Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1032(კ-22) 20 თებერვალი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარეები - ვ. კ-ე, მ. მ-ე, მ. კ-ე, გ. კ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ივნისის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2021 წლის 20 მაისს ვ. კ-ემ, მ. მ-ემ, მ. კ-ემ და გ. კ-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის №03-900/ო ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის კანონით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - მოსარჩელის ვ. კ-ის ოჯახისათვის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის შესახებ, გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. კ-ის, მ. მ-ის, მ. კ-ის, გ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის №03-900/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდება ვ. კ-ის, მ. მ-ის, მ. კ-ის, გ. კ-ის მოთხოვნა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ივნისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე. კერძოდ, 2020 წლის 24 ნოემბრის მონიტორინგის ოქმზე, რომელშიც წარმოდგენილია მეზობლის ნ. წ-ის განმარტება, სადაც მან მიუთითა, რომ არ იცის სად არის მოსარჩელის მეუღლე, ხოლო შვილები ცხოვრობენ ბებიასთან. ამას გარდა, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებმა არაერთხელ განხორციელეს მონიტორინგი, როგორც სადავო მისამართზე, ისე ბებია-ბაბუასთან. რის შემდეგაც დადგინდა, რომ მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობს ბებიასთან. სასამართლომ მხოლოდ ის ფაქტები მიიღო მხედველობაში, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია უძრავი ქონება და ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის ოჯახი ცხოვრობს ბებია-ბაბუას სახლში.

კასატორის მოსაზრებით, ასევე არამართებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ სააგენტომ ბრძანების მიღებისას არ გაითვალისწინა ბავშვების ინტერესები და განმარტავს, რომ მოცემულ კრიტერიუმში განაცხადს ქულა აქვს მინიჭებული. გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტომ ბუნებრივია გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელის შვილები ცხოვრობენ ბებიასთან ქ. თბილისში, საჭილაოს ქუჩაზე.

კასატორის განმარტებით, სააგენტოს მოსარჩელის საკითხზე, როგორც სახელმწიფო საკუთრებაში მცხოვრებზე არ უმსჯელია. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის ოქმში დაშვებულ იქნა ტექნიკური უსწორობა, რომელიც გასწორდა და სასამართლოს წარედგინა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის შესწორებული სხდომის ოქმი. სასამართლომ კი, აღნიშნულ გარემოებას ყურადღება არ მიაქცია და იმსჯელა თავდაპირველად წარმოდგენილ სხდომის ოქმთან დაკავშირებით. ბუნებრივია სახელმწიფოს, მოცემულ შემთხვევაში კი, სააგენტოს, აქვს ვალდებულება, ყველა დევნილი ოჯახი უზრუნველყოს სათანადო საცხოვრებლით და მათ შეუქმნას ცხოვრებისათვის სრულფასოვანი გარემო, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა მოქმედებდეს კანონმდებლობის სრული დაცვით, დაიცვას თითოეული დევნილის უფლება და უფლებამოსილება განახორციელოს, შესაბამისი კრიტერიუმების, რიგითობის სრული დაცვით და არსებული სტრატეგიის შესაბამისად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია ,,დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 2021 წლის 20 აპრილის №03-900/ო ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის კანონით დადგენილი წესით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული მთავარი მიზანი დევნილებთან მიმართებით მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა. სახელმწიფოს აქვს კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს დევნილი მოსახლეობა. ამავდროულად, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, სახელმწიფომ დევნილი უნდა დააკმაყოფილოს ადეკვატური საცხოვრებლით ნებისმიერ ვითარებაში და რაც მთავარია, ეს პროცესი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა განხორციელდეს. აღნიშნული უფლება გარანტირებულია მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1966 წლის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის მე-11 მუხლით, რომელიც სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას „მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით“ მოახდინოს ამ მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება.

სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია შეიქმნას მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაცია, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია დევნილის სტატუსის ქონასთან. რაც შეეხება უშუალოდ მის უზრუნველყოფას, სახელმწიფომ დევნილ ოჯახს შესაძლოა შესთავაზოს სხვადასხვა ალტერნატივა, მათ შორის, სოციალური საცხოვრებელი, დროებით ქირით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კერძო ინვესტორის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული ერთჯერადი ფულადი დახმარება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრებოდა დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი შეესაბამებოდა გარკვეული რაოდენობის ქულას, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდებოდა. ქულები მითითებული იყო კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებდა, ენიჭებოდა პრიორიტეტი.

ზემოაღნიშნული 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით ასევე დამტკიცებული იყო „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ (დანართი №6) და „სოციალური კრიტერიუმი“ (დანართი №7). დანართებში მოცემული იყო ცალკეული კომპონენტები, რომელთა საფუძველზეც უნდა შეფასებულიყო კონკრეტული დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობა, შესაბამისი ქულების მინიჭებით. მითითებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, შესაბამის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შეფასდეს ოჯახის ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა ყოფითი მდგომარეობა, რადგან ქულათა მინიჭებას არსებითი მნიშვნელობა აქვს და განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პრიორიტეტულობას.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ. კ-ე, მ. მ-ე, მ. კ-ე, არასრულწლოვანი გ. კ-ე, არიან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილები, დევნილობამდე მისამართი: აფხაზეთი, სოხუმი, სოფელი ...ა. დევნილის დროებით საცხოვრებელ ადგილი: თბილისი, ...ის ...ი №37, ...ი, კორპუსი 4.

სსიპ „ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის“ 2019 წლის 15 ნოემბრის SSVA 00024900 ცნობის მიხედვით, ვ. კ-ე არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული - ი. კ-ის ოჯახის წევრი (შვილი). ვ. კ-ე არის ომის მონაწილე, სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით.

2013 წლის 10 სექტემბერს ვ. კ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოვილთა სამინისტროს მისი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით.

საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, 2019 წლის 26 მარტის მდგომარებით, ოჯახი შეფასდა 5.50 ქულით. 1,00 ქულა - 18 წლამდე ასაკის წევრები 2 არასრულწლოვანი; 1.50 ქულა - ომში მონაწილე ომის ვეტერანი; 3.00 ქულა - ომში დაღუპული ოჯახის წევრი/წევრები ი. კ-ე გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს ორი შვილი. განაცხადს აკეთებს მათთან და არადევნილ მეუღლესთან მ. მ-ესთან ერთად. გ. კ-ე დაემატა განცხადების საფუძველზე. ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია: თბილისი, ..., ...ის ...ი №37 ,,ე“, კორპუსი №4. იურიდიული მისამართი: თბილისი, ..., ...ის ...ი №37 ,,...ი კორპუსი 4“.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის №19 ოქმით, კომისიამ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად განიხილა, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი. ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით ვ. კ-ის ოჯახს (სარეგისტრაციო ნომერი ...) უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე (დააკლდა 18 წლამდე ასაკის წევრები 2 – 1 ქულა). სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის №03-900/ო ბრძანებით ვ. კ-ის ოჯახს (განცხადებაში მითითებულ პირებს) ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროებების არ არსებობის გამო უარი ეთქვა, ქალაქ თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.

საკასაციო პალატის განმარტებით, დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი, არსებული კრიტერიუმების შესაბამისად მოცემულ ეტაპზე და არა სხვა რომელიმე ეტაპზე განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელისთვის მინიჭებული ქულა (5.50) საკმარისი იყო მისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის. სხვის საკუთრებაში არსებული ფართით დროებით სარგებლობის შესაძლებლობა არ გულისხმობს ამ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავ შესაძლებლობას, არ ათავისუფლებს სახელმწიფოს მოცემულ ეტაპზე დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულებისაგან.

ასევე საყურადღებოა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განჩინებით გაკეთებული განმარტების შესაბამისად, „..დროებით საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ფართი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას, ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვთ მოსარჩელეებს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა. ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმას იმ მოტივით, რომ არ არსებობდა გადაუდებელი განსახლების საჭიროება მოსარჩელის შვილების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის შესაძლებლობის არსებობის გამო..“ (სუსგ №ბს-900(კ-21), 23.12.2021წ.; №ბს-83(კ-21), 22.07.2021წ.; №ბს-1129(კ-20), 25.03.2021წ.).

საკასაციო სასამართლო დამატებით, მიუთითებს „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. „ბავშვთა უფლებათა კოდექსის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. ზემოაღნიშნული მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაეთვალისწინებინა არასრულწლოვანი შვილების საუკეთესო ინტერესები.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულმა ორგანომ მნიშვნელოვნად დააგვიანა საკითხის გადაწყვეტა (მოსარჩელის ოჯახს საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე განაცხადი შეტანილი აქვს 2013 წელს, ხოლო კომისიაზე საკითხი განიხილეს 2021 წელს), ხოლო ამ პერიოდში ოჯახის არასრულწლოვანი წევრი გახდა სრულწლოვანი, არ შეიძლება ფიზიკური პირის საწინააღმდეგოდ იქნეს გამოყენებული დაყოვნებული პერიოდისას შეცვლილი გარემოება. შესაბამისად, სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას ვ. კ-ისთვის (მისი ოჯახი) მინიჭებული ქულების 1 ქულით შემცირება (დააკლდა 18 წლამდე ასაკის წევრები 2–1 ქულა) უსაფუძვლოა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მტკიცების ტვირთი მოიაზრებს დავის მონაწილე მხარის იურიდიულ მოვალეობას, შეასრულოს გარკვეული პროცესუალური მოქმედება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს გააჩნია არა მხოლოდ საპროცესო-სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა მოსარჩელესთან მიმართებაში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის გამომრიცხავი გარემოებების არსებობა. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობასთან მიმართებაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე