საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1451(კ-22) 01 მარტი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ა-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ა-ემ 2020 წლის 24 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 17 ივნისის N03/7931 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობის, „ნ. ა-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 23 ივლისის N03/9715 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. ა-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 17 ივნისის №03/7931 წერილობითი მიმართვა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 23 ივლისის N03/9715 გადაწყვეტილება, მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. ა-ის მიერ ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ა-ემ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, შეავსო შესაბამისი კითხვარი და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოითხოვა. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 17 ივნისის №03/7931 წერილობითი მიმართვით მოსარჩელე ნ. ა-ეს უარი ეთქვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განხილვაზე და მისი განაცხადი შეფასდა 0 ქულით იმ მოტივით, რომ მისი ოჯახის რეგისტრაციისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი იყო ქ. თბილისი და არა იმერეთი.
პალატამ აღნიშნა, რომ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტების თანახმად, ქ. თბილისში, ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან ის დევნილი ოჯახები, რომელნიც 2013 წლის 1 ივნისამდე დარეგისტრირდნენ ქ. თბილისში. ამასთან, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტოსათვის გადმოცემული ან სააგენტოს მიერ შესყიდული/რეაბილიტირებული საცხოვრებელი ფართების არსებული რესურსის ფარგლებში დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების შეთავაზებისას, კომისიამ, შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა გაითვალისწინოს დევნილთა ადგილობრივი განსახლების აუცილებლობა, რათა მოხდეს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა დევნილი ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელთან იმ მანძილზე, რომელიც უზრუნველყოფს უკვე არსებული სოციალური კავშირებისა და შემოსავლის წყაროების შენარჩუნებას. გარდა კრიტერიუმების შესაბამისი ქულებით დევნილი ოჯახის შეფასებისა, ქ. თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრირებულ დევნილ ოჯახს ენიჭება დამატებით 2.5 ქულა, თუ იგი შეავსებს „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადს“ სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულ(ებ)ში არსებული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტ(ებ)ის ფარგლებში. ამავე წესის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, კომისია არ განიხილავს ქ. თბილისში დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე იმ დევნილი ოჯახის განცხადებას, რომელიც ქ. თბილისში არ არის რეგისტრირებული 2013 წლის 1 ივნისამდე.
პალატამ აღნიშნა, რომ კომისიამ შესაძლებლობის ფარგლებში უნდა გაითვალისწინოს დევნილთა ადგილობრივი განსახლების აუცილებლობა, რაც გულისხმობს მისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას დევნილი ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელთან იმ მანძილზე, რომელიც ხელს შეუწყობს უკვე არსებული სოციალური კავშირებისა და შემოსავლის წყაროების შენარჩუნებას, მაგრამ აღნიშნული უნდა განახორციელოს არა ცალმხრივად და უსაფუძვლოდ, არამედ არსებული ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად კვლევის შედეგად, რამეთუ სოციალური სახელმწიფოს პრინციპი წარმოშობს ხელისუფლების არაერთ ვალდებულებას ადამიანთა სოციალური უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს ადეკვატურ ადმინისტრირებას, თითოეული შემთხვევის ინდივიდუალურ განხილვას და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოებების შეფასების გარეშე, თუ რამ განაპირობა მოსარჩელის ოჯახის თბილისში საცხოვრებლად გადასვლა, რომელ ადმინისტრაციულ ერთეულთან იყო ოჯახი დაკავშირებული რეგისტრაციის მისამართის ცვლილებამდე, ასევე რა სახის სოციალური კავშირები ჰქონდა თბილისსა თუ იმერეთთან, მოპასუხემ მიიღო განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
პალატამ მიიჩნია, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული ზემოხსენებული რეგულაციით მოხდა დევნილების მხოლოდ ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შეზღუდვა, კერძოდ, დადგინდა 2013 წლის 1 ივნისამდე ქ. თბილისის ტერიტორიაზე რეგისტრაციის სავალდებულოობა, რაც გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ არ მომხდარიყო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მაცხოვრებელი და იმ ტერიტორიასთან ადაპტირებული დევნილების მასიურად ქ. თბილისში მიგრაცია, რაც გამოიწვევდა ისედაც დაცლილი რეგიონების კიდევ უფრო დაცლას და ქ. თბილისის ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა ზრდას, უფრო მეტიც, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ კანონმდებელმა წაახალისა კიდეც 2013 წლის 1 ივნისამდე თბილისში რეგისტრირებული დევნილების განსახლება სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულ(ებ)ში ოჯახისთვის დამატებითი ქულის მინიჭების გზით. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მართალია, უზრუნველყოფილია უკვე არსებული სოციალური კავშირებისა და შემოსავლების წყაროების შენარჩუნების პრინციპი, თუმცა აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა ერთგვარად განმცხადებლის მიხედულობაზეა დამოკიდებული, კერძოდ, დევნილი ოჯახის რეგისტრირებული მისამართისგან განსხვავებულ სხვა ტერიტორიულ ერთეულში განსახლებაზე, გარდა თბილისისა, რაიმე სახის შეზღუდვა კანონმდებლობით დაწესებული არ არის. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ განმცხადებელი დაინტერესებული იყო სწორედ იმ რეგიონში განსახლებით, რომელთანაც დევნილობის პერიოდიდან თბილისში გადაადგილებამდე იყო დაკავშირებული ყოველდღიური ყოფა-ცხოვრებით.
დადგენილია, რომ საქმეში წარმოდგენილი საოქმო გადაწყვეტილებით (ს.ფ. 54) კომისიამ იმსჯელა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ახლადაშენებულ კორპუსში გრძელვადიანი განსახლების მიზნით 140 ბინის განაწილების თაობაზე და პირველ ეტაპზე განცხადების შევსების უფლება მიანიჭა იმერეთის რეგიონში რეგისტრირებული დევნილ ოჯახებს, თუმცა სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული თავისთავად არ გამორიცხავს სხვა ტერიტორიულ ერთეულში რეგისტრირებული ოჯახის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, მით უფრო, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული ყველა ბინის იმერეთის რეგიონში მაცხოვრებლებზე განაწილების ფაქტი.
პალატამ მიუთითა საქმეში დაცულ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 17 ივლისის N03/9328, 2021 წლის 25 მაისის N03/8316 და 2021 წლის 23 ივნისის N03/10624 წერილებზე, რომლებითაც ნ. ა-ეს ქ. თბილისში დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ ქ. თბილისში არ იყო რეგისტრირებული 2013 წლის 1 ივნისამდე. შესაბამისად, დროებითი განსახლების მიზნით, ქ. თბილისში საცხოვრებელი ფართის დაქირავებისთვის საჭირო თანხით უზრუნველყოფის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამდენად, დასტურდება, რომ დევნილი ოჯახი ვერ ახერხებს ქ. თბილისში უფლების რეალიზებას 2013 წლის 1 ივნისამდე დაურეგისტრირებლობის გამო, ხოლო სხვა ტერიტორიულ ერთეულში მისი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე სადავო აქტით განმცხადებელს უარი ეთქვა 2015 წლის 24 აგვისტოდან თბილისში რეგისტრაციის საფუძვლით. პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დევნილი პირის მიმართ ამგვარი მიდგომა, ვერცერთ ტერიტორიულ ერთეულში ვერ შეძლოს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, არ გამომდინარეობს კანონმდებლის მიზნიდან და წინააღმდეგობაში მოდის სოციალური სახელმწიფოს პრინციპთან, რის გამოც არსებობს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 17 ივნისის №03/7931 სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
რაც შეეხება ნ. ა-ის მოთხოვნას „ნ. ა-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 23 ივლისის N03/9715 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 17 ივნისის №03/7931 სადავო აქტი, გასაჩივრებული - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 23 ივლისის N03/9715 გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობა სახეზეა, რის გამოც ასევე არსებობს მისი ბათილად ცნობისთვის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოხსენებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა გულისხმობს იმ საკითხის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის საჭიროებას, რომლის თაობაზეც ნ. ა-ის მიერ წარდგენილი განცხადება დარჩა განუხილველად. იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ შეუფასებია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოსარჩელისთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის წინამძღვრები, პალატა ამ ეტაპზე მოკლებულია სადავო საკითხზე არსებითად მსჯელობის შესაძლებლობას. მოპასუხის მიერ სადავო საკითხზე არსებითად მსჯელობისას გათვალისწინებული უნდა იქნას ნ. ა-ის მიერ ქ. ქუთაისში საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადების შევსების ფაქტი, რის შედეგადაც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 27 ოქტომბრის N03/16461 წერილით განმცხადებელს ქ. ქუთაისში ოჯახის მიერ გაკეთებული განაცხადის პასუხად ეცნობა, რომ მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, წინასწარი შეფასებით ოჯახს მიენიჭა 8,5 ქულა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: ქირა - 1,5 ქულა, 18 წლამდე ასაკის ოჯახის წევრები (ორი წევრი) – 1 ქულა, სოციალური კრიტერიუმი - 3 ქულა, მკვეთრად გამოხატული შშმ პირი - 3 ქულა. ამასთან, განმცხადებელს განემარტა, რომ ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი, მინიჭებული ქულების შესაბამისად, განიხილებოდა შემდეგ ეტაპზე, ქ. ქუთაისში არსებული საცხოვრებელი ფართებისა და ოჯახის სულადობის გათვალისწინებით. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ცალკეული გარემოებების გათვალისწინების შედეგად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელის ოჯახისთვის ქულის მინიჭების გზით სადავო საკითხი უნდა გადაწყვიტოს პრიორიტეტულობის საფუძველზე დადგენილი კრიტერიუმების შედეგად იმგვარად, რომ არ შეილახოს დევნილის უფლებები საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორი თვლის, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება - დაუსაბუთებელი, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. კასატორი მიუთითებს საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძლევადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება სახელმწიფომ უნდა განახორციელოს სახელმწიფოს ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე. კასატორი თვლის, რომ სააგენტომ მართებულად უთხრა უარი მოსარჩელეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე იმ პირობებში, როდესაც ნ. ა-ის რეგისტრაციისა და საცხოვრებელი ადგილი არის ქალაქი თბილისი, ხოლო წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განსახლების უპირატესობა მიენიჭათ იმერეთის რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ. ა-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი და 2015 წლიდან მისი რეგისტრაციის ადგილი და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ...ის ...ი.
ნ. ა-ემ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, შეავსო შესაბამისი კითხვარი და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოითხოვა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 2020 წლის 3 თებერვლის სხდომაზე იმსჯელა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ახლადაშენებულ კორპუსში გრძელვადიანი განსახლების მიზნით 140 ბინის განაწილებისათვის განაცხადების მიღების საკითხზე და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ აღნიშნული ფართების მიღების მოთხოვნით განაცხადის წარდგენა შეეძლოთ მხოლოდ იმერეთის რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 17 ივნისის №03/7931 წერილობითი მიმართვით მოსარჩელე ნ. ა-ეს უარი ეთქვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 3 თებერვლის (სხდომის ოქმი N5) გადაწყვეტილებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარე ობიექტზე განიხილებოდა მხოლოდ იმ დევნილი ოჯახების განცხადებები, რომლებიც რეგისტრირებულნი იყვნენ იმერეთის რეგიონში, მისი ოჯახის რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი კი იყო ქ. თბილისი, შესაბამისად მოსარჩელის ოჯახის მიერ შევსებული განაცხადი დარჩა განუხილველი და შეფასდა 0 ქულით. ნ. ა-ეს ამავე აქტით განემარტა უკვე შევსებული განაცხადის საქართველოს სხვა ადმინისრტაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში გადატანის შესაძლებლობა (ს.ფ.21).
ზემოაღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (№03/7931) ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ნ. ა-ემ. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 23 ივლისის №03/9715 გადაწყვეტილებით ნ. ა-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (№03/7931). სააგენტომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი ორგანოა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. „წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუქნტის შესაბამისად, საცხოვრებელი ფართობის არსებული რესურსის გათვალისწინებით, კომისია უფლებამოსილია განსაზღვროს დევნილი ოჯახების კონტიგენტი, რომელთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა განხორციელდება კონკრეტულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. შესაბამისად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისის 2020 წლის 3 თებერვლის (სხდომის ოქმი N5) გადაწყვეტილებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარე ობიექტზე განხილულ იქნა მხოლოდ იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებიც რეგისტრირებულნი იყვნენ იმერეთის რეგიონში. „წესის“ მე-3 მუხლის მე-17 პუქნტის საფუძველზე, სააგენტომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განსახლების მიზნით განაცხადის შევსების და ამავდროულად მისი ქალაქ თბილისში რეგისტრაციის პირობებში, ნ. ა-ის განაცხადი არ განხილულა. გადაწყვეტილებით მოსარჩელეს განემარტა აგრეთვე იმერეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სხვა ქალაქში (მაგ. ქ. ქუთაისი) განაცხადის გადატანის უფლების შესახებ (ს.ფ.17-18).
საქმის მასალებში დაცულია ნ. ა-ის ადმინისტრაციული საჩივრის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების სატელეფონო გასაუბრების 2020 წლის 15 ივლისის ოქმი, რომელშიც მოსარჩელე მიუთითებს, რომ სააგენტო არ ცდილიობს მის დახმარებას და მისი ოჯახი ფატობრივად გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფება - ნ. ა-ე ვერ მოითხოვს ბინით დაკმაყოფილებას ქ. თბილისში, რადგან 2013 წლის 1 ივნისამდე არ არის დარეგისტრირებული, ხოლო წყალტუბოში განსახლებაზე მას უარი ეთქვა იმერეთის რეგიონში რეგისტრაციის არარსებობის გამო. მოსარჩელის მითითებით, მისი სურვილია საცხოვრებელი ბინის მიღება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. ამასთანავე, ნ. ა-ე თვლის, აზრს მოკლებულია სხვა რეგიონში განაცხადის გადატანა, რამეთუ არ გამოირიცხება იმავე პრობლემის წარმოშობის შესაძლებლობა (ს.ფ.19-20).
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. დევნილთა განსახლების ორგანიზება ხორციელდება „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ საფუძველზე. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი ორგანოა დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (მე-3 მუხ. პირველი პუნქტ.).
„წესის“ (დანართი №1) (როგორც სადავო პერიოდში, ისე დღეს მოქმედი რედაქცია) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა.
განსახილველ საქმეში, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ნ. ა-ის ქ. თბილისში მხოლოდ 2015 წლიდან რეგისტრაციის ფაქტი. „წესის“ მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, ქ. თბილისში, ახლად აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების საფუძველია დევნილი ოჯახის ქ. თბილისში 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრაციის განხორციელება. ამასთან, „წესის“ მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, კომისია არ განიხილავს ქ. თბილისში დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე იმ დევნილი ოჯახის განცხადებას, რომელიც ქ. თბილისში არ არის რეგისტრირებული 2013 წლის 1 ივნისამდე. ამდენად, დასტურდება, რომ მოსარჩელის ქ. თბილისში, 2015 წლიდან რეგისტრაციის ფაქტი გამორიცხავს ნ. ა-ის ოჯახის ქ. თბილისში საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესაძლებლობას.
რაც შეეხება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოსარჩელის ოჯახის განსახლების შესაძლებლობას, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრების მიერ, პირველ ეტაპზე, იმერეთის რეგიონში რეგისტრირებული დევნილი ოჯახებისთვის განაცხადების შევსების უფლების მინიჭება, იმთავითვე არ გამორიცხავს სხვა ტერიტორიულ ერთეულში რეგისტრირებული ოჯახის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, მით უფრო, ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ყველა ბინის იმერეთის რეგიონში მაცხოვრებლებზე განაწილების ფაქტს. ხოლო, ქ. თბილისის გარდა, დევნილი ოჯახის რეგისტრაციის მისამართისგან განსხვავებულ ტერიტორიულ ერთეულში განსახლების შესაძლებლობაზე რაიმე სახის შეზღუდვა კანონმდებლობით არ არის დადგენილი.
განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ განმცხადებელი დაინტერესებული იყო სწორედ იმ რეგიონში (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) განსახლებით, რომელთანაც დევნილობის პერიოდიდან თბილისში გადაადგილებამდე იყო დაკავშირებული ყოველდღიური ყოფა-ცხოვრებით. აღნიშნულს ვერ გააქარწყლებს სადავო აქტის გამოცემის პერიოდში მოსარჩელის ოჯახის ქ. თბილისში რეგისტრაციის ფაქტი, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ნ. ა-ეს შეზღუდული აქვს ქ. თბილისში განსახლების შესაძლებლობა. ამდენად, დასტურდება, რომ დევნილი ოჯახი ვერ ახერხებს ქ. თბილისში უფლების რეალიზებას 2013 წლის 1 ივნისამდე დაურეგისტრირებლობის გამო, ხოლო სხვა ტერიტორიულ ერთეულში მისი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე სადავო აქტით განმცხადებელს უარი ეთქვა 2015 წლის 24 აგვისტოდან თბილისში რეგისტრაციის საფუძვლით.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, საფუძველსაა მოკლებული, ადმინისტრაციული ორგანოს მითითება იმერეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის სხვა ქალაქში (მაგ. ქ. ქუთაისი) განაცხადის გადატანის უფლების შესახებ, მაშინ, როდესაც ნ. ა-ემ 2020 წლის 20 ოქტომბერს N45982 განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ქ. ქუთაისში მდებარე ობიექტზე საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნული განცხადების პასუხად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 27 ოქტომბრის N03/16461 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ წინასწარი შეფასებით ოჯახს მიენიჭა 8.5 ქულა და განემარტა, რომ მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი, მინიჭებული ქულების შესაბამისად, განიხილებოდა შემდეგ ეტაპზე, ქ. ქუთაისში არსებული საცხოვრებელი ფართებისა და ოჯახის სულადობის გათვალისწინებით (ს.ფ.133).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილთა მიმართ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებების არსებობის პირობებში, მნიშვნელოვანია, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გადაწყვეტილების მიღების გზით, დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფა.
ამასთანავე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან სოციალური პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს პირისათვის ცხოვრების სტანდარტების შენარჩუნებაზე და უზრუნველყოფდეს, შესაბამისი უფლების სათანადოდ რეალიზებით, პირის საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილ მონაწილეობას. საქართველოს კონსტიტუციით სოციალურ უფლებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ. კონსტიტუციის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სოციალური სახელმწიფოს პრინციპი წარმოშობს ხელისუფლების არაერთ ვალდებულებას მოსახლეობის სოციალური უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რაც თავის მხრივ მოითხოვს ადეკვატურ ადმინისტრირებას (სუს 2017 წლის 25 მაისის Nბს-365-360 (კ-16) გადაწყვეტილება).
მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელის ოჯახის წევრი (შვილი) - ნუცა არჯევანიძე არის შეზღდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვანი. (ს.ფ.69-70, ს.ფ. 72). საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი, თანასწორობის უფლების ფარგლებში, ხაზს უსვამს სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის განსაკუთრებული პირობების შექმნას. თავის მხრივ, საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო აქტებით განსაზღვრულ პრინციპებს ეფუძნება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც დადგინდა სახელმწიფოს ვალდებულება, ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების რეალიზებას, უზრუნველყოს მათი პიროვნული ღირსების დაცულობა. აღნიშნული კანონის მეორე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გონივრული მისადაგების პრინციპი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, იმ აუცილებელი და შესაბამისი ცვლილების განხორციელებას გულისხმობს, რაც არ იწვევს არაპროპორციულ ან გადამეტებულ ტვირთს ან ვალდებულებას და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებას სხვებთან თანაბარ პირობებში. ნ. ა-ის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების მოსპობით ყოველივე ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს ყურადღების მიღმა დარჩა. ამასთანავე, „ბავშვის უფლებათა კონვენციაზე“ მითითებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა იცავს ბავშვის ინტერესებს, ბავშვის უფლებებს, მისი ინდივიდუალურობის შენარჩუნებას. არასრულწლოვანთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები, მისი ჯანმრთელობის, ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად, რაც, მოცემულ საქმეში უგულებელყოფილი იქნა, ადმინისტრაციულმა ორგანომ, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში აღნიშნული საკითხი სათანადოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა მოსარჩელის ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო არასრულწლოვანი დევნილის უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნის მიზნით, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიეღო გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ნ. ა-ეს შეეზღუდა როგორც იმერეთის რეგიონში (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, ქ. ქუთაისი), ისე ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების უფლება, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლის მიზანს, აგრეთვე, პირთა განსაკუთრებულ წრესთან - დევნილთან მიმართებაში არსებულ სოციალური დაცვის გარანტიებს.
მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ შეუფასებია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოსარჩელისთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემის წინაპირობები, სადავო აქტები ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არსებობს მათი ბათილად ცნობისა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ნ. ა-ის მიერ ოჯახის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე