Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-710(3კ-კს-21) 15 ოქტომბერი, 2021 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

განიხილა ა. ყ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 აპრილის განჩინებაზე წარმოდგენილ კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

ა. ყ-მა 2019 წლის 25 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 3 ნოემბრის №002816 დადგენილებისა და ამ დადგენილების საფუძველზე 2017 წლის 21 ნოემბერს გაცემული №4-5/სფ-576-17 სააღსრულებო ფურცლის, ასევე, ადმინისტრაციული საჩივრების ა. ყ-ის ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 25 თებერვლის №148 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 25 თებერვლის №148 ბრძანება იმ ნაწილში, რომელ ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა ა. ყ-ის ადმინისტრაციული საჩივარი (ქ. თბილისში, ...ის ქ. №26-ის მიმდებარედ, კერძოდ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე) და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ (ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე) განთავსებული მავთულბადის ღობის, ლითონის ჭიშკრის, ლითონის კონსტრუქციის (ე.წ. ტალავერი, მაგიდა, სკამები), ხის დროებითი ნაგებობის, შენობა-ნაგებობის, კაპიტალური საფეხურები ლითონის მოაჯირის განთავსებისათვის ნაწილში); სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 3 ნოემბრის №002816 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე (ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №26-ის მიმდებარედ (სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე) და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ (ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე) განთავსებული მავთულბადის ღობის, ლითონის ჭიშკრის, ლითონის კონსტრუქციის (ე.წ. ტალავერი, მაგიდა, სკამები), ხის დროებითი ნაგებობის, შენობა-ნაგებობის, კაპიტალური საფეხურები ლითონის მოაჯირის განთავსებისათვის ნაწილში). ამავე გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ა. ყ-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 იანვრის განჩინებით შპს „ს...ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „ს...ი“, ხოლო სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 აპრილის განჩინებით შპს „ს...ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შ. კ-ი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 აპრილის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს ხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ და შ. კ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და შ. კ-ის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

2021 წლის 29 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ საკასაციო საჩივრით მომართა ა. ყ-მა. ვინაიდან საჩივარში არ იკვეთებოდა, თუ რომელ განჩინებას ხდიდა მხარე სადავოდ, ხარვეზის დადგენის შესახებ უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 10 სექტემბრის განჩინებით ა. ყ-ს დაევალა კანონის შესაბამისად შედგენილი და დასაბუთებული საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრებული განჩინების/განჩინებების ზუსტი რეკვიზიტებისა და შესაბამისად, გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლების მითითებით. მხარეს, ასევე, დაევალა წარმოდგენილი საჩივრის სახესთან შესაბამისი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარმოდგენა.

2021 წლის 6 ოქტომბერს ა. ყ-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. განმცხადებელმა მისი საჩივრის, სახელდობრ კი, კერძო საჩივრის გაუქმება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის ავტორის განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და კერძო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები: დაამთავრონ საქმე მორიგებით, მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ა. ყ-ის მიერ 2021 წლის 6 ოქტომბერს წარმოდგენილი განცხადება, თავისი არსით, კერძო საჩივარზე უარის თქმას წარმოადგენს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებით განახორციელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია - უარი თქვას კერძო საჩივარზე, რაც ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ა. ყ-ის განცხადება კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს (ასკ-ის 3.2 მუხ.), არ არღვევს სხვა პირთა უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს. ამდენად, სახეზეა კერძო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა უარი განაცხადა კერძო საჩივარზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, კერძო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, ა. ყ-ის მიერ კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 378-ე, 390-ე, 399-ე, 420-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა. ყ-ის განცხადება დაკმაყოფილდეს.

2. ა. ყ-ის კერძო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება, კერძო საჩივარზე უარის თქმის გამო.

3. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე