№ბს-348(2კ-21) 22 თებერვალი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ი. მ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 2 ნოემბერს ი. მ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 27 დეკემბრის №001916 დადგენილებისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ განუხილველად დატოვებისა და ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 სექტემბრის №1-2057 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. მ-ეს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 სექტემბრის №1-2057 ბრძანება ი. მ-ეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 27 დეკემბრის №001916 დადგენილება და ამავე სამსახურს დაევალა, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და აღნიშნა, რომ სადავო აქტის გამოცემისას ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს სრულყოფილად არ გამოუკვლევია და სათანადოდ არ შეუფასებია საქმის გარემოებები. ი. მ-ეს მიერ სადავო დადგენილებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის შეძენის დროისა და მასზე საჯარო რეესტრში დაცული მონაცემების - საკადასტრო აზომვითი ნახაზების მხედველობაში მიღებით ცხადი იყო, რომ ობიექტზე უნებართვო მშენებლობა განხორციელდა ი. მ-ეს მიერ საკუთრებაში მიღებამდე. ამდენად, უნებართვო მშენებლობასა და ობიექტის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაზე პასუხისმგებელი პირის დასადგენად ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს უნდა გამოეკვლია, თუ როდის და ვის მიერ განხორციელდა უნებართვო მშენებლობა, მოეპოვებინა ინფორმაცია სხვადასხვა დროს უძრავი ქონების მესაკუთრეებზე, მიეღო მათგან ახსნა-განმარტებები, გამოეკითხა მოწმეები და მოეპოვებინა სხვა მტკიცებულებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორი ქალაქ თბილისის მერია აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულია ისე, რომ საქმეში არ მოიპოვება სამუშაოების წარმოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №5 და ...ის ქ. №10 სახლებს შორის ადგილას წარმოებული იყო უნებართვო მშენებლობა.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნებართვო სამშენებლო სამუშაოებზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირს, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევის არსებობა, მოქმედი კანონმდებლობით იმპერატიულად არის განსაზღვრული იმ პირთა წრე, თუ ვინ შეიძლება იყოს დამრღვევი, რომელსაც დაეკისრება შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. კერძოდ, სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება იმ პირს (სუბიექტს), რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია ასეთი პირის დადგენა, სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს/მოსარგებლეს, შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს/მოსარგებლეს.
ამასთან, განსახილველ შემთხვევაში როცა საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომლითაც შეიძლება დადასტურდეს სამშენებლო სამუშაოების წინა მესაკუთრეების მიერ წარმოების ფაქტი, ბუნებრივია მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებაზე დაყრდნობით ადმინისტრაციული ორგანო ვერ დაადგენდა უნებართვო სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს. ამასთან ყოველი წარმოების ეტაპზე ახალი ახსნა-განმარტებების წარმოდგენით შეუძლებელი იქნება სამართალდამრღვევი პირის დადგენა და მუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილების შესრულება.
რაც შეეხება, სადავო დადგენილებით უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის დემონტაჟის დავალებას, ადმინისტრაციული ორგანო განმარტავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-9 ნაწილის „გ ქვეპუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: „დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ“. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უნებართვო მშენებლობა განხორციელებულია როგორც კერძო, ასევე სახელმწიფოს (თვითმმართველის) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამსახური ვალდებული იყო ჯარიმის დაკისრებასთან ერთად მისთვის დაევალებინა უნებართვოდ აშენებული ობიექტის დემონტაჟი.
კასატორი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების დასაბუთებისას დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ არ იყო გამოკვლეული - მშენებლობის განმახორციელებელი პირი, რაც დაუსაბუთებელია, რადგან მუნიციპალურმა ინსპექციამ იქედან გამომდინარე, რომ სასამართლოს მიერ მითითებული ყველა მტკიცებულების გამოკვლევის შედეგად ვერ მოახერხა უტყუარად მწარმოებელი პირის დადგენა, პასუხისმგებლობა დააკისრა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს.
სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნო გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ამასთან, არ მიუთითებია კონკრეტულად რომელი გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რასაც არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა საკითხის გადაწყვეტისათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 აპრილის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩვრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №5/ ...ის ქუჩა №8 და №10 სახლებს შორის მდებარე, №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობება-ნაგებობებზე ი. მ-ეს საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში 2015 წლის 24 ნოემბერს დარეგისტრირდა. აღნიშნული ქონება ი. მ-ეს გ. გ-ასთან 2015 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა. თავის მხრივ, გ. გ-ამ №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნაგებობები საკუთრებაში 2014 წლის 29 აპრილს ჩუქების ხელშეკრულებით მიიღო.
2016 წლის 7 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ი. მ-ეს მიმართ №001916 მითითება შეადგინა, რომლითაც დააფიქსირა, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №5, ...ის ქუჩა №8 და №10 სახლებს შორის მდებარე, №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე შენობა- ნაგებობის მშენებლობა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე იყო განხორციელებული, ამასთან, შენობა-ნაგებობა სცდებოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებს. ამავე მითითებით ი. მ-ეს განესაზღვრა 15 დღის ვადა №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარსადგენად ან უსაფრთხოების წესების დაცვით ობიექტის დემონტაჟის განსახორციელებლად.
2016 წლის 27 ოქტომბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტმა №001916 შემოწმების აქტი შეადგინა, რომლითაც 2016 წლის 7 ოქტომბრის №001916 მითითების მოთხოვნათა შეუსრულებლობა დააფიქსირა.
2016 წლის 29 ნოემბერს ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ი. მ-ეს წარმომადგენლის ტ. ზ-ის მონაწილეობით 2016 წლის 7 ოქტომბრის №001916 მითითებისა და 2016 წლის 27 ოქტომბერის №001916 შემოწმების აქტის შედეგები განიხილა. განხილვისას ი. მ-ეს წარმომადგენელმა დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება და განმარტა, რომ წარმოების ვადაში დემონტირებული იქნებოდა მითითებაში აღნიშნული უნებართვო ობიექტი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 27 დეკემბრის №001916 დადგენილებით ი. მ-ე 10 000 (ათი ათასი) ლარით დაჯარიმდა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №5/...ის ქუჩა №8 და №10 სახლებს შორის მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწაზე უნებართვოდ შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის, რომელიც სცდებოდა საკადასტრო საზღვრებს და გადადიოდა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ამავე დადგენილებით ი. მ-ეს ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №5/ ...ის ქუჩა №8 და №10 სახლებს შორის, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწაზე უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაევალა.
2017 წლის 3 თებერვალს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ც. მ-ის, გ. გ-ასა და ი. მ-ეს №10/01170343055-01 ადმინისტრაციული საჩივრები წარედგინა, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 27 დეკემბრის №001916 დადგენილების ბათილად ცნობა იქნა მოთხოვნილი. საჩივრების მიხედვით, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №5/ ...ის ქუჩა №8 და №10 სახლებს შორის არსებული მიწის ნაკვეთზე 59 კვ.მ ნაგებობა 1992-1993 წლებში აშენდა და შესაბამის პერიოდში ამ ფართის ნაგებობა მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებდა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 სექტემბრის №1-2057 ბრძანებით ი. მ-ეს ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ც. მ-ს და გ. გ-ას საჩივარი დარჩა განუხილველად.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (ძალადაკარგულია - საქართველოს მთავრობის 02.03.2020 წ. №139 დადგენილებით) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს.
მითითებული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.
სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის მიზანია სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით. მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. ამავე კოდექსის მე-15 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დამკვეთი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით განსაზღვრული სხვა ორგანიზაციული ფორმის მქონე პირი, რომელიც სამუშაოს სამშენებლო ორგანიზაციას უკვეთავს.
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით (სადავო დადგენილების გამოტანის დროს მოქმედი რედაქციით), უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით; ბ) კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს რომ ი. მ-ე დაჯარიმდა არა როგორც უკანონო მშენებლობის განმახორციელებლი, არამედ როგორც შენობა-ნაგებობის მესაკუთრე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. მ-ეს მიერ №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთის შეძენის დროისთვის მასზე განთავსებული იყო 2016 წლის 27 დეკემბრის №001916 დადგენილებით გათვალისწინებული ნაგებობა, რაც ცხადყოფს, რომ ი. მ-ე არ წარმოადგენდა უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელ პირს.
საკასაციო სასამართლო უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მართალია სამშენებლო სამართალდარღვევის დენადი ხასიათის გათვალისწინებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი ითვალისწინებს უძრავი ნივთის მესაკუთრისათვის, უნებართვო მშენებლობის გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას, თუმცა აღნიშნული დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაუდგენელია მშენებლობის უშუალოდ მწარმოებელი პირი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მარტის №ბს-1025(3კ-19) გადაწყვეტილება).
ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით დგინდება, რომ უკანონო მშენებლობა განხორციელებულია იმ პერიოდში, როდესაც მოსარჩელე არ ფლობდა უძრავ ნივთს. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ შესაბამისად, დასაშვებია მესაკუთრისათვის, უნებართვო, უკანონო მშენებლობისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება, თუმცა აღნიშნული დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს სათანადოდ არ გამოუკვლევიათ და არ დაუდგენიათ უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირის ვინაობა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ დგინდება ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს ი. მ-ეს დაჯარიმებამდე ჰქონდათ მცდელობა დაედგინათ უშუალოდ სამართალდამრღვევის განმახორციელებელი პირის ვინაობა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. მ-ეს დაჯარიმების ნაწილში, ცალსახად სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.
რაც შეეხება შენობა-ნაგებობის დემონტაჟის დავალებას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამ ნაწილშიც გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და საფუძვლიანია, რადგან როგორც საქმეზე დგინდება, ი. მ-ეს, როგორც მესაკუთრეს, თავად გააჩნდა მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობის დემონტაჟის ინტერესი ახალი მშენებლობის წარმოების მიზნით, რასთან დაკავშირებითაც, სწორედ მის მიერ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში წარდგენილი განცხადება დემონტაჟის შესახებ გახდა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველი, ხოლო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მოსარჩელის წარმომადგენელი უთითებდა, რომ შენობა-ნაგებობის დემონტაჟი უკვე განხორიცელებული იყო. აღნიშნული გარემოებები კი ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან გამოკვლეული და სათანადოდ შეფასებული არ ყოფილა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ისნპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი