საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-900(კ-22) 9 მარტი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ. ი-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინება
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. ი-ამ 2021 წლის 28 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ და მოსარჩელის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი თანხის - 10 000 ლარის მოპასუხისათვის უკან დაბრუნების დავალება მოითხოვა.
სარჩელის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 ნოემბრის განაჩენით პროკურორსა და ვ. ი-ას შვილს - გ. ი-ას შორის დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. ამავე განაჩენით გ. ი-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ სსსკ-ის 260.3 მუხლით განსაზღვრული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით. დასახელებული თანხა 2010 წლის 27 ნოემბერს გადაიხადა გ. ი-ას დედამ - ვ. ი-ამ, რომელიც განთავსდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე, თუმცა დღემდე არ არის განკარგული.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2012 წლის 28 დეკემბერს მიღებულ იქნა კანონი „ამნისტიის შესახებ“, რომელიც შეეხო მის შვილს - გ. ი-ას. იგი გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, ასევე დაექვემდებარა დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას.
დასახელებულ გარემოებებზე და 2021 წლის 11 იანვრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით, მოსარჩელემ მის მიერ გადახდილი ჯარიმის - 10 000 ლარის უკან დაბრუნება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. ი-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაევალა 2010 წლის 27 ნოემბერს გ. ი-ას სახელზე ვ. ი-ას მიერ, სს „ლ...ის“ მეშვეობით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილი თანხის - 10 000 ლარის მოსარჩელისათვის დაბრუნება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქმეზე დადასტურებულ გარემოებაზე, რომ ვ. ი-ამ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩარიცხა 10 000 ლარი, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 ნოემბრის განაჩენი - ჯარიმის დაკისრების ნაწილში, იძულებითი სააღსრულებო წარმოების განხორციელების მიზნით, განაჩენის გამომტანი სასამართლოს მიერ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში არ გადაგზავნილა. თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის მთავარი კონსულტანტის 2021 წლის 27 სექტემბრის წერილის თანახმად, დასტურდება, რომ სასამართლოს მიერ აღნიშნულ საქმეზე სააღსრულებო ფურცელი არ ამოწერილა, ვინაიდან სასამართლოში უკვე წინასწარ წარდგენილი იყო ვ. ი-ას მიერ თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე თანხის დაბრუნებას ითხოვს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ჯარიმისაგან სრულად თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის, ხოლო თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ არის აღსრულებული, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ ჯარიმის აღუსრულებელ ნაწილზე. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის შეფარდების თაობაზე სასამართლოს განაჩენის აღსრულების მიზნით, სააღსრულებო წარმოების დაწყება დაუშვებელია, ხოლო დაწყებული სააღსრულებო წარმოება უნდა შეწყდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში. ამდენად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის 11.3 მუხლის გამოყენების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობა. უდავოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2010 წლის 29 ნოემბრის განაჩენი იძულებითი წესით არ აღსრულებულა, თუმცა ამავე განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით გათვალისწინებული ჯარიმა - 10 000 ლარი წინასწარ იქნა გადახდილი. ამდენად, დადგენილია, რომ დასახელებული განაჩენი ჯარიმის ნაწილში აღსრულებულია ნებაყოფლობით, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
კასატორის მოსაზრებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად გამოიყენეს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 391 მუხლი, ვინაიდან დასახელებული ნორმის შინაარსი ეხება პირის კუთვნილ თანხას, სადავო თანხასთან მიმართებით კი დადგენილი გარემოებაა, რომ იგი გადახდილ იქნა განაჩენის აღსრულების მიზნით. ამდენად, მცდარია სასამართლოთა მსჯელობა, რომლებმაც არ გაიზიარეს მოპასუხის პოზიცია, რომ ზემოაღნიშნული თანხის აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე წინმსწრებად განთავსებით გ. ი-ასათვის დაკისრებული დამატებითი სასჯელი აღსრულდა. ამდენად, დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონეა განისაზღვროს აღსრულების ეროვნული ბიურო არის თუ არა უფლებამოსილი მის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხა განკარგოს დამოუკიდებლად, თუკი განაჩენის გამომტანი ან/და მის აღსრულებაზე ვალდებული/ პასუხისმგებელი პირი არ განახორციელებს შესაბამის მიმართვას/დავალების მიცემას, მათ შორის, მის იძულებით აღსრულებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით, 2023 წლის 2 მარტს, 12:00 საათზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმებისა და მხარეთა პოზიციების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე ჩარიცხული (გ. ი-ასათვის დამატებითი სასჯელის სახით განაჩენით დაკისრებული ჯარიმის - 10 000 ლარის) თანხის უკან დაბრუნებაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ვ. ი-ამ, განაჩენის დადგომამდე, კერძოდ, 2010 წლის 27 ნოემბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს სს „ლ...ის“ ანგარიშზე შეიტანა 10 000 ლარი. სადავო არ არის, რომ აღნიშნული თანხა აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილ იქნა წინმსწრებად, სისხლის სამართლის საქმეზე მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების დადებამდე და ემსახურებოდა ვ. ი-ას შვილისთვის - გ. ი-ასთვის განაჩენით დაკისრებული ჯარიმის თანხის გადახდას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 ნოემბრის №1/5640-10 განაჩენით კი დამტკიცდა პროკურორ მ. მ-სა და გ. ი-ას შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. გ. ი-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით, ხოლო ამავე განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, გ. ი-ას დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმის გადახდა 10 000 ლარის ოდენობით.
2012 წლის 28 დეკემბერს მიღებულ იქნა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც გავრცელდა გ. ი-ას მიმართ და იგი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელისაგან.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2021 წლის 1 მარტის №11815 და 8 მარტის №12959 წერილებით დასტურდება, რომ გ. ი-ას სახელზე შეტანილი თანხა - 10 000 ლარი (ბიუროსადმი მიმართვის პერიოდისთვის), აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე იყო განთავსებული, ხოლო გ. ი-ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის განაჩენის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი 10 000 ლარის დაკისრების თაობაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროში არც მიმდინარე და არც დასრულებულ საქმეთა საარქივო მასალებში არ იძებნებოდა.
2021 წლის 2 აპრილს გ. ი-ასა და ვ. ი-ას წარმომადგენელმა - გ. შ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე ვ. ი-ას მიერ გ. ი-ას სახელზე სს „ლ...ის“ მეშვეობით აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე 2010 წლის 27 ნოემბერს შეტანილი თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა. განცხადების პასუხად გ. შ-ეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2021 წლის 22 აპრილის №24638 წერილით ეცნობა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიურო ჯარიმის სახით გადახდილი თანხების უკან დაბრუნებას ახორციელებს თანხის შემტანის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და შესაბამისი სასამართლოს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად გადაგზავნილი განკარგულების საფუძველზე. ამავე წერილით განმცხადებელს განემარტა, რომ განაჩენის/განჩინების აღსასრულებლად მიქცევა ევალებოდა ამ გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს, ხოლო განაჩენის აღსრულების შესახებ განკარგულება სასამართლო განაჩენის ასლთან ერთად ეგზავნებოდა იმ ორგანოს, რომელსაც ევალებოდა მისი აღსრულება. განმცხადებელს ამავე წერილით ასევე განემარტა, რომ ვინაიდან დღემდე განაჩენის გამომტანი სასამართლოს მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში არ ყოფილა გადაგზავნილი ოფიციალური დოკუმენტაცია გ. ი-ას სისხლის სამართლის საქმეზე გადახდილი ჯარიმის თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით, თბილისის სააღსრულებო ბიურო მოკლებული იყო კანონისმიერ შესაძლებლობას, დაებრუნებინა განმცხადებლის მიერ ჯარიმის სახით გადახდილი თანხა.
ასევე დადგენილი გარემოებაა, რომ დღეის მდგომარეობით, 2010 წლის 27 ნოემბერს ვ. ი-ას მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს სს „ლ...ის“ ანგარიშზე შეტანილი თანხა 10 000 ლარის ოდენობით, არ არის სახელმწიფო ბიუჯეტში (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში) გადარიცხული, შესაბამისად, აღნიშნული თანხა არ არის მიქცეული აღსასრულებლად და დღეის მდგომარეობით კვლავ განთავსებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2021 წლის 11 იანვარს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ასევე გავრცელდა სსსკ-ის 260-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულებზე და მათ შესაბამისად განაჩენით დანიშნულ სასჯელებზე (მათ შორის, დამატებით სასჯელებზე). ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განისაზღვრა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ჯარიმისაგან სრულად გათავისუფლდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული იყო 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ იყო. თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ იქნებოდა აღსრულებული, ამნისტია გავრცელდებოდა მხოლოდ ჯარიმის აღუსრულებელ ნაწილზე. ამასთან, ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დადგინდა, რომ ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის შეფარდების თაობაზე სასამართლოს განაჩენის აღსრულების მიზნით სააღსრულებო წარმოების დაწყება დაუშვებელი იყო, ხოლო დაწყებული სააღსრულებო წარმოება უნდა შეწყვეტილიყო ამ კანონის ამოქმედებიდან 2 კვირის ვადაში.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 ნოემბრის განაჩენით გ. ი-ასათვის დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის - 10 000 ლარის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე წინმსწრებად განთავსებით, გ. ი-ასათვის დაკისრებული დამატებითი სასჯელი არ აღსრულებულა. საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ სააღსრულებო წარმოება დღემდე არ არის დასრულებული და მოცემული თანხა განკარგული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის თანახმად, ამგვარი სააღსრულებო წარმოების არც სამომავლოდ დაწყების სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობას, რომ ვ. ი-ას მიერ 2010 წლის 27 ნოემბერს გ. ი-ას სახელზე განხორციელებული ფულადი შენატანი, რომელიც ემსახურებოდა განაჩენით დაკისრებული ჯარიმის სამომავლოდ აღსრულების მიზანს, ასეთი მიზნის მიღწევის გარეშე (ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში გადარიცხვისა და შესაბამისად, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადასვლის გარეშე) წარმოადგენს მისთვის დასაბრუნებელ თანხას. შესაბამისად, აღნიშნული თანხა, როგორც ვ. ი-ას კუთვნილი აღუსრულებელი ფულადი თანხა, უნდა დაექვემდებაროს მისთვის უკან დაბრუნებას. ამასთანავე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საკასაციო პალატის 2023 წლის 2 მარტის სხდომაზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2021 წლის 11 იანვრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებისას, სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ საქმეებზე, რომლებზეც არ იყო დასრულებული, შეწყდა სააღსრულებო წარმოება და პირებს დაუბრუნდათ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე განთავსებული შესაბამისი თანხები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, მხარეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 მაისის განჩინება;
3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/ნ №205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 20 ივლისს №35444 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე