საქმე #ბს-1166(2კ-22) 23 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. ა-ბ-ის საკასაციო საჩივრის, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2017 წლის 4 აპრილს ლ. ა-ბ-ემ და ნ. ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის და მესამე პირების - ა. ბ-ის და ე. ტ-ის მიმართ.
მოსარჩელეთა განმარტებით, 1983 წლიდან იგი ქორწინებაში იმყოფება ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ ...ის მკვიდრ დ. ბ-ესთან, რომელთან თანაცხოვრებისას მათ შეეძინათ ორი შვილი - ნ. და ა. ბ-ეები. კომლის უფროსი - დ. ბ-ე გარდაიცვალა 2001 წელს. მისი გარდაცვალების შემდგომ კი, კომლის უფროსი გახდა მოსარჩელე - ლ. ა-ბ-ე.
მოსარჩელეთა მითითებით, მათ კომლს საკუთრებაში აქვს 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით, რაც დადასტურებულია ეროვნული არქივის მიერ გაცემული საარქივო ცნობით.
მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ლ. ა-ბ-ის ქალიშვილი სამუშაოდ არის წასული რუსეთის ფედერაციაში, რის გამოც წლის გარკვეულ მონაკვეთს, უფრო კონკრეტულად ზამთრის პერიოდს, იგი მასთან ატარებს. გაზაფხულზე იგი ბრუნდება საკუთარ სახლში და ზამთრამდე იქ რჩება.
მოსარჩელეთა მითითებით, ლ. ა-ბ-ემ მისი მულისაგან - ნ. ბ-ისაგან შეიტყო, რომ მიმდინარეობდა სახელმწიფო პროგრამა და ახალი ელ.ვერსიებით უნდა დარეგისტრირებულიყო მიწის ნაკვეთები. რეგისტრაციის მიზნით, მან განაცხადი შეიტანა, რომელიც შეჩერებულ იქნა ზედდების გამო. რეგისტრაციის შეჩერებისას გამოირკვა, რომ 2008 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მისი კომლის ქონება - მიწის ნაკვეთი, სახლი ჩამოურთმევია, სახელმწიფოს საკუთრებად გამოუცხადებია და შემდგომ მიწის ნაკვეთი მიუყიდია მისი კომლის ერთ-ერთი წევრის - ა. ბ-ისათვის, სახლი კი სრულიად უსასყიდლოდ გაუჩუქებიათ.
მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ხელვაჩაურის რაიონის აღიარების კომისიამ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნები, რამდენადაც მას ქონება ჯერ წაართვეს და გამოაცხადეს სახელმწიფო საკუთრებად, ხოლო შემდგომ იგი მიჰყიდეს ა. ბ-ეს. მეტიც, საჯარო რეესტრმა ყოველგვარი გადამოწმების გარეშე დაარეგისტრირა მასზე საკუთრების უფლება.
ამდენად, მოსარჩელეებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ა. ბ-ის სახელზე გაცემული 2008 წლის 27 მაისის #... საკუთრების მოწმობის ნაწილობრივ, არა უმეტეს 2500.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში ბათილად ცნობა, ა. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.05.2009წ. #... გადაწყვეტილების ნაწილობრივ, არა უმეტეს 2500.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში ბათილად ცნობა, ე. ტ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.03.2017წ. #... გადაწყვეტილების ნაწილობრივ, არა უმეტეს 2500.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და სადავო მიწის ნაკვეთის მოსარჩელეების სახელზე რეგისტრაციის დავალება მოითხოვეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ა-ბ-ისა და ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ა. ბ-ის სახელზე გაცემული 2008 წლის 27 მაისის #... საკუთრების მოწმობა არაუმეტეს 2500.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ა. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.05.2009წ. #... გადაწყვეტილება არაუმეტეს 2500.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულმა ოფისმა და ე. ტ-მა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისისა და ე. ტ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 27 მაისის #... საკუთრების მოწმობის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.05.2009წ. #... გადაწყვეტილების არაუმეტეს 2500.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. ა-ბ-ისა და ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ა. ბ-ის სახელზე გაცემული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 27 მაისის #... საკუთრების მოწმობა 1666.7 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ა. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.05.2009წ. #... გადაწყვეტილება 1666.7 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში ლ. ა-ბ-ის და ნ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საარქივო ცნობებით (10.03.2017წ. #AA2017008477-04) უტყუარად დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ლ. ბ-ე ხელვაჩაურის რაიონის ...ის თემის საკრებულოს სოფელ ...ის 1996-2006 წლების საკომლო წიგნებით არის კომლის უფროსი და 2001-2006წწ. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან - 1. ბ-ე ლ. - ოჯახის უფროსი; 2. ბ-ე ა. - - შვილი; 3. ბ-ე ნ. - შვილი.
სააპელაციო პალატის შეფასებით, 1996-2000 წლების საკომლო წიგნით ირკვეოდა, რომ კომლის უფროსის - დ. ბ-ის გარდაცვალების შემდეგ (გარდაიცვალა 2001 წლის 21/12, - დოკუმენტში როგორც იყო მითითებული) კომლის უფროსად გატარებული იყო ბ-ე (ა-ა) ლ. . კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ფართის რაოდენობა შეადგენდა 1996-2006წწ. 0.06 ჰა-ს (საკომლოს მონაცემებით). კომლს ერიცხებოდა 1955 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი. ამავე ცნობით ირკვეოდა, რომ სოფელ ...ის კოლმეურნეობის ზონარგაყრილ წიგნში ირიცხებოდა მოქალაქე ბ-ე დ. (ზემოდან მიწერილია სახელი - ლ.), რომელსაც ეწერა 0.06 ჰა და 0.19 ჰა, რომელიც მიღებული ჰქონდა პირველი (მიწის ნაკვეთი 0.06 ჰა) - ოქმი #3-ით 1986წ. და მე-2 (მიწის ნაკვეთი 0.19 ჰა) - ოქმი #2-ით 1998წ.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 27 მაისის #... საკუთრების მოწმობის ნაწილობრივ, სახელდობრ 3500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 1666.7 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში, არასწორად იქნა დადგენილი, რომ აღნიშნული წარმოადგენდა მოქალაქე ა. ბ-ის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, განმცხადებლის მოთხოვნა ამ ნაწილში უკანონოდ დაკმაყოფილდა, რამდენადაც საკუთრების უფლება აღიარებულ იქნა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე სრული მოცულობით, თუმცა მოცემული მიწის ნაკვეთიდან 1666.7 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ლ. ა-ა-ბ-ის და ნ. ბ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულს და ამდენად, მათი საკუთრების უფლებას დაქვემდებარებულ მიწის ნაკვეთს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ 05.05.2009წ. #... გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში (ახალი მისამართი: ქ. ბათუმი, ...ის ქუჩა #20) მდებარე 3475 კვ.მ (დაზუსტებული) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ახალი ს.კ. ...; წინა ს.კ. ...) 1666.7 კვ.მ მიწის ნაკვეთი უკანონოდ დარეგისტრირდა ა. ბ-ის სახელზე (2500 კვ.მ-დან უნდა დარეგისტრირებულიყო 833.33 კვ.მ მიწის ნაკვეთი), რადგანაც აღნიშნული წარმოადგენდა ასევე, მოსარჩელეთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ სადავო უძრავი ქონების საკუთრების უფლებით მხოლოდ მესამე პირის - ა. ბ-ის სახელზე იმ ოდენობითა და იმ ფარგლებში რეგისტრაციით, რომელიც იყო, ასევე, მოსარჩელეთა მართლზომიერ მფლობელობაში, უკანონოდ შეილახა მოსარჩელეთა კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება.
რაც შეეხება რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.03.2017წ. #... გადაწყვეტილებით #... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე ე. ტ-ის საკუთრების რეგისტრაციას, რომელიც განხორციელდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის სასამართლო სხდომის ოქმის (ამონაწერი საოქმო განჩინებიდან, საქმის #2-2297/14 (010210014625088)), ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის სააღსრულებო ფურცლისა (საქმის #2-2297/14 (#010210014625088)) და აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 1 მარტის #A16081877-009/003 მიმართვის საფუძველზე, მისი ნაწილობრივ ბათილობის წინაპირობები არ არსებობდა, რადგან ამ რეგისტრაციების საფუძვლები - უფლების დამდგენი დოკუმენტები ძალაში იყო და არ იყო გაუქმებული.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულმა ოფისმა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ა-ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი მიუთითებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებებზე, რომლებშიც საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ უფლებას მხოლოდ რეგისტრაცია არ წარმოშობს. რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განეკუთვნება სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, დაუშვებელია რეგისტრაციის გაბათილება მისი საფუძვლის ძალაში არსებობის პირობებში.
კასატორები, ასევე, მიუთითებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე, სადაც განიმარტა, რომ რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნება ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
კასატორები ყურადღებას ამახვილებენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილზე და აღნიშნავენ, რომ ხელვაჩაურის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული საკუთრების უფლების კანონიერების კვლევის უფლებამოსილება და ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების პირობებში არ გააჩნდა, შესაბამისად, არ არსებობდა რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.
კასატორთა მითითებით, უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით დგინდება, რომ ა. ბ-ეს ვალდებულება გააჩნდა ე. ტ-ის მიმართ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 30 ივნისს გაცემული და კრედიტორის - ე. ტ-ის მიერ წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის თანახმად, სამოქალაქო საქმეზე ე. ტ-სა და ა. ბ-ეს შორის დამტკიცდა მორიგება. შესაბამისად, მოსარჩელეებისათვის ცნობილი იყო ფაქტი ა. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.
კასატორთა მოსაზრებით, ცალსახაა, რომ მოსარჩელე მხარემ მას შემდეგ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სარეგისტრაციოდ, როდესაც აღნიშნული ქონება გადავიდა სხვის საკუთრებაში - კერძოდ, ე. ტ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოთხოვნილია 2017 წლის 6 მარტს, ხოლო ლ. ა-ას მიერ განაცხადი წარდგენილია 2017 წლის 10 მარტს. ამდენად, კასატორთა შეფასებით, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ მოსარჩელემ საკუთარი ოჯახის წევრის - შვილის მიერ აღებული ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს, ხოლო შემდგომ - სასამართლოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები მიიჩნევენ, რომ მოსარჩელე ინფორმირებული იყო თავისი შვილის - ა. ბ-ის სახელზე ჯერ კიდევ 2009 წლიდან რეგისტრირებული ... (ახალი საკადასტრო კოდი: ...) მიწის ნაკვეთის შესახებ. შესაბამისად, კასატორები ხანდაზმულად მიიჩნევენ სასარჩელო მოთხოვნებს, თუმცა აღნიშნული გარემოება ორივე ინსტანციის სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა.
ამასთან, კასატორები აღნიშნავენ, რომ სასამართლოს არ უმსჯელია ე. ტ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. სასამართლოს არ შეუფასებია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობა. კასატორთა მოსაზრებით, სასამართლოს არ უმსჯელია, თუ როგორ უნდა აღდგეს მოსარჩელის სასარგებლოდ სადავო უძრავ ნივთზე პირვანდელი მდგომარეობა იმ პირობებში, როდესაც უფლების დამდგენი დოკუმენტი და რეგისტრაცია ძალაშია.
კასატორი - ლ. ა-ბ-ე ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საარქივო ცნობაზე, რომლის მიხედვითაც, ლ. ა-ას კომლი ფლობდა საკუთრების უფლებით 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთს. კასატორის მითითებით, არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია და შეუფასებია, სად მდებარეობდა 3500 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლო ვალდებული იყო, ბათილად ეცნო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 16 მარტის #... გადაწყვეტილება, შესაბამისად, დაეკმაყოფილებინა მისი მოთხოვნა სადავო ქონების 2/3 ნაწილში და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის დაევალებინა სადავო უძრავი ნივთის 2/3-ის, ანუ 1666.7 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნ. ბ-ისა და ლ. ა-ბ-ის თანასაკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
კასატორის შეფასებით, სასამართლო გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს და მხარეს მიაკუთვნა ის, რასაც იგი არ ითხოვდა და იმაზე მეტი, ვიდრე მოითხოვდა. ნაცვლად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა, სასამართლომ ხელყო კერძო საკუთრება.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლო ვალდებული იყო დაედგინა, შედიოდა თუ არა ა. ბ-ის სახელზე საჯარო რეესტრის მიერ დარეგისტრირებულ 3500 კვ.მ-ში ნ. ბ-ის სახელზე საჯარო რეესტრის მიერ საკუთრებაში დარეგისტრირებული 1160 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. ა-ბ-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრები.
ამავე განჩინებით საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ლ. ა-ბ-ე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით შუამდგომლობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაში არსებული ნ. ბ-ის საკასაციო საჩივართან მოცემული საკასაციო საჩივრის გაერთიანების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ ორივე საკასაციო საჩივრით მოთხოვნილი იყო ერთი და იმავე საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა. წარმოდგენილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინებაზე, რომლითაც ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 მაისის განჩინებაზე დარჩა განუხილველად. ამდენად, საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა ლ. ა-ბ-ის შუამდგომლობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ა-ბ-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ა. ბ-ის სახელზე გაცემული 2008 წლის 27 მაისის #... საკუთრების მოწმობის ნაწილობრივ, არა უმეტეს 2500.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში ბათილად ცნობა, ა. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.05.2009წ. #... გადაწყვეტილების ნაწილობრივ, არა უმეტეს 2500.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში ბათილად ცნობა, ე. ტ-ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.03.2017წ. #... გადაწყვეტილების ნაწილობრივ, არა უმეტეს 2500.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში ბათილად ცნობა, ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და სადავო მიწის ნაკვეთის მოსარჩელეების სახელზე რეგისტრაციის დავალება.
საქმის მასალებით, კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს ხელვაჩაურის არქივის 2017 წლის 10 მარტის #AA2017008477-04 საარქივო ცნობით დადგენილია, რომ არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის ...ის თემის საკრებულოს სოფელ ...ის 1996-2006 წლების საკომლო წიგნებით ბ-ე ლ. არის კომლის უფროსი. 2001-2006წწ. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. ბ-ე ლ. - ოჯახის უფროსი; 2. ბ-ე ა. - შვილი; 3. ბ-ე ნ. - შვილი.
1996-2000 წლების საკომლო წიგნით ირკვევა, რომ კომლის უფროსის - დ. ბ-ის გარდაცვალების შემდეგ (გარდაიცვალა 2001 წლის 21/12-ში) კომლის უფროსად გატარებულია ბ-ე (ა-ა) ლ. . კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ფართის რაოდენობა შეადგენს 1996-2006წწ 0.06 ჰა-ს (საკომლოს მონაცემებით). კომლს ერიცხება 1955 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი. ამავე ცნობით ირკვევა, რომ სოფელ ...ის კოლმეურნეობის ზონარგაყრილ წიგნში ირიცხება მოქალაქე ბ-ე დ. (ზემოდან მიწერილია სახელი - ლ.) რომელსაც უწერია 0.06 ჰა და 0.19 ჰა, რომელიც მიღებული აქვს პირველი (მიწის ნაკვეთი 0.06 ჰა) - ოქმი #3-ით 1986წ. და მე-2 (მიწის ნაკვეთი 0.19.ჰა) - ოქმი #2-ით, 1998წ. (როგორც დოკუმენტში არის მითითებული).
ამავე ცნობით ასევე ირკვევა, რომ ...ის კოოპერაციული მეურნეობის (კოლმეურნეობა) 1998 წლის დოკუმენტალური მასალები, კერძოდ, რწმუნებულთა კრების ოქმები თანდართული დოკუმენტებით, ხელვაჩაურის არქივში სახელმწიფო დაცვაზე შესანახად არ შესულა.
ხელვაჩაურის საარქივო განყოფილების 2008 წლის 11 მარტის #322-ბ საარქივო ცნობის განმარტებითი ბარათით ირკვევა, რომ ა. ბ-ე ირიცხება დედის - ბ-ე ლ. კომლში. კომლში ირიცხება სამი წევრი. კომლს აწერია მიწა პირად სარგებლობაში 1996-2006 წლებში 0.06 ჰა და საცხოვრებელი სახლი 40 კვ.მ ფართობის ოდენობით, აშენების წელი 1955 წ., ძველი კომლი - ... .
საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ 2008 წლის 13 მარტს ა. ბ-ემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა სოფელ ...ში მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ 3500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. განცხადებას ერთვოდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
მოწმეების - ლ. ბ-ის, ც. კ-ისა და ნ. ბ-ის ნოტარიალურად დამოწმებული განცხადებით ირკვევა, რომ მათი მეზობელი - ა. ბ-ე 1984 წლიდან დღემდე (განცხადების შედგენის თარიღი 12.03.2008წ., რეესტრში რეგისტრაციის #-...) ნამდვილად ფლობს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში 3500 კვ.მ მიწის ნაკვეთს და სარგებლობს მისით. აღნიშნული განცხადების ავტორებმა მითითებული გარემოებები დაადასტურეს ხელმოწერით.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 15 მაისის #1048 წერილით ა. ბ-ეს ეცნობა, რომ მის მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილი იყო განცხადება, რომლითაც იგი ითხოვდა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, მისი (ა. ბ-ის) განცხადება და მასზე თანდართული დოკუმენტები აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის #525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მოთხოვნებს, რის შესაბამისადაც, ამავე წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გაეგზავნა შეტყობინება, რომ ა. ბ-ე ვალდებული იყო გადაეხადა საკუთრების უფლების აღიარების საფასური 154 (ას ორმოცდათოთხმეტი) ლარის ოდენობით და წარედგინა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ერთი თვის ვადაში. აღნიშნულის შემდგომ, განხორციელდებოდა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზემოხსენებული წესის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისიის მიერ მიღებული იქნებოდა გადაწყვეტილება საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.
ამასთან, 19.05.2008წ. #12 საგადახდო დავალებით ირკვევა, რომ ა. ბ-ემ გადაიხადა 154 ლარი. დანიშნულებაში მითითებულია: „შემოსულობა მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებიდან“.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 27 მაისის #... საკუთრების უფლების მოწმობით ა. ბ-ეს საკუთრებაში გადაეცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 3500 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ამასთან, რეგისტრაციის შესახებ 05.05.2009წ. #... გადაწყვეტილებით ა. ბ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და 3475.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) დაზუსტებული მონაცემებით დარეგისტრირდა ა. ბ-ის (პ/ნ ...) საკუთრების უფლება.
საქმის მასალებით, კერძოდ, 2015 წლის 26 იანვარს მომზადებული ამონაწერით ირკვევა, რომ ქალაქ ბათუმში, ...ის ქუჩის #20-ში მდებარე 3475 კვ.მ (დაზუსტებული) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. ..., ნაკვეთის წინა ს.კ. #...) 2009 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით (განცხადება #...) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ა. ბ-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 27 მაისის #... საკუთრების უფლების მოწმობა.
საკასაციო სასამართლო, ასევე, ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, 2017 წლის 6 მარტს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ოფისს წარედგინა ე. ტ-ის #... სარეგისტრაციო განაცხადი სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტის საფუძველზე უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ნივთზე. სარეგისტრაციო განაცხადს თან ერთვოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი (ამონაწერი საოქმო განჩინებიდან) საქმის #2-2297/14 (010210014625088), ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის სააღსრულებო ფურცელი (საქმის #2-2297/14 (010210014625088)) და აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის პირველი მარტის #A16081877-009/003 მიმართვა.
რეგისტრაციის შესახებ 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე, 3475.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (წინა კოდი: ..., ახალი საკადასტრო კოდი: ...) დარეგისტრირდა ე. ტ-ის (პ/ნ ...) საკუთრების უფლება.
ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ კოლმეურნეობების გაუქმების მომენტში, მოსარჩელეთა კომლს სოფელ ...ში გააჩნდა 0.25 ჰა მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი სახლი და მათი მართლზომიერად ფლობის საფუძველი. შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 27 მაისის #... საკუთრების უფლების მოწმობით ა. ბ-ის საკუთრებად აღიარებულ 3500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ლ. ა-ა-ბ-ის, ნ. ბ-ის და ა. ბ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს.
თავის მხრივ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ 05.05.2009წ. #... გადაწყვეტილებით ა. ბ-ის (პ/ნ ...) სახელზე რეგისტრირებული, ხელვაჩაურის სოფელ ...ში მდებარე უძრავ ქონებათაგან, სახელდობრ 3475 კვ.მ (დაზუსტებული) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან, 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ლ. ა-ა-ბ-ის, ნ. ბ-ის და ა. ბ-ის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ ლ. ა-ა-ბ-ის კომლი შედგებოდა სამი წევრისგან - 1. ბ-ე ლ. - კომლის უფროსი; 2. ბ-ე ა. - შვილი; 3. ბ-ე ნ. - შვილი, რომლებსაც კომლის ქონებაზე - 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ეკუთვნოდათ თანაბარი წილი - 1/3, შესაბამისად, თითოეულს 833.33 კვ.მ (2500:3=833.33). ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოსარჩელეებს ლ. ა-ა-ბ-ეს და ნ. ბ-ეს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან მათი წილის შესაბამისად ეკუთვნით 1666.7 კვ.მ.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო პალატის განმარტებაზე, რომ კომლი საქართველოში არსებობდა 1993 წლამდე და საკომლო ქონებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები რეგულირებული იყო 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსით, რომლის 122-ე მუხლის თანახმად, კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით. ამავე კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს კომლის ქონება თანაბარი წილით ეკუთვნის. მოცემული საკითხი, ასევე, მოწესრიგებულ იქნა „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის #949 დადგენილებითა და სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის #29 დეკრეტით. კომლი სოფლის ადგილობრივი ორგანოების მიერ ყოველთვის ცალკე იყო რეგისტრირებული საადგილმამულო წიგნში, ოჯახის თითოეული წევრის და ოჯახის რიცხული ქონების აღნიშვნით. კომლი წარმოადგენდა ოჯახის წევრთა ერთიან კავშირს, რომელსაც გააჩნდა ერთიანი ქონება, კომლში შეიძლებოდა ყოფილიყო როგორც რამდენიმე, ისე ერთი წევრი. კომლს გააჩნდა საკუთრება და როგორც ამ საკუთრების უფლების სუბიექტი, რეგისტრირებული იყო სოფლის საბჭოში, სადაც მითითებული იყო კომლის უფროსი, კომლის წევრები და კომლის ქონება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის #949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის #29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის #48 დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბარე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადიოდა მათ კერძო საკუთრებაში. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის #128 დადგენილების მე-2 პუნქტით კი დადგინდა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები უნდა გაცემულიყო 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით (სუსგ #ას-211-203-2013, 3 ივნისი, 2013წ). ამ მიმართებით არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ ფაქტს, რომ ნორმატიული აქტით დადგენილი პერიოდისათვის, კერძოდ, 1992 წლის 1 იანვრის მდომარეობით, პირი კომლის ოჯახის წევრად უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული (აღრიცხული). ამდენად, ზემოთაღნიშნული ნორმატიული წყაროს მიზანი იყო ოჯახების მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული მიწების დაკანონება. შესაბამისად, აღნიშნული პერიოდისათვის ოჯახის ერთ-ერთი სრულწლოვანი წევრის სახელზე მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლებას იძენდა ამავე ოჯახის ყველა ის წევრი, რომელსაც სხვა მიწის ნაკვეთის მიღებაზე უფლება არ გააჩნდა, მიუხედავად იმისა, აპირებდა თუ არა იგი აღნიშნული უფლების რეალიზებას.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს კომლის ქონება თანაბარი წილით ეკუთვნის. ამდენად, საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს საკოლმეურნეო კომლის ქონებაში თანაბარი წილი ეკუთვნოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც კომლის არსებობას აღარ აქვს სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, კომლმა შეწყვიტა არსებობა და კომლის ქონება გარდაიქმნა კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებად, სადაც თითოეულ წევრს თანაბარი წილი მიეკუთვნა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის #525 ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალში მითითებულია ამონაწერი საკომლო წიგნიდან და საგადასახადო სია. თავის მხრივ, საკანონმდებლო მოწესრიგების საფუძველზე მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, საკომლო ცნობა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს იმ შემთხვევაში, თუ იგი ასახავს კომლის წევრთა ვინაობას და კომლზე რიცხულ ქონებას 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში, ასეთი ფაქტობრივი მდგომარეობა უტყუარადაა დადგენილი ლ. ბ-ის კომლთან მიმართებით. შესაბამისად, ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 27 მაისის #... საკუთრების მოწმობა ნაწილობრივ, სახელდობრ 3500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 1666.7 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში, უკანონოა, რამდენადაც მითითებული საკუთრების მოწმობით ა. ბ-ისათვის აღიარებული სადავო მიწის ნაკვეთიდან 1666.7 კვ.მ მიწის ნაკვეთი იმყოფებოდა ლ. ა-ა-ბ-ისა და ნ. ბ-ის მართლზომიერ მფლობელობაში.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.05.2009წ. #... გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...ში (ახალი მისამართი: ქ. ბათუმი, ...ის ქუჩა #20) მდებარე 3475 კვ.მ (დაზუსტებული) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ახალი ს.კ. ..., წინა ს.კ. ...) 1666.7 მიწის ნაკვეთი უკანონოდ დარეგისტრირდა ა. ბ-ის სახელზე (2500 კვ.მ-დან უნდა დარეგისტრირებულიყო 833.33 კვ.მ მიწის ნაკვეთი), რადგანაც აღნიშნული წარმოადგენდა, ასევე, მოსარჩელეთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასვკნას, რომ სადავო უძრავი ქონების საკუთრების უფლებით მხოლოდ მესამე პირის - ა. ბ-ის სახელზე მოთხოვნილი ოდენობითა და ფარგლებში რეგისტრაციით, უკანონოდ შეილახა მოსარჩელეთა კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება, რამდენადაც რეგისტრირებულმა ნაკვეთმა მოიცვა მოსარჩელეთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული სრული 2500 კვ.მ-დან მათი კუთვნილი 2/3 ნაწილი.
რაც შეეხება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის შესახებ 16.03.2017წ. #... გადაწყვეტილებას, რომლითაც #... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა ე. ტ-ის საკუთრების უფლება, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან მიმართებით ლ. ა-ბ-ის საკასაციო საჩივარში განვითარებულ მსჯელობას და მის საწინააღმდეგოდ აღნიშნავს, რომ რეგისტრაციას საფუძვლად დაედო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი (ამონაწერი საოქმო განჩინებიდან, საქმის #2-2297/14 (010210014625088)), ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის სააღსრულებო ფურცელი (საქმის #2-2297/14 (#010210014625088)) და აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 1 მარტის #A16081877-009/003 მიმართვა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ამ რეგისტრაციების საფუძვლები - უფლების დამდგენი დოკუმენტები ძალაშია და არ გაუქმებულა, არ არსებობს რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.03.2017წ. #... გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) საკასაციო საჩივარზე 08.11.2022წ. #61820 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ამასთან, რამდენადაც თ. ფ-ეს (პ/ნ ...) ლ. ა-ბ-ის საკასაციო საჩივარზე 08.11.2022წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თ. ფ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ლ. ა-ბ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ა-ბ-ის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 08.11.2022წ. #61820 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. თ. ფ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის მიერ ლ. ა-ბ-ის საკასაციო საჩივარზე 08.11.2022წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა