Facebook Twitter

ბს-1257(კ-22) 16 მარტი, 2023წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.08.2022წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ტ.ლ-ამ და ნ.ლ-ამ 22.06.2021წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხის 24.05.2021წ. წერილის ბათილად ცნობა, ასევე ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში კრიტერიუმების გარეშე განსახლების თაობაზე ახალი აქტის გამოცემის შესახებ მოპასუხის დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.04.2022წ. გადაწყვეტილებით, ტ.ლ-ას და ნ.ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 24.05.2021წ. №03/8161 წერილი, მოპასუხეს დაევალა საკითხის განხილვა და შესაბამისად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეების - ტ.ლ-ას და ნ.ლ-ას ახალაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში კრიტერიუმების გარეშე განსახლების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.08.2022წ. განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელეები ტ.ლ-ა და ნ.ლ-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები (დევნილი ოჯახი). მათი დროებითი საცხოვრებელი/რეგისტრაციის ადგილი არის ქ. ზუგდიდი, ...ას ქ. №... (ყოფილი №... სკოლა). განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განიხილა მოსარჩელეების, როგორც დევნილი ოჯახის კრიტერიუმების გარეშე გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი მათი ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო, შესაბამისად არ მოახდინა მოსარჩელეების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. მხოლოდ იმ გარემობაზე მითითება, რომ მოსარჩელე დევნილი ოჯახი მონიტორინგის განხორციელებისას არ იმყოფებოდა საცხოვრებელ ადგილზე, არ არის საკმარისი დევნილი ოჯახის ნგრევად ობიექტში არცხოვრების ფაქტის დასადასტურებლად. ნგრევად ობიექტში მცხოვრებ პირს შესაძლოა საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის ან/და სხვა მიზეზით, დროის რაღაც მონაკვეთის განმავლობაში მოუწიოს ფაქტობრივი (რეგისტრაციის) საცხოვრებლის დატოვება (ახლობლების მონახულების, სამსახურის, სწავლის, მკურნალობის, ნათესავთან ან დაქირავებულ საცხოვრებელში გადასვლის და სხვ. მიზეზების გამო), თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში პირმა მიატოვა განსახლების ობიექტი და აღარ წარმოადგენს ნგრევადი ობიექტის მაცხოვრებელს, ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გათვლისწინებული მოსარჩელეების ხანდაზმული ასაკი, 2014-2021 წლებში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვა და გადახდა, ასევე გათვალისწინებული არ იქნა ამავე მისამართზე მცხოვრები პირების (მეზობლების) განმარტება. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზეა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობისა და მოსარჩელეების მიმართ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.08.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მონიტორინგის ოქმებიდან ცალსახად დასტურდება, რომ მოსარჩელეები არ ცხოვრობენ სადავო შენობაში. სს „ე...ას“ მიერ გაცემული ამონაწერში მიზერული დარიცხვებია ასახული, ხოლო მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მონიტორინგის განხორციელებისას მოსარჩელეები მისამართზე არ იმყოფებოდნენ. ახლობლის გარდაცვალების გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის თაობაზე ინფორმაცია მხარეს ადმინისტრაციულ ორგანოში საკითხის განხილვისას უნდა წარმოედგინა, რასაც ორგანო გაითვალისწინებდა. სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ობიექტის აღწერა განხორციელდა 26.06.2020წ.. აღწერის დროს მონიტორინგის სამსახურს მოსარჩელის ოჯახი მისამართზე არ დახვდა, შესაბამისად, მიჩნეული იქნა, რომ მოსარჩელეები სადავო მისამართზე არ ცხოვრობენ და მათი საკითხი კომისიის სხდომაზე არ იქნა განხილული. სააგენტო გადაწყვეტილებებს საცხოვრებელი ფართის მიღებასთან დაკავშირებით იღებს მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად, კანონმდებლობით დაკისრებული ყველა მოთხოვნის ზედმიწევნით შესრულებით. მითითებული ბრძანებით დამტკიცებული წესის 1.3 მუხლის თანახმად, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილთა ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრებმა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი. ამავე წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებულია დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები, ასევე კომისიის უფლებამოსილება პრიორიტეტის მინიჭებისა და კრიტერიუმების გარეშე საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესაძლებლობა. ნგრევადი კომპაქტური ობიექტის დახურვის დროს სააგენტოს გამოჰყავს ასეთ ობიექტში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახები და ასახლებს მათ კრიტერიუმების გარეშე. ამდენად, თუ ნგრევად ობიექტში დევნილი ოჯახის ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი არ დასტურდება, სააგენტო ასეთ ოჯახს ვერ განასახლებს. საქმის მასალებით უტყუარად დასტურდებოდა, რომ მხარე არ იყო ნგრევადი ობიექტის ფაქტობრივი მაცხოვრებელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. საქმეში დაცული მასალებით ტ.ლ-ა და ნ.ლ-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. დევნილის მოწმობებში მოსარჩელეების დროებით საცხოვრებელ (რეგისტრაციის) ადგილად მითითებულია ზუგდიდი, ...ას ქ. №... (სკოლა). ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 15.09.2019წ. დასკვნის თანახმად, ქ. ზუგდიდში, ...ას ქ. №...-ში მდებარე №... სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, მისი შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 24.05.2021წ. წერილით ტ.ლ-ას ეცნობა, რომ ზუგდიდში, ...ას ქ. №...-ში მდებარე მწვავე ავარიული და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ობიექტიდან (№... სკოლა) მისი ოჯახის კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 03.12.2020წ. სხდომაზე (ოქმი №77) არ განხილულა ხსენებულ უძრავ ქონებაში ფაქტობრივად არცხოვრების გამო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №№01-30/ნ ბრძანებით) 6.10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილი იყო პრიორიტეტი მიენიჭებინა და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განეხორციელებინა იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დადასტურებულიყო სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მითითებული ნორმით დადგენილი მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. მგავსს დანაწეს შეიცავს ამჟამად მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი. კასატორის მითითება მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მონიტორინგის განხორციელებისას მოსარჩელეები ადგილზე არ იმყოფებოდნენ, არ გამორიცხავს მოსარჩელეების უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებული იქნენ ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაძლოა ნგრევად ობიექტში მცხოვრებ პირს საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დროის რაღაც მონაკვეთის განმავლობაში მოუწიოს ასეთი საცხოვრებლის დატოვება (ნათესავებთან თავის შეფარება, დაქირავებულ საცხოვრებელში გადასვლა და ა.შ.), თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში პირმა მიატოვა განსახლების ობიექტი და აღარ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს, შესაბამისად, აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ ასეთ პირს არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას, ამასთანავე, თავად კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეების მიერ ობიექტის დროებით დატოვების თაობაზე ინფორმაციის სააგენტოსთვის მიწოდების შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო აღნიშნულ გარემოებას გაითვალისწინებდა გადაწყვეტილების მიღებისას. ზემოთ მითითებულ მისამართზე მოსარჩელეების ფაქტობრივად არცხოვრების ფაქტის დასადასტურებლად კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს მონიტორინგის ოქმებსა და 26.06.2020წ. აღწერაზე, თუმცა ხსენებული დოკუმენტები საქმის მასალებში დაცული არ არის. სსკ-ის 102.3 მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქმეში დაცული მასალებით ტ.ლ-ამ 24.09.2019წ. განცხადებით მეუღლესთან ერთად მოითხოვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება (ს.ფ. 187-188). საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადების შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, დევნილ ოჯახს 2 ქულა მიენიჭა იმის გამო, რომ საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (ს.ფ. 186). ამდენად, კასატორის მიერ მითითებული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება, შესაბამისად, დასაბუთებული არ არის ზემოაღნიშნულ მისამართზე მოსარჩელეების ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის არარსებობაზე მითითება, ასევე ამ საფუძვლით გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის განუხილველობა. გარდა ამისა, საქმეში დაცულია სს „ე...ას“ მიერ გაცემული აბონენტის ბარათი, სადაც აბონენტად მითითებულია ტ.ლ-ა, ხოლო მისამართად ზუგდიდი, ...ას ქ. (№... სკოლა). ამ ბარათით 2014-2021 წლებში დგინდება ელ. ენერგიის საფასურის გადახდა. უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნულ ბარათში მიზერული დარიცხვებია ასახული, ვინაიდან მოხმარებული ელ. ენერგიის მოცულობა არ წარმოადგენს ფაქტობრივად არცხოვრების ფაქტის დადასტურების საკმარის საფუძველს.

განსახილველ შემთვევაში დგინდება, რომ ტ.ლ-ა და ნ.ლ-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომლებიც არ ყოფილან უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებლით. საქმეზე დადგენილია, რომ საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოწმეებმა - ზუგდიდში, ...ას ქ. №...-ში მცხოვრებმა პირებმა ( დ.ქ-ა, მ.ხ-ა) დაადასტურეს მოსარჩელეების მიერ მითითებულ მისამართზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი. საქმის მასალებით დასაბუთებული არ არის მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეები არ ცხოვრობდნენ ზუგდიდში, ...ას ქ. №...-ში. სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს, რომ აღნიშნული ობიექტი (№... სკოლა) შეფასდა, როგორც საფრთხის შემცველი ნაგებობა, შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოეშვა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.08.2022წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი