საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-5(კ-21) 17 იანვარი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - გ. გ-ა
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები - დ. ჯ-ე, თ. ჯ-ა, ვ. ჯ-ა, ს. კ-ი, ნ. ხ-ი, ს. ო-ი, ვ. დ-ი, ზ. ო-ი, თ. ბ-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. გ-ამ 2019 წლის 14 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და სარჩელის დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 12 ივლისის N... და 2015 წლის 03 ივლისის N... გადაწყვეტილებების, ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააგენტოს 2019 წლის 18 იანვრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება გ. გ-ას მოთხოვნასთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ დ. ჯ-ე და თ. ჯ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ვ. ჯ-ა, ს. კ-ი, ნ. ხ-ი, ს. ო-ი, ვ. დ-ი, ზ. ო-ი და თ. ბ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინებით გ. გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-ამ.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ გ. გ-ამ შეიძინა 56 კვ.მ, რომელიც მის საკუთრებად დარეგისტრირებულია დაზუსტებული მონაცემებით, შესაბამისად, სადავო გადაწყვეტილებები სასამართლომ მიიჩნია კანონიერად და აღნიშნა, რომ ადგილი არ აქვს გ. გ-ას საკუთრების მესამე პირების სახელზე რეგისტრაციას, მიუხედავად საქმეში არსებული ექსპერტიზის ბიურო „...-ს“ დასკვნისა, რომლითაც დადგინდა, რომ გ. გ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განაშენიანების ფართი შეადგენს 96 კვ.მ-ს და ასევე მომხდარია გადაფარვა მომიჯნავე ობიექტების მიერ გ. გ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე.
კასატორის მითითებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ... და ... საკადასტრო კოდებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებინა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია საარქივო ცნობასთან, ქაღალდზე შესრულებულ საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთთან მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, დაედგინა, ხომ არ არსებობდა გადაფარვა მეზობელ მიწის ნაკვეთთან, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა განხორციელებულიყო მიწის ნაკვეთებს შორის ზედდება. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ. სწრაფი რეგისტრაციის პრინციპის გატარება საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს სხვა სუბიექტის საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას.
კასატორის მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის არასაკმარისად გამოკვლევით და დაუსაბუთებელი უკანონო გადაწყვეტილების მიღების შედეგად გ. გ-ა ვერ ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით მინიჭებული საკუთრების უფლების რეალიზაციას იმ ქონებაზე, რომელიც მას სრულიად კანონიერად აქვს შეძენილი, შესაბამისად, ითხოვს საქმის სათანადოდ განხილვას, ქვედა ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებების გაუქმებასა და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 იანვრის განჩინებით გ. გ-ას საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უძრავ ნივთთან დაკავშირებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლების მოპოვებისა და ფიქსაციის უპირობო გზა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა და ამ უფლების ნამდვილობაც რეესტრის მონაცემებით დგინდება. ამ უფლების რეგისტრაციისათვის აუცილებელია დაინტერესებულ პირს გააჩნდეს კანონით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტი, რომელშიც მოცემული უფლების ფარგლები განმსაზღვრელია რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა თუ სხვა კონკრეტული მახასიათებლების ფიქსაციისათვის. რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განეკუთვნება სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მითითებული კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, დაუშვებელია რეგისტრაციის გაბათილება მისი საფუძვლის ძალაში არსებობის პირობებში. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ბათილად ცნობა იწვევს რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადებას (სუსგ ბს-585-572(4კ-14) 30.04.2015წ. ბს-30-30(2კ-15) 02.05.2015წ., ბს-193-189(2კ-15) 29.09.2015).
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დადგენილია, რომ გ. გ-ამ 2016 წლის 08 აგვისტოს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და 2006 წლის 01 აგვისტოს N1-2702 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქ. თბილისში, ...ის შეს. N12-ში მდებარე 56 კვ.მ უძრავ ქონებაზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტით, გ. გ-ას სახელზე რეგისტრირებული ქონება, რომელიც 1990 წლიდან არაერთი სხვადასხვა მესაკუთრის სახელზე იყო რეგისტრირებული, შეადგენდა 56 კვ.მ-ს. საჯარო რეესტრში წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით კი უძრავი ნივთის ფართად დაფიქსირდა 73 კვ.მ. შესაბამისად, N... და N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებასთან ზედდების გამო, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის მოტივით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ (ტ.3. ს.ფ. 152; 171).
საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორის აპელირება შპს ,,დ...ის“ 2018 წლის 22 ოქტომბრის N17-09-A007 ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლითაც მის საკუთრებაში არსებული განაშენიანების ფართი (და არა უფლების დამდგენი დოკუმენტით) შეადგენდა 96 კვ.მ-ს, მართებულად არ იქნა გაზიარებული სასამართლოს მიერ. უნდა აღინიშნოს, რომ ამავე დასკვნის თანახმად დადასტურებულია, რომ ქ. თბილისში, ...ის შესახვევის N12-ში მდებარე განაშენიანებაზე მომხდარია მომიჯნავე ობიექტებიდან უძრავი ქონების (მესაკუთრე გ. გ-ა) საზღვრების გარკვეული ნაწილის გადაფარვა (ტ. 2, ს.ფ. 210-217). ამდენად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით ცალსახად დადასტურებულია გ. გ-ას უფლება არა სარეგისტრაციოდ წარდგენილ ოდენობაზე, არამედ მხოლოდ 56 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რაც 2010 წლის 26 იანვრის N... გადაწყვეტილებით მის სახელზე რეგისტრირებულია დაზუსტებული მონაცემებით, ამდენად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის პირობებში სარეგისტრაციო სამსახური მოკლებული იყო რეგისტრაციის განხორციელების შესაძლებლობას.
რაც შეეხება ზედდებას მომიჯნავედ მდებარე N... და N... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ ქონებასთან, საკასაციო პალატა ამ მიმართებით იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას და აღნიშნავს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 12 ივლისის N... გადაწყვეტილებით, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია განხორციელდა ბმა ,,ნ...ას“ ნოტარიულად დამოწმებული N7კრების ოქმისა და ნ. ხ-ის, დ. ჯ-ის, ვ. დ-ის, ზ. ო-ის, ს. ო-ისა და თ. ბ-ას ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის საფუძველზე (შესაბამისად, აღნიშნულ ქონებაზე თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა თ. ბ-ას, ვ. დ-ის, დ. ჯ-ის, ზ. და ს. ო-ებისა და ნ. ხ-ის სახელზე), ხოლო ქ. თბილისში, ...ის შესახვევის N10-ში მდებარე N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება 2015 წლის 03 ივლისის ... გადაწყვეტილებით თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა ვ. ჯ-ას, ს. კ-ისა და თ. ჯ-ას სახელზე. აღსანიშნავია, რომ ამ პირთა უფლების დამდგენ დოკუმენტებს კასატორი სადავოდ არ ხდიდა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულად შეესაბამება როგორც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ისე სადავო გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით (ძალადაკარგულია 2020 წლის 1 იანვრიდან) დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციას, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, რაც გამორიცხავდა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, გ. გ-ას საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, გ. გ-ას საკასაციო საჩივარზე 22.12.2020 წლის N10261013708 საგადასახადო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. გ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 აგვისტოს განჩინება;
3. გ. გ-ას (პ/ნ...) დაუბრუნდეს 22.12.2020 წლის N10261013708 საგადადო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა