Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-684(კ-21) 21 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ნ. გ-ე
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. გ-ემ 2018 წლის 18 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიმართ და მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა „ფუნდამენტური კვლებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული და რანჟირებული სიების დამტკიცების შესახებ“ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 14 დეკემბრის N172 ბრძანების ნ. გ-ის შეფასების ნაწილში ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის შესაბამის ექსპერტთა მიერ პროექტის შეფასებისთვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირების დავალება ნ. გ-ის ნაშრომთან მიმართებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მარტის განჩინებით, ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის N84 დადგენილებით დამტკიცებული „ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ დანართი N1-ის მე-9 მუხლი, რომლის თანახმად, კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი რეგისტრირებული პროექტები შესაფასებლად გადაეცემა დამოუკიდებელ ადგილობრივ ან/ და უცხოელ ექსპერტებს, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, ფონდმა ვერ უზრუნველყო გამცხადებლის ნაშრომის შეფასება სფეროს ექსპერტის მიერ, კერძოდ ნაშრომი არ შეფასებულა ქიმიის დარგის სპეციალისტის მიერ, რომლის საექსპერტო სფეროა ანალიზური ქიმია (ჰიდროქიმია), შესაბამისად, სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 17 დეკემბრის N172 ბრძანება ნ. გ-ის შეფასების ნაწილში არ ცნო ბათილად. ფონდი სადავო ქტის გამოცემისას ხელმძღვანელობდა მითითებული დადგენილებით, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდთან, CRDF Global-თან დადებული ხელშეკრულებით, რომლის თანახმადაც CRDF Global-ს დაევალა ექსპერტების შერჩევის უზრუნველყოფა და აიღო ვალდებულება, რომ ყველა შემფასებელი წარმოადგენდა შესაბამისი დარგის სპეციალისტს.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, მართალია, ხსენებული ვალდებულება CRDF Global-ს შოთა რუსთაველის ფონდის წინაშე აქვს აღებული, მაგრამ იგულისხმება, რომ შესაბამის ვალდებულებას ფონდი იღებს კონკურსანტის წინაშე. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ უგულვებელყო ეს ფაქტობრივი გარემოება, არასწორად განმარტა კანონი და 2017 წლის 14 დეკემბრის N 172 ბრძანება ნ. გ-ის შეფასების ნაწილში უსაფუძვლოდ მიიჩნია კანონიერად; კერძოდ, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ CRDF Global უზრუნველყოფს საპროექტო განაცხადების შეფასებას დისციპლინების/ქვე-დისციპლინების კვალიფიციური ექსპერტების მიერ პროექტის შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე და წარმოადგენს ქულებს ქვე-კრიტერიუმების მიხედვით. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას მონაწილე ექსპერტების კომპეტენტურობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც საპროექტო განაცხადების შემფასებლების საექსპერტო სფეროებს წარმოადგენს ფიზიკური გეოგრაფია, გეოფიზიკა და გეო-გარემოს ინჟინერია, ხოლო მოსარჩელის მიერ განცხადებაში ქვე-დისციპლინად მითითებულია 7.1 საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ხოლო დამატებით მიმართულებებად N2 1.4. ქიმიის მეცნიერებები, ანალიზური ქიმია, გაუგებარია სასამართლოს მიერ აქტის კანონიერად მიჩნევა და განმარტება იმის თაობაზე, რომ პროექტი შეაფასეს კომპეტენტურმა ექსპერტებმა, რადგან ექსპერტების შერჩევის საფუძველს წარმოადგენს გამცხადებლის მიერ მითითებული სამეცნიერო მიმართულელების ძირითადი კლასიფიკატორი, კერძოდ, საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლო თავისი მსჯელობით უგულვებელყოფს გამცხადებლის ნების გამოვლენის ნამდვილობას. ვინაიდან ფონდის მიერ დადგენილი კლასიფიკატორი არ არის სრულყოფილი, გამცხადებელმა გამოიყენა ანალოგია. ანუ, საბუნებისმეტყველო მეცნიერების გრაფიდან დააზუსტა 1.4. ქიმიის მეცნიერებები ანალიზური ქიმიის მიმართულება. მის მიერ შევსებული განაცხადით, N... კი ვლინდება მისი ნების გამოვლენის ნამდვილობა (საქმეში იხ. განაცხადი). შესაბამისად, კლასიფიკატორის გაცნობაზე ხელის მოწერით ის ზუსტად და კონკრეტულად ირჩევს ნაშრომის მიმართულებას და ქვე-მიმართულებას. ის ფაქტი, რომ პროექტმა წარმატებით ხარვეზისა და შენიშვნების გარეშე გაიარა, ცხადყოფს გამცხადებლის კვალიფიკაციაზე და კეთილსინდისიერებაზე.
ვინაიდან, ექსპერტის/დამოუკიდებელ ექსპერტთა ვინაობა კონფიდენციალურია მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, აპლიკანტი მოკლებულია შესაძლებლობას დამატებით მოიძიოს ინფორმაცია, რამდენად დარგის მიერი ექსპერტების მიერ იქნა შეფასებული მისი პროექტი. 2018 წლის 26 მარტს მოსარჩელემ სასამართლოს გზით გამოთხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ სფეროებში მოღვაწეობდნენ შემფასებელი ექსპერტები. დადგინდა რომ ექსპერტის N... საექსპერტო სფეროა: გეოფიზიკა და გეო-გარემოს ინჟინერია, რომელიც ორიენტირებულია ტრანს-საზღვაო წყლის კონვენციის, მონიტორინგისა და წყლის რესურსების მარვის საკითხებზე. სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ შედგენილი კლასიფიკატორის (ფორმა N10) თანახმად, საექსპერტო სფეროა 1.5 დედამიწის და მასთან დაკავშირებული გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები. ექსპერტი N... საექსპერტო სფეროა: ფიზიკური გეოგრაფია სპეციალობით მტკნარი წყლის მონიტორინგი და ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია. სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ შედგენილი კლასიფიკატორის (ფორმა N10) თანახმად, საექსპერტო სფეროა 1.5 დედამიწის და მასთან დაკავშირებული გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები. ექსპერტების მიერ დადებული შეფასებები დიამეტრიულად განსხვავებულია ერთმანეთისგან, დადგენილი კრიტერიუმების და ქვე-კრიტერიუმების მიხედვითაც აცდენილია ერთმანეთის კვლევითი შეფასების (6 ქულიანი სისტემა) ქულობრივი გამოხატვა და მათი სიტყვიერი განმარტებებიც. მაგალითად ექსპერტი N... საპროექტო წინადადების პირველ კრიტერიუმს - თემატიკის აქტუალურობა, სიახლე და პრობლემის ფორმულირება საერთოდ არ აფასებს, წერს 0 ქულას, ხოლო იგივე მასალაზე მეორე ექსპერტი N..., თვლის რომ თემა არის აქტუალური, პერსპექტიული და ძალიან კარგი. ასეთი მიდგომა გრძელდება პროექტის შეფასების ყოველ პუნქტში. საბოლოოდ ვღებულობთ 15 ქულას და 37 ქულას შესაბამისი რეზიუმეთი: პირველი თვლის (15 ქულა) - იმდენად სუსტია, შეფასებას არ იმსახურებს. ხოლო მეორე თვლის (37 ქულა), რომ - აზრით ძალიან კარგია და სამომავლოდ გასაგრძელებელ თემად მიიჩნევს (მთელი სამი გვერდია დასაბუთება).
ასეთ დროს როცა შეფასებები ურთიერთ გამომრიცხავია, დამოუკიდებელ ექსპერტს უნდა გადაეგზავნოს ნაშრომი ალტერნატიული დასკვნის მოსამზადებლად და ეს ფონდის უშუალო ვალდებულებაა. ნათელია, რომ პროექტი შეფასებულია არა დარგის მიერი ექსპერტების მიერ, ვინაიდან ისინი ვერ ჩაწვდნენ წარმოდგენილი თემის კვლევის არსს, დადეს რადიკალურად ურთიერთგამომრიცხავი შედეგები, რაც აპლიკანტს ეჭვს უჩენს, რომ ნაშრომი შეაფასა არა დარგისმიერმა სპეციალისტებმა. არ შეიძლება ექსპერტს ქონდეს საპროექტო განაცხადის თემატიკისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია, რადგან ეს არის კონკურსის დადგენილი წესის დარღვევა (ინტერესთა კონფლიქტის გამოვლენა).
კასატორის განმარტებით, მოპასუხეს არ წარმოუდგენია სასამართლოში მტკიცებულებად შემფასებელ ექსპერტთა ნაშრომები, რომ მომხდარიყო მათი საექსპერტო დარგის შესწავლის გამოვლენა. მიუხედავად არაერთი შუამდგომლობისა, ამ საკითხზე არ მომხდარა არცერთი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყურადღების გამახვილება, რაც პროცედურული დარღვევაა, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით (საქმეზე N1/4/757 საქართველოს მთავრობა გიორგი კერვალიშვილის წინააღმდეგ) დაადგინა „ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის N84 დადგენილების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში ნორმის არაკონსტიტუციურობა, ანუ გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ექსპერტთა ვინაობა არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური, ეს სცდება პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზანს და ზღუდავს საჯარო ინფორმაციის ღიაობის წესს, რაც დაუშვებელია. ექსპერტთა ვინაობა, როგორც ამას ითვალისწინებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 21-ე მუხლის მე-6 ნაწილი, უნდა იქნეს მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში. ყოველივე ეს ცნობილი იყო მოპასუხე მხარისთვის, თუმცა პროცესზეც და ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზეც მიუთითებდნენ ექსპერტთა ვინაობის კონფიდენციალურობაზე და ამ საფუძვლით არ წარმოადგინეს ექსპერტთა შრომები. ექსპერტთა შრომები, სასამართლოს დაეხმარებოდა ჭეშმარიტების დადგენაში, რამდენად დარგისმიერი ექსპერტების მიერ მოხდა ნაშრომის შეფასება. მათ მიერ წარმოდგენილი წერილებიდან ნათლად ირკვევა, რომ სამეცნიერო მიმართულებების შესაბამისობა სახეზე არ გვაქვს. სასამართლო არ იყო კომპეტენტური შეეფასებინა მტკიცებულება სპეციალური ცოდნის მქონე პირის მოსაზრებების გარეშე, რაც პროცედურული დარღვევაა. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოწვეული სპეციალისტებიდან ვერცერთმა ერთმნიშვნელოვნად ვერ თქვა, შეიძლებოდა თუ არა საკონკურსო პროექტის შემფასებელ ექსპერტებს ჰქონოდათ სათანადო კვალიფიკაცია. ანალიზურ ქიმიაში ნაშრომის შეფასებისას, სინამდვილეში ერთ-ერთმა სპეციალისტმა ლ. ი-მა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ექსპერტებს, რომლებმაც შეაფასეს ნ. გ-ის საკონკურსო პროექტი, თავიანთი სპეციალიზაციიდან გამომდინარე არ შეიძლება ჰქონოდათ კვალიფიციური ცოდნა აღნიშნული ნაშრომის შესაფასებლად (იხ. 27/11/201 წლის სხდომის ოქმი), ხოლო დანარჩენმა ორმა ექსპერტმა გააკეთა ზოგადი განცხადება, სადაც ამბობენ, რომ შესაძლოა ჰქონოდათ სათანადო კომპეტენცია, თუმცა საბოლოო პასუხის გაცემა ექსპერტების მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის შინაარსზე იყო დამოკიდებული: შესაბამისად აუცილებელი იყო შრომების წარმოდგენა, რაც არ დაავალდებულა მხარეს არცერთი ინსტანციის სასამართლომ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, რამაც გამოიწვია საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მეხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების უდავო საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განჩინებით ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. ამავე განჩინებით კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
2022 წლის 30 მარტს ნ. გ-ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან მტკიცებულებების - შემფასებელ ექსპერტთა ორი-ორი ნაშრომის (მაიდინტიფიცირებელი მონაცემების დაშტრიხვით) გამოთხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში შესაფასებელია ,,ფუნდამენტური კვლებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული და რანჟირებული სიების დამტკიცების შესახებ“ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2017 წლის 14 დეკემბრის N172 ბრძანების კანონიერება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის N84 დადგენილებით დამტკიცებული „ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ დებულების (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) N1 დანართის მე-3 მუხლის შესაბამისად, სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის 16 ივნისის N74 ბრძანებით გამოცხადდა 2017 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი, ასევე დამტკიცდა კონკურსის პირობები და საკონკურსო განაცხადის ფორმები. აღნიშნულ კონკურსში ნ. გ-ემ, რ. ს-ემ და გ. მ-ემ წარადგინეს განცხადება, რომლითაც ითხოვდნენ პროექტის დარეგისტრირებას (პროექტის შიფრი: ...). პროექტი შეეხებოდა ... გამოკვლევას. N74 ბრძანებით დამტკიცებული დანართი N10-ით განისაზღვრა სამეცნიერო მიმართულებები და ქვემიმართულებები შესაბამისი კოდებით. ჩამონათვალის მიხედვით, სამეცნიერო მიმართულებებად განისაზღვრა: 1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; 2. ინჟინერია და ტექნოლოგიები; 3. სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები; 4. აგრარული მეცნიერებები; 5. სოციალური მეცნიერებები; 6. ჰუმანიტარული მეცნიერებები; 7. საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები. თავის მხრივ, საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები იყოფა შემდეგი ქვემიმართულებებით: 7.1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; 7.2. ინჟინერია და ტექნოლოგიები; 7.3. სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები; 7.4. აგრარული მეცნიერებები; 7.5. სოციალური მეცნიერებები; 7.6. ჰუმანიტარული მეცნიერებები. რაც შეეხება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს (1), იყოფა შემდეგი ქვემიმართულებებით: 1.1. მათემატიკა; 1.2. კომპიუტერული და საინფორმაციო მეცნიერებები; 1.3. ფიზიკის მეცნიერებები; 1.4. ქიმიის მეცნიერებები; 1.5. დედამიწის და მასთან დაკავშირებული გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები. 1.6. ბიოლოგიის მეცნიერებები; 1.7. სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. ასევე დადგენილია, რომ განმცხადებლების მიერ პროექტის ძირითად სამეცნიერო მიმართულების კლასიფიკატორად მითითებულია - საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები (7); პროექტის ძირითად სამეცნიერო ქვემიმართულებად N1 - 7.1. საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; დამატებითი ქვემიმართულებად N2 - 1.4. ქიმიის მეცნიერებები, ანალიზური ქიმია. ამასთან, მოსარჩელემ კონკურსში მონაწილეობის შესახებ განაცხადებით დაადასტურა, რომ გაეცნო 2017 წლის 16 ივნისის N74 ბრძანებას და ხელმოწერით განაცხადა თანხმობა კონკურსის პირობებზე.
აღნიშული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად ირკვევა, რომ დამოუკიდებელი ექსპერტები პროექტს აფასებენ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის N84 დადგენილების დანართი N2-ში მოცემული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. თავის მხრივ, ამავე დადგენილებით (N84) დამტკიცებული დებულების N1 დანართის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით განსაზღვრულია, რომ კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი რეგისტრირებული პროექტები შესაფასებლად გადაეცემათ დამოუკიდებელ ადგილობრივ ან/და უცხოელ ექსპერტებს. პროექტის შეფასება უნდა განახორციელოს, სულ ცოტა, ორმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა. ამრიგად, საკითხის მომწესრიგებელი კანონმდებლობა ითვალისწინებს დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ წარდგენილი განაცხადის შეფასებას, რაც ასევე ცნობილი იყო კასატორისთვის. აღნიშნული მოთხოვნა მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ დაცულია, იმის გათვალისწინებით, რომ წარდგენილი პროექტი, რომელიც შეეხებოდა ... გამოკვლევას, შეფასდა ორი ექსპერტის მიერ, რომელთაგან ... – h-index ექსპერტის საექსპერტო სფეროა: გეოფიზიკა და გეო - გარემოს ინჟინერია, რომელიც ორიენტირებულია ტრანსსასაზღვრო წყლის კონსერვაციის, მონიტორინგისა და წყლის რესურსების მართვის საკითხებზე, ხოლო მეორე ექსპერტის ... - h-index საექსპერტო სფეროა: ფიზიკური გეოგრაფია სპეციალობით მტკნარი წყლის მონიტორინგი და ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია. აქედან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ ვინაიდან განმცხადებლების მიერ პროექტის ძირითად სამეცნიერო მიმართულების კლასიფიკატორად მითითებულია საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები, ნ. გ-ის ხელმძღვანელობით წარდგენილი პროექტი შეაფასეს ექსპერტებმა, რომელთა საექსპერტო სფერო არის წყლის კონსერვაციის, მონიტორინგისა და წყლის რესურსების მართვის საკითხები, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე სადავო აქტის გამოცემისას დაეყრდნო სათანადო მტკიცებულებას, კერძოდ, ექსპერტთა შეფასებას, შესაბამისად, გამოირიცხება ექსპერტთა არაკომპეტენტურობასთან დაკავშირებით კასატორის მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა.
საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი, მართალია, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, თუმცა აღნიშნული დანაწესი არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებისაგან. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა მის მიერ სარჩელში მითითებული გარემოების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება, ექსპერტთა შეფასების არაკომპეტენტურობასთან დაკავშირებით, თუმცა დასახელებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელის მიერ საქმის განხილვისას არ ყოფილა წარდგენილი, შესაბამისად, საკასაციო პალატის მოსაზრებით მოსარჩელემ ვერ გაართვა თავი მასზე დაკისრებულ მტკიცების ტვირთს.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იძლევა საფუძველს დასკვნისათვის, რომ საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით, მოპასუხე მართებულად დაეყრდნო ექსპერტთა წარდგენილ შეფასებას, რომელიც მომზადებულია დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, საკუთარი ცოდნისა და შეხედულებების მიხედვით. ამდენად, ადგილი არ აქვს კონკურსის ჩატარების წესით დადგენილ ექსპერტების შერჩევის პირობების დარღვევას. ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებივად სწორად შეფასდა ისინი, რაც ადასტურებს, რომ სადავო აქტის გამოცემისას არ დარღვეულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცემის თაობაზე, რაც მართებულად დაედო საფუძვლად სარჩელის უარყოფას.
აღსანიშნავია, რომ წარდგენილი პროექტი ფასდება სპეციალური ცოდნის მქონე პირების მიერ და ასეთს სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე შერჩეული პირები წარმადგენენ, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს სასამართლოს კომპეტენციას შეაფასოს საქმეში არსებული მტკიცებულებები და განმარტოს საკითხის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები. ამდენად, საკითხის სპეციფიკის მიუხედავად, მოსარჩელის მხოლოდ სუბიექტური მოსაზრებები, მით უფრო მაშინ, როდესაც სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოებები არ არის დადასტურებული სათანადო მტკიცებულებებით (მაგ. ალერნატიული ექსპერტიზის დასკვნით), ვერ გახდება სარჩელის საფუძვლიანად მიჩნევის წინაპირობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, რაც გამორიცხავს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ნ. გ-ის ნაშრომთან მიმართებით შესაბამის ექსპერტთა მიერ პროექტის შეფასებისთვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირების დავალების შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივრის დასაბუთება; სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა სადავო საკითხთან დაკავშირებით, კასატორი დამატებით ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
წარმოდგენილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო ინსტანციაში საქმის წარმოების დროს საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მის პროცესუალურ კომპეტენციაში შედის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება სამართლებრივი თვალსაზრისით. საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი მოიპოვოს და საქმეზე შეაგროვოს ახალი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო ინსტანციაში ახალი მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარისათვის დამატებით მტკიცებულებათა წარმოდგენის დავალების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, თუ კასატორს წინასწარ არ აქვს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე და ასევე მას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადავადებული აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მისი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის შემთხვევაში, მას დაეკისრება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 30 პროცენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორს - ნ. გ-ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა გადაუვადდა მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და მისი საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, კასატორს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 90 ლარის ოდენობით.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 მარტის განჩინება;
3. კასატორს - ნ. გ-ეს დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 30%-ის - 90 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


მოსამართლეები: გ. აბუსერიძე



მ. ვაჩაძე



ბ. სტურუა