ბს-1434 (კ-22) 16 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.09.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. მ-ამ 06.08.2021წ. სარჩელით, ხოლო 02.09.2021წ. დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 20.08.2021წ. N03-3365/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე მ. მ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.04.2022წ. გადაწყვეტილებით მ. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 20.08.2021წ. N03-3365/ო ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე მ. მ-ას მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.09.2022წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლზე და აღნიშნა, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 06.06.2019წ. მ. მ-ამ კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე განაცხადით მიმართა სამინისტროს. განმცხადებელმა ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა: ქ. თბილისი, სამგორი, ..., … მ/რ, კორპ. №9 ბინა №89. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 19.04.2021წ. გადაწყვეტილებით (ოქმი N25), მოსარჩელე მ. მ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა მეუღლის მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ამონაწერებზე, რომლითაც ირკვევა, რომ 28.02.2014წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე, ქალაქი თბილისი, სამგორი, ..., … მ/რ, კორპ. №9 ბინა №89 (საკადასტრო კოდი N...), რეგისტრირებული იყო მოსარჩელის მეუღლის - ლ. ვ-ის საკუთრებად, თუმცა 07.12.2015წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით აღნიშნული უძრავი ქონება დარეგისტრირდა მ. ყ-ის საკუთრებად. სააპელაციო სასამართლოს მითითებით მ. მ-ას ოჯახი არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით და ამასთან, არც საკუთრებაში აქვთ საცხოვრებელი ფართი. მ. მ-ას ოჯახი ცხოვრობს სხვის საკუთრებაში არსებულ ბინაში. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემული სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები, დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების დროს ითვალისწინებს სწორედ იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს სხვის საკუთრებაში არსებულ ბინაში ქირით ან ქირის გარეშე და ეს გარემოება კონკრეტული ქულით ფასდება შეფასების საერთო სისტემაში. შესაბამისად, მხოლოდ ეს გარემოება არ შეძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი, რადგან იგი დევნილი ოჯახის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს და სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ქულათა საერთო რაოდენობას განსაზღვრავს. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ზემოაღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს ქირით, რაც ასევე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოძახებულმა და დაკითხულმა მ. ყ-მა. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს სხვის საკუთრებაში და მათ საკუთრება არ გააჩნიათ. სააპელაციო სასამართლოს მითითებით მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება, რომ განმცხადებელს გამოსახლების საფრთხე არ ემუქრება, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.09.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს, ასევე არასწორად განმარტა კანონი. სასამართლომ სადავო გადაწყვეტილებაში მხოლოდ ის მიუთითა, რომ მოსარჩელე სხვის საკუთრებაში ცხოვრობს ქირით. კასატორი აღნიშნავს, რომ არასწორია სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის ოჯახმა ფინანსური პრობლემების გამო გაასხვისა უძრავი ქონება. აღნიშნულის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ იქნა საქმეში წარმოდგენილი. ნათელია, რომ ოჯახი შეუზღუდავად ცხოვრობს მათივე გასხვისებულ სახლში და სწორედ ეს ფაქტი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ოჯახს განსახლების გადაუდებელი საჭიროება არ აქვს. კასატორის მითითებით სასამართლომ სადავო გადაწყვეტილება მიიღო მოწმის სახით დაკითხული, ბინის ამჟამინდელი მესაკუთრის განმარტებების სენსიტიური ხასიათიდან გამომდინარე. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბინის ამჟამინდელ მესაკუთრეს არ უსარგებლია მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით და სასამართლოს მთავარ სხდომაზე ვერ გაიხსენა რამდენ ოთახიანი იყო ბინა. სასამართლომ მოწმის განმარტებებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ბინის ამჟამინდელი მესაკუთრის ვაჟი აპირებს ცოლის მოყვანას, ხოლო მის ქალიშვილს დაენგრა ოჯახი. სასამართლომ ადმინისტრაციულ ორგანო აღნიშნული გარემოებების არასრულყოფილად შესწავლაში დაადანაშაულა, რაც სრულიად უსაფუძვლოა. კასატორის მითითებით ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად შეისწავლა ოჯახის მდგომარეობა, საჭიროებები და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას ზემოაღნიშნული გარემოებები არ გამოკვეთილა და არც მხარეს განუმარტავს ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლებისათვის, ხოლო სააგენტოს უფლებამოსილებას არ ექვემდებარება დევნილი ოჯახის ახლობლების საჭიროებების გამოკვლევა. კასატორის მითითებით ბინის გასხვისებას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მოსარჩელის ოჯახი დღემდე გასხვისებულ ბინაში აგრძელებს ცხოვრებას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანება და სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა იმპერატიულად ადგენს და მიუთითეს იმის თაობაზე, რომ თუ დევნილი ოჯახის მიერ საკუთარი სახსრებით მოხდა საცხოვრებელი ბინის შეძენა, ასეთი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა გადაინაცვლებს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ბოლო ეტაპზე. ამდენად, კანონმდებლობა მითითებული საფუძვლით დევნილი ოჯახისთვის უარის თქმის კანონიერ საფუძველს ქმნის და ამავდროულად, ადმინისტრაციულ ორგანოს ათავისუფლებს შეძენილი ქონების გასხვისების საფუძვლების, მიზეზების თუ საჭიროებების კვლევის ვალდებულებისაგან.
კასატორი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ეტაპობრივად აკმაყოფილებს საცხოვრებლით და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფისას ითვალისწინებს სასწრაფოდ განსახლების საჭიროებას. ამ მიზნით გამოყოფს იმ ოჯახებს, ვისაც არ აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და პრიორიტეტულად მიიჩნევს მათ. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის ოჯახი სასწრაფო განსახლებას არ საჭიროებდა. კასატორის მითითებით სააგენტომ საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად მიიღო სადავო აქტი, შესაბამისად იგი კანონიერია და არ არსებობს სადავო ბრძანების ბათილად ცნობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში დაცული მასალების მიხედვით მოსარჩელე მ. მ-ა არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 19.04.2021წ. №25 სხდომის ოქმის თანახმად, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვაზე უარი ეთქვა მ. მ-ას. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობა მეუღლის მიერ გასხვისებულ ბინაში ცხოვრების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 20.08.2021წ. N03-3365/ო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 19.04.2021წ. გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №25) მ. მ-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის თანახმად გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არც მ. მ-ას და არც მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არ ყოფილა რეგისტრირებული რაიმე სახის უძრავი ქონება. მოსარჩელის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად ფიქსირდება ქ. თბილისი, სამგორი, ..., … მ/რ, კორპ. N9, ბინა N89. აღნიშნული ბინა მ. მ-ას მეუღლემ ლ. ვ-მა 07.12.2015წ. გაასხვისა მ. ყ-ზე, ხოლო საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნით მოსარჩელემ 06.06.2019წ. მიმართა სამინისტროს. ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ უძრავი ქონების განკარგვას ფიქტიური ხასიათი ჰქონდა. ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება. ასევე უსაფუძვლოა კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელის ოჯახის განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, ვინაიდან ცხოვრობს მოსარჩელის მეუღლის მიერ გასხვისებულ ბინაში, აღნიშნული არ ქმნის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (სუს 18.03.2020წ. განჩინება, საქმე №ბს-156(კ-20)). აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადების შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 5 ქულიდან 1,5 ქულა მოსარჩელეს მიენიჭა იმ კრიტერიუმის გამო, რომელიც ქირით ცხოვრების ფაქტს ადგენს. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოწმის სახით დაკითხულმა ბინის ამჟამინდელმა მესაკუთრემ მ. ყ-მა მიუთითა, რომ მოსარჩელის ოჯახი 2016 წლიდან ცხოვრობს მის ბინაში ქირით, თუმცა მას ობიექტურად აღარ აქვს შესაძლებლობა ბინა დაუთმოს მოსარჩელის ოჯახს. ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მ. მ-ას (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ამ ეტაპზე მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო დასაბუთებული არ არის, შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოეშობა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.09.2022წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი