№ბს-1230 (კ-22) 22 თებერვალი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ს. ს. ა. ქ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. ს. ა. ქ-იმ 2021 წლის 10 ნოემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, „ს. ს. ა. ქ-ის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 12 ოქტომბრის №1000763206 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ს. ს. ა. ქ-ისათვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით, ს. ს. ა. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 12 ოქტომბრის №1000763206 გადაწყვეტილება; სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ს. ს. ა. ქ-ისათვის საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ივლისის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი იქნა შესაბამისი ინფორმაცია მოსარჩელის თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის გაცნობის შედეგად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია ადასტურებდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი არ შეიცავდა ისეთი შინაარსის ინფორმაციას, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მიზანშეუწონლობას სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად, ასევე არ დასტურდებოდა მისი მხრიდან ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც საფრთხეს უქმნიდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მართალია გამოიყენა საქართველოს კანონი "უცხოელთა და სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ", თუმცა, არასწორად განმარტა იგი. სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, ადმინისტრაციული ორგანო, საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირების მიზნით, იკვლევს და გამოითხოვს მტკიცებულებებს, რომელიც ხდება გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ "კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია, რის გამოც კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში მოპოვებული მასალები და დოკუმენტაცია წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად. აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება არ ჯდება სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში. როდესაც არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, გაურკვეველია კიდევ რა საფუძველი უნდა დაედგინა სააგენტოს და სათანადოდ დაესაბუთებინა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებიდან დაუდგენელია რომელი კანონის რა მოთხოვნა დააღვია სააგენტომ, რაც შესაძლოა გამხდარიყო 2021 წლის 12 ოქტომბრის №1000763206 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს დაევალა წერილობითი ინფორმაციის/მასალების (მათ შორის საიდუმლო) წარმოდგენა, რომელიც საფუძვლად დაედო რომელიც საფუძვლად დაედო სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 12 ოქტომბრის №1000763206 გადაწყვეტილებას ს. ს. ა. ქ-ისთვის (...) (დაბ: ... წ., პასპორტის ნომერი: ...) ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს ს. ს. ა. ქ-ისთვის საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი, რომლის მე-15 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბინადრობის ერთ-ერთი სახეა ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით, რომელიც გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე. ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას ასევე თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის პირველი სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაციას.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, რომლის თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია, ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას.
დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, 2021 წლის 14 სექტემბერს №1000763206/1 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და ითხოვა ეცნობებინა - არსებობდა თუ არა ს. ს. ა. ქ-ის ოჯახის გაერთიანების მიზნით საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2021 წლის 7 ოქტომბრის №SSG 2 21 00143301 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნდა ს. ს. ა. ქ-ის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემა.
განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 12 ოქტომბრის №1000763206 გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ს. ს. ა. ქ-ის 2021 წლის 13 სექტემბრის №1000763206 განცხადება და მას უარი ეთქვა ოჯახის გაერთიანების მიზნით საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. განცხადების განხილვისას დადგინდა, რომ მის მიმართ არსებობდა ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ”ა” და ”გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად, განმცხადებელს უარი ეთქვა საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. აღნიშნული ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად კი, სააგენტო უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. თუმცა, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს მიერ 2022 წლის 25 ნოემბრის №ბს-1230(კ-22) განჩინებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო ს. ს. ა. ქ-ისთვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლად მიჩნევას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არსებითია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხები, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ, ზოგადად, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ ინფორმაციას დაეყრდნოს და მხოლოდ მის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ, მასში მითითებული ცნობები გარკვეულ შემთხვევებში არის კონკრეტული და პირდაპირ მიუთითებს ისეთ გარემოებებზე, რომელიც სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების რისკის არსებობაზე დასაბუთებულ ეჭვს იწვევს და აბსოლუტურად საკმარისი არის პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა საიდუმლო მასალებში მითითებული ინფორმაცია იყოს ზოგადი, შეიცავდეს საფრთხის მხოლოდ აბსტრაქტულ ფორმულირებას, არ ქმნიდეს ზემოხსენებული ინტერესებისთვის საფრთხის მიყენების საფუძვლიან ეჭვს და მოითხოვდეს დამატებით სხვა გარემოებების მხედველობაში მიღებასა და ერთობლივ გამოკვლევას. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთება ისეთი გარემოებების არსებობა, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიმართ საქართველოში ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობას სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს. ს. ა. ქ-ისთვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ „კასატორის მითითება, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნის არსებობის პირობებში იგი ვერ მიიღებდა დადებით გადაწყვეტილებას, რადგან მოკლებულია დეპარტამენტის დასკვნის გაცნობისა და რევიზიის შესაძლებლობას, არ ასაბუთებს სადავო აქტის კანონიერებას, რადგან „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონით დადგენილია სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების წესი, შესაძლებელია სახელმწიფო საიდუმლოებასთან, როგორც სახელმწიფო ორგანოს, ასევე ინდივიდუალური დაშვების უზრუნველყოფა (მე-19, მე-20 მუხ.). სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს დაშვება გაიცემა იმ სახელმწიფო ორგანოზე, დაწესებულებაზე, რომელსაც აქვს ფიზიკური, ტექნიკური და ორგანიზაციული შესაძლებლობა, სათანადოდ მოეპყრას სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას და აქვს ასეთი ინფორმაციის გაცნობის საჭიროება (19.1 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანოა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლის დასკვნაც არის სააგენტოს გადაწყვეტილების განმსაზღვრელი ერთ-ერთი და არა ერთადერთი ფაქტორი, დაინტერესებული პირისათვის სამართლებრივ შედეგს იწვევს არა კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა, არამედ საქმის გარემოებების გამოკლვევის, მათ შორის აღნიშნული დასკვნის შეფასების შედეგად სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევის გარეშე მიღების შესაძლებლობას. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის განმარტება ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობის შესახებ კონკრეტულ დასკვნას ემყარება, შესაბამისად, სააგენტო ვალდებულია მოქმედი ნორმატიული მოწესრიგების ფარგლებში, თავის უფლებამოსილებათა კანონშესაბამისად შესასრულებლად, განახორციელოს სათანადო მოქმედებები შესაბამისი დასკვნის შინაარსთან დაშვების უზრუნველყოფის მიზნით, რადგან საკითხის კანონშესაბამისად გადასაწყვეტად მას ესაჭიროება ამ საიდუმლო ინფორმაციის გაცნობა. წინააღმდეგ შემთხვევაში სააგენტოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არამართლზომიერი იქნება ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ბინადრობის გაცემის მიზანშეუწონლობის საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელ დასკვნას მიიღებს. მხოლოდ ის გარემოება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს წერილის თანახმად, უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონელია, არ ასაბუთებს სააგენტოს გადაწყვეტილების საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად მიღებას. სასამართლო არ ავალებს სააგენტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის რევიზიას, თუმცა სააგენტო, სამსახურებრივი ფუნქციებიდან გამომდინარე, როგორც აქტის გამომცემი ორგანო, უნდა იცნობდეს და შეფასებას აძლევდეს აქტის დასაბუთებას ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზნებისათვის ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 იანვრის ბს-1190(კ-21) განჩინება).
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) საკასაციო საჩივარზე 04.08.2022 წ. საგადახდო მოთხოვნა №573047-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ივლისის განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 04.08.2022 წ. საგადახდო მოთხოვნა №573047-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი