Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1472(კ-22) 9 მარტი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ა. ა. ს. მ. თ-

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ა. ს. მ. თ-მა 2021 წლის 18 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და „სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე“ ამავე სააგენტოს 2021 წლის 15 ივლისის №1000753063 ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი „ა. ა. ს. მ. თ-ის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე“ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 15 ივლისის №1000753063 ბრძანება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ა. ა. ს. მ. თ-ისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ა. ს. მ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ა. ს. მ. თ-იმ.

კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილებაში გადმოცემულ მსჯელობას, როგორც იურიდიული შეფასების ასევე ფაქტობრივი გარემოებების დადგენის კუთხით და აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს 2021 წლის 22 თებერვალს ... უნივერსიტეტიდან გაეგზავნა მოწვევა და ეცნობა, რომ მას საქართველოში საქართველოს განათლებისა, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის 2021 წლის 15 თებერვლის N116159 ბრძანებით მიენიჭა მედიცინის ფაკულტეტზე სწავლის უფლება. 2021 წლის 31 მაისს მოსარჩელე ჩამოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე და მას საქართველოში ყოფნის ვადად განესაზღვრა 2021 წლის 14 აპრილიდან 2021 წლის 12 ივლისამდე პერიოდი, ანუ 90 დღე. 2021 წლის 15 ივნისს მოსარჩელემ მიმართა მოპასუხე მხარეს, საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

კასატორის მითითებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უსაფუძვლოდ დატოვა ა. ა. ს. მ. თ-ის განცხადება განუხილველად, რადგან მოსარჩელის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტები იძლეოდა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალებას. კერძოდ, მას ჰქონდა საქართველოში კანონიერად ყოფნის ყოფნის 40 დღიანი ვადის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად, უსაფუძვლოა ადმინისტრაცილი ორგანოს მითითება, რომ განმცხადებელმა არ წარმოადგინა მისთვის დავალებული, სააგენტოსათვის მიმართვის დღოისათვის, საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 დღიანი ვადის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითუმეტეს იმ პირობებში, როცა აქტი, რომლითაც მოსარჩელეს დაევალა აღინიშნული ინფორმაციის წარმოდგენა 2021 წლის 18 ივნისს, განთავსებული იყო სააგენტოს საიტზე, ხოლო მოსარჩელე-ა. ა. ს. მ. თ-ი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და მან არ იცის ქართული ენა და შესაბამისად იგი მოთხოვნილ ინფორმაციას ვერ გაეცნობოდა ვებ.გვერდზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 16 იანვრის განჩინებით ა. ა. ს. მ. თ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევსს, რომ ა. ა. ს. მ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისთვის სასწავლო ბინადრობის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით“ განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება უვადო ბინადრობის ნებართვის, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვის, დროებითი ბინადრობის ნებართვისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის შემთხვევებზე, აგრეთვე სხვა ქვეყანაში მყოფ უცხოელზე, რომელსაც სურს, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, სააგენტოს მიმართოს ელექტრონული ფორმით.

ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლი ადგენს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესსა და ვადებს. აღნიშნული მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი უნდა იქნეს წარდგენილი განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხო ქვეყნის მოქალაქეს ასევე შეუძლია სააგენტოში ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, განცხადების განხილვის პროცესში, სააგენტოს უფლებამოსილებას, მიიწვიოს განმცხადებელი და მიიღოს მისგან საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია/ინფორმაცია და ახსნა-განმარტება, ხოლო განმცხადებლის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, განცხადება დატოვოს განუხილველად. ამავე დადგენილების მე-6 მუხლით დადგენილია სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა, ხოლო იმავე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს, რომ თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, ა. ა. ს. მ. თ- არის იემენის მოქალაქე და შპს „... უნივერსიტეტს“ 2021 წლის 22 თებერვლის მოწვევით ჩაირიცხა შპს „... უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტზე და 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დაწყების თარიღად განისაზღვრა 2021 წლის 29 მარტი.

მოსარჩელე ა. ა. ს. მ. თ-ს 2021 წლის 14 აპრილიდან მიეცა საქართველოს ვიზა 2021 წლის 12 ივლისამდე. მოსარჩელე ა. ა. ს. მ. თ-მა 2021 წლის 15 ივნისს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ითხოვა სასწავლო ბინადრობის ნებართვა.

ასევე დადგენილია, რომ 2021 წლის 15 ივნისს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის თაობაზე განცხადების წარდგენისას, ა. ა. ს. მ. თ-ს გაეცნო და ჩაბარდა სამახსოვრო ბარათი, რომლითაც მას ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე განემარტა, რომ განცხადების რეგისტრაციიდან ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე ვალდებულია განცხადების განხილვასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია იხილოს ინტერნეტ გვერდზე: http://sda.gov.ge და http://psh.gov.ge (ს.ფ. 63).

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 17 ივნისის №1000753063/7 წერილით ა. ა. ს. მ. თ-ს ეცნობა, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის 2021 წლის 15 ივლისამდე დამატებით უნდა წარედგინა, სააგენტოსთვის მიმართვის დღისათვის, საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 დღიანი ვადის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი. განმცხადებელს განემარტა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. ამავე წერილით დადგინდა ინფორმაციის ინტერნეტგვერდზე: sda.gov.ge-ზე განთავსება (იხ. ს.ფ. 58).

ასევე დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2021 წლის 17 ივნისს №01/117202 წერილით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინაციის მთავარ სამმართველოს და მოითხოვა ინფორმაცია, თუ როდის და რა დოკუმენტის საფუძველზე გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ა. ა. ს. მ. თ-იმ, რამდენი კანონიერი დღე ჰქონდა დარჩენილი საქართველოში ყოფნის ვადის ამოწურვამდე (იხ. ს.ფ. 57).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინაციის მთავარ სამმართველოს 2021 წლის 23 ივნისს MIA 1 21 01610870 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ 2021 წლის 31 მაისს სასაზღვრო მიგრაციის მართვისა და მოხსენებების სისტემაში (...) მოქალაქე ...-ის, ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადა განისაზღვრა 42 დღე (რეგისტრაციის დროს დამატებით დოკუმენტად მითითებულია საქართველოს ვიზა №...; 12/07/2021წ).

2021 წლის 15 ივლისის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბრძანებით მოსარჩელე ა. ა. ს. მ. თ-ის განცხადება დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ განცხადების წარდგენის დროისათვის, მისი საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი იყო 40 დღეზე ნაკლები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით“ გათვალისწინებული იმპერატიული მოთხოვნის შესაბამისად (გარდა მითითებული საგამონაკლისო შემთხვევებისა), უცხო ქვეყნის მოქალაქე ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით სააგენტოში შესაბამისი განცხადება საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე წარადგინოს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა ა. ა. ს. მ. თ-ისთვის მიერ წარდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი. კერძოდ, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინაციის მთავარ სამმართველოს 2021 წლის 23 ივნისს MIA 1 21 01610870 წერილით ცალსახად დგინდება, რომ ა. ა. ს. მ. თ-ის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადა 2021 წლის 12 ივლისს იწურებოდა. ასევე, დადგენილია, რომ განცხადება საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით ა. ა. ს. მ. თ-მა სააგენტოში 2021 წლის 15 ივნისს წარადგინა, შესაბამისად, 2021 წლის 15 ივნისის მდგომარეობით განმცხადებელს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნისთვის დარჩენილი ჰქონდა 28 დღე. ამასთან, დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 17 ივნისის №1000753063/7 წერილით განსაზღვრულ ვადაში (2021 წლის 15 ივლისამდე) ა. ა. ს. მ. თ-ს სააგენტოში საქართველოში კანონიერად ყოფნის 40 დღიანი ვადის ქონის (სააგენტოსთვის მიმართვის დღისთვის) დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარუდგენია. მსგავსი შინაარსის დოკუმენტი მოსარჩელეს არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას არ წარმოუდგენია.

ამდენად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 15 ივლისის №1000753063 ბრძანების გამოცემის საფუძველს განმცხადებლის მიერ „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა წარმოადგენდა, რაც თავის მხრივ, განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც სადავო აქტის გაუქმებისა და სააგენტოსათვის წარდგენილი განცხადების არსებითად განხილვის დავალების სამართლებრივ საფუძველს ქმნიდა.

საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. ა. ა. ს. მ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება.

3. ა. ა. ს. მ. თ-ის (პასპორტის №...) დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 30%-ის - 90 ლარის გადახდა;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე