Facebook Twitter

№ბს-915(კ-20) 22 თებერვალი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ბ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 21 ივნისს მ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 19 მაისის №186 განკარგულების, ამავე კომისიის 2017 წლის 19 მაისის სხდომის №17 ოქმის „ი“ ქვეპუნქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის თელავის რაიონის, სოფელ ...ში სადავო მიწის ნაკვეთზე მ. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თელავის რაიონული სასამართლოში დავის განხილვის სტადიაზე თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ნაცვლად მოპასუხედ მიეთითა თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მ. ბ-მა დ. დ-ისაგან 2011 წლის 20 დეკემბერს ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა თელავის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი ს.კ. .... ადმინისტრაციული ორგანოში წარდგენილი განცხადებით მოსარჩელე ასევე ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს, რომელზე საკუთრების უფლების აღიარება იყო მოთხოვნილი, თვითნებურად იკავებდა 2011 წლიდან. დგინდებოდა, რომ დ. დ-მა წერილობით თანხმობა განუცხადა მ. ბ-ს, რომ მას საკუთრებაში მიეღო უკვე საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაკავებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. დადგენილია, რომ დ. დ-ს ადმინისტრაციული ორგანოსთვის არ ჰქონდა მიმართული აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 19 მაისის №186 განკარგულებით მ. ბ-ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მდებარე - თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ...ი, 1036 კვ.მ ფართობით) საკუთრების უფლების აღიარების თობაზე, ვინაიდან არ დადასტურდა მისი მხრიდან მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების და ფლობის ფაქტი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე მ. ბ-ი ვერ იქნებოდა მიჩნეული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სუბიექტად - დაინტერესებულ პირად, მის უფლებამონაცვლედ, ვისაც ჰქონდა საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის კანონიერი უფლება მოცემულ შემთხვევაში. მითითებული საკანონმდებლო ნორმით გათვალისწინებული დაინტერესებული პირის განმარტება - ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სწორედ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა იმაზე ვრცლად განმარტებული, ვიდრე ამის განმარტებას თავად აღნიშნული კანონი ადგენდა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-მა, რომელმაც თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 19 მაისის სხდომის №17 ოქმის „ი“ ქვეპუნქტი და ამავე კომისიის 2017 წლის 19 მაისის №186 განკარგულება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილ ვადაში გამოცემა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას უნდა უზრუნველეყო მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილი და ჯეროვანი შესწავლა, რის გამოკვლევის საფუძველზეც უნდა დაედგინა, იმ პირობებში, როდესაც დ. დ-მა წერილობითი თანხმობა მისცა მოსარჩელეს იმ უფლებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა მის მიერ თვითნებურად, ანუ არამართლზომიერად, დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, ამგვარი სახის უფლების (მოთხოვნის) დათმობა, წარმოადგენდა თუ არა მოსარჩელე მ. ბ-ის დ. დ-ის უფლებამონაცვლედ მიჩნევის საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ" პუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში 5 ჰექტარს.

საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დღეის მდგომარეობითაც, რომ იყიდოს ფიზიკურმა პირმა მიწა, რომლის გვერდით არის გასაფორმებელი მიწის ნაკვეთი, კომისიამ უნდა დაუკანონოს ყოველგვარი პრობლემის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ფლობის ფაქტი დამდგარია 2007 წლის 20 სექტემბრის შემდეგ. ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად ცვლის მანამდე დადგენილ საყოველთაო პრაქტიკას იმის შესახებ, რომ 2007 წლის 20 სექტემბრამდე უნდა დადგენილიყო ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობის ფაქტი, რასაც რათქმაუნდა მოსარჩელე მ. ბ-ი ვერ აკმაყოფილებდა, რადგან იგი ამ უძრავ ქონებას ფაქტობრივადაც და იურიდიულადაც დაეუფლა 2011 წლის დეკემბრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით თელავის რაიონის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთზე მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, ს.კ. ..., 2011 წლის 20 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა მ. ბ-ის საკუთრების უფლება.

2017 წლის 15 მაისს მ. ბ-მა განცხადებით მიმართა თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა მის მიერ 2011 წლიდან თვითნებურად დაკავებული თელავის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 1036 კვ.მ მიწის ფართის საკუთრების უფლების აღიარება. განცხადებას მ. ბ-მა დაურთო ორი მოწმის ჩვენება, დ. დ-ის განცხადება, ცნობა საჯარო რეესტრიდან, ორი აზომვითი ნახაზი, ორთოფოტო და პირადობის მოწმობის ქსეროასლი.

მ. ბ-ის 2017 წლის 15 მაისის განცხადებაზე თანდართული დ. დ-ის 2017 წლის 23 მარტის განცხადების თანახმად, თელავის რაიონის სოფელ ...ში მდებარე, 1993 წლიდან 2011 წლამდე მის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ს.კ. ... მომიჯნავედ თვითნებურად ფლობდა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ფართობით 1040 კვ.მ. დ. დ-ი ადასტურებდა რომ საკუთრება გაასხვისა 2011 წლის 20 დეკემბერს. შემდგომი მესაკუთრე მ. ბ-ი საკუთრების შეძენის დღიდან საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად ფლობას განაგრძობდა იმავე მიწის ნაკვეთზე (ფართობით 1040 კვ.მ), რომელსაც თავად დ. დ-ი ფლობდა 1993 წლიდან 2011 წლამდე თვითნებურად დაკავების ფორმით. დ. დ-ი თანახმა იყო, მ. ბ-ს საკუთრებაში დაეკანონებინა მიწის ნაკვეთის (ს.კ. ..., დაზუსტებული ფართით 1042.00 კვ.მ) მომიჯნავედ თვითნებურად დაკავებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართობით- 1040 კვ.მ.

მ. ბ-ის 2017 წლის 15 მაისის განცხადებაზე თანდართული ნ. თ-ის 2017 წლის 01 მაისის და ვ. თ-ის 2017 წლის 15 მაისის განცხადებების თანახმად, განმცხადებლები ადასტურებდნენ რომ ყოფილი მეზობელი დ. დ-ი სოფელ ...ში 1993 წლიდან 2011 წლამდე საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს.კ. ..., დაზუსტებული ფართით 1042.00 კვ.მ) მომიჯნავედ თვითნებურად ფლობდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ფართობით -1040 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს.კ...., დაზუსტებული ფართით 1042.00 კვ.მ) შემდგომი მესაკუთრე მ. ბ-ი, რომელმაც ეს ქონება შეიძინა 2011 წლის 20 დეკემბერს - შეძენის დღიდან განაგრძობდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის თვითნებურად ფლობას, რომელსაც ყოფილი მესაკუთრე ფლობდა 1993 წლიდან, თვითნებურად დაკავების ფორმით.

თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 19 მაისის სხდომაზე, კომისიის გადაწყვეტილებით მ. ბ-ს უარი ეთქვა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობით 1036 კვ.მ მის საკუთრებად აღიარებაზე. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული 2017 წლის 19 მაისის N186 განკარგულებით მ. ბ-ს უარი ეთქვა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო -სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (1036 კვ.მ) საკუთრებად აღიარებაზე. აღნიშნული განკარგულება მ. ბ-ს ჩაბარდა 2017 წლის 29 მაისს.

დ. დ-ს თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის არ ჰქონდა მიმართული სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ფიზიკური პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებსა და წესებს განსაზღვრავს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია). ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა (მუხლი 1).

მითითებული კანონის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მიუხედავად მოქალაქეთა მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთებით მრავალწლიანი სარგებლობისა, ამ მიწებზე უფლების რეგისტრაცია დაკავშირებული იყო მთელ რიგ სირთულეებთან და არსებული ვითარება განაპირობებდა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდის შეფერხებას, რადგან ამ მიწის ნაკვეთებისა და მათზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში იდენტიფიცირების შეუძლებლობა გამორიცხავდა მათი საგადასახადო დაბეგვრის ობიექტად ქცევის შესაძლებლობას. აღნიშნული ღონისძიების საშუალებით სახელმწიფო მიზნად ისახავდა მიწის ფონდის ათვისებასა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას, ასევე, მიწის ფაქტობრივი სარგებლობის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას.

მოცემული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.... და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს სამართლებრივ გარანტიებს და ქმნის საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებსა და წინაპირობებს იმ პირთათვის, რომლებიც თვითნებურად დაკავების საფუძველზე, მითითებული კანონის ამოქმედების დროისთვის, ფლობენ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ ნაგებობას.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მ. ბ-ის 2017 წლის 15 მაისის განცხადებაზე თანდართული დ. დ-ის 2017 წლის 23 მარტის განცხადების თანახმად, თელავის რაიონის სოფელ ...ში მდებარე, 1993 წლიდან 2011 წლამდე მის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ს.კ. ... მომიჯნავედ თვითნებურად ფლობდა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ფართობით 1040 კვ.მ. დ. დ-ი ადასტურებდა რომ მისი საკუთრება გაასხვისა 2011 წლის 20 დეკემბერს. ამჟამინდელი მესაკუთრე მ. ბ-ი საკუთრების შეძენის დღიდან საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად ფლობას განაგრძობს იმავე მიწის ნაკვეთზე (ფართობით 1040 კვ.მ), რომელსაც თავად დ. დ-ი ფლობდა 1993 წლიდან 2011 წლამდე თვითნებურად დაკავების ფორმით. დ. დ-ი თანახმა იყო, მ. ბ-ს დაეკანონებინა მიწის ნაკვეთის (ს.კ. .... დაზუსტებული ფართით 1042.00 კვ.მ) მომიჯნავედ თვითნებურად დაკავებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართობით - 1040 კვ.მ.

განსახილველ საქმეში სასამართლოს მიერ შესაფასებელ საკითხს - თელავის რაიონის, სოფელ ...ში სადავო მიწის ნაკვეთზე მ. ბ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლიანობა წარმოადგენს. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თავად მ. ბ-ი, არ წარმოადგენდა პირს, რომელსაც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი, დაკავებული ჰქონდა მითითებული კანონის ძალაში შესვლამდე. მოსარჩელე საკუთარ მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ მან მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების, ასეთი მოთხოვნით ადმინისტრაციული ორგანოსთვის მიმართვის უფლება მიიღო წინა მესაკუთრისგან, რომელსაც, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, თვითნებურად ჰქონდა დაკავებული მიწის ნაკვეთი. ამდენად, აღნიშნული დავის გადაწყვეტისათვის, საკვანძო საკითხს წარმოადგენს მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების საფუძვლით, საკუთრების უფლების აღიარების გზით საკუთრების მოპოვების უფლების განკარგვის, დათმობის შესაძლებლობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ უძრავი ქონების გასხვისების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შემძენზე გადადის ამ ქონებასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობები. განსახილველ შემთხვევაში, დ. დ-ის მიერ უძრავი ქონების განკარგვის შედეგად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრე გახდა მ. ბ-ი და შესაბამისად მასზე გადავიდა ამ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აწესრიგებს პირებს შორის უფლების განკარგვის, დათმობის საკითხებს. სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. მითითებული ნორმის შესაბამისად, კერძოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე, შესაძლებელია განიკარგოს, დათმობილ იქნას უფლება, მოთხოვნა, თუკი თავად მოთხოვნისა და უფლების არსი იძლევა ასეთ შესაძლებლობას.

აღსანიშნავია, რომ მოთხოვნა დათმობას არ ექვემდებარება მთელი რიგი შემთხვევების დროს, მათ შორის, ისეთი მოთხოვნები, რომლებიც გამომდინარეობენ პიროვნული უფლებებიდან და მათი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე აქვთ ინდივიდუალური ხასიათი (მაგ. სარჩო, შვებულების უფლება, პირადი არაქონებრივი უფლებებიდან გამომდინარე - actio iniuriarum ფარგლებში და ა.შ.), მოთხოვნის დათმობის, გადაცემის, დამაბრკოლებელი გარემოებაა ასევე დათმობის შემთხევაში მისი არსის ცვლილება, სახელშეკრულებო შეზღუდვა (pactum de non cedendo - სახელშეკრულებო დათმობის აკრძალვა) და ა.შ. იმისათვის, რათა დადგინდეს უფლების გადაცემადობა/მიმოქცევადობის შესაძლებლობა საჭიროა შეფასდეს თავად ამ უფლების არსი.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წინა მესაკუთრის მიერ გამოვლენილი ნება, რომ მის ნაცვლად მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებით ისარგებლოს მოსარჩელემ ფორმალურად ნამდვილია, რამდენადაც იგი ცხადად არის გამოვლენილი და სადავოდ არ გამხდარა. თუმცა, არსებითი მნიშვნელობისაა, რომ მოთხოვნის, უფლების დათმობაზე გამოხატული ნება, თავად ამ უფლებიდან გამომდინარე იყოს დათმობადი, გადაცემადი და შესაბამისად აღსრულებადი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოთხოვნის გადაცემის, დათმობის ინსტიტუტი ატარებს სამოქალაქოსამართლებრივ ხასიათს, რაც გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის რეგულირების სფეროდან (სამოქალაქო კოდექსი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს - მუხლი 1). თუმცა, თავად მოთხოვნა, უფლება, რომლითაც განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სურს ისარგებლოს - თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, არის საჯაროსამართლებრივი ხასიათის. შესაბამისად, სამოქალაქოსამართლებრივი უფლების დათმობის ნამდვილობა-აღსრულებადობისთვის, აუცილებელია, რომ მატერიალურად საჯაროსამართლებრივად ასეთი უფლება იყოს გადაცემადი. ამდენად, მოთხოვნის დათმობის შესაძლებლობა და შესაძლებლობის ფარგლები დადგენილი უნდა იქნეს მისი საჯაროსამართლებრივი რეგულირების თავისებურების გათვალისწინებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დ. დ-ს თავად არ მიუმართავს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისათვის მოთხოვნით, შესაბამისად მას არ მოუხდენია ასეთი უფლების რეალიზება.

როგორც უკვე აღინიშნა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებით სარგებლობის წესებს, პირობებსა და მოსარგებლე სუბიექტებს განსაზღვრავს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული კანონის ობიექტია - თვითნებურად დაკავებული მიწა, რაც გულისხმობს მოცემული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე) ... რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული (მუხლი 2.გ.). განსახილველ საქმეში მოსარჩელის მოთხოვნა, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, ეფუძნება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მიწის ნაკვეთის წინა მესაკუთრე 1993 წლიდან ფლობდა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონის ცენტრალურ სუბიექტს წარმოადგენს დაინტერესებული პირი – ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის არსებითი მნიშვნელობისაა ორივე ელემენტი, როგორც უფლებამოსილი სუბიექტი (დაინტერესებული პირი), ასევე ობიექტი - თვითნებურად დაკავებული მიწა. უფლების რეალიზაციის შესაძლებლობის მქონე სუბიექტს - დაინტერესებული პირს, რომელიც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მიწის ნაკვეთს, მიწის ნაკვეთთან ფაქტობრივად არსებული კავშირის, მისი დაკავების და მასზე გაწეული სამეურნეო, მოვლისა და ექსპლოატაციის დადასტურების შემთხვევაში, კანონი უქმნის საკუთრების უფლების აღიარების საკანონმდებლო საფუძველს. ხოლო ობექტი - ტერმინი თვითნებურად დაკავებული მიწა - (მოცემული შემთხვევისთვის რელევანტური ნაწილი - დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი), განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარებისთვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომ ეს მიწის ნაკვეთი წარმოადგენს დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ნაკვეთს, ანუ გარდა სუბიექტური ფაქტორისა, თავად მიწის ნაკვეთის მდგომარეობა (მომიჯნავეობა) არის უფლების - სამომავლოდ საკუთრების უფლების აღიარების წარმოშობის წყარო. შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლები არსებითად უკავშირდება, როგორც დაინტერესებული პირის ცნებას, ასევე იმ ნაკვეთის ფაქტობრივ მდგომარეობას, რომლის მომიჯნავე მიწის ნაკვეთსაც წარმოადგენს უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს სპეციფიკურ სამართალურთიერთობას. განსახილველი შემთხვევისთვის რელევანტურია აღინიშნოს, რომ მოცემული კანონი დაინტერესებული პირისთვის ქმნის მოლოდინს ისეთ მიწაზე საკუთრების უფლების წარმოშობაზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა, თუმცა მას ფაქტობრივად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანონმა ასეთი პრივილეგია გაითვალისწინა ექსპლიციტურად იმ პირების მიმართ, რომელთაც არ გააჩნიათ მიწის ნაკვეთის ფლობის სამართლებრივი საფუძველი, მაგრამ ფაქტობრივად წლების განმავლობაში მინიმუმ კანონის ამოქმედებიდან (2007 წელი) - უფლების რეალიზაციის მომენტამდე აქვთ ფაქტობრივი კავშირი მიწის ნაკვეთთან. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს სახელმწიფო ქონების განკარგვის ალტერნატიულ მექანიზმს (მსგავს საკითხზე იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N2/3/522,553; II, 60-63;), სამართლებრივ საფუძველს, რომელიც სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებას უკავშირებს ფაქტობრივ გარემოებას - პირის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმართ არსებულ ფაქტობრივ, ინდივიდუალურ, განსაკუთრებულ კავშირს, დროის განგრძობად მონაკვეთში, რაც სახეზე არ გვაქვს ახალი მესაკუთრის შემთხვევაში.

ამასთან, საყურადღებოა, რომ კანონი აქცენტს აკეთებს მიწის თვითნებურად დაკავებაზე 2007 წლამდე (კანონის ამოქმედებამდე), თუმცა მნიშვნელოვანია, რომ უფლების მოპოვება არ ხდება მომენტალურად, 2007 წლამდე მიწის ნაკვეთის დაკავების შემთხვევაში, უფლება არ ითვლება წარმოშობილად. თვითნებურად დაკავების ფაქტი უნდა იყოს განგრძობადი ხასიათის და უწყვეტი, უფლების რეალიზაციის, ადმინისტრაციული ორგანოსთვის განცხადების მიმართვის ეტაპამდე. პირი, რომელსაც 2007 წლამდე ჰქონდა მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაკავებული, ვერ მოიპოვებს საკუთრების უფლებას, თუკი მან შეწყვიტა ფლობა, ადმინისტრაციული ორგანოსათვის, საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით განცხადებით მიმართვამდე.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტში, ტერმინ - დაინტერესებული პირის განმარტებაში მითითებული სიტყვები „ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე“, გულისხმობს უშუალოდ დაინტერესებული პირის სავარაუდო მემკვიდრეს, რომელიც შესაძლოა იყოს როგორც ოჯახიდან, ასევე ოჯახის წრის გარეთ მყოფი პირი და უფლებამონაცვლეს, რომელიც მოცემული კანონის რეგულირების სფეროს თავისებურებიდან გამომდინარე, არის ოჯახის წევრი ან პირთან მჭიდროდ დაკავშირებული სხვა ის პირი, რომელიც ფაქტობრივად ამ პირთან ერთად ფლობდა და იყენებდა უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთს, მათ შორის, ოჯახის წევრი, თანამესაკუთრე (მსგავს საკითხთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება Nბს-190(კ-21)), თუმცა არა სხვა გარეშე პირი, მათ შორის მიწის ნაკვეთის გასხვისების შემთხვევაში ახალი მესაკუთრე, რომელიც ცალსახად არ ფლობდა და არ ჰქონდა კავშირი უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთთან 2007 წლამდე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

2. მ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

3. მ. ბ-ის მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი