საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-443(2კ-22) 9 მარტი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოწინააღმდეგე მხარეები) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, შპს „თ...ი“ (ძველი სახელწოდება შპს „ყ...ი“)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. თ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. თ-მა 2019 წლის 26 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და შპს „ყ...ის“ მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად მოითხოვა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 11 ივლისის №57/5 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ხოლო შპს „ყ...ის“ ქმედების უკანონოდ ცნობა, რომლითაც მოსარჩელეს დაეკისრა ზიანის ანაზღაურების სახით თანხის გადახდა.
ლ. თ-მა 2019 წლის 2 აგვისტოს შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა სასამართლოს მიერ საბოლოოს გადაწყვეტილების მიღებამდე, შპს „ყ...ს“ აკრძალვოდა ქალაქ თბილისში, ...ას ქ. მე-4 ჩიხში, ბინა №7-ზე (აბონენტი: №...) გაზის მიწოდების შეწყვეტა და დავალებოდა შეწყვეტილი გაზის მიწოდების აღდგენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 აგვისტოს განჩინებით ლ. თ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა; შპს „ყ...ს“ (ამჟამინდელი სახელწოდება - შპს „თ...ი“) აეკრძალა გაზის მიწოდების შეწყვეტა და დაევალა შეწყვეტილი გაზის მიწოდების აღდგენა, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ...ას ქ. მე-4 ჩიხი, №7ა (აბონენტი: №...) სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 აგვისტოს განჩინება საჩივრით გაასაჩივრა შპს „თ...იმ“. ამავე საჩივრით შპს „თ...ის“ წარმომადგენელმა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 აგვისტოს განჩინების გარკვეული დროით აღსრულების შეჩერების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 აგვისტოს განჩინებით შპს „თ...ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 აგვისტოს განჩინების აღსრულების შეჩერების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 სექტემბრის განჩინებით შპს „თ...ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გადაეგზავნა ზემდგომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ნოემბრის განჩინებით შპს „ყ...ის“ (ამჟამინდელი სახელწოდება - შპს „თ...ი“) საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 აგვისტოს განჩინება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება - სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შპს „ყ...ისთვის“ (ამჟამინდელი სახელწოდება - შპს „თ...ი“) გაზის მიწოდების შეწყვეტის აკრძალვისა და ქალაქ თბილისში, ...ას ქუჩის მე-4 ჩიხის №7ა-ში (აბონენტი: №...) შეწყვეტილი გაზის მიწოდების აღდგენის დავალების თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. თ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით ლ. თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 11 ივლისის №57/5 გადაწყვეტილება და მოპასუხეს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ და შპს „თ...იმ“ (ძველი სახელწოდება - შპს „ყ...ი“), რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიუთითა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-9 მუხლზე, რომელიც ადგენს უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის განსაზღვრის წესს ფორმულის სახით. აღნიშნული ფორმულით გამოანგარიშებული ბუნებრივი გაზის მოცულობა არის უშუალოდ აღურიცხავი ბუნებრივი გაზის მოცულობა, რომელიც არ აღირიცხებოდა, ხოლო მრიცხველზე დაფიქსირებული მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობა არის კანონიერი ფორმით მიღებული და მოხმარებული გაზი.
კასატორის მითითებით, სადავო აქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ აბონენტთან (მოსარჩელესთან) ჩაიჭრა ორი უმრიცხველო განშტოება. ამასთან, უკანონო განშტოება (თეთრი რეზინის მილი) დაერთებული იყო მრიცხველის შემდეგ არსებულ შიდა ქსელზე. შესაბამისად, ბუნებრივი აირი უკანონო განშტოებით მიეწოდებოდა მთლიანად შიდა ქსელს და არა რომელიმე კონკრეტულ დანადგარს. შიდა ქსელზე კი რომელშიც აღურიცხავი ბუნებრივი გაზი მიედინებოდა, მიერთებული იყო 17 ცალი სხვადასხვა დანადგარი.
კასატორის მოსაზრებით, დასახელებული და გამოკვლეული გარემოებებიდან გამომდინარე, არასწორია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ კომისიას არ მოუხდენია არსებულ ორ გადასახადს შორის თანაფარდობის განსაზღვრა, ვინაიდან ერთ შემთხვევაში კანონიერი ფორმით მიღებული და მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობა იანგარიშება, ხოლო მეორე შემთხვევაში, დადგენილი წესის შესაბამისად, უკანონო განშტოებიდან მომდინარე აღურიცხავი გაზის მოცულობა. ამრიგად, მითითებული გარემოებები არ ქმნის სადავო აქტის, მით უფრო სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, მისი ბათილად ცნობის საფუძვლებს.
კასატორმა - შპს „თ...იმ“ მიუთითა იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაზეც მიუთითებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და დამატებით აღნიშნავს, რომ მოსარჩელის განმარტება - საცხოვრებლად იყენებს მხოლოდ მეორე სართულს, ხოლო სხვა ფართები გაცემული აქვს იპოთეკით/გირავნობით, ვერ შეცვლის რაიმე გარემოებას, ვინაიდან მის საკუთრებაში არსებული ფართი წარმოადგენს ერთ საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულს და არ არის გამიჯნული. ამასთან, აბონენტთან მოწყობილია მხოლოდ ერთი აღრიცხვის კვანძი (მრიცხველი), რაც წარმოადგენს კანონიერი აღრიცხვის საშუალებას. ამასთანავე, მისი გვერდის ავლით მოწყობილი იყო უკანონო განშტოება, რომლის საშუალებითაც შიდა ქსელში მიედინებოდა აღურიცხავი ბუნებრივი აირი და მარაგდებოდა სადავო აქტში არსებული დანადგარები. დასახელებული გარემოებები კი, კასატორის მოსაზრებით, არ ქმნის სადავო აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძვლებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და შპს „თ...ის“ საკასაციო საჩივრები, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და შპს „თ...ის“ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიციები ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს შპს „თ...ის“ ქმედების კანონიერების შეფასება, რომლის თანახმად, აბონენტს უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურისათვის გადასახდელად დაეკისრა 4963.58 ლარის გადახდა. ამასთანავე შესაფასებელია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 11 ივლისის №57/5 გადაწყვეტილების კანონიერება, რომლითაც საფუძვლიანად იქნა მიჩნეული ბუნებრივი აირის უკანონოდ გამოყენებისთვის მოსარჩელისთვის თანხის დარიცხვა.
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნული არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ §71; ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ §76; Va№ de Hurk v. №etherla№ds, §61, Garcia Ruiz v. Spai№ [GC] §26; Jah№ke a№d Le№oble v Fra№ce (dec.); Perez v Fra№ce [GC], §81).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „ყ...ის“ თანამშრომლების მიერ 2019 წლის 5 მარტს ქალაქ თბილისში, ...ას ქ. მე-4 ჩიხის №7ა-ში შემოწმებული იქნა აბონენტი №... - გ. მ-ი (ლ. თ-ის შვილი). შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნული აბონენტის მხრიდან ადგილი ჰქონდა ბუნებრივი აირის მრიცხველის გარეშე მოხმარებას. კერძოდ, სახლის ფასადზე გამავალ ცენტრალურ მილზე დაერთებული იყო უმრიცხველო ხაზი, რომელიც შედიოდა მეორე სართულის ოთახში, საიდანაც თეთრი რეზინის მილით უერთდებოდა მრიცხველიდან გამომავალ შიდა ქსელს. აღნიშნულ ფაქტზე გ. მ-ის მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №ა... და ბუნებრივი აირის უკანონოდ მოხმარების (დატაცების) შესახებ აქტი №ა.... აქტში მიეთითა, რომ მომხმარებელი მოიხმარდა შემდეგ დანადგარებს: 8-ლიტრიან წყალგამაცხელებელს - 1 ცალს, 12-ლიტრიან წყალგამაცხელებელს - 4 ცალს, 2-კამფორიან ქურას - 4 ცალს, 4-კამფორიან ღუმელს - 1 ცალს, კარმის ტიპის პატარა გამათბობელს - 2 ცალს, უკრაინულ გამათბობელს - 5 ცალს. 2019 წლის 20 მარტს შპს „ყ...მა“ ზეპირი მოსმენით განიხილა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევა და მიიღო დადგენილება №19/102, რომლის თანახმად, გ. მ-ი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 961 მუხლის პირველი ნაწილით და ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოეცხადა გაფრთხილება. ამასთან, აბონენტს, ბინაში არსებული ბუნებრივი გაზის დანადგარების 90 დღეზე 6-საათიანი მუშაობის რეჟიმის გათვალისწინებით, უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურად გადასახდელად დაერიცხა 4963,58 ლარი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ მართალია, გ. მ-ის მიმართ, უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურად გადასახდელად დარიცხული - 4963,58 ლარის დაკისრების შესახებ, მიღებული დადგენილება კანონიერ ძალაშია შესული, თუმცა მოცემული არ გამორიცხავდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შესაძლებლობას, რომ დამოუკიდებლად ემსჯელა თანხის დარიცხვის კანონიერებაზე და შესაბამისად, შეესწავლა, რამდენად ჰქონდა ადგილი ბუნებრივი აირის უკანონოდ მოხმარებას, ვინაიდან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 აგვისტოს №14 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების“ მე-11 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია, დადგენილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების მიუხედავად, იმსჯელოს საწარმოს მიერ მის სასარგებლოდ პირზე დარიცხული თანხის საფუძვლიანობაზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამრიგად, ბუნებრივი აირის უკანონოდ მოხმარებისთვის პირის სამართალდამრღვევად ცნობისა და მის მიმართ შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დადგენილების არსებობის პირობებში შესაძლებელია ბუნებრივი აირის უკანონოდ მოხმარების შეფასება და დარიცხული თანხის კანონიერებაზე მსჯელობა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან.
საქმის მასალების მიხედვით, ასევე დადგენილია, რომ 2019 წლის 14 მაისს ლ. თ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურად თანხის დარიცხვის კორექტირება. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მისი ოჯახი სარგებლობს მხოლოდ სახლის მეორე სართულით, სადაც დამონტაჟებულია 2 კარმის ტიპის და 2 უკრაინული გამათბობელი, ასევე ერთი 4-სანათურიანი გაზის ღუმელი და ერთი 12-ლიტრიანი წყლის გამაცხელებელი. ამასთან, აღნიშნა, რომ არასწორია ამ ზიანის დაანგარიშება 3 თვის ვადით, ვინაიდან, მოსარჩელის განმარტებით, უკანონო დაერთებით სარგებლობდა 27 იანვრიდან 5 მარტამდე, ანუ 1 თვისა და 9 დღის განმავლობაში და ისიც სახლის მეორე სართულზე, ხოლო სხვა დანადგარები დამონტაჟებულია ქვედა სართულზე, რომლებიც არ არის მისი ოჯახის სარგებლობაში და ეს დანადგარები ჩვეულებრივ აღირიცხებოდა მრიცხველის მეშვეობით, რის გადასახადსაც ოჯახი იხდიდა ქვითრის მიხედვით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 11 ივლისის №57/5 გადაწყვეტილებით ლ. თ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა, რადგან შპს „ყ...ის“ მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარებისათვის 4963.58 ლარის დარიცხვა მიჩნეულ იქნა საფუძვლიანად.
საკასაციო სასამართლო, საქმეზე დადასტურებულ გარემოებებზე დაყრდნობით, მართებულად მიიჩნევს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის ხელახლა განხილვას და აღნიშნავს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სადავო აქტის მიღებისას სათანადოდ არ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ ჯეროვანი სამართლებრივი შეფასება. სადავო აქტის გამოცემისას დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლებით დადგენილი, ადმინისტრაციული წარმოების საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლით მიმდინარეობის შედეგად კი - დასაბუთებული აქტის გამოცემის მოთხოვნები. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. განსახილველ შემთხვევაში კი, სადავო აქტი ასეთ დასაბუთებას არ შეიცავს. ამგვარი მოცემულობა კი, ქმნის გასაჩივრებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველს. ამდენად, სადავო აქტების კანონიერების შეფასებისას, მართებულად იქნა გამოყენებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საკითხის ხელახლა განხილვისას გამოსაკვლევია, უკანონოდ გამოყენებული ბუნებრივი აირი საცხოვრებელ სახლში არსებულ კონკრეტულად რომელ მოწყობილობაზე მოიხმარებოდა, კერძოდ, თვალსაჩინო იყო თუ არა უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი გაზის მილის კონკრეტულად ამ მოწყობილობაზე მიერთება და აღნიშნულის გამოკვლევის შემდგომ, იმსჯელოს ლ. თ-ის მიერ დატაცებული ბუნებრივი გაზის ოდენობისა და მისი ღირებულების სწორედ ამ დანადგარ(ებ)ის სიმძლავრეების წარმდაგობის დაანგარიშების საკითხზე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ლ. თ-ი არ მოიხმარდა მხოლოდ უკანონოდ დატაცებულ ბუნებრივ გაზს. იგი საკუთარ აბონენტზე მიწოდებულ გარკვეული რაოდენობის ბუნებრივ გაზსაც რეგულარულად იყენებდა საცხოვრებელ სახლში არსებული დანადგარების ფუნქციონირებისათვის და იხდიდა გარკვეული რაოდენობის საფასურს. მოსარჩელე სადავოდ ხდის აგრეთვე თანხის დარიცხვის პერიოდს (3 თვეს) და აღნიშნავს, რომ დანადგარების ნაწილი შეძენილი იყო 2019 წლის 27 იანვარს და დარღვევის გამოვლენამდე (2019 წლის 5 მარტამდე) გასული იყო 3 თვეზე ნაკლები. ამდენად, მოპასუხემ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს და შეისწავლოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოება თუ მტკიცებულება და მათი ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დაასაბუთოს მოსარჩელის მხრიდან უკანონოდ გამოყენებული ბუნებრივი აირის ოდენობა.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას - უკანონოდ იქნეს ცნობილი შპს „ყ...ის“ ქმედების განხორციელება, რითაც მოსარჩელეს დაეკისრა ზიანის ანაზღაურების სახით თანხის გადახდა, საკასაციო სასამართლო აღნიშნულ ნაწილშიც მართებულად მიიჩნევს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 11 ივლისის №57/5 გადაწყვეტილების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის პირობებში და მაშინ, როცა საკითხი უნდა შეაფასოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, სასარჩელო მოთხოვნა შპს „ყ...ის“ ქმედების უკანონოდ ცნობასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და შპს „თ...ის“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. კასატორს - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (ს/ნ 204400200) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 5 აპრილს №458 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. კასატორს - შპს „თ...ის“ (ს/ნ 205129617) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 25 მარტს №1648215266 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე