Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-928(კ-22) 22 თებერვალი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 408-ე მუხლების შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს „ფ...ას“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მესამე პირები - მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია, შპს „ს...ა“, სოფლის მეურნეობის სამინისტრო).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინებით შპს „ფ...ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 სექტემბრის განჩინებით შპს „ფ...ას“ საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი - წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის „თ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს. კასატორს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რომელიც მითითებული პუნქტის შესაბამისად, საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს 300 ლარს. შესაბამისად, კასატორს განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში დაევალა ხარვეზის შევსება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 სექტემბრის განჩინება შპს „ფ...ას“ წარმომადგენელს - ი. კ-ეს (იხ.მინდობილობა ტ.1, ს.ფ.31) პირადად ჩაბარდა 2022 წლის 22 სექტემბერს. ამდენად, საკასაციო პალატის 2022 წლის 9 სექტემბრის განჩინებით დადგენილი 7-დღიანი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 23 სექტემბერს.

დადგენილ 7-დღიან ვადაში კასატორს ან მის წარმომადგენელს სასამართლოსთვის არ მოუმართავთ არც ხარვეზის გამოსწორების და არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების მიზნით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ფ...ას“ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ფ...ას“ საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე