Facebook Twitter

საქმე №ბს-1054(კს-21) 17 იანვარი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „მ...ა“

მესამე პირები - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ლ. ბ-ე, ი. ნ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი - მესამე პირების ჩაბმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „მ...ამ“ 2019 წლის 20 მაისს წარმომადგენლის მეშვეობით სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სარჩელის დაზუსტების შემდეგ „რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 29 ივნისის №... გადაწყვეტილების, „რეგისტრაციის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 2 მარტის №... გადაწყვეტილების, „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 25 ივნისის №... გადაწყვეტილების და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ამავე სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 10 აგვისტოს №... გადაწყვეტილების, ასევე „რეგისტრაციის შესახებ“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 ნოემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ი. ნ-ი და ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული, ხოლო 2019 წლის 25 ივნისის განჩინებით - ლ. ბ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „მ...ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 2 მარტის №... და 2010 წლის 29 ივნისის №... გადაწყვეტილებები შპს „მ...ას“ მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის 2018 წლის 15 მარტის №... განცხადებით წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებულ მონაცემებთან ზედდების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 12 ნოემბრის №... გადაწყვეტილება შპს „მ...ას“ მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის 2018 წლის 15 მარტის №... განცხადებით წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებულ მონაცემებთან ზედდების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 25 ივნისის №... გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 აგვისტოს №... გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ლ. ბ-ემ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი, ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 13 სექტემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 დეკემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის შუამდგომლობა გ. გ-ეს, ვ. ს-ის, ც. ჭ-ისა და ო. ჭ-ის სარეგისტრაციო დოკუმენტების მტკიცებულების დართვის შესახებ დაკმაყოფილდა, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის შუამდგომლობა, საქმეში გ. გ-ეს, ვ. ს-ის, ც. ჭ-ისა და ო. ჭ-ის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაბმის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინება შუამდგომლობის უარყოფის ნაწილში კერძო საჩივრით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შუამდგომლობაში დასახელებული პირების საქმეში მესამე პირებად მოწვევა მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებაზე (საქმე №ბს-1133-1127(კს-17) მითითებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირად ჩაბმა უზრუნველყოფს ამ პირის სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვას, საქმის ყოველმხრივ განხილვას, პროცესის ეკონომიურობას, სამართლებრივ უზრუნველყოფას. საქმეში მესამე პირად ჩასაბმელი პირის სამართლებრივი მდგომარეობა განისაზღვრება მისი, როგორც მატერიალურ-სამართლებრივ, ასევე პროცესუალურ სამართლებრივი დაინტერესებით საქმის მსვლელობისადმი. მესამე პირთა ინსტიტუტი, რომელიც ადმინისტრაციული პროცესის მნიშვნელოვან ინსტიტუტს განეკუთვნება, შესაძლებლობას ანიჭებს საქმეში ამ სტატუსით მონაწილე პირებს მოახდინონ თავიანთი კერძო, სუბიექტური ინტერესების დაცვა ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. მესამე პირთა ინსტიტუტი მოქმედებს იმ პირთა მიმართ, რომლებიც არ წარმოადგენენ ადმინისტრაციული პროცესის მხარეებს, მაგრამ შესაძლოა სასამართლოს გადაწყვეტილებით განესაზღვროთ გარკვეული უფლებები და მოვალეობები. განსახილველ შემთხვევაში დავა ეხება იმ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობას, რომლის რეგისტრაციასაც ითხოვენ გ. გ-ე, ვ. ს-ი, ც. ჭ-ე და ო. ჭ-ე. აღნიშნულიდან გამომდინარე მათ უნდა გააჩნდეთ ინფორმაცია მოცემული დავის შესახებ, ვინაიდან შემდგომში სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა იმოქმედოს მათ კანონიერ ინტერესზე.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლო ფორმალურად არ უნდა მიუდგეს საქმის განხილვას. თუ სასამართლოსათვის ცნობილია, რომ ერთ მიწის ნაკვეთზე რამდენიმე პირი აცხადებს პრეტენზიას, ყველა პირს უნდა მისცეს პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა, რაც საქმის ყოველმხრივად და ობიექტურად განხილვის ინტერესებშიც შედის. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი, რაც წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

განსახილველ შემთხვევაში სადავო განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს უარი ეთქვა სავალდებულო მოწვევის მესამე პირის სტატუსით გ. გ-ეს, ვ. ს-ის, ც. ჭ-ის და ო. ჭ-ის ადმინისტრაციულ საქმეში ჩაბმაზე, შესაბამისად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, შეფასებას საჭიროებს რამდენად შეესაბამება გასაჩივრებული განჩინება მოქმედ კანონმდებლობას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მესამე პირთა ინსტიტუტის საკანონმდებლო საფუძველია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი. აღნიშნული მუხლი თავის მხრივ შეიცავს მესამე პირთა დიფერენციაციას; კერძოდ, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების მარტივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. მესამე პირთა ადმინისტრაციულ პროცესში მარტივი ფორმით ჩაბმა საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებაა, ხოლო მესამე პირთა აუცილებელი, სავალდებულო ჩაბმა კი ვალდებულება კონკრეტული გარემოების არსებობისას. საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მარტივი ჩაბმის დროს გადამწყვეტია მესამე პირთა სამართლებრივი ინტერესი, ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა აუცილებელ, სავალდებულო ჩაბმას, ამ დროს სამართლებრივი ინტერესის პარალელურად მნიშვნელოვანია ისიც, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მესამე პირთა უფლებები და მოვალეობები შეიძლება განისაზღვროს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი მე-2 ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეები, რომელთან მიმართებაშიც მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ ამ დავის გადაწყვეტის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე (სუსგ. 18.12.2017წ. საქმე №ბს-924-920(კს-17)).

განსახილველ შემთხვევაში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ითხოვს ვგ. გ-ეს, ვ. ს-ის, ც. ჭ-ისა და ო. ჭ-ის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირებად ჩაბმას, თუმცა ვერ ასაბუთებს განსახილველ საქმესა და მესამე პირებს შორის ისეთი სამართლებრივი კავშირის არსებობას, რაც მათი მესამე პირებად ჩართვის საკმარისი საფუძველი გახდებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მხოლოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მიმართვა უძრავი ქონების საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ, ვერ გახდება მოცემულ საქმეში ამ პირთა სავალდებულო მოწვევის მესამე პირის სტატუსით ჩაბმის საფუძველი. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმ უფლების დამდგენ დოკუმენტზე მითითება, რომლითაც შესაძლოა ამ სტატუსით ჩასაბმელი პირის, როგორც უძრავი ქონების პოტენციური მესაკუთრის უფლებები პირდაპირ ან არაპირდაპირ მიუთითებდეს კონკრეტულ საქმეში არსებული დავის საგნის (უძრავი ქონების) კუთვნილებაზე, რა გარემოების დასასაბუთებლად კერძო საჩივრის ავტორს სათანადო მტკიცებულებები წარმოდგენილი არ აქვს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ვერ დაადასტურა ზემოხსენებული პირების ჩაბმის შედეგად სასამართლო გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების ალბათობა. მეტიც, ამ ეტაპისთვის საქმეში დაცული მასალებიდან გამომდინარე, გ. გ-ე, ვ. ს-ი, ც. ჭ-ე და ო. ჭ-ე არ წარმოადგენენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლით განსაზღვრულ სავალდებულო მოწვევის მესამე პირებს. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინება ეფუძნება სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ წინამძღვრებს, რის გამოც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-16 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ძალაში დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა

გ. მაკარიძე