Facebook Twitter

№3061-13 8 მარტი, 2013 წელი

რ-ე ნ, 3061-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის

პროკურორ - მ. ც-ს

მსჯავრდებულ - ნ. რ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ნ. რ-ს საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 თებერვლის განაჩენით ნ. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 23 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნ. რ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 1 აგვისტოდან.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 30 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 23 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ნ. რ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. რ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

ნ. რ-ე მთლიანად გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის - 8 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.

ნ. რ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 3 წელსა და 9 თვეს და მოსახდელად დაუდგინდა 11 წელი და 3 თვე. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 1 აგვისტოდან. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. რ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა იმ მოტივით, რომ იგი სრულად უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-13, მე-16 მუხლებით, რომელთა საფუძველზეც უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, თუ მისი ქმედება იმავდროულად დაკვალიფიცირებულია იმავე კოდექსის 262-ე მუხლით, ხოლო ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ნ. რ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე