Facebook Twitter

№ბს-276(გ-23) 20 მარტი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი - თ. ნ-ი (არასრულწლოვანი ს. ე. ნ-ის კანონიერი წარმომადგენელი)

მოწინააღმდეგე მხარეები - ზ. მ-ი, მ. ქ-ი, ბ. (ბ.) ქ-ი

დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2023 წლის 13 მარტს თ. ნ-იმა დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოწინააღმდეგე მხარეების ზ. მ-ის, მ. ქ-ის, ბ. (ბ.) ქ-ის მიმართ.

განმცხადებელმა მოითხოვა: ა) მოძალადეებს აეკრძალოთ არასრულწლოვან ს. ე. ნ-ითან და ყველა იმ ადგილთან მიახლოვება, სადაც არასრულწლოვანი იქნება მარტო ან/და თანხმლებ პირებთან ერთად; ბ) მოძალადეებს აეკრძალოთ ს. ე. ნ-ითან ურთიერთობა, საუბარი, ვერბალური, არავერბალური, ვიზუალური კონტაქტი, როგორც პირადად და უშუალოდ, ისე კომუნიკაციის ამა თუ იმ საშუალების, აგრეთვე მესამე პირების გამოყენების გზით; გ) მოძალადეებს განემარტოთ იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი და სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომების შესახებ, რომლებიც მათ დაეკისრებათ გადაწყვეტილებით (დამცავი ორდერით) გათვალისწინებული აკრძალვების, მოთხოვნების და პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში; დ) დამცავი ორდერის მოქმედების ვადის განსაზღვრა 9 თვით.

განცხადების თანახმად, თ. ნ-ი ქორწინებაში იმყოფებოდა რ. ნ-ითან 2014 წლის 6 მარტიდან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ 2 შვილი: ს. ე. ნ-ი (დაბ. ...წ.) და ე. დ. ნ-ი (დაბ. ...წ.). დედას არ ეძლევა ბავშვთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, რის გამოც თ. ნ-იმა 2021 წელს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას რ. ნ-იის მიმართ არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, ალიმენტის დაკისრებისა და განქორწინების მოთხოვნით. განმცხადებელმა 2022 წლის აგვისტოში საქმის განმხილველ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით და მოითხოვა დროებითი განკარგულების მიღება, კერძოდ, ს. ე. ნ-ითან ურთიერთობის წესის განსაზღვრა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. 2022 წლის 22 აგვისტოს განჩინებით სასამართლომ დააკმაყოფილა თ. ნ-ის შუამდგომლობა და ბავშვთან ურთიერთობა განუსაზღვრა პარასკევიდან კვირის ჩათვლით ს. ე.ს წამოყვანის უფლებით და მამის საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების ვალდებულებით. მიუხედავად განჩინებისა, განმცხადებელს ერთხელაც არ მისცემია ბავშვის წამოყვანის შესაძლებლობა. 2022 წლის სექტემბერში რ. ნ-იი დაკავებულ იქნა თ. ნ-ის მიმართ სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით. ამას მოჰყვა რ. ნ-იის მიერ განცხადების შეტანა რუსთავის საქალაქო სასამართლოში ს. ე. ნ-ის დასაცავად თ. ნ-ის წინააღმდეგ დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით. 2023 წლის 2 მარტს თ. ნ-ის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გამოცემულ იქნა დროებითი განკარგულება, რომლის თანახმადაც ს. ე. ნ-ი დროებით აღსაზრდელად გადაეცა დედას თ. ნ-ის. 2023 წლის 9 მარტს რუსთავის საქალაქო სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე, სადაც იხილებოდა თ. ნ-ის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის საკითხი, მოსამართლის მითითებით მიყვანილ იქნა არასრულწლოვანი. სხდომის დასრულების შემდეგ განმცხადებელს დროებითი განკარგულებისა და სააღსრულებო ფურცლის მიუხედავად, არ მიეცა ბავშვის წამოყვანის შესაძლებლობა. ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა მძიმეა, არასრულწლოვანი აცხადებს, რომ არ სურს დედასთან წასვლა. მამის ოჯახის მცდელობის შედეგად დედას თითქმის 2 წელია წართმეული აქვს საკუთარ შვილთან მშვიდ გარემოში შეხვედრისა და საუბრის საშუალება, შვილზე ზრუნვის უფლება, ბავშვი მუდმივად იმყოფება და ცხოვრობს დედის და დედის ნათესავებისაგან მოშორებით. არასრულწლოვნის აზრებზე, შეხედულებებზე, განწყობასა და ემოციებზე გავლენას ახდენენ ადამიანები მამის მხრიდან. ს. ე. ცხოვრობს მისთვის უცხო, არამეგობრულ და არაუსაფრთხო გარემოში, მამის მეგობრის ოჯახში და უკრძალავენ დედასთან ყოველგვარ კომუნიკაციას.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 მარტის განჩინებით თ. ნ-ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტა, რომ სავარაუდო მსხვერპლის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი ...ის ქუჩა №..., კორპუსი ..., ბინა .... აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადება განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად უნდა გადაგზავნოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით. ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს, ხოლო არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი. საცხოვრებელი ადგილი ფართო მნიშვნელობის ცნებაა და მოიცავს როგორც რეგისტრაციის ადგილს, ასევე მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა ენიჭება პირის საცხოვრებელ ადგილს და არა ადგილსამყოფელს. საცხოვრებელი ადგილისგან განსხვავებით, ადგილსამყოფელი დროებით სარგებლობაშია და მას პირი ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილად არ ირჩევს. სარჩელი მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიტანება, თუ მას საცხოვრებელი ადგილი არ აქვს (სსკ-ის 15.2 მუხ.).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადების განხილვა უნდა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მსხვერპლთა საცხოვრებელი ადგილია, ხოლო მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 მარტის განჩინებით თ. ნ-ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტა, რომ კანონმდებლობით დაწესდა სპეციალური განსჯადობა დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე საქმეებზე - მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რაშიც მოიაზრება სწორედ ის ადგილი, სადაც მსხვერპლი ფაქტობრივად იმყოფება და რაც სასამართლოს მოსაზრებით, განპირობებული იქნა სწორედ იმ მოცემულებით, რომ ისედაც მოწყვლადი, ძალადობის მსხვერპლი პირებისათვის, მარტივად, სხვადასხვა დაბრკოლებისგან თავისუფალი ყოფილიყო სასამართლოსთვის მიმართვის ხელმისაწვდომობა.

სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 მარტის განჩინების საფუძველზე, ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დროებით განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ვერ მოხდა აღნიშნული დროებითი განკარგულების აღსრულება და ბავშვი რჩება თავდაპირველ მისამართზე, ცალსახაა, რომ ბავშვის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს გარდაბანი, ...ის №4. შესაბამისად, ამ მოცემულობის გათვალისწინებით, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტზე მითითება სასამართლომ არარელევანტურად მიიჩნია, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-5 მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო ვალდებულია მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა განსაზღვროს ბავშვის საუკეთესო ინტერესი და აღნიშნულის განსასაზღვრად მოისმინოს ბავშვის აზრი, რაც ბუნებრივია, უნდა განხორციელდეს სასამართლოში მისი წარმოდგენის გზით. გარდაბნიდან თბილისში სასამართლო სხდომებზე გამოცხადება კი თავიდანვე არ ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესს და ვერ უზრუნველყოფს მის სასამართლოს ადგილზე ხელმისაწვდომობის უფლებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემული საქმის განხილვაზე განსჯად სასამართლოს წარმოადგენს რუსთავის საქალაქო სასამართლო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზეც. განსახილველ საქმეზე სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.

მოცემულ შემთხვევაში თ. ნ-ის მიერ მოთხოვნილია დამცავი ორდერის გამოცემა ზ. მ-ისგან, მ. ქ-ისგან და ბ. (ბ.) ქ-ისგან არასრულწლოვანი ს. ე. ნ-ის დაცვის მიზნით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2113 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნის თაობაზე განიხილება პირველი ინსტანციის სასამართლოში მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოხსენებული ნორმა არის ტერიტორიული განსჯადობის სპეციალური წესის დამდგენი. ნორმიდან იკვეთება, რომ კანონმდებელმა პრივილეგია მიანიჭა ძალადობის მსხვერპლს და სასამართლო სამართალწარმოება მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განისაზღვრა.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსჯადობის შესახებ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია მსხვერპლისა და მისი საცხოვრებელი ადგილის დადგენა.

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი ინტერესები უგულებელყოფილია და რომელსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 14​2 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე არასრულწლოვანი, რომელიც სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე ფაქტობრივად იმყოფება/ცხოვრობს სხვა პასუხისმგებელ პირთან ან ნებისმიერ სხვა პირთან, რომელმაც დაარღვია მისი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით, და რომელიც მოძალადისგან სოციალურმა მუშაკმა განაცალკევა. მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა. ამავე მუხლის „ვ1“ პუნქტის თანახმად, სავარაუდო მსხვერპლი არის პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ არის მსხვერპლი, და რომელიც მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის მიზნით შესაბამის სამსახურს/ორგანოს/მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფს მიმართავს.

განსახილველ შემთხვევაში მართალია, განცხადება წარდგენილია თ. ნ-ის მიერ, თუმცა ის წარმოადგენს არასრულწლოვანი ს. ე. ნ-ის დედას (კანონიერ წარმომადგენელს) და განცხადების ფარგლებში მოთხოვნილია დამცავი ორდერის გამოცემა სწორედ ს. ე. ნ-ის სასარგებლოდ, რომლითაც მოძალადეებს აეკრძალებათ არასრულწლოვანსა და ყველა იმ ადგილთან მიახლოვება, სადაც არასრულწლოვანი იქნება მარტო ან/და თანხმლებ პირებთან ერთად; მოძალადეებს აეკრძალებათ ს. ე. ნ-ითან ურთიერთობა, საუბარი, ვერბალური, არავერბალური, ვიზუალური კონტაქტი როგორც პირადად და უშუალოდ, ისე კომუნიკაციის ამა თუ იმ საშუალების, აგრეთვე მესამე პირების გამოყენების გზით;

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სავარაუდო მსხვერპლს წარმოადგენს არასრულწლოვანი ს. ე. ნ-ი და განცხადების განხილვა უნდა მოხდეს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 მარტის განჩინებით მიღებულ იქნა დროებითი განკარგულება, რომლის თანახმად, არასრულწლოვანი ბავშვი - ს. ე. ნ-ი (დაბ: ... წ.) დროებით აღსაზრდელად გადაეცა დედას - თ. ნ-ის. მიუხედავად აღნიშნული განჩინებისა, დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ განცხადებაში თ. ნ-ი თავად ადასტურებს, რომ მას არ მისცემია ბავშვის წაყვანის შესაძლებლობა, შესაბამისად, 2023 წლის 2 მარტის დროებითი განკარგულება არ აღსრულებულა. განმცხადებელი ასევე აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანი ს. ე. ნ-ი ცხოვრობს მამის ოჯახში, ე.წ „ქრისტეს ეკლესიის შენობაში“, სადაც იმყოფებიან რ. ნ-იის მშობლები და ბავშვის ძიძა. ამავე განცხადებაში თ. ნ-ი მოწინააღმდეგე მხარეების/სავარაუდო მოძალადეების მისამართად ასახელებს: გარდაბანი, ...ის №4.

„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის №3 დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქის – რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ნ-ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე