Facebook Twitter

ბს-921(კ-21) 16 მარტი, 2023წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.2021წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ.ყ-მა 10.12.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ზიანის ანაზღაურების სახით მის სასარგებლოდ მოპასუხისთვის 94 406 ლარის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.03.2021წ. გადაწყვეტილებით, გ.ყ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ.ყ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.2021წ. გადაწყვეტილებით, გ.ყ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.03.2021წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ.ყ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გ.ყ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 94 406 (ოთხმოცდათოთხმეტიათას ოთხას ექვსი) ლარის ოდენობით. სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. მიწის ნაკვეთის საზღვრების დაუზუსტებლობა არ ნიშნავს მიწის ნაკვეთზე უკვე წარმოშობილი საკუთრების უფლების ჩამორთმევას. გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. რეგისტრაციის არსებობის გადამოწმება მხოლოდ ელექტრონული ნახაზის მეშვეობით არ ადასტურებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-62 პუნქტის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაამოწმოს სააგენტოსთვის წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემების სისწორე და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობა, ამდენად, სახეზეა პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირის არსებობა ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ საჯარო რეესტრის მიერ მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულებების სათანადოდ შეუსრულებლობას და საკუთრების უფლების შეზღუდვას შორის.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რ.ს-ის და რ.ე-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციების გასაჩივრების გარეშეც სახეზეა დამდგარი ზიანი და ამ რეგისტრაციების გასაჩივრება ვერ შეცვლიდა ფაქტობრივ მდგომარეობას, რადგან სახეზეა კერძო სამართლებრივი გარიგებები - ნასყიდობის ხელშეკრულებები, რაც იმის დასტურია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, შემძენები (რ.ს-ე და თ.მ-ი) კეთილსინდისიერი შემძენები არიან. პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარების შემთხვევაში მხარემ უნდა აწარმოოს მრავალწლიანი სამოქალაქო დავა აღნიშნული პირების წინააღმდეგ, რაც დიდი ალბათობით, სარჩელზე უარით დასრულდება შემძენთა კეთილსინდისიერებაზე მითითებით, ამის შემდეგ მხარემ უნდა მიმართოს ადმინისტრაციულ სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, მაშინ როცა ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელი ყველა კომპონენტი (ქმედება, შედეგი, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი) უკვე ისედაც სახეზეა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო ფორმალურად მიუდგა სარეგისტრაციო სამსახურის ქმედების კანონიერების შეფასებას, რითაც წინააღმდეგობაში მოვიდა საჯარო რეესტრის საქმიანობის მიზნებსა და პრინციპებთან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.2021წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლოში წარდგენილ იქნა შესაბამისი სიტუაციის ამსახველი ნახაზი, რომლითაც დგინდება, რომ ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები სრულად შეესაბამება სააგენტოში დაცულ მონაცემებს (ე.წ. ყვითელ ფენებს), ამასთანავე, სასამართლოს ეცნობა, რომ ზ.ლ-ის ნაკვეთის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირება სისტემური აღწერის გრაფიკულ მონაცემებთან (ე.წ. ყვითელი ფენასთან) ვერ ხერხდებოდა. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ზ.ლ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის კოორდინატები არ შეესაბამებოდა მის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთს და ზედდება ჰქონდა ისეთ უძრავ ნივთებთან, რომელთა ადგილმდებარეობა შესაბამისია უფლების დამდგენ დოკუმენტებთან. ზ.ლ-მა საკადასტრო აზომვითი ნახაზი არასწორ კოორდინატებში წარადგინა. ზ.ლ-ის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით სარეგისტრაციოდ წარდგენილი მონაცემები არ არის შესაბამისობაში უფლების დამდგენ დოკუმენტთან, ამასთან, მხარეს არ გაუსაჩივრებია და დადგენილი არ არის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების უკანონობა. უსაფუძვლოა სარეგისტრაციო სამსახურისთვის მოსარჩელის მიერ არასწორად წარდგენილი აზომვითი ნახაზით გამოწვეული ზედდების გამო ზიანის დაკისრება.

კასატორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 26.09.2019წ. განჩინებაზე (საქმე №ბს-1505(კ-18)) და აღნიშნა, რომ ზიანის ანაზღაურების წინაპირობად კანონმდებლობით განსაზღვრული მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წესით უნდა დადგინდეს, რაც ნიშნავს, რომ ქმედების უკანონობა უნდა დადასტურდეს მტკიცებულებათა ერთობლიობითა და კანონით დადგენილი წესით, უკანონო აქტის გამოცემის შემთხვევაშიც კანონით დადგენილ ვადაში მისი გასაჩივრების უფლების გამოუყენებლობა იწვევს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ძალმოსილ აქტებად მიჩნევისა და მათთვის შესასრულებლად სავალდებულო ძალის მინიჭების აუცილებლობას. კასატორის მითითებით მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საჯარო რეესტრისთვის სამოქალაქო კოდექსის 992–ე მუხლით გათვალისწინებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების შემადგენლობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შედეგობრივად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში დაცული მასალებით 27.07.1999წ. მცხეთაში, სოფ. ...ში მდებარე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა ზ.ლ-ის საკუთრების უფლება დაუზუსტებელი მონაცემებით. რეგისტრაციის საფუძვლად საჯარო რეესტრიდან ამონაწერში მითითებულია 10.10.1997წ. №... მიღება-ჩაბარების აქტი. 11.10.2018წ. ზ.ლ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა მითითებულ უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია (დაზუსტებლი მონაცემებით). სარეგისტრაციო წარმოებისას დადგინდა ზედდების არსებობა ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებთან, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და დავის გადაწყვეტის მიზნით დაინიშნა სანოტარო მედიაცია, რომელიც ვერ შედგა. მარეგისტრირებელი ორგანოს 06.02.2019წ. გადაწყვეტილებით განმცხადებელს დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში (ტ. 1, ს.ფ. 159). 11.03.2019წ. სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების ვადაში წარდგენილი არ იქნა შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამდენად, საქმეში დაცული მასალებით დგინდება, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველს შეადგენდა მხოლოდ ზედდების არსებობა, რაც გათვალისწინებულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 21.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზ.ლ-ის უძრავ ნივთზე ცვლილების რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება უფლების დამდგენის დოკუმენტის/დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის და სარეგისტარციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის შეუსაბამობა არ გამხდარა, უფრო მეტიც განმცხადებელს დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა, ამასთანავე, სარეგისტრაციო წარმოების პერიოდში მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 01.08.2016წ. №153 ბრძანებით (ძალადაკარგულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.12.2019წ. N487 ბრძანებით) დამტკიცებული „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესის“ (დანართი №1) 9.2 მუხლი სანოტარო მედიაციის დანიშვნას ითვალისწინება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი შემოწმების შედეგად არ დადგინდებოდა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის შეუსაბამობა სააგენტოში დაცულ დოკუმენტაციასთან/ინფორმაციასთან. განსახილველ შემთხვევაში ლ.ლ-ის განცხადების საფუძველზე დაინიშნა სანოტარო მედიაცია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საჯარო რეესტრმა ლ.ლ-ის სახელზე რეგისტრირებული მონაცემები სააგენტოში დაცულ მონაცემებთან შესაბამისად მიიჩნია, ამასთანავე, სანოტარო მედიაციის დანიშვნის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებები კანონშესაბამისად იქნა მიჩნეული ზედმგომი ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ზ.ლ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ფარგლებში (ტ. 1, ს.ფ. 95-99). საჯარო რეესტრში წარდგენილ 11.10.2018წ. განცხადების საფუძველზე მიღებულ არც ერთ გადაწყვეტილებაში მარეგისტრირებელ ორგანოს არ მიუთითებია რეგისტრირებული მონაცემებისა და წარდგენილი მონაცემების შეუსაბამობაზე, ამ საფუძვლით სარეგისტრაციო წარმოება არ შეჩერებულა/არ შეწყვეტილა, შესაბამისად, კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ზ.ლ-მა საჯარო რეესტრში არასწორი ნახაზი წარადგინა, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, ასეთი გარემოება ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ დადგენილა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში, როგორც დაზუსტებული, ასევე დაუზუსტებელი მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრით. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა, რომელიც ადასტურებს იურიდიული ფაქტების კანონიერებას. რეგისტრაციას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს, ის არის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალიზაციის პირობა, რეგისტრაცია არის უძრავ ქონებაზე უფლების წარმოშობის, შეცვლის სახელმწიფოს მხრიდან დადასტურების იურიდიული აქტი, რითაც რეგისტრაციის განმახორციელებელი კისრულობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობათა კომპლექსის დაცვის ვალდებულებას. გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემის შეცვლა ტექნიკური საკითხია და მას არ უნდა ეწირებოდეს რეესტრში ასახული უფლებები, რეგისტრაციის ახალი სისტემის დანიშნულება სანივთო უფლებების უკეთესი დაცვაა და არა საკუთრების უფლების შეზღუდვა. ახალი კოორდინატთა სისტემის შემოღება შედეგად არ უნდა იწვევდეს ფორმალურ-სამართლებრივი პროცედურების შესრულებით მესაკუთრეზე უკვე რეგისტრირებული ნაკვეთის მესამე პირის მიერ დაუფლებას, არ უნდა ხელყოფდეს სამართლებრივ უსაფრთხოებას, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მანამდე წარმოებული რეგისტრაციების იურიდიული ძალის დაკარგვას, მარეგისტრირებელი ორგანოს, როგორც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და საჯარო წესრიგის გარანტის დანიშნულების შეცვლას (იხ. სუს 28.02.2013წ. განჩინება, საქმე №ბს-367-363(კ-12)), ამდენად, კასატორის მითითება ზ.ლ-ის მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დაუდგენლობის შესახებ არ არის საკმარისი მტკიცებულება მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და ზედდებაში მყოფი ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების იდენტურობის უარსაყოფად, გარდა ამისა, კასატორი არ მიუთითებს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სხვა ადგილმდებარეობაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, რაც განპირობებულია სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებით. საჯარო რეესტრის სისწორის ვარაუდი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება კონკრეტული სახით არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ პირს. საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციიდან გამომდინარე ითვლება, რომ ს საკუთრებაში გააჩნია მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი იმ მონაცემებით, რომელიც მითითებულია საჯარო რეესტრიდან ამონაწერში. გასათვალისწინებელია, რომ ზ.ლ-ის სახელზე საჯარო რეესტრის რეგისტრაციის საფუძველი - მიღება-ჩაბარების აქტი არ გაუქმებულა, მის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია მთლიანად ან ნაწილობრივ სადავო არ გამხდარა, ძალაშია და მოქმედებს. საქმეში არ მოიპოვება აგრეთვე ზ.ლ-ის საკუთრების უფლების გადასვლის ან შეწყვეტის ფაქტის, ჩანაწერის ნაწილობრივ ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა. საქმეში დაცული მასალებით ... და ... საკადასტრო კოდებზე უფლების პირველადი რეგისტრაციის დროისთვის (2001წ.) ზ.ლ-ის საკუთრების უფლება უკვე იყო რეგისტრირებული 1999 წლიდან. 04.11.2019წ. შეთანხმებით, ზ.ლ-მა გ.ყ-ს დაუთმო საჯარო რეესტრის მიმართ ზიანის ანაზღაურებაზე მოთხოვნა. ამდენად, საქმეში დაცული მასალებისა და იმის გათვალისწინებით, რომ კასატორი, რომელმაც დაარეგისტრირა ზ.ლ-ის საკუთრების უფლება, ვერ უთითებს უძრავი ნივთის სხვა ადგილმდებარეობაზე, უფრო მეტიც, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში (სარეგისტრაციო სამსახურსა და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში) არ დადგენილა რეგისტრირებული მონაცემებისა და სარეგისტრაციოდ წარდგენილი ობიექტის ურთიერთშეუსაბამობა, არ დასტურდება კასატორის მტკიცება არასწორად წარდგენილი აზომვითი ნახაზის გამო ზიანის არარსებობის შესახებ.

რაც შეეხება კასატორის მითითებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს 26.09.2019წ. განჩინებაზე (საქმე №ბს-1505(კ-18)), აღნიშნულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისაგან. კასატორის მიერ მითითებულ საქმეში წარდგენილი იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 28.02.2013წ. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც არ დადგენილა, რომ სადავო ფართი მოსარჩელეთა საკუთრების უფლების ობიექტს წარმოადგენდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ გარემოებები დამატებით უნდა შესწავლილიყო, ხოლო რეგისტრაცია დამატებითი მოკვლევის შემდგომ განხორციელებულიყო, მითითებული კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საჯარო რეესტრმა დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და გამოსცა შესაბამისი აქტები, ასევე აღდგა ის მდგომარეობა, რაც გასაჩივრებული აქტების გამოცემამდე არსებობდა, რამაც №ბს-1505(კ-18) ადმინისტრაციული საქმის ფარგლებში ზიანის ანაზღაურების საფუძვლების არსებობა გამორიცხა, შესაბამისად, კასატორის მიერ საკასაციო სასამართლოს 26.09.2019წ. განჩინებაზე (საქმე №ბს-1505(კ-18)) მითითება უსაფუძვლოა, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში კასატორმა ვერ წარმოადგინა ზ.ლ-ის უძრავი ნივთის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით ისეთი სახის მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა ზ.ლ-ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის მონაცემების შეუსაბამობა მის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან. აღსანიშნავია ისიც, რომ ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგში არ წარმოშობს ზ.ლ-ის მიერ ზემოთ მითითებულ ნაკვეთზე ცვლილების (დაზუსტებული მონაცემებით) რეგისტრაციის მოთხოვნის საფუძველს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.2021წ. გადაწყვეტილება;

3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 29.10.2021წ. №... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის და 01.11.2021წ. №... საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 4420,3 ლარის, სულ ჯამში 4720,3 ლარის 70% - 3304,21 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი