Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-741(2კ-21) 17 იანვარი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - იბა „...ა“ (მოსარჩელე), ზ. ჯ-ი (მესამე პირი)

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური

მესამე პირი - გ. მ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 08 აგვისტოს იბა „...ამ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და გ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 6 ივლისის №295 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აგვისტოს განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ გ. მ-ე და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ზ. ჯ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ზ. ჯ-მა და იბა „...ამ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ზ. ჯ-ისა და იბა „...ას“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზ. ჯ-მა და იბა „...ამ“, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორი - ზ. ჯ-ი აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მერიაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სათანადო წესით მიწვეული არ ყოფილა. ამასთან, მისი, როგორც დაინტერესებული მხარის უფლებები დარღვეულ იქნა ორივე ინსტანციის სასამართლოში. საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა მისი მონაწილეობის გარეშე, ხოლო სააპელაციო პალატამ უგულებელყო მისი ინტერესები, რამაც შეზღუდა მისი საკუთრების უფლება. კასატორის მითითებით, არის სადავო სამშენებლო ნებართვით გათვალისწინებული ბინის კანონიერი მესაკუთრე და მოსარგებლე. შესაბამისად, საკითხის განხილვა მისი მოსაზრების გაუთვალისწინებლად ეწინააღმდეგება სამართლის სტანდარტებს. კასატორი მიუთითებს ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირის ინსტიტუტის მნიშვნელობაზე და აღნიშნავს, რომ მიუხედავად მისთვის მესამე პირის სტატუსის ფორმალურად მინიჭებისა, არ მიეცა საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა. ამდენად, სახეზეა გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. კასატორი ყურადღებას ამახვილებს ი. კ-ის (პირი, რომელსაც ბარდებოდა ზ. ჯ-ისათვის გაგზავნილი შეტყობინებები) განცხადებაზე, რომლის თანახმად, იგი არ წარმოადგენდა კასატორისათვის გაგზავნილი შეტყობინებების მიღებაზე უფლებამოსილ პირს.

კასატორი - იბა „...ა“ მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ შეაფასა 2011 წლის 23 დეკემბრის შესყიდვის ოფციის წინარე ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნოტარიუს ო. ზ-ეს მიმართეს ფიზიკურმა პირებმა - გ. მ-ემ და ბ. პ-მა (იბა „...ას“ თავმჯდომარე) და შეთანხმდნენ, რომ მხარეები დადებდნენ შესყიდვის ოფციის ძირითად ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზე გ. მ-ეს უფლება ექნებოდა ეყიდა ქ. თბილისში, ...ის ქ. №6-ში მშენებარე ფართის მერვე და მეცხრე სართულზე მდებარე ფართები. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, 2013 წლის 23 დეკემბრის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის ქ. თბილისში, ...ის ქ. №6, მე-9 სართული, №22 ბინის (ს/კ ...) ფართობი შეადგენდა 100 კვ.მ-ს და რეგისტრირებული იყო რ. ბ-ის საკუთრების უფლებით ...ის ქ. №6, მე-8 სართული №21 ბინის (ს/კ ...) ფართობი შეადგენდა 250 კვ.მ-ს და რეგისტრირებული იყო ვ. ჟ-ას საკუთრების უფლებით. რ. ბ-ს და ვ. ჟ-ას სადავო კორპუსის მშენებლობასთან და ბ. პ-თან დაკავშირებულ ურთიერთობებში სასამართლოში მორიგებების დადებისას წარმოადგენდა სწორედ გ. მ-ე. ზემოხსენებული ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბ. პ-ი ვალდებული იყო უზრუნველყო შენობა-ნაგებობის პროექტის კორექტირება და ამის შესახებ მიეღოს მშენებლობის ნებართვა. ამასთანავე, გამოსყიდვის პირობები დამოკიდებული იყო იმაზე, მოხდებოდა თუ არა მეცხრე სართულის პროექტის კორექტირება - ფართის დამატება თუ არსებული ფართის (100 კვ.მ) შენარჩუნება. ორივე შემთხვევაში, ბ. პ-ი ვალდებული იყო ნასყიდობის ორივე საგანი მიეყვანა შავი კარკასის მდგომარეობამდე. შესაბამისად, ბ. პ-ი ვალდებული იყო მყიდველისათვის მშენებლობის ნებართვისა და მეცხრე სართულის პროექტის კორექტირების ან უცვლელად დატოვების შესახებ ინფორმაცია წერილობით მიეწოდებინა მშენებლობის ნებართვის მიღებიდან 7 კალენდარულ დღეში. ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუქნტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მეცხრე სართულის პროექტი დარჩებოდა უცვლელი - იმ სახით რა სახითაც არსებობდა წინამდებარე ხელშეკრულების დადების მომენტისათვის (შენობა-ნაგებობის კორექტირებამდე), მყიდველი ვალდებული იყო გამოესყიდა ნასყიდობის ორივე საგანი. კასატორის მითითებით, სასამართლო ვალდებული იყო არამხოლოდ გამოეკვლია და შეეფასებინა მითითებული ხელშეკრულება, როგორც სარჩელის საფუძვლიანობის დამადასტურებელი მტკიცებულება, არამედ გამოეკვლია, როგორ გახდა გ. მ-ე მითითებული უძრავი ნივთის მესაკუთრე აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 23 თებერვლის №11063362-014/001 განკარგულების საფუძველზე. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც 2012 წლის 23 თებერვალს ფართი შეიძინა და მესაკუთრედ აღირიცხა საჯარო რეესტრში, გაურკვეველია როდის შეიტყო პროექტის ცვლილების შესახებ, რატომ არ გაასაჩივრა ამხანაგობის საერთო კრების გადაწყვეტილება პროექტის ცვლილების შესახებ, იყო თუ არა 2018 წლის 3 მაისს წარდგენილი საჩივარი ხანდაზმული და ა.შ.

კასატორი აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ არასწორად მიეთითა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის №3ბ/1702-15 გადაწყვეტილებაზე, რადგან იგი რადიკალურად განსხვავებულ გარემოებებს შეიცავდა. განსახილველ შემთხვევაში, გ. მ-ემ იცოდა მოსალოდნელი კორექტირების შესახებ. ქონების წინა მესაკუთრემ, ამხანაგობის დამფუძნებელმა წევრმა და თავმჯდომარემ ვ. ჟ-ამ კორექტირების მოთხოვნით თავად მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს, იმისათვის, რომ წევრების მიმართ არსებული ვალდებულებები სრულად შესრულებულიყო. კასატორის შეფასებით, გ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივარი უსაფუძვლო და ხანდაზმული იყო, რადგან 2013 წლის 11 მაისს მისთვის უკვე ოფიციალურად იყო ცნობილი პროექტის ცვლილების შესახებ. სწორედ პროექტირების საფუძველზე ითხოვდა ზიანის ანაზღაურების მიზნით ბ. პ-ისაგან 462 480 აშშ დოლარის გადახდას, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2014 წლის 09 სექტემბრის 2/6960 -13 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. გ. მ-ემ, როგორც რ. ბ-ის წარმომადგენელმა, ბ. პ-ისაგან მიიღო სადავო უძრავი ნივთის საფასური 50 000 აშშ დოლარის ოდენობით შესყიდვის ოფციის წინარე ხელშეკრულების საფუძველზე და ნაცვლად იმის, რომ ამ თანხით სადავო უძრავი ნივთი ყადაღისაგან გაეთავისუფლებინა, თავად შეიძინა აუქციონზე და ბ. პ-ისათვის თანხა არც მას და არც მის მარწმუნებელს აღარ დაუბრუნებიათ.

ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ გაურკვევიათ რას ემსახურებოდა გ. მ-ის ადმინისტრაციული საჩივარი იმ პირობებში, როდესაც მას იმ ოდენობის ფართი აქვს საკუთრებაში, რამდენიც აუქციონზე შეიძინა. კასატორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტის შემდეგ გ. მ-ის საკუთრებად რიცხული უძრავი ნივთი სამჯერ დაიტვირთა იპოთეკით სს „ს... ბანკის“ სასარგებლოდ. იმ პირობებში, თუ ამდაგვარი სახით ძალაში დარჩება სასამართლოს გადაწყვეტილება და მერიის ბრძანება, გაურკვეველია, სს „ს... ბანკი“ იქნება თუ არა თანახმა თავდაპირველი პროექტის აღდგენაზე. ამასთან, ზ. ჯ-ი, რეალურად, ფართის გარეშე დარჩება, რადგან ამხანაგობას მისი სხვა ფართით დაკმაყოფილების საშუალება არ აქვს. სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს მისი ინტერესები. კასატორის მითითებით, 2012 წლის 20 ივლისისთვის, როდესაც №263713 ბრძანებით ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა შეათანხმა კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გასცა მშენებლობის ნებართვა, სამშენებლო ურთიერთობებში დამკვეთს წარმოადგენდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...ა“, რომელსაც გააჩნდა სამშენებლოდ განვითარების იურიდიული ინტერესი. სწორედ ამ მიზნით კანონმდებელმა მკაცრად განსაზღვრა იმ სუბიექტთა წრე, რომელსაც უნდა ეწარმოებინა ქალაქთმშენებლობითი პროცესები უფლებამოსილ ორგანოებთან. შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო არ იყო უფლებამოსილი მოეთხოვა სხვა რაიმე დოკუმენტი (იგულისხმება უფლებამოსილი პირის თანხმობა) გარდა დამკვეთის, კერძოდ, იბა ,,...ას“ შესაბამისი წესით გაფორმებული თანხმობისა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იბა „...ასა“ და ზ. ჯ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ 2001 წლის 23 აპრილს ქალაქ თბილისის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურმა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის №6-ში მდებარე, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...ას“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება დაამტკიცა. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის კორექტირებული პროექტი ქალაქ თბილისის მთავარი არქიტექტორის 2002 წლის 24 მაისის №20/216 ბრძანებით შეთანხმდა, 2002 წლის 31 დეკემბერს კი მასზე გაიცა №329 მშენებლობის ნებართვა. 2012 წლის 29 თებერვალს სადავო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მე-9 სართულზე მდებარე №22 ბინაზე (ფართობი - 100 კვ.მ) გ. მ-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა (საკადასტრო კოდი №...). ქალაქ თბილისის მთავარი არქიტექტორის 2002 წლის 24 მაისის №20/216 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის მიხედვით, გ. მ-ის კუთვნილი ფართი განთავსებული იყო +26.10 ნიშნულზე და ამავე ნიშნულზე მითითებული ფართის გარდა არქიტექტურული პროექტი სხვა საცხოვრებელ ბინას არ ითვალისწინებდა.

2012 წლის 3 ივლისს ვ. ჟ-მა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს მიმართა №AR163269 განცხადებით, რომლითაც ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №4/№6-ში მდებარე, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...ას” კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება მოითხოვა. განცხადებასთან ერთად არქიტექტურის სამსახურს ფოტოები, კორექტირებული პროექტი, შპს ,,კ...ის“ მიერ 2011 წლის 10 ოქტომბერს მომზადებული დასკვნა, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...ას“ წევრთა საერთო კრების 2012 წლის 8 ივნისის ოქმი და სხვა დოკუმენტები წარედგინა. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,..ას“ წევრთა საერთო კრების 2012 წლის 8 ივნისის ოქმის მიხედვით, ამხანაგობის წევრებმა თანხმობა განაცხადეს პროექტის კორექტირების პროცესის დაწყებაზე. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 20 ივლისის №263713 ბრძანებით 2012 წლის 3 ივლისის №AR163269 განცხადება დაკმაყოფილდა და ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის №4/№6-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე დამტკიცებულ მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის 2011 წლის 23 აპრილის №9431 სამშენებლო პასპორტსა და სამშენებლო დოკუმენტაციაში შევიდა ცვლილება; კერძოდ, მიწის ნაკვეთის ფართად 493,32 მ2-ის ნაცვლად 488.00 მ2 დაფიქსირდა, ხოლო საკადასტრო კოდად №... მიეთითა. ამავე ბრძანებით, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩის №4№6-ში, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...ას” კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი შეთანხმდა, გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა, მშენებლობის ვადად 2012 წლის 7 აგვისტოდან 2013 წლის 7 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 20 ივლისის №263713 ბრძანებით შეთანხმებულ კორექტირებულ არქიტექტურულ პროექტის მიხედვით, გ. მ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი განთავსებულია +26.70 ნიშნულზე (IX სართული), თუმცა მისი კონფიგურაცია მნიშვნელოვნად არის შეცვლილი; კერძოდ, შემცირებულია ტერასის ფართობი და შეცვლილია ღიობების მდებარეობა და ინტერიერი.

2018 წლის 3 მაისს გ. მ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს და კორექტირებული პროექტის შეთანხმების, მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო მოწმობის გაცემის ნაწილში სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 20 ივლისის 263713 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 6 ივლისის №295 ბრძანებით გ. მ-ის 2018 წლის 3 მაისის №19/0118112311977-01 ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 20 ივლისის №263713 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №4/ ...ის ქუჩის №6-ში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი IX სართულზე, გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა. ამავე ბრძანებით, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. ბრძანების თანახმად, არქიტექტურის სამსახურმა სადავო გადაწყვეტილების მიღების პროცესში უგულებელყო დაინტერესებული პირის - გ. მ-ის უფლებები, არ ჩართო იგი საქმეში და ხელყო მისი საკუთრების უფლება - შეიცვალა ამ უკანასკნელის საკუთრების უფლების შინაარსი, ვინაიდან მან საპროექტო მშენებარე ობიექტის არქიტექტურული პროექტის კორექტირების შედეგად შესყიდული ფართისაგან თვისობრივად განსხვავებული ქონება მიიღო.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამ ნორმის თანახმად, დაინტერესებული პირის მონაწილეობის სავალდებულოობა განპირობებულია იმით, რომ მხარეს ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მიეცეს შესაძლებლობა გამოხატოს თავისი სამართლებრივი დამოკიდებულება მისაღები აქტის მიმართ, ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია, რათა თავიდან იქნეს აცილებული საკითხის ცალმხრივად გადაწყვეტა, ამასთან უზრუნველყოფილი იქნას საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევა, მხარეთა თანასწორუფლებიანობის დაცვა და ობიექტური გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული პრინციპი გამყარებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლითაც, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაიტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა. გამონაკლისს ადგენს კანონი. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირს უნდა ეცნობოს ადმინისტრტაციული წარმოების შესახებ და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მისი მონაწილეობა საქმეში.

მოცემულ შემთხვევაში, საპროექტო მშენებარე ობიექტის არქიტექტურული პროექტის კორექტირების შედეგად შეიცვალა გ. მ-ის საკუთრების უფლების შინაარსი, ვინაიდან მან შესყიდული ფართისაგან თვისობრივად განსხვავებული ქონება მიიღო (შემცირდა ტერასას ფართობი, შეიცვალა ღიობების მდებარეობა და ინტერიერი), შესაბამისად ამ სახის გადაწყვეტილების მიღებამდე უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო ყველა დაინტერესებული პირის, მათ შორის გ. მ-ის ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობა მათი უფლებების დაცვის მიზნით. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ გ. მ-ე არ მონაწილეობდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...ას“ წევრთა 2012 წლის 8 ივნისის საერთო კრებაში, რომელზეც ამხანაგობის წევრებმა განაცხადეს პროექტის კორექტირების პროცესის დაწყებაზე და ამხანაგობის თავმჯდომარეს დაავალეს პროექტის კორექტირება კანონით დადგენილი წესით. რაც შეეხება გ. მ-ესა და ბ. პ-ს შორის 2011 წლის 23 დეკემბერს გაფორმებულ შესყიდვის ოფციის წინარე ხელშეკრულებას, პალატა მიუთითებს, რომ მითითებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სამომავლოდ ფართის კორექტირების შესაძლებლობა და აღნიშნული არ ათავისუფლებდა ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის ჩართვისაგან. მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ გ. მ-ისათვის, როგორც დაინტერესებული პირისათვის ჩაბარებული იყო სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 20 ივლისის №263713 ბრძანება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზ. ჯ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მთლიანად ეთმობა ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირის ინსტიტუტის მნიშვნელობას. კასატორი აღნიშნავს, რომ მას არ მიეცა პროცესში მონაწილეობის უფლება. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ზ. ჯ-ი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინებით. მას სასამართლო კორესპონდენცია ეგზავნებოდა რეგისტრაციის მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის ქ. №5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. საფოსტო გზავნილის დასტურის თანახმად, მისამართზე გზავნილი არაერთხელ ჩაიბარა ი. კ-ემ, ზ. ჯ-ის ოჯახის წევრმა - ბიცოლამ. აღსანიშნავია, რომ ზ. ჯ-ი ცესკოს მონაცებით დღემდე ხსენებულ მისამართზეა რეგისტრირებული. ამავე მისამართზეა რეგისტრირებული ი. კ-ე, რომელსაც გზავნილის ჩაბარებაზე თავდაპირველად უარი არ განუცხადებია. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ზ. ჯ-მა წარმოადგინა სააპელაციო და საკასაციო საჩივრები, რომლებიც განხილულ იქნა შესაბამისი ინსტაციის სასამართლოთა მიერ. შესაბამისად, საქმის განხილვის სააპელაციო და საკასაციო ეტაპებზე მისი მონაწილეობა უზრუნველყოფილი იყო. მას არ შეზღუდვია საკუთარი მოსაზრებებისა და არგუმენტების წარმოდგენის უფლება. ის გარემოება, რომ შესაძლოა ი. კ-ე არ წარმოადგენდა გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს, გავლენას ვერ მოახდენს განსახილველ დავაზე, ვინაიდან ზ. ჯ-ი ფაქტობრივად მონაწილეობდა დავაში, დაუბრკოლებლად წარადგინა სააპელაციო და საკასაციო საჩივრები, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ იგი ინფორმირებული იყო საქმის მიმდინარეობის თაობაზე. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მის მოსაზრებას პროცესში მონაწილეობის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით. ზ. ჯ-მა 2021 წლის 11 აგვისტოს წარმოადგინა საკასაციო საჩივარი, სადაც შეეძლო დაესაბუთებინა სადავო ბრძანების უკანონობა, თუმცა საჩივარში იგი არ მიუთითებს არცერთ არგუმენტს, რაც სადავო ბრძანების უკანონობას დაადასტურებდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორების მიერ საკასაციო საჩივარზე №11384614867 და №11390368184 საგადასახადო დავალებებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მათ უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300733150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. იბა „...ასა“ და ზ. ჯ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინება;

3. ა. გ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 11.08.2021წ. №11384614867 საგადასახადო დავალებით ზ. ჯ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300733150.

4. თ. მ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 12.08.2021წ. №11390368184 საგადასახადო დავალებით იბა „...ას“ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300733150.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა

გ. მაკარიძე