Facebook Twitter

№ბს-374(კ-21) 22 თებერვალი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს...ი").

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2020 წლის 25 თებერვალს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სს „ს...ის“ მიმართ.

მოსარჩელემ მოპასუხისათვის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების №... საკადასტრო კოდზე არამართლზომიერი სარგებლობისთვის 2019 წლის 4 ივლისიდან 2019 წლის 7 ოქტომბრამდე ჯამში - 5199,5 ლარისა და №... საკადასტრო კოდზე 2019 წლის 4 ივლისიდან 2020 წლის 18 იანვრამდე ჯამში - 5039 ლარის ოდენობით გადახდის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 იანვრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილად მიჩნეულ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი: 17.07.2019) თანახმად, უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №2-ის მიმდებარე, საკადასტრო კოდით: №... წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.

საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი: 22.07.2019) თანახმად, უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №2-ის მიმდებარე, საკადასტრო კოდით: №... წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად (მომზადების თარიღი: 10/04/2019 წელი), სს „ს...ი“ რეგისტრაციის თარიღია 29.06.1995 წელი, იურიდიული მისამართი თბილისი, ...ის რაიონი, ...ი №7. დირექტორი შ. ჭ-ე.

საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის გ. გ-ის მიერ 2019 წლის 10 ივლისს შედგენილი აქტისა და ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №2-ის მიმდებარე, წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებას, საკადასტრო კოდით: №..., რომლითაც არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით, სასაწყობე ფართები და ნაწილი სასტუმრო), იყენებს სს „ს...ი“.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის 2019 წლის 16 აგვისტოს №5005372619 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №2-ის მიმდებარე არსებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2019 წლის 04 ივლისიდან დღემდე საორიენტაციოდ შეადგენს 6 179 ლარს. (ნაკვეთის წინა ნომერი ...).

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის 2019 წლის 16 აგვისტოს №5005372119 დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №2-ის მიმდებარე არსებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2019 წლის 04 ივლისიდან დღემდე საორიენტაციოდ შეადგენს 781 ლარს. (ნაკვეთის წინა ნომერი ...).

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 31 ივლისის №7/45703 წერილით სს „ს...ს“ ეცნობა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №2-ის მიმდებარე უძრავი ქონება (ს/კ №... და ს/კ №...) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლითაც სს „ს...ი“ სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისთვის. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის მიხედვით: სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „ს...ს“ ეთხოვა, უზრუნველეყო სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2019 წლის 04 ივლისიდან არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისთვის.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 აგვისტოს №7/49720 წერილით სს ,,ს...ს“ ეცნობა, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №2-ის მიმდებარე უძრავი ქონება (ს/კ №... და ს/კ №...) წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომლითაც სს „ს...ი“ სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისთვის. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის მიხედვით: სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონები მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „ს...ს“ ეთხოვა, წერილის/შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველეყო სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა: 1) №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონებისათვის - 2019 წლის 04 ივლისიდან თვეში 6179 ლარის და 2) №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონებისათვის - 2019 წლის 04 ივლისიდან თვეში 781 ლარის ოდენობით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისთვის.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 20 აგვისტოს №7/49720 წერილი 2019 წლის 29 აგვისტოს ჩაბარდა სს „ს...ის“ წარმომადგენელს შ. ჭ-ეს.

საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი: 17.10.2019) თანახმად, უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №2-ის მიმდებარე, საკადასტრო კოდით: №..., წარმოადგენს მ. ო-ის საკუთრებას. უფლების დამდგენი დოკუმენტია: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება.

საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი: 14.01.2020) თანახმად, უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №2-ის მიმდებარე, საკადასტრო კოდით: №..., წარმოადგენს მ. ო-ის საკუთრებას. უფლების დამდგენი დოკუმენტია: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 30 ივნისის სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №2-ის მიმდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონება 07.10.2019 წლიდან, ხოლო №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონება 18.01.2020 წლიდან წარმოადგენს მი. ო-ის საკუთრებას. ამავე ბარათის თანახმად, 26.06.2020 წელს მობილური ჯგუფის მიერ განხორციელებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონება წარმოადგენს სასაწყობე ფართებს, ხოლო №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონებაზე განთავსებულია სასტუმრო.

შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 24 ივლისის წერილით სს „ს...ის“ მინდობილ პირს მათი წერილების პასუხად ეცნობათ, რომ (ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №2-ის მიმდებარე, №... და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონება) მითითებულ მისამართებზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შესახებ ინფორმაცია, შემოსავლების სამსახურს არ გააჩნია. ასევე ეცნობათ, რომ სს „ს...ის“ სახელზე 01.01.2019 წლიდან დღემდე არ ფიქსირდება საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციის ფაქტი.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 ივნისის მიმართვაზე, შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 20 ივლისის წერილით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ სასაქონლო ზედნადებების ფორმა და მისი გამოწერის წესი რეგულირდება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანების 251 მუხლით. ვინაიდან აღნიშნული ნორმა არ ითვალისწინებს სასაქონლო ზედნადებში საკადასტრო კოდის მითითებას, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას მიაწოდოს წერილში მოთხოვნილი ინფორმაცია.

ზემოაღნიშნულიდან ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მითითება, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული სს „ს...ის“ მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად, სამეწარმეო მიზნებისათვის სარგებლობის ფაქტი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ მის მიერ საქმეზე წარმოდგენილია წერილობითი სახის მტკიცებულებები, კონკრეტულად ოქმები და შენობის ფოტოსურათები, არსებობს მოწმის ჩვენება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს აძლევდა სასამართლოს. ასევე, საქმეში წარმოდგენილი ადგილზე დათვალიერების ოქმი წარმოადგენს ერთგვარ ფაქტების კონსტატაციას, რომელიც ადასტურებს კონკრეტული პირის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს სს „ს...ის“ მიერ №... საკადასტრო კოდზე 2019 წლის 4 ივლისიდან 2019 წლის 7 ოქტომბრამდე და №... საკადასტრო კოდზე 2019 წლის 4 ივლისიდან 2020 წლის 18 იანვრამდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სამეწარმეო მიზნებისათვის არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტის დადგენა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის შესაბამისი თანხის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობა არსებობს ორი კუმულატიური გარემოების არსებობის შემთხვევაში - სახელმწიფო ქონების მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობისა და შესაბამისი ქონების სამეწარმეო/კომერციული მიზნით გამოყენების შემთხვევაში. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს ეკისრება ვალდებულება დაასაბუთოს კონკრეტული პირის მიერ კონკრეტულ პერიოდში შესაბამისი ქონების არამართლზომიერად, სამეწარმეო მიზნებით გამოყენების ფაქტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და ფოტომასალები, რომლებზეც დაფიქსირებულია მოძრავი ნივთები, ვერც ცალ-ცალკე და ვერც ერთობლიობაში ვერ ადასტურებენ სს „ს...ის“ მიერ №... საკადასტრო კოდზე 2019 წლის 4 ივლისიდან 2019 წლის 7 ოქტომბრამდე და №... საკადასტრო კოდზე 2019 წლის 4 ივლისიდან 2020 წლის 18 იანვრამდე პერიოდში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობისა და სამეწარმო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტს. წარმოდგენილი ექპერტიზის დასკვნა შეეხება უშუალოდ საიჯარო ქირის ღირებულების განსაზღვრას, ხოლო ექსპერტის მიერ გადაღებული ფოტოები ასახავენ ტერიტორიაზე მოძრავი ნივთების არსებობას, რაც თავისთავად ვერ ამტკიცებს სს „ს...ის“ მიერ №... საკადასტრო კოდზე 2019 წლის 4 ივლისიდან 2019 წლის 7 ოქტომბრამდე და №... საკადასტრო კოდზე 2019 წლის 4 ივლისიდან 2020 წლის 18 იანვრამდე პერიოდში სამეწარმეო მიზნებისათვის გამოყენების ფაქტს. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 24 ივლისის წერილით სს „ს...ის“ მინდობილ პირს მათი წერილების პასუხად ეცნობათ, რომ (ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №2-ის მიმდებარე, №... და №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონება) მითითებულ მისამართებზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შესახებ ინფორმაცია, შემოსავლების სამსახურს არ გააჩნია. ასევე ეცნობათ, რომ სს „ს...ის“ სახელზე 01.01.2019 წლიდან დღემდე არ ფიქსირდება საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციის ფაქტი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მტკიცების ტვირთი ვერ იქნა დაძლეული, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა სს „ს...ის“ მიერ შესაბამისი ქონების კომერციული მიზნებით გამოყენების ფაქტი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას (21.02.19წ. №ბს-1449(კ-18); 16.04.19წ. №ბს-41(კ-19)).

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი