საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1109(2კ-21) 17 იანვარი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია, ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - გ. ნ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ნ-მა 2019 წლის 14 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ გ. ნ-ის 8 000 ლარით დაჯარიმების ნაწილში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 24 იანვრის №002735 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 20 მაისის №593 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 20 მაისის №593 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 24 იანვრის №002735 დადგენილება გ. ნ-ის 8 000 ლარით დაჯარიმების ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.
კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, ქ. თბილისში, ...ს ქ. N10-ში, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე - გ. ნ-ი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ორსართულიანი და ერთსართულიანი კაპიტალური შენობის მშენებლობისთვის (რომლებიც გაცდენილია საკადასტრო საზღვრებს და გადადის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) და სახელმწიფოს ტერიტორიაზე) ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 24 იანვრის N002735 დადგენილებით დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით. არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 30 მარტის N3860128 ბრძანებით დაკმაყოფილდა გ. ნ-ის 2018 წლის 6 მარტის NAR1582232 განცხადება და ლეგალიზებულად იქნა მიჩნეული ქ. თბილისში, ...ს ქ. N10-ში, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე აშენებული ორსართულიანი და ერთსართულიანი კაპიტალური შენობა (116.7 კვ.მ), თუმცა სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.tas.ge) განთავსებულ აეროგადაღებაზე 2005 წლის მდგომარეობით (ორთოფოტოზე), ფიქსირდება ქ. თბილისში, ...ს ქ. N10-ში (ს/კ N...) ორსართულიანი და ერთსართულიანი კაპიტალური შენობის არსებობის ფაქტი, შესაბამისად, საქართველოს სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, აღნიშნული ქმედების (მშენებლობის) კანონიერების შესაფასებლად გამოყენებული იქნა სამშენებლო საქმიანობის სფეროში 2005 წლის მდგომარეობით მოქმედი კანონმდებლობა.
2005 წლისათვის მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N140 დადგენილების (შემდგომში N140 დადგენილება) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „მშენებლობის ნებართვა გულისხმობს უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, გარკვეული ვადით მინიჭებულ უფლებას, რომელიც გაიცემა ობიექტზე და წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს“. ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, „მშენებლობა არის შენობა-ნაგებობების და საკომუნიკაციო ქსელების აგების, რეკონსტრუქციისა და დემონტაჟის პროცესი“.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების საფუძვლად კანონმდებლობა იმპერატიულად მიიჩნევს შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის არსებობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნებართვო მშენებლობის სახით ადგილი ექნება სამშენებლო სამართალდარღვევას, რისთვისაც პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განისაზღვრება. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან და ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ იმ სახის სამშენებლო საქმიანობას, რომელსაც ადგილი აქვს განსახილველ შემთხვევაში, ესაჭიროებოდა მშენებლობის ნებართვა.
გამომდინარე იქიდან, რომ საჩივრის ავტორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი და ვერც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იქნა მოძიებული სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების დამადასტურებელი სანებართვო დოკუმენტაცია, აღნიშნული ცალსახად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ სადავო ობიექტებს გააჩნიათ უნებართვო ხასიათი, რაც ქმნის შესაბამის სუბიექტზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლებს.
რაც შეეხება სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებელ სათანადო სუბიექტს, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გ. ნ-ს პასუხისმგებლობა დაეკისრა როგორც უძრავი ქონების მესაკუთრეს. მესაკუთრისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი კი მაშინ არის სახეზე, როდესაც იგი მისთვის დადგენილ ვადაში არ ასრულებს მითითებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ აღმოფხვრის დადგენილ დარღვევებს. ამგვარ შემთხვევაში, უძრავი ნივთის მესაკუთრე, მართალია, არ წარმოადგენს უნებართვო სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს, მაგრამ მის ვალდებულებას წარმოადგენს, უზრუნველყოს სამშენებლო სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვა. შესაბამისად, მისსავე მოვალეობაში შედის სამშენებლო საქმიანობის მომწესრიგებელი ნორმებითა და სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, რაც გამოხატულ უნდა იქნეს ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული მითითების შესრულებასა და მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე არსებული დარღვევების გამოსწორებაში. განსახილველ შემთხვევაში, გ. ნ-ისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოშობს მისი უმოქმედობა, რამდენადაც საჩივრის ავტორის, როგორც უძრავი ნივთის მესაკუთრის მიერ არ შესრულდა ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები და არ იქნა დემონტირებული ორსართულიანი და ერთსართულიანი კაპიტალური შენობა (რომელიც გაცდენილია საკადასტრო საზღვრებს და გადადის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) და სახელმწიფოს ტერიტორიაზე), რის გამოც სადავო დადგენილების გამოცემის დროისათვის მოქმედი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაჯარიმდა 10 000 ლარით.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განმარტავს, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს დიფერენცირებას იმის მიხედვით, თუ ვის კუთვნილ ტერიტორიაზეა განხორციელებული უნებართვო სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, სადავო აქტის გამოცემის დროისათვის სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ამგვარი ქმედების განხორციელება იწვევდა ჯარიმის დაკისრებას 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო კერძო საკუთრებაზე - 8 000 ლარის ოდენობით. ამდენად, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაკვალიფიცირებისათვის, სახეზე უნდა იყოს მშენებლობა, რომელიც განხორციელებულია სახელმწიფოს/თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. მართალია ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 24 იანვრის დაკვალვის აქტით დგინდება, რომ სადავო დადგენილებით გათვალისწინებული ორსართულიანი კაპიტალური შენობა ცდებოდა გ. ნ-ის საკუთრებაში არსებულ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებს, თუმცა, ამავე სამსახურის მიერ წარმოდგენილი 2019 წლის 7 მაისის დაკვალვის აქტით დგინდება, რომ ზემოხსენებული სამშენებლო ობიექტი სრულად ექცევა N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 24 იანვრის N002735 დადგენილებით განსაზღვრული ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი შემცირდა 8 000 (რვა ათასი) ლარამდე.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია უთითებს, რომ ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 24 იანვრის N002735 დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით ორსართულიანი და ერთსართულიანი კაპიტალური შენობის დემონტაჟის დავალება, როგორც უკვე აღინიშნა, წარმოადგენს კანონსაწინააღმდეგო მოთხოვნას, ვინაიდან, არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 30 მარტის N3860128 ბრძანებით, დაკმაყოფილდა გ. ნ-ის 2018 წლის 6 მარტის NAR1582232 განცხადება და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, ...ს ქ. N10-ში, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე აშენებული ორსართულიანი და ერთსართულიანი კაპიტალური შენობა (116.7 კვ.მ). შესაბამისად, სადავო დადგენილებაში მითითებული სამართალდარღვევა მოექცა კანონიერ ჩარჩოში და ამრიგად, არსებობდა 2018 წლის 24 იანვრის N002735 დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის ბათილად ცნობის საფუძველი ორსართულიანი და ერთსართულიანი კაპიტალური შენობის დემონტაჟის დავალების ნაწილში. ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას და გადაწყვეტილების მიღების დროს სადავო სამართალურთიერთობის მიმართ იმსჯელა სადავო აქტების გამოცემის შემდგომ შექმნილი შეღავათიანი რეჟიმის და შეცვლილი ობიექტური გარემოებების შესაბამისად. უფრო კონკრეტულად, ვინაიდან ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2019 წლის 7 მაისის დაკვალვის აქტით დგინდებოდა, რომ სამშენებლო ობიექტი სრულად ექცეოდა N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში, პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად, ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 24 იანვრის N002735 დადგენილებით განსაზღვრული ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი შემცირდა 8 000 (რვა ათას) ლარამდე.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები ცხადყოფს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს, კერძოდ, არასწორად განმარტა ის სამართლებრივი ნორმა, რომლის საფუძველზეც მიღებულ იქნა სადავო გადაწყვეტილება. შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რადგან სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
კასატორის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ კანონით დადგენილ ვადაში არ აღმოფხვრა სამშენებლო სამართალდარღვევა, რაც დადგენილების არსებული სახით გამოცემის საფუძველი იყო, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა გ. ნ-ის მხრიდან სამართალდარღვევის აღმოფხვრას, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება წინააღმდეგობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის ბს-638-634(2კ-17) განჩინებით დამკვიდრებულ პრაქტიკასთან, სადაც განიმარტა, რომ „სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არა მხოლოდ ორგანოს მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოების ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს. ზემოაღნიშნულის გარდა, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო აქტების გასაჩივრება აჩერებს საჯარიმო თანხის გადახდის ვალდებულებას, ამასთანავე სადავო აქტების გასაჩივრების შემთხვევაში პირისათვის საბოლოო შედეგს იწვევს სასამართლო გადაწყვეტილება და არა სადავო აქტები“.
კასატორის განმარტებით, მოსარჩელის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება წარიმართა კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, სადავო აქტების გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანომ იხელმძღვანელა საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით, შესაბამისად, არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი, თუმცა სააპელაციო სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც გახდა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ სპეციფიკურ სახეს, რომლის გამოვლენა, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესი და პირობები განსაზღვრულია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“. აღნიშნული კოდექსის 25-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, თუ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება. ამავე სამართლებრივი ნორმის მე-11 ნაწილის შესაბამისად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ: ა) დარღვევები გამოსწორებულია და მითითება შესრულდა; ბ) საქმის განხილვისას გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის გამომრიცხავი გარემოებები; გ) პროექტის შემთანხმებელმა და მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ; დ) არ არსებობს ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილების მიღების საფუძველი.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული საქმის წარმოებისა და ცალკეული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ზოგად პრინციპებს, მათ შორის, აღნიშნული კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომათა შეფარდებისას კანონიერების უზრუნველყოფის პრინციპს ემყარება. აღნიშნული პრინციპის თანახმად, არავის შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე კოდექსის 264-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამდენად, როგორც სამართალდამრღვევის გამოვლენის, ასევე დარღვევის დადგენის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ სანქციის შემფარდებელმა ორგანომ, სამართალდარღვევა ყველა შემთხვევაში შეაფასოს ინდივიდუალურად, რა დროსაც ასევე ყურადღება უნდა მიექცეს იმის გამოკვლევას, ხომ არ არსებობს სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის (ტექნიკური საფრთხის კონტროლი) მოქმედება იმ შემთხვევაში ვრცელდება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი.
საქმეში არსებული მასალებით დადასტურებულია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 30 მარტის N3860128 ბრძანებით, ლეგალიზებულია ქ. თბილისში, ...ს ქ. N10-ში, N... საკადასტრო კოდით გ. ნ-ის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე აშენებული ორსართულიანი და ერთსართულიანი კაპიტალური შენობა (116.7 კვ.მ.), რომლის უნებართვოდ მშენებლობის საფუძვლით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 24 იანვრის N002735 დადგენილებით, მესაკუთრე დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით. მას შემდეგ, რაც ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2019 წლის 7 მაისის დაკვალვის აქტით დადასტურდა, რომ უნებართვო მშენებლობა ექცეოდა კერძო საკუთრებაში N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 20 მაისის N593 ბრძანებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. ნ-ის 2018 წლის 9 თებერვლის N19/0118040595-01 ადმინისტრაციული საჩივარი; კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 24 იანვრის N002735 დადგენილებით განსაზღვრული ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი შემცირდა 8 000 (რვა ათას) ლარამდე; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 24 იანვრის N002735 დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი (დემონტაჟის ნაწილში); ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 24 იანვრის N002735 დადგენილება დანარჩენ ნაწილში (ს.ფ. 65-73).
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახეზე იყო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტისა და სამართალდამრღვევის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი, რადგან 2019 წლის 20 მაისს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ჯარიმის შესახებ წარდგენილი საჩივრის განხილვის დროისათვის მშენებლობა იყო ლეგალიზებული (30.03.2018წ). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „სანქციის შეფარდების დრო მოიცავს არა მხოლოდ ზედამხედველობის სამსახურის მიერ მისი გამოყენების მომენტს, არამედ აგრეთვე ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ სანქციის გამოყენების კანონიერების შემოწმების პერიოდს. ... სადავო აქტის გასაჩივრებისას პირისათვის საბოლოო შედეგს იწვევს სასამართლო გადაწყვეტილება და არა ზედამხედველობის სამსახურის და მერიის სადავო აქტები" (სუსგ ბს-785-771(კ-14), 05.05.2016წ.).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა