ბს-1486(კ-22) 16 მარტი, 2023წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კ. გ-იმა 08.10.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სააგენტოს 15.12.2020წ. ბრძანებისა და კომისიის №21 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა კ. გ-იის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი გამოცემის სააგენტოსთვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.03.2022წ. გადაწყვეტილებით, კ. გ-იის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 15.12.2020წ. №03-3093/ო ბრძანება და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის №21 სხდომის ოქმი კ. გ-იის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე კ. გ-იის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2022წ. განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტია, რომლის განცხადებას შესაბამისი კრიტერიუმებით შეფასების შედეგად მიენიჭა ჯამურად 16 ქულა. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 15.12.2020წ. №03-3093/ო ბრძანებით, კ. გ-ის უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე დაზიანებული ქონების სანაცვლოდ ოჯახის მიერ სახელმწიფო დახმარების მიღების გამო. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილებით არ დგინდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის ინდივიდუალური მახასიათებლების გამოკვლევის ფაქტი, კერძოდ, მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლიდან გამომდინარე მისი ოჯახისგან დამოუკიდებლად მოთხოვნის უფლების არსებობა, ამასთან, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაადასტურა გარემოება ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კ. გ-იის ოჯახის განცხადებისა და მოსარჩელის განცხადების განმასხვავებელი ნიშნების შეფასების თაობაზე, მათ შორის, ერთ მიწის ნაკვეთზე ორი სახლის ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობის ფაქტის შეფასების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, საკითხის განხილვისას შეამოწმა მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი. საქმეში დაცული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სტიქიის შედეგად განადგურებული საცხოვრებელი ადგილიდან კ. გ-იის ოჯახის წევრები სახელმწიფოს მიერ განსახლებული იყვნენ სხვადასხვა ადგილას და გადაეცათ საცხოვრებელი სახლი, კერძოდ, ოჯახი სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი იქნა საცხოვრებლით. ამასთან, მოსარჩელე ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ის ქ. N...-ში მდებარე სახლში, რომელიც აჩუქა ბიძამ, ხოლო 2015წ. სააგენტოს განუცხადა, რომ ამ მისამართზე ქირით ცხოვრობს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. კასატორმა მიუთითა, რომ მოპასუხემ გადაწყვეტილება მიიღო კ. გ-იის 10.07.2014წ. განცხადებისა და 03.10.2020წ. მონიტორინგის სამსახურის მიერ შედგენილი ოქმის საფუძველზე. სააგენტომ გამოიკვლია ადმინისტრაციული საქმის წარმოების მასალები და დაზიანებული ქონების სანაცვლოდ ოჯახის მიერ სახელმწიფოსაგან სანაცვლო ქონების მიღების გამო განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 13.11.2013წ. №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ 1.2 მუხლის მიხედვით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა. ამავე პროცედურის 2.1 მუხლის თანახმად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ეკომიგრანტი ოჯახის, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული საცხოვრებელი სახლის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილებას ახორციელებს ამ ბრძანების საფუძველზე, სააგენტოს ან ეკომიგრანტი ოჯახის მიერ მოძიებული საცხოვრებელი სახლის, სააგენტოს მიერ შესყიდვის გზით. საქმის მასალებში დაცული დაზარალებულის მიერ საცხოვრებელი სახლის მოძიების თაობაზე 10.07.2014წ. განცხადებაში კ. გ-იმა ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა ქ. თბილისი, ...ის ქ. №..., ასევე აღნიშნა, რომ ლენტეხში, სოფ. ...ში მდებარე საცხოვრებელი სახლი დაფარა მეწყერმა, სახლი ფიზიკურად აღარ არსებობს და ის ამჟამად ცხოვრობს ქირით. 2015წ. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახის საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიების შეფასების ფორმის მიხედვით, კ. გ-იის საცხოვრებელმა სახლმა დაზიანება მიიღო მეწყერის, ღვარცოფის შედეგად, სახლის დაზიანების თარიღად მითითებულია 2005წ., ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს მხრიდან დახმარება (ჩასახლება - მატერიალური დახმარება) დღემდე არ გაწეულა. 27.01.2020წ. განცხადების შეფასების ფორმის მიხედვით, კ. გ-ის მიენიჭა სულ 16 ქულა, კერძოდ, საცხოვრებელი სახლის დაზიანების I კატეგორიის გამო - 10 ქულა და სხვა საცხოვრებელი სახლის საკუთრებაში არარსებობის გამო - 6 ქულა. ლენტეხში, სოფ. ...ში 03.10.2020წ. გადამოწმების ოქმის მიხედვით, 1987-2005 წლებში მომხდარი მეწყერისა და ღვარცოფის გამო საცხოვრებელი სახლი აღარ არსებობს, აღნიშნული სახლიდან კორნელი გ-იმა ჩასახლება მიიღო სოფ. ...ში, მეორე ძმას - ბ. გ-ის იმავე სოფელში შეუსყიდეს სახლი, მესამე ძმა - პ. გ-იი (მოსარჩელის მამა) ცხოვრობს საკუთარ სახლში, ...ში დასთან ერთად 3 ოთახიან სახლში, ხოლო განმცხადებელი კ. გ-იი და-ძმასთან ერთად ცხოვრობს ბიძის მიერ ნაჩუქარ სახლში - ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ 2020 წლის 2, 3, 4 და 7 დეკემბრის №21 სხდომის ოქმით საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა კ. გ-ის, რომელიც შეფასებულია 16 ქულით და ლენტეხში, სოფ. ...ში მდებარე საცხოვრებელს სახლს მინიჭებული აქვს I კატეგორიის დაზიანება. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 15.12.2020წ. №03-3093/ო ბრძანებით, „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ 2020 წლის 2, 3, 4 და 7 დეკემბრის №21 ოქმის საფუძველზე, საცხოვრებელი ფართით არ დაკმაყოფილდნენ ამ ბრძანების დანართში მოცემული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახები, მათ შორის კ. გ-იი. განმაცხადებელს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა დაზიანებული ქონების სანაცვლოდ ოჯახის მიერ სახელმწიფოს დახმარების მიღების გამო. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დასაბუთებული არ არის კასატორის მითითება დაზიანებული ქონების სანაცვლოდ მოსარჩელის ოჯახის მიერ სახელმწიფოს დახმარების მიღების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული გარემოება განსახილველ საქმეში დაცული მასალებით არ დასტურება. სსკ-ის 102.3 მუხლის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი დოკუმენტი, რომლითაც მოსარჩელის ოჯახის მიერ დაზიანებული სახლის სანაცვლოდ სახელმწიფოს მხრიდან დახმარების მიღება დადასტურდებოდა. მითითებული გარემოების დასადასტურებლად მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს 03.10.2020წ. გადამოწმების ოქმზე, სადაც აღნიშნულია მოსარჩელის მამის ძმების მიერ საცხოვრებელი სახლების მიღებისა და მოსარჩელის მამის საკუთრებაში არსებული სახლის შესახებ, თუმცა ოქმში მითითებული არ არის ის საფუძვლები, რასაც აღნიშნული განმარტება ემყარება. გარდა ამისა, 03.10.2020წ. გადამოწმების ოქმი (ს.ფ. 108-110) არ არის ხელმოწერილი, ვერ დგინდება აღნიშნული ოქმის შემდგენი პირი და მისი უფლებამოსილება, რაც მისი გაზიარების შესაძლებლობას გამორიცხავს, შესაბამისად, მხოლოდ ახსნა-განმარტება იმ გარემოების სამტკიცებლად, რომ მოსარჩელის ოჯახმა მიიღო სათანადო ანაზღაურება არ წარმოადგენს ამ გარემოების დასადასტურებლად საკმარის საფუძველს.
საქმის მასალებში დაცული 2002წ. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ლენტეხში, სოფ. ...ში მდებარე 0,179ჰა მიწის ნაკვეთი წარმოადგენს კ. გ-იის საკუთრებას, ამავე მიწის ნაკვეთზე გაცემულია საკადასტრო გეგმა, რომელზეც განთავსებულია სახლი (ს.ფ. 15-16). 26.08.2005წ. ...ის თემის საკრებულოს გამგებლის ცნობის თანახმად, 2005 წლის აპრილ-მაისის თვეში მომხდარი სტიქიის შედეგად დაინგრა კ. გ-იის საცხოვრებელი სახლი. ლენტეხის სახელმწიფო არქივის 2005წ. ცნობის მიხედვით, 1980-1982 წლების საკომლო ჩანაწერებით აწგარდაცვლილ ს. გ-ის აწერია ორი სახლი, საიდანაც ძველი სახლი აშენდა - 1880წ., ხოლო ახალი სახლი - 1935წ.. ლენტეხის სარეგისტრაციო სამსახურის 11.11.2005წ. წერილის თანახმად, კ. გ-ის საკუთრებაში გააჩნია სოფ. ...ში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელზეც განლაგებულია საცხოვრებელი სახლი. ლენტეხის ადგილობრივი არქივის 11.08.2008წ. ცნობის მიხედვით, 2001-2005 წლების საკომლო ჩანაწერების მიხედვით, კ. გ-იი ირიცხება კომლად ...ის საკრებულოს სოფ. ...ში. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 11.12.2008წ. წერილის თანახმად, კ. გ-იი არის 2005 წლის აპრილის თვეში სტიქიით დაზარალებული პირი, რომელსაც ფულადი კომპენსაცია არ მიუღია. ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის 07.09.2016წ. ცნობის მიხედვით, აღნიშნული ცნობა გაიცა კ. გ-იზე, რომლის სახლი დაინგრა 2005წ. სტიქიის შედეგად. ცნობაში აღნიშნულია, რომ კ. გ-იის ბაბუას - ს. გ-ის სოფ. ...ში აწერია ორი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, აქედან ძველი საცხოვრებელი სახლი ეზოსთან ერთად რეგისტრირებულია კ. გ-იის საკუთრებად, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან არანაირი დახმარება არ მიუღია. ამდენად, აღნიშნული დოკუმენტები მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს ლენტეხში, სოფ. ...ში საკუთრებაში გააჩნია მიწის ნაკვეთი საცხოვრებელ სახლთან ერთად, რომელიც სტიქიის შედეგად განადგურდა, ხოლო რაიმე სახელმწიფო დახმარება სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლის დანგრევის გამო მოსარჩელეს არ მიუღია. ზემოაღნიშნულ დოკუმენტებში მითითებული გარემოებების საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის და არც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს განმარტებას ასეთი სახის დოკუმენტებთან დაკავშირებით. დადგენილია, რომ კ. გ-იის განცხადება შეფასდა 16 ქულით და ლენტეხში, სოფ. ...ში მდებარე მოსარჩელის საცხოვრებელს სახლს მიენიჭა I კატეგორიის დაზიანება. ამდენად, შესაბამისი მტკიცებულებებზე მითითების გარეშე მხოლოდ კასატორის ახსნა-განმარტება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის ოჯახმა სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლის დანგრევის სანაცვლოდ მიიღო სახელმწიფო დახმარება, არ ქმნის ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 13.11.2013წ. №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ 2.12 მუხლის მიხედვით, დეპარტამენტი არ განიხილავს იმ ეკომიგრანტი ოჯახების განცხადებებს, რომლებსაც სახელმწიფოს ან დონორი ორგანიზაციების მიერ დაზარალების გამო ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება. განსახილველ შემთხვევაში კასატორი (მოპასუხე) მითითებული ნორმით გათვალისწინებულ გარემოებას, კერძოდ, საცხოვრებელი სახლისა ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარების მიღების ფაქტს ვერ ადასტურებს, ასევე საქმეში დაცული მასალებით არ დასტურება კასატორის მიერ მითითებული გარემოება ბიძის მიერ ნაჩუქარ სახლში მოსარჩელის ცხოვრების თაობაზე, შესაბამისად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. სააგენტო ვალდებულია მასთან წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი შეისწავლოს სზაკ-ით დადგენილი წესით, სრულად გამოიკვლიოს საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტი ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ სტანდარტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.10.2022წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი