საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1370(კ-22) 9 მარტი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ვ. ჭ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. ჭ-ამ 2020 წლის 23 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ ამავე სააგენტოს 2019 წლის 20 აპრილის №03-888/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის, ვ. ჭ-ას დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. ჭ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ჭ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. ჭ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება; ვ. ჭ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 13 დეკემბრის №03-228/ო ბრძანება და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ვ. ჭ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ თუ დევნილი ოჯახის მიერ საკუთარი სახსრებით მოხდა საცხოვრებელი ბინის შეძენა, ასეთი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა გადაინაცვლებს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე. ამდენად, კანონმდებლობა მითითებული საფუძვლით დევნილი ოჯახისთვის უარის თქმის კანონიერ საფუძველს ადგენს.
კასატორი მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი ფლობდა 29,87 კვ.მ სხვენს (მის: ქ.თბილისი, ...ი, ... კვარტალი, კორპ N7), რომელიც 2012 წელს გაასხვისა შ. ჭ-აზე. ასევე დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე თანასაკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ქონება, ფიქსირდებოდა მოსარჩელის მეუღლის - მ. ფ-ას სახელზე, მაგრამ იგი 2014 წლიდან მესაკუთრეთა სიაში აღარ ფიქსირდება. გარდა ამისა, მოსარჩელემ მონიტორინგის ჯგუფს არ მიაწოდა სწორი ინფორმაცია მამის საკუთრებასთან დაკავშირებით, რაც დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. კერძოდ, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ რომ ვ. ჭ-ას მიერ 2012 წელს შეძენილი უძრავი ქონება რეალურად შეიძინა მოსარჩელის მამამ- თ. ჭ-ამ, მაშინ როდესაც აღნიშნული გარემოება არაფრით დასტურდება, გარდა მოსარჩელის წარმომადგენლის ზეპირი ახსნა-განმარტებისა. ამდენად, კომისიამ 2019 წლის 10 ოქტომბერს იმსჯელა მოსარჩელის ოჯახის განსახლების საკითხზე და განმცხადებელს უარი ეთქვა საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე - მოცემულ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის საფუძვლით, ზუგდიდში ნათესავის სახლში ქირის გარეშე ცხოვრების გამო.
კასატორი ასევე ყურადღებას ამახვილებს, იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელის ამჟამინდელი საცხოვრებელი სახლი არ არის ნგრევადი ობიექტი, არც სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტს წარმოადგენს. ოჯახი არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად და დასაბუთებულად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვ. ჭ-ას დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, ოჯახის გადაუდებელი განსახლების მოცემულ ეტაპზე საჭიროების არარსებობის საფუძვლით.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით (ძალადაკარგულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 08 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად. აღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამავე წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
ამასთანავე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას, მათ შორის იმ დევნილი ოჯახების, რომელთა ოჯახის წევრ(ებ)მა საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ფართი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მოსარჩელე ვ. ჭ-ა არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი.
ვ. ჭ-ამ განცხადებით მიმართა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს და მოითხოვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. ვ. ჭ-ამ განაცხადი წარადგინა მეუღლესთან - მ. ფ-ასთან და შვილებთან - დ., კ. და ა. ჭ-ებთან ერთად.
საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, ვ. ჭ-ას და მის ოჯახს მიენიჭა შემდეგი ქულები: სხვასთან ცხოვრება, ქირის გარეშე - 1.50, 18 წლამდე ასაკის წევრები (3 არასრულწლოვანი) - 2 ქულა, საბოლოოდ - 3.50 ქულა.
წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის, 2019 წლის 10 ოქტომბრის სხდომის თანახმად, მოსარჩელის ოჯახს უარი ეთქვა ქ.თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია მოცემულ ეტაპზე განსახლების საჭიროების არ არსებობა, ზუგდიდში ნათესავის სახლში ქირის გარეშე ცხოვრების გამო.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 ოქმის საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა 2019 წლის 13 დეკემბერს გამოსცა №03-228/ო ბრძანება მოსარჩელის ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რამდენადაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ბინაში, ქირით ან ქირის გარეშე და ამ გარემოებიდან გამომდინარე, შეფასების საერთო სისტემაში დაინტერესებულ პირს ენიჭება კონკრეტული ქულა.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ მოცემულ ეტაპზე მოსარჩელის ოჯახის განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, ვინაიდან ცხოვრობს ნათესავის სახლში ქირის გარეშე, უსაფუძვლოა და არ ქმნის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (სუს 2020 წლის 18 მარტის განჩინება, საქმეზე №ბს-156(კ-20)).
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 3.5 ქულიდან 1.5 ქულა მოსარჩელის ოჯახს მიენიჭა იმ კრიტერიუმის გათვალისწინებით, რომელიც ნათესავთან ცხოვრების ფაქტს ადგენს. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად, ხოლო „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, გადაწყვეტილების მიღებისას, ჯამდება თითოეული დადგენილი კრიტერიუმის მიხედვით, მიღებულ ქულათა რაოდენობა. ამდენად, დევნილი ოჯახის სხვის საკუთრებაში არსებულ ბინაში ცხოვრება არათუ გამორიცხავს მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის აუცილებლობას, არამედ ადასტურებს მათი განსახლების საჭიროებას.
ასევე უსაფუძვლოა კასატორის მითითება, იმის შესახებ, რომ 2012 წელს მოსარჩელის მიერ საკუთრებაში არსებული სხვენის გასხვისება განაპირობებდა დევნილი ოჯახის განსახლების საკითხის განხილვის ბოლო ეტაპზე გადანაცვლებას. უდავოდ დასტურდება, რომ მოსარჩელის ოჯახმა ბინა (სხვენი) გაასხვისა სადავო საკითხის გადაწყვეტამდე გაცილებით ადრე-2012 წელს. აღნიშნულთან მიმართებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ წარსულში უძრავი ქონების საკუთრებაში არსებობის ფაქტი და შემდგომ მისი გასხვისება არ წარმოადგენს დევნილი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. მით უფრო, იმ პირობებში, როცა მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული უძრავი ქონების შეძენა მამამისის-თ. ჭ-ას სახსრებით მოხდა და საცხოვრებელი ბინის გასხვისება განპირობებული იყო მოსარჩელის ძმის მკურნალობის მიზნით. რაც შეეხება მოსარჩელის მეუღლის-მ. ფ-ას თანასაკუთრებაში არსებულ ქონებას, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 8 მაისის ამონაწერის თანახმად, თანამესაკუთრეების სიაში მოსარჩელის ცოლი აღარ ფიქსირდება. შესაბამისად, დევნილი ოჯახის არც ერთი წევრი არ არის უზრუნველყოფილი საცხოვრებლით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებზე, რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. „ბავშვთა უფლებათა კოდექსის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. ზემოაღნიშნული მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაეთვალისწინებინა მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილების - დ., კ. და ა. ჭ-ების საუკეთესო ინტერესები.
ამდენად, საქმეზე უდავოდ დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის ოჯახისათვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა წარმოშობდა ვ. ჭ-ას ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესაძლებლობას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უკანონოდ ეთქვა უარი გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის
სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე