასატორი პრიორიტეტულობის პრინციპზე დაფუძნებით იღებს განმცხადებლების საცხოვრებელით უზრუნველყოფის საკითხს. პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას კომისია მხოლოდ მხარისთვის მინიჭებული ქულების ოდენობით არ ხელმძღვანელობს. პრიორიტეტულობის განსაზღვრისას კომისია ეყრდნობა არა მხოლოდ დევნილი ოჯახისთვის მინიჭებული ქულების ოდენობას, არამედ მონიტორინგის სამმართველოს მიერ მოპოვებულ/დამუშავებულ ინფორმაციას.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ დააგროვა 7.00 ქულა, კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელის ერთ-ერთ ოჯახის წევრს გააჩნია საცხოვრებელი სახლი, შესაბამისად, მას გააჩნია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, რის საფუძველზეც, ცხადია რომ მისი განსახლების საკითხი პრიორიტეტულად ვერ ჩაითვლებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი ითხოვს გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის პირველი ივნისის განჩინება და დაკმაყოფილდეს მისი მოთხოვნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოცემულ ეტაპზე ლ. ჟ-ას დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის საფუძვლით, დედის საცხოვრებელ სახლში ცხოვრების გამო. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად. აღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამავე წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
ამასთანავე, ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი №6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი №7) განსაზღვრავს კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა. თითოეული კომპონენტისათვის დადგენილია შეფასების შესაბამისი ქულა. მათ შორის, ქულის მინიჭების საფუძველია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა: საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში, სარდაფში ან იმ ტიპის შენობაში, რომლის რეაბილიტაცია და სათანადო საცხოვრებელ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია); დევნილი ოჯახი ცხოვრობს მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართში (დევნილთა ყოფილ კომპაქტურად განსახლების ობიექტში), რომელიც სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, წარმოადგენს მნიშვნელოვან ობიექტს; ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში; არის მარტოხელა მშობელი ან ქვრივი, რომელიც იძულებულია მარტომ იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე ან შვილებზე.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის რიგითობის განსაზღვრისთვის, მათი განცხადების დაკმაყოფილებისთვის პირები უნდა აკმაყოფილებდნენ ნორმატიულად განსაზღვრულ წინაპირობებს. ამასთან, დასახელებული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას. ამრიგად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად უპირატესობა მიენიჭება დევნილთა იმ ოჯახებს, რომელთაც ალტერნატიული ფართი არ გააჩნიათ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოსარჩელე ლ. ჟ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მოსარჩელეს ჰყავს შვილი - ლ. ჭ-ე, შვილიშვილები - რ. ჭ-ე, ა. ჭ-ე და რძალი - ნ. თ-ი.
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის N1505010040 ცნობის თანახმად, ლ. ჟ-ა არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი.
აფხაზეთის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2003 წლის 7 ივლისის ცნობის შესაბამისად ლ. ჟ-ას მეუღლე ნ. ჭ-ე აფხაზეთის ა/რ ქ.სოხუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს თანამშრომელი, დაიღუპა 1993 წელს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროსაფხაზეთში.
საქართველოს პრეზიდენტის ... წლის ...ის N304 განკარგულების საფუძველზე გაცემული ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენის N00163 თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის ... წლის ...ის N304 განკარგულებით ნ. ჭ-ე დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენით.
2015 წლის 30 იანვარს ლ. ჟ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა მისი ოჯახისათვის, როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის გადაცემა. ამასთან, მოსარჩელემ განაცხადი გააკეთა შვილთან - ლ. ჭ-ესთან, შვილიშვილთან - რ. ჭ-ესთან და რძალთან ნ. თ-ითან ერთად. განაცხადში ფაქტობრივ მისამართად მითითებულია - ქ. თბილისი, ... ... მ/რ, ... კორპუსი, ბინა N....
მოსარჩელე ლ. ჟ-ას განცხადების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 7 ქულა, მათ შორის, საცხოვრებელი ფინანსური პირობები (ცხოვრობს ნათესავის ახლობლის ოჯახთან ერთად) – 1.5 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები - 2 არასრულწლოვანი - 1 ქულა. განცმხადებლის ქმარი ნ. ჭ-ე გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში - 3 ქულა, ნ. ჭ-ე, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი - 1,5 ქულა.
წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2019 წლის 11 ივნისსა და 2020 წლის 19 მაისს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მონიტორინგის სამსახურმა განახორციელა ვიზიტი განმცხადებლის მისამართზე: ქ.თბილისი, ...ს ..., პირველი მ/რ, კორპუსი N..., ბინა N..., ორივე შემთხვევაში მონიტორინგის ჯგუფს ადგილზე დახვდა, ლ. ჟ-ა, რომელმაც განმარტა, რომ შვილებთან-ლ. ჭ-ესთან; ლა. ჭ-ესთან, შვილიშვილებთან - რ. ჭ-ესთან; ა. ჭ-ესთან; ა. ო-ესთან, რძალთან - ნ. თ-ითან, სიძეთან - კ. ო-ესთან, მამასთან - ა. ჟ-ასთან, დედასთან-ნ. ჟ-ასთან ერთად ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე 1997 წლიდან. მონიტორინგის ოქმში მითითებულია, რომ განმცხადებელი ოჯახთან ერთად ცხოვრობს დედის საკუთრებაში, განმცხადებლის შვილს აქვს მიწის ნაკვეთი და მისი შვილის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე შენობა-ნაგებობა არ დგას. ლ. ჟ-ამ ასევე განმარტა, რომ 11 ადამიანი ცხოვრობენ 3-ოთახიან ბინაში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ლ. ჟ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა და განემარტა, რომ ამ ეტაპზე მისი განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა, დედის საკუთრებაში არსებული საცხოვრებლის გამო.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დედის საკუთრებაში არსებული ქონება და მოსარჩელე დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, მხოლოდ კეთილი ნებით სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობს, საიდანაც შესაძლოა ნებისმიერ დროს იქნეს გამოსახლებული, გამორიცხავს მოსარჩელის უფლების პრიორიტეტულობას, მისი ოჯახი, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 7 ქულიდან 1.5 ქულა მოსარჩელის ოჯახს მიენიჭა იმ კრიტერიუმის გათვალისწინებით რომელიც ნათესავთან ცხოვრების ფაქტს ადგენს. ამდენად, შვილის დედის ბინაში ცხოვრება არათუ გამორიცხავს მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის აუცილებლობას, არამედ ადასტურებს მათი განსახლების საჭიროებას. ამასთან, დადგენილია და სადავო არ არის ის ფაქტი, რომ მოსარჩელის შვილის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არ დგას შენობა-ნაგებობები.
ამასთანავე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის სხდომის ოქმით დასტურდება, რომ სამოთახიანი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 3 და მეტი ქულა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ შესაბამისი საჭიროების არარსებობის დასაბუთება ვერ უზრუნველყო. ამდენად, მოსარჩელის საცხოვრებელი პირობების მიღების, საქმეზე უდავოდ დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის ოჯახისათვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა წარმოშობდა ლ. ჟ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესაძლებლობას, ასევე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ. ჟ-ას უკანონოდ ეთქვა უარი გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, დევნილთა მიმართ შექმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები, ხოლო „ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის მე-3 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები, სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მუშაობისას, ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს უპირატესი ყურადღება დაუთმოს ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის დევნილი ოჯახი შედგება 2 არასრულწლოვანი წევრისგან, რაც გასათვალისწინებელია. ამრიგად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, დასახელებული გარემოებები გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის
სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის პირველი ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე