საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-1349(კს-22) 22 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მოსარჩელე - შპს „პ...ი“
მოპასუხე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 11 ივნისს შპს „პ...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, მოპასუხის 2017 წლის 26 დეკემბრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ივნისის განჩინებით შპს „პ...ის“ სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა ხაშურის რაიონულ სასამართლოს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის განჩინებით შპს „პ...ის“ სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, შპს „პ...მა“ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 26 დეკემბრის N2017/26/12 თემატური შემოწმების აქტისა და აღნიშნული აქტის უცვლელად დატოვების შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 7 მაისის N04/26196 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „პ...ის“ სარჩელი; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 26 დეკემბრის N2017/12/26 შემოწმების აქტის მე-3 (დასკვნითი) ნაწილის 8.2 პუნქტი და 44916,48 ლარის ნაცვლად, შპს „პ...ს“ დამატებითი ფინანსური ჯარიმის სახით განესაზღვრა 4491 (ოთხიათას ოთხასოთხმოცდათერთმეტი) ლარი და 65 თეთრი; შესაბამის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურებისსააგენტოს 2018 წლის 7 მაისის N04/26196 გადაწყვეტილება შპს „პ...ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებად საქმეზე დადგინდნენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლზე, ასევე „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის N487 დადგენილების 1.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ერთიანი მაკონტროლებელი ორგანოს ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით ფუნქცია/მოვალეობები, შესაბამისი რესურსით, 2019 წლის 1 ნოემბრიდან გადაეცა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დაევალა შესაბამისი წლ(ებ)ის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუსწავლელი შემთხვევების შესწავლა (კონტროლი/რევიზია), კანონმდებლობის შესაბამისად. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ უნდა უზრუნველყოს მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით).
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-3 მუხლის თანახმად, 2020 წლის პირველ სექტემბრამდე პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო 2020 წლის 1 სექტემბრიდან - სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, გარდა 1.8 დანართის მეორე პუნქტისა. 1.8 დანართის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველყოფა ევალება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს N509 დადგენილების მეორე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ გამოცხადდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. ამასთანავე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულებაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 18 აგვისტოს N01-92/ნ ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე სააგენტოს მიზნიდან ამოღებულ იქნა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა, ხოლო ფუნქციებიდან ამოღებულ იქნა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების განხორციელება. ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით არსებული ფუნქციები და უფლება-მოვალეობები სრულად გადაეცა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეებად უნდა დადგინდნენ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის N487 დადგენილების პირველი მუხლის „გ“ პუნქტის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით ფუნქცია/მოვალეობები შესაბამისი რესურსით გადაეცა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. ამავე პუნქტით დადგინდა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ უნდა უზრუნველყოს მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით). საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის N487 დადგენილებით პირდაპირ განიმარტა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ (დღეის მდგომარეობით - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ, სამართალმემკვიდრემ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით) უნდა უზრუნველყოს მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება (მათ შორის - ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით). კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ჩართულობა გულისხმობს არა საქმეზე რაიმე სახით, რეგულირების სააგენტოს მხარედ ჩაბმას, არამედ იმ თანამშრომელთა ჩართულობას, რომლებიც ზემოაღნიშნული დადგენილების მიღებამდე ირიცხებოდნენ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, იყვნენ აღნიშნული იურიდიული პირის თანამშრომლები და საჭიროების შემთხვევაში, ჩაერთვებიან სპეციალისტის სახით (პრაქტიკაშიც, ანალოგიურ საქმეებზე რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები ჩართულები იყვნენ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებულ წარმოებაში).
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-3 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (დღეის მდგომარეობით - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, სამართალმემკვიდრე ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით) წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს „პროგრამის“ განმახორციელებელს. იგი უფლებამოსილია განკარგოს აღნიშნული მომსახურების უზრუნველყოფისათვის გამოყოფილი თანხები. შესაბამისად, საჯარიმო სანქციის ფარგლებში ჩამოჭრილი (ამოღებული) თანხების განკარგვა, დაბრუნება და ა.შ. არის მისი კომპეტენცია და განსახილველ დავაში სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო არ წარმოადგენს უფლებამოსილ ორგანოს. რეგულირების სააგენტოს არ ჰქონია და არც აქვს წვდომა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსახორციელებელ ასიგნებებთან. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-191 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, მიმწოდებლის მიმართ პროგრამის ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოყენებული საჯარიმო სანქციები განიხილება, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის/სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტის სასარგებლოდ შესასრულებელი ფულადი ვალდებულება (გადასახდელი). ამ მუხლის საფუძველზე, განისაზღვრება პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე ორგანოებისა და მიმწოდებლის შეთანხმება, საჯარიმო სანქციების დაკისრების თაობაზე შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილების (გადაწყვეტილება, ოქმი, აქტი) გასაჩივრების, განხილვისა და აღსრულების პირობები. აღნიშნული ნორმა ცალსახად მიუთითებს, რომ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ განმახორციელებელი და აღმასრულებელი არის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (დღეის მდგომარეობით - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, სამართალმემკვიდრე ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით). ამდენად, ამ ნაწილში სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ვერ ჩაითვლება უფლებამონაცვლედ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრის N487 დადგენილების შესაბამისად, სააგენტოს გადაეცა ადმინისტრირების მხოლოდ ერთი ნაწილი, რაც ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან განხორციელებულ კონტროლის ფუნქციას გულისხმობს და არა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ადრე განხორციელებული კონტროლის შედეგად შედგენილ აქტებთან მიმართებაში ადმინისტრაციულ და სასარჩელო წარმოებაში უფლებამონაცვლეობას. საგულისხმოა, რომ საუბარია წარსულში არსებული საქმეების დასრულებაზე და არა დღეის მდგომარეობით განხორციელებულ ან მომავალში განსახორციელებელ კონტროლის ღონისძიებებზე.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოცემულ საქმეზე სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული აქვს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (დღეის მდგომარეობით - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო). შესაბამისად, მანვე უნდა შეასრულოს და აღასრულოს სასამართლოს მიერ სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილება, სადაც სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო შეიძლება ჩაერთოს სპეციალისტის სახით.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის გაუგებარია, რას ემსახურება სასამართლოს მხრიდან მისი უფლებამონაცვლედ ჩაბმა, იმ პირობებში, როდესაც სააგენტოს არ გამოუცია სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მათ სამართლებრივ შედეგებზეც პასუხისმგებელი ვერ იქნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინების კანონიერების შემოწმება იმ ნაწილში, რომლითაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 10 ოქტომბერს მიიღო N487 დადგენილება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გადანაწილებასთან/განხორციელებასთან დაკავშირებით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“. აღნიშნული დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ერთიანი მაკონტროლებელი ორგანოს ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების კონტროლის მიმართულებით ფუნქცია/მოვალეობები, შესაბამისი რესურსით, 2019 წლის 1 ნოემბრიდან გადაეცა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს. ამავე მუხლში მითითებულ იქნა, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი წლ(ებ)ის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შეუსწავლელი შემთხვევების შესწავლა (კონტროლი/რევიზია), კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ უნდა უზრუნველყოს მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით).
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს N509 დადგენილებით დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, რომელსაც ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით გადაეცა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქციები და უფლება-მოვალეობები („საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს N509 დადგენილების მეორე მუხლის პირველი პუნქტი). ამდენად, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ოქტომბრი N487 დადგენილებაში მითითებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნაცვლად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული, მიმდინარე (დაწყებული) კონტროლის ღონისძიებების დასრულება (მათ შორის, ადმინისტრაციული საჩივრის/სასამართლო წარმოებისას, საჭიროებისამებრ, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩართულობით).
განსახილველი დავის საგანი უკავშირდება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ზედამხედველობის ფარგლებში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლის განხორციელებას და შესაბამისი შემოწმების შედეგების კანონიერებას. ამდენად, მითითებული ნორმების ანალიზისა და განსახილველი დავის შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით გაკეთებული დასკვნები, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიჩნევის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიჩნევის ნაწილში კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე, 284-285-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ოქტომბრის განჩინება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიჩნევის ნაწილში;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე