საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1425(კ-22) 9 მარტი, 2023 წელითბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შ. ჩ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:შ. ჩ-ემ 2021 წლის 25 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ ამავე სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის N 03-1004/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის, შ. ჩ-ის დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით შ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ ამავე სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის N 03-1004/ო ბრძანება; მოპასუხეს შ. ჩ-ის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი არ ეთანხმება სასამართლოების მსჯელობას და მიაჩნია, რომ ორივე ინსტანციის სასამართლომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება. კერძოდ, არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მოსარჩელის განაცხადით გათვალისწინებულმა პირმა (მეუღლემ) გაასხვისა საკუთარი სახსრებით შეძენილი ბინა და ოჯახმა ცხოვრება კვლავ ოჯახის მიერ გასხვისებულ ბინაში განაგრძო. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს მინისტრის 2021 წლის N01-30/ნ ბრძანებაზე, რომლის თანახმად, თუ დევნილი ოჯახის მიერ საკუთარი სახსრებით მოხდა საცხოვრებელი ბინის შეძენა, ასეთი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა გადაინაცვლებს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე. ამდენად, კანონმდებლობა მითითებული საფუძვლით დევნილი ოჯახისთვის უარის თქმის კანონიერ საფუძველს ადგენს და ამავდროულად, ადმინისტრაციულ ორგანოს ათავისუფლებს იმის ვალდებულებისგან, რომ მან იკვლიოს, შეძენილი ქონების გასხვისების საფუძვლები, მიზეზები თუ საჭიროებები.
კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელის წარმომადგენელმა, სასამართლოს სხდომაზე ისეთი ფაქტობრივი გარემოებები გააჟღერა, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ იყო წარმოდგენილი. კერძოდ, არ დასტურდება, რომ უძრავი ქონება, რომელიც მოსარჩელის ოჯახმა გაასხვისა დატვირთული იყო იპოთეკით და აღნიშნული ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა, მათ საბანკო ვალდებულების დასაფარად მიმართეს. ამჟამად ნათელია, რომ დევნილი ოჯახი ქირის თანხასაც არ უხდის მეპატრონეს და სწორედ ამიტომ არ არსებობს ოჯახის განსახლების გადაუდებელი საჭიროება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს სადავო გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოცემულ ეტაპზე შ. ჩ-ის დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება, ოჯახის გადაუდებელი განსახლების მოცცემულ ეტაპზე საჭიროების არარსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის (დანართი №1) მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3, მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით ხდება- დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლად აშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემობებზე: შ. ჩ-ე არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი. მოსარჩელე ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულაა 79130.
შ. ჩ-ემ განაცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მოითხოვა მისი ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. მოსარჩელემ განაცხადი გააკეთა ოჯახის წევრებთან, მეუღლესთან - ე. ლ-ასთან, შვილებთან - ე. ჩ-ესთან და ა. ჩ-ესთან ერთად, თუმცა მოგვიანებით მოსარჩელის განცხადების საფუძველზე განაცხადიდან ამოღებულ იქნა მეუღლე - ე. ლ-ა. მხარემ განაცხადში მიუთითა, რომ ცხოვრობს თბილისში, ...ზე, მე-2 კვარტალში, მე-3 კორპუსში, ბინა N2-ში
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, შ. ჩ-ის ოჯახს მიენიჭა სულ 6 ქულა, მათ შორის, საცხოვრებელი ფინანსური პირობები (ქირით ცხოვრება -1,50 ქულა, სოციალური კრიტერიუმები (65001 - 100000 შორის სარეიტინგო ქულით) -1 ქულა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი "შშმპ" (მნიშვნელოვნად გამოხატული) -2 ქულა, ომში დაღუპული წევრი/წევრები (გარდაიცვალა ან უგზოუკვლოდ დაიკარგა საქართველოში არსებული კონფლიქტების შედეგად) -1,50 ქულა.
წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით, მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2020 წლის 4 დეკემბერს განხორციელდა მონიტორინგი შ. ჩ-ის მიერ განაცხადში მითითებულ მისამართზე. მონიტორინგის ჯგუფს ადგილზე დახვდა თავად მოსარჩელე, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე ოჯახთან ერთად ცხოვრობს 2012 წლიდან ქირით, თუმცა ქირას პერიოდულად არ იხდიან. ბინა ეკუთვნის მ. ჩ-ას, რომელიც არის მისი მეუღლის ნათესავი (დეიდაშვილი).
მონიტორინგის მასალების თანახმად, მოსარჩელის ოჯახი 2012 წლიდან შეუზღუდავად ცხოვრობს და სარგებლობს ზემოაღნიშნული ბინით. მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ვინაიდან შ. ჩ-ეს ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ გააჩნდა არაერთი სასესხო ვალდებულება, ოჯახი იძულებული გახდა ბინა (მდებარე თბილისი, ...ი, მე-2 კვარტალი, მე-3 კორპუსი, ბინა 2) გაეყიდა, რათა დაეფარათ სასესხო ვალდებულებები. 2017 წელს აღნიშნული ბინა შეიძინა მ. ჩ-ამ.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 აპრილის №03-1004/ო ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N19) შ. ჩ-ეს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ეთქვა უარი მოცემულ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო (განსახლება არ წარმოადგენს გადაუდებელ საჭიროებას მეუღლის მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო).
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მოსარჩელე დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, მხოლოდ კეთილი ნებით სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობს, საიდანაც შესაძლოა ნებისმიერ დროს იქნეს გამოსახლებული, გამორიცხავს მოსარჩელის უფლების პრიორიტეტულობას, მისი ოჯახი, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაბარებულმა ბინის მეპატრონე მ. ჩ-ამ სასამართლოს განუმარტა, რომ მას სურს, რომ ბინა გაყიდოს. შესაბამისად, მოსარჩელეს და მის ოჯახს საცხოვრებელი ფართის გათავისუფლება მოუწევთ.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციისა სასამართლოს მსჯელობას და მიუთითებს საჯარო რეესტრიდან ამონაწერზე, რომლითაც უდავოდ დასტურდება, რომ მოსარჩელის მეუღლემ ბინაა გაასხვისა სადავო საკითხის გადაწყვეტამდე გაცილებით ადრე (2017 წელს) და ამდენად საკითხის გადაწყვეტის მომენტისათვის ოჯახს არ გააჩნდა უძრავი ქონება. პალატა ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მითითებას უძრავი ქონების გასხვისების ფიქტიურობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ მხოლოდ შემძენისა და გამსხვისებლის ნათესაური ურთიერთობა (მ. ჩ-ა არის ე. ლ-ას დეიდაშვილი) არ შეიძლება გახდეს სახელშეკრულებო ურთიერთობის ფიქტიურად მიჩნევისთვის საკმარისი პირობა. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული ფიქტიური სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა კანონით დადგენილი წესით დადასტურებული არ არის.
გარდა ამისა, უდავოა, რომ აღნიშნული უძრავი ქონება დატვირთული იყო იპოთეკით, რაც სარწმუნოს ხდის მოსარჩელისა და მოწმეთა განმარტებებს, რომ საცხოვრებელი ბინის გასხვისება განპირობებული იყო მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით, ვინაიდან, ოჯახს ჰქონდა არაერთი სასესხო ვალდებულება, რის გამოც იძულებული გახდა გაეყიდათ ბინა, ხოლო დღეის მდგომარეობით არ დასტურდება, რომ მოსარჩელეს ანდა მისი ოჯახის წევრს საკუთრებაში აქვთ რაიმე სახის სხვა უძრავი ქონება. ამასთან, საგულისხმოა, რომ განაცხადი მოსარჩელემ გააკეთა მხოლოდ ორ შვილთან ერთად, მეუღლის გარეშე.
საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 6 ქულიდან 1.5 ქულა მოსარჩელის ოჯახს მიენიჭა იმ კრიტერიუმის გათვალისწინებით, რომელიც ქირით ცხოვრების ფაქტს ადგენს. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად, ხოლო „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, გადაწყვეტილების მიღებისას, ჯამდება თითოეული დადგენილი კრიტერიუმის მიხედვით, მიღებულ ქულათა რაოდენობა. ამდენად, დევნილის სხვის საკუთრებაში არსებულ ბინაში ქირით ცხოვრება არათუ გამორიცხავს მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის აუცილებლობას, არამედ ადასტურებს მათი განსახლების საჭიროებას.
ამასთანავე, საქმეში დაცული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის სხდომის N19 ოქმის მიხედვით, დაკმაყოფილდნენ ის დევნილი ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ 4,5 და მეტი ქულა, ხოლო მოსარჩელის მდგომარეობა შეფასდა 6 ქულით, რაც საქმის მასალების მიხედვით, საკმარის საფუძველს წარმოადგენდა კონკრეტულ ეტაპზე განსახლების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად.
ამდენად, საქმეზე უდავოდ დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის ოჯახისათვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა წარმოშობდა შ. ჩ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესაძლებლობას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შ. ჩ-ეს უკანონოდ ეთქვა უარი გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის
სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე