Facebook Twitter

საქმე №ბს-189(კ-21) 22 თებერვალი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „ჯ...ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 25 თებერვალს შპს „ჯ...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 17 იანვრის №3/6 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 მარტის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ ს. ი-ი და გ. ი-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ჯ...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩვრა შპს „ჯ...მა“, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინებით შპს „ჯ...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებით“, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს №14 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესებით“ და სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ ვინაიდან ს. ი-ი ობიექტზე ახორციელებდა სამშენებლო სამუშაოებს და სასმელ წყალს არ მოიხმარდა სისტემატიურად, მუდმივ რეჟიმში, არ არსებობდა მომხმარებლის მიერ იმ რაოდენობით სასმელი წყლის მოხმარების შესაძლებლობა, რაც კომპანიამ აბონენტს დაარიცხა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია კომისიის გადაწყვეტილება როდესაც მომხმარებლის მიერ დღის განმავლობაში სასმელი წყლის მოხმარების პერიოდად განსაზღვრა 1 საათი.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე იმ გარემოებაზე, რომ 2018 წლის 11 მაისს ს. ი-მა №... განცხადებით მიმართა შპს „ჯ...ს“ წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნით, თუმცა კომპანიის მხრიდან არ მომხდარა მოთხოვნის დაკმაყოფილება დადგენილ ვადებში, რამაც განაპირობა მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარება.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ შპს „ჯ...ის“ 2018 წლის 29 ოქტომბრის №... „აღურიცხავი წყლის მოხმარების’’ აქტით მოქალაქე გ. ი-ისათვის (აბონენტი №...) 651,08 ლარის დარიცხვა სწორად იქნა მიჩნეული უსაფუძვლოდ, ვინაიდან ობიექტს, რომელიც არ ფუნქციონირებდა არ შეიძლება მოეხმარა სასმელი წყალი სისტემატიურად, რაც მისთვის 6 საათიანი რეჟიმით დარიცხვის შესაძლებლობას წარმოქმნიდა. იმ პირობებში, როდესაც ობიექტი მშენებარე იყო და არ მუშაობდა, ამასთან, მომხმარებლის შესაძლო დატვირთვის გათვალისწინებით, არსებობდა საკმარისი საფუძველი დღის განმავლობაში სასმელი წყლის მოხმარების პერიოდად განსაზღვრულიყო 1 საათი.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 17 იანვრის №3/6 გადაწყვეტილება „მოქალაქეებს: ს. და გ. ი-ებსა და შპს „ჯ...ს“ შორის არსებული დავის შესახებ’’ (გასაჩივრებულ ნაწილში), კანონიერი იყო და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჯ...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სოსო და გ. ი-ები, რომლებიც საქმიანობენ ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №7, ბინა 10-ში, დღეის მდგომარეობით წარმოადგენენ შპს „ჯ...ის“ მომხმარებლებს. კომპანია 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს მათთვის სასმელი წყლის მიწოდებასა და წყალარინების მომსახურებას. 2018 წლის 19 ივნისს, კომპანიის თანამშრომლების მიერ გამოვლენილი იქნა ზემოაღნიშნული პირების მიერ სასმელი წყლის, აღურიცხავად, მრიცხველის გვერდის ავლით მოხმარების ფაქტი, რაც დაფიქსირებულია შესაბამისი ვიდეო მასალით. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აბონენტის მიმართ შედგა 2018 წლის 29 ოქტომბრის სამართალდარღვევის ოქმი და ამავე თარიღის აღურიცხავი სასმელი წყლის მოხმარების აქტი №.... აღნიშნულ სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით, უფლებამოსილი პირის მიერ, 2018 წლის 29 ოქტომბერს გამოიცა №... დადგენილება, რომლითაც აბონენტს სასმელი წყლის დატაცების გამო დაედო (შეეფერდა) ადმინისტრაციული სახდელი.

გარდა ამისა, კასატორის მითითებით, კომპანიამ აბონენტს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32-ე დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებისა“ და აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტის შესაბამისად, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დააკისრა 651,08 ლარის გადახდა.

კასატორი მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიამ 2019 წლის 17 იანვრის №3/6 სადავო გადაწყვეტილების მიღებისას, რომლითაც ნაწილობრივ დააკმაყოფილა ს. ი-ის მოთხოვნა და განთავისუფლდა ზიანის ანაზღაურების მიზნით დარიცხული 651,08 ლარის გადახდისაგან, სათანადოდ არ შეუსწავლია და არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები.

კასატორის მითითებით, კომპანიის მიერ აბონენტის მიმართ ზიანის ანაზღაურების გამოთვლა განხორციელდა 20 მმ-იანი პოლიეთილენის მილის გამტარუნარიანობით, 30 დღეზე, 6 საათიანი დაანგარიშებით, ხოლო სემეკის გადაწყვეტილებით, დარიცხვა შემცირებული იქნა 1 საათამდე დაანგარიშებით იმ მოტივით, რომ ს. ი-ი ობიექტზე ახორციელებდა სამშენებლო სამუშაოებს და სასმელ წყალს არ მოიხმარდა სისტემატურად.

კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ გარემოებას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რაც არასწორად არ იქნა გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ჯ...ის“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ჯ...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 17 იანვრის №3/6 გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2017 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ...ი ...ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 1000 კვ. მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: ...; ..., 2017 წლის 24 ოქტომბრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია გ. ი-ის სახელზე.

2018 წლის 11 მაისს ს. ი-მა IN... განცხადებით მიმართა შპს „ჯ...ს“ წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნით, თუმცა კომპანიის მხრიდან არ მომხდარა მოთხოვნის დაკმაყოფილება დადგენილ ვადებში.

2018 წლის 29 ოქტომბერს, შპს „ჯ...ის“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შემოწმდა ქ. თბილისში, ...ი, ...ის ქუჩის ბოლოს მდებარე მშენებლობა. შემოწმების შედეგად გამოვლინდა სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტი, კერძოდ - ობიექტზე არსებული 20მმ. დიამეტრის მქონე პოლიეთილენის მილიდან უმრიცხველოდ ხდებოდა სასმელი წყლის მოხმარება, რის გამოც შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ას№... და აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტი №..., რომლითაც გ. ი-ს დაერიცხა უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება - 651.08 ლარი.

შპს „ჯ...ის“ 2018 წლის 5 ნოემბრის №... დადგენილებით, ფ/პ ს. ი-ს დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება.

2018 წლის 13 ნოემბერს, ს. ი-მა №13791/01 განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა „გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ“ შპს „ჯ...ის“ 2018 წლის 05 ნოემბრის №... დადგენილების გაუქმება, ხოლო როგორც გ. ი-ის წარმომადგენელმა - 2018 წლის 29 ოქტომბრის „აღურიცხავი წყლის მოხარების აქტით’’ გ. ი-ისათვის თანხის დარიცხვის გაუქმება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 17 იანვრის №3/6 გადაწყვეტილებით მოქალაქე ს. ი-ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ძალაში დარჩა „გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ’’ შპს „ჯ...ის“ 2018 წლის 05 ნოემბრის №... დადგენილება, ხოლო შპს „ჯ...ის“ 2018 წლის 29 ოქტომბრის №... „აღურიცხავი წყლის მოხარების“ აქტით მოქალაქე გ. ი-ისათვის (აბონენტი №...) 651,08 ლარის დარიცხვა მიჩნეული იქნა უსაფუძვლოდ და შპს „ჯ...ს“ დაევალა გაეუქმებინა უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვა, ასევე შესაბამისი ცვლილებები შეეტანა აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია). აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წყალმომარაგების ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული (მოხმარებული) სასმელი წყლის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ამ წესების მიზნებისათვის სასმელი წყლის მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად: ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც სასმელ წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის; ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი - საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა, ყველა სხვა მომხმარებელი.

„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, სასმელი წყლის დატაცება. მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება. ასევე ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არახანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია, შეადგინოს შესაბამისი აქტი. მე-4 პუნქტის შესაბამისად, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში სასმელი წყლის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება შესაბამისი აქტის საფუძველზე შემდეგი წესით: იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების ან/და საერთო რაოდენობის დადგენა შესაძლებელია, მიმწოდებელის მიერ შესაბამისად მოხდება მონაცემების ჩასწორება-დარიცხვა. ხოლო ამავე წესების 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე(სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული სასმელი წყლის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ვინაიდან ს. ი-ი ობიექტზე ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს და სასმელ წყალს არ მოიხმარს სისტემატიურად, მუდმივ რეჟიმში, არ არსებობს მომხმარებლის მიერ იმ რაოდენობით სასმელი წყლის მოხმარების შესაძლებლობა, რაც კომპანიამ აბონენტს დაარიცხა. ამდენად, იზიარებს კომისიის მხრიდან მომხმარებლის მიერ დღის განმავლობაში სასმელი წყლის მოხმარების პერიოდად 1 საათის განსაზღვრას. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ს. ი-ის 2018 წლის 11 მაისის IN... განცხადებაზე, რომლითაც შპს „ჯ...ს“ თხოვდა წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთებას, თუმცა კომპანიის მხრიდან არ მომხდარა მოთხოვნის დაკმაყოფილება დადგენილ ვადებში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ უსაფუძვლო იყო მოქალაქე გ. ი-ისათვის (აბონენტი №...) 651,08 ლარის დარიცხვა, ვინაიდან ობიექტი, რომელიც იყო მშენებარე და არ ფუნქციონირებდა არ შეიძლება მოეხმარა სასმელი წყალი სისტემატიურად, რაც მისთვის 6 საათიანი რეჟიმით დარიცხვის შესაძლებლობას ვერ წარმოქმნიდა. მომხმარებლის შესაძლო დატვირთვის გათვალისწინებით, არსებობდა საკმარისი საფუძველი დღის განმავლობაში სასმელი წყლის მოხმარების პერიოდად განსაზღვრულიყო 1 საათი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.

ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, შპს „ჯ...ს“ საკასაციო საჩივარზე 16.04.2021წ. №160 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს „ჯ...ს“ (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჯ...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინება;

3. შპს „ჯ...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.04.2021წ. №160 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

გ. გოგიაშვილი