Facebook Twitter

№3071-13 7 მარტი, 2013 წელი

ყ-ე რ, 3071-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ი. დ-ას

მსჯავრდებულ _ რ. ყ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ რ. ყ-ის საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 5 აპრილის განაჩენით რ. ყ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №3 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ რ. ყ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 იანვრის განჩინებით იმავე სასამართლოს 2012 წლის 4 აპრილის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ რ. ყ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი – 5 წელი და სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელიდან – 2 წელი და 3 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა – პირობით, 2 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით.

რ. ყ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2012 წლის 7 მარტიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა რ. ყ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, რომლის საფუძველზეც დანიშნული სასჯელი 1/4-ით უნდა შეუმცირდეს პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი – მე-15 მუხლების მოქმედება.

პალატას მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-18 მუხლით, სადაც აღნიშნულია: ,,ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა“ და კანონიერად ერთნაირად და პროპორციულად შეამცირა რეალური სასჯელი, პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა.

პალატა აღნიშნავს, რომ, რადგან რ. ყ-ის მიერ ჩადენილი ქმედება განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მის მიმართ უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლების მოთხოვნები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. ყ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი