Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1367(კ-22) 22 თებერვალი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ს-ა).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ს-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) მიმართ „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის N04-2374/ო ბრძანების ბათილად ცნობისა და მინიჭებული ქულების მიუხედავად, კრიტერიუმების გარეშე, მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. ს-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ზ. ს-ას მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. ს-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ზ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის N04-2374/ო ბრძანება, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზ. ს-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ზ. ს-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი (სარეგისტრაციო ნომერი: ...), რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო აფხაზეთი, გაგრა, ...ე, ...ას ქ. №6, ხოლო დროებითი საცხოვრებელი ადგილია (რეგისტრაციის ადგილი): თბილისი, სამგორი, ...ის ქ. 26, ბინა 28, „...ი“. ამასთანავე, დადგენილია, რომ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქ. №26 „...ის“ შენობა წარმოადგენს ნგრევად და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველ ობიექტს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ კრიტერიუმების გარეშე განიხილა ზ. ს-ას დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი. სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2374/ო ბრძანებით, კომისიის სხდომის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 ოქმის საფუძველზე, მოსარჩელის ოჯახს საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი ფაქტობრივად არ ცხოვრებისა და ქ. თბილისში, ...ის „ა“ მ/რ., მე-3 კორპუსის მიმდებარედ, N82 (მშენებარე) ბინის საკუთრებაში არსებობის გამო. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2019 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით ზემოაღნიშნული უძრავი ქონება არ წარმოადგენდა ზ. ს-ას საკუთრებას.

პალატამ აღნიშნა, რომ დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. იმავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტზე მითითებით პალატამ აღნიშნა, რომ დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (შემდგომ – გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. პალატა მიუთითა, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდებოდა სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის“ შესაბამისად. მითითებული წესის N1 დანართის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სასამართლოს სხდომაზე ზ. ს-ას მიერ გაკეთებულ განმარტებაზე იმის შესახებ, რომ იგი ერთ წელზე მეტია მუშაობს ბათუმში მშენებლობაზე, რის გამო ოჯახთან ერთად ცხოვრობს ბათუმში, ქირით, მაგრამ პერიოდულად, როდესაც ჩამოდის თბილისში, ცხოვრობს რეგისტრაციის მისამართზე, მდებარე - ქ.თბილისი, ...ის ქუჩა N26, ბ.28., „...ი“. იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის მოწმობების, აღწერის ფორმის, შპს ,,თ...ოს“ აბონენტის ბრუნვის ისტორიის, „...ის“ შენობაში მცხოვრები ლ. ჭ-ას და გ. მ-ის წერილობითი განმარტების (დასტური), თავად მოსარჩელე ზ. ს-ასა და მისი წარმომადგენლის განმარტებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დასტურდება ზ. ს-ას დევნილ ოჯახის 2002 წლიდან ქ.თბილისში, ...ის ქუჩა N26, ბ.28., „...ის“ შენობაში ცხოვრების ფაქტი. პალატის მოსაზრებით, აღნიშნულს ადასტურებს აგრეთვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რომლის შესაბამისად მოსარჩელე ამომრჩევლად რეგისტრირებულია მისამართზე: ქ.თბილისი, სამგორი, ...ის ქ. №26 („...ი“). სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს, რომ აღნიშნული ობიექტი არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ნგრევადი და/ან საცხოვრებლად უვარგისი ფართი, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს გააჩნია კანონისმიერი მოსარჩელე დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება მოსარჩელე ზ. ს-ას მიერ საკუთარი სახსრებით საცხოვრებელი ფართის შეძენის ფაქტი.

სააპელაციო სასამართლომ საკასაციო პალატის დადგენილ პრაქტიკაზე მითითებით აღნიშნა, რომ ნგრევად ობიექტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას. პირისათვის ნგრევად-საშიშ ობიექტში ცხოვრების დავალდებულება (როგორც დაკმაყოფილების აუცილებელი პირობა) თავის მხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით განმტკიცებულ ადამიანის უფლებებს.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2019 წლის სექტემბერში ამოქმედდა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რომლის მიზანია ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობით. ამ კოდექსის მე-3 მუხლის „თ“ პუნქტით განმარტებულია ბავშვის საუკეთესო ინტერესები, როგორც ბავშვის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, საზოგადოებრივი, ზნეობრივი და სხვა ინტერესები, რომლებსაც პრიორიტეტულად განსაზღვრავს მშობელი ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, მისი მონაწილეობით და მისი მოსაზრების გათვალისწინებით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას, თუმცა ზემოაღნიშნული, სადავო გადაწყვეტილების გამოცემისას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, არ იქნა გათვალისწინებული.

ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზიანს აყენებს და ზღუდავს მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კანონიერ უფლებას, შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოსარჩელის მიმართ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორის მითითებით, სადავო, ნგრევადსაშიშ შენობაში მოსარჩელის რეგისტრაციის ფაქტი არ ადასტურებს მის აღნიშნულ ფართში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტს. ხსენებულს ადგენს სააგენტო მისამართზე ვიზიტითა და მოსახლეობის აღწერით. სწორედ აღწერის მასალებით დასტუდება მოსარჩელის ოჯახის სადავო მისამართზე არცხოვრების, ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობის ფაქტები. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი გამოკვლეულია სრულყოფილად, ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება მის მართებულობაში დარწმუნების შემდგომ მიიღო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) მე-6 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადადწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა, ხოლო განსახილველ საქმეში, კასატორის მოსაზრებით, არ დადგინდა მოსარჩელის ოჯახის საჭიროების პრიორიტეტულობა ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობისა და ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო. ამდენად, კასატორი თვლის, რომ სააგენტომ მართებულად არ დააკმაყოფილა ფართით მოსარჩელე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 08 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ რომ მოსარჩელე ზ. ს-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი (სარეგისტრაციო ნომერი: ...), რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო აფხაზეთი, გაგრა, ...ე, ...ას ქ. №6, ხოლო დროებითი საცხოვრებელი ადგილია (რეგისტრაციის ადგილი): ქ. თბილისი, სამგორი, ...ის ქ. 26, ბინა 28, „...ი“. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ კრიტერიუმების გარეშე განიხილა ზ. ს-ას დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი. სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2019 წლის 29 ნოემბრის №04-2374/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 სხდომის ოქმის საფუძველზე, მოსარჩელის ოჯახს საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი ფაქტობრივად არცხოვრებისა და ქ. თბილისში, ...ის „ა“ მ/რ., მე-3 კორპუსის მიმდებარედ, N82 (მშენებარე) ბინის საკუთრებაში არსებობის გამო.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქ. №26 „...ის“ შენობა წარმოადგენს ნგრევად და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველ ობიექტს (ს.ფ.61).

2019 წლის 10 ივნისის აღწერის ფორმით დგინდება, რომ მოსარჩელის ოჯახს სადავო ფართი დაკავებული აქვს 2002 წლიდან, მონიტორინგის დროს ოჯახი მისამართზე არ იმყოფებოდა. 2019 წლის 27 მარტის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, ქ. თბილისში, ...ის „ა“ მ/რ., მე-3 კორპუსის მიმდებარედ, N82 ბინის მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო მოსარჩელე ზ. ს-ა. ხსენებულ მისამართზე 2019 წლის 27 აგვისტოს განხორციელდა მონიტორინგი, რომლითაც დადგინდა, რომ კორპუსი იყო ახალი აშენებული, ბინაში არავინ იმყოფებოდა, სავარაუდოდ, ბინა სარემონტო იყო.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2019 წლის 27 მარტის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან ქ. თბილისში, ...ის „ა“ მ/რ., მე-3 კორპუსის მიმდებარედ, N82 ბინა, 4 თვის განმავლობაში, რეგისტრირებული იყო ზ. ს-ას სახელზე, თუმცა მოსარჩელის განმარტებით,ზემოაღნიშნული ბინა ეკუთვნის მის დას და დისშვილებს, რომლებიც ცხოვრობენ საბერძნეთში, ზ. ს-ას დახმარებითა და სახელით შეიძინეს უძრავი ქონება სესხით, რომლის დასაფარად თანხას უგზავნიან მოსარჩელეს. ზემოაღნიშნული ქონება 2019 წლის 22 ივლისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, აღირიცხა სხვა პირის საკუთრებაში, ამდენად, სადავო პერიოდში, ქ. თბილისში, ...ის „ა“ მ/რ., მე-3 კორპუსის მიმდებარედ არსებული N82 ბინა არ წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას (ს.ფ.100-103, ს.ფ. 78).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეების ოჯახის ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადგენისას ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო მხოლოდ მონიტორინგის ოქმს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე, ოჯახთან ერთად, დროებით, ობიექტური მიზეზით იმყოფებოდა სხვა მისამართზე, არ წარმოადგენს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველს. ნგრევად ობიექტში ცხოვრებისას პირი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ნგრევად ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას. პირისათვის ნგრევად-საშიშ ობიექტში ცხოვრების დავალდებულება, როგორც დაკმაყოფილების აუცილებელი პირობა, თავის მხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით განმტკიცებულ ადამიანის უფლებებს. მოცემულ საქმეში დადასტურებულია სადავო შენობის საცხოვრებლად უვარგისი პირობების არსებობა, შესაბამისად, შემოწმების მომენტში მოსარჩელის დროებით სხვა მისამართზე დაფიქსირება არ უნდა წარმოადგენდეს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის ფლობის თაობაზე დასკვნის გაკეთების საფუძველს. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც შპს ,,თ...ო-ს“ მონაცემთა ბაზის მიხედვით, აბონენტი (N...) ზ. ს-ას ბრუნვის ისტორიის შესაბამისად (მისამართი - ქ. თბილისი, ...ის ქუჩა 26, ბინა N28), 2018 წლის 17 დეკემბრიდან 2022 წლის 11 იანვრის ჩათვლით, ფიქსირდება ელექტროენერგიის მოხმარება და საფასურის გადახდა (ს.ფ. 149-153). 2022 წლის 16 თებერვლის სს „თ...ის“ წერილით დგინდება, რომ N... სააბონენტო ბარათი გახსნილია 2011 წლის 9 ნოემბერს და მასზე აბონენტად რეგისტრირებულია ს-ა ზ. (მის: ქ. თბილისი, ...ის ქ.26, მე-2 სართ., ბ.28) (ს.ფ. 160). გასათვალისწინებელია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის წარმოდგენილი ზემოაღნიშნული გარემოებების გამომრიცხველი რაიმე მტკიცებულება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაადასტურა მოსარჩელესთან მიმართებაში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის გამომრიცხავი გარემოებების არსებობა. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უკანონოა, შესაბამისად, არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ზ. ს-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე