Facebook Twitter

№ბს-164(გ-23) 21 მარტი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოპასუხე - შპს „ა...ი“

დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2023 წლის 13 თებერვალს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „ა...ის“ მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: შპს „ა...ს“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს - 39 000 (ოცდაცხრამეტი ათასი) ლარის გადახდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა ხაშურის რაიონულ სასამართლოს.

სასამართლომ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებზე: ა) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამონაცვლე) და შპს „ა...ს“ (შპს „ალ...“-ის უფლებამონაცვლე) შორის, 2012 წლის 31 ივლისს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანიას გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - ქ. ქარელში მდებარე ... კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: ...); ბ) ხელშეკრულების 3.1.2. მუხლის თანახმად, კომპანია ვალდებული იყო 2013 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველეყო ხელშეკრულების პირველი მუხლით გათვალისწინებული ქონების ბაზაზე 20-საწოლიანი მრავალპროფილიანი ...ს შექმნა და ექსპლუატაციაში მიღება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სალიცენზიო/სანებართვო პირობების დაცვით; გ) ხელშეკრულების 3.1.4 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების 3.1.2 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით, კომპანია ვალდებული იყო გამყიდველისთვის წარედგინა „საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის №1064 განკარგულებით განსაზღვრული ერთ-ერთი საექსპერტო ან/და აუდიტორული პირის მიერ მომზადებული დასკვნა.

სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის წარმოიშვა დავა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე და მოსარჩელე სარჩელით ითხოვს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებას.

საქართველოს კონსტიტუციის 31.2 მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლზე, „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის №3 დადგენილების 25.2 მუხლზე მითითებით სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელის განხილვაზე განსჯად სასამართლოს წარმოადგენს ხაშურის რაიონული სასამართლო. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი, განსჯადობით გადაეგზავნა ხაშურის რაიონულ სასამართლოს.

3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით ხაშურის რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ განსჯად სასამართლოს წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების ადგილის მიხედვით სასამართლო, თუმცა ხელშეკრულების შესრულების ადგილად არ უნდა იქნეს მიჩნეული ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორია. მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლოს დაკისრება. სარჩელის მიხედვით, შეუსრულებელ ვალდებულება არის მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ხელშეკრულების 3.1.4. გათვალისწინებული ექსპერტიზის/აუდიტის დასკვნის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა. სამართლებრივ სუბიექტებს შორის დადებული ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს მხარეთა შესასრულებელ როგორც ერთ, ასევე, რამდენიმე ვალდებულებას. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მონაწილე მხარის რამდენიმე ვალდებულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის, ხელშეკრულების შესრულების ადგილის განმსაზღვრელად უნდა ჩაითვალოს კონკრეტულად იმ ვალდებულების შესრულების ადგილი, რომლის შესრულება/შეუსრულებლობაზეც არის მხარეთა შორის დავა წარმოშობილი. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მოპასუხეს მოსარჩელისაგან გადაეცა ქ. ქარელში მდებარე უძრავი ქონება, ამასთან, ამ ქონებაზე უნდა მოეწყო ..., თუმცა მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ქონების გადაცემასთან ან ...ს მოწყობასთან დაკავშირებული ვალდებულებები, არამედ მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრებას მხოლოდ იმის გამო, რომ მოპასუხემ ექსპერტის/აუდიტის დასკვნა წარადგინა ხელშეკრულების 3.1.4. პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევით (გადააცილა 39 დღით). შესაბამისად, ხელშეკრულების შესრულების ადგილს წარმოადგენს ექსპერტის/აუდიტის დასკვნის მოსარჩელისათვის წარდგენის ადგილი. ხელშეკრულებაში ამის თაობაზე არ არსებობს კონკრეტული ჩანაწერი, თუმცა ამ ვალდებულების შინაარსიდან, ასევე, მისი ფაქტობრივი შესრულების ადგილიდან და მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, მისი შესრულების (დასკვნის წარდგენის) ადგილად მიჩნეულ უნდა იქნეს მოსარჩელის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ადგილსამყოფელი. საქმეში წარმოდგენილი 2020 წლის 18 მარტის წერილის მიხედვით, მოპასუხემ მოსარჩელეს შესაბამისი დასკვნა ჩააბარა 2020 წლის 20 მარტს (იხ. სააგენტოს შტამპი). სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სარჩელში ვალდებულების შესრულების თარიღად მიიჩნევს სწორედ სააგენტოს კანცელარიაში დასკვნის რეგისტრაციის თარიღს - 2020 წლის 20 მარტს. ამდენად, სადავო ვალდებულების შესრულების ადგილს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მისამართი - ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. №49ა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ხაშურის რაიონული სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი, შპს „ა...ის“ მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ხაშურის რაიონულ სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია კანონიერ სასამართლოზე ადამიანის უფლებას სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების შემადგენელ ნაწილად მოიაზრებს (მე-6 მუხ.). კანონიერი სასამართლოს უფლება კი სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას მოითხოვს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხსენებული მუხლი მოიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნაა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება. სსკ-ის მე-16 - 191 მუხლებით დადგენილია განსჯადობის სპეციალური წესები, რომელიც ამავე კოდექსის მე-15 მუხლით განსაზღვრულ საერთო განსჯადობასთან მიმართებით ექსკლუზიური (გამომრიცხავი) ხასიათისაა, რაც გულისხმობს სპეციალური წესის დამდგენი ნორმების უპირატესობის მინიჭებით განსჯადობის საერთო წესების გამორიცხვას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავის ტერიტორიული კუთვნილების განსაზღვრისას განსჯადობის სპეციალურ წესს უპირატესობა ენიჭება განსჯადობის ზოგად წესთან მიმართებით. სწორედ ასეთ სპეციალურ წესს ადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი, რომლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო.

ხელშეკრულების შესრულების ადგილი განისაზღვრება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულების, ანუ იმ ვალდებულების შესრულების ადგილით, რომლის შესრულების მიზნითაც დაიდო ხელშეკრულება. ვალდებულების შესრულების ადგილი შესაძლოა განისაზღვროს კონკრეტულად (ნორმატიულად ან მხარეთა შეთანხმებით) ან დარჩეს განუსაზღვრელი. უკანასკნელ შემთხვევაში ვალდებულების შესრულების ადგილი ვალდებულებითი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე დგინდება, თუმცა ზოგ შემთხვევაში ვალდებულების შესრულების კონკრეტული ადგილი ხელშეკრულებით ან ნორმატიულად არ არის განსაზღვრული და არც ვალდებულების ბუნებიდან იკვეთება აშკარად. ასეთ შემთხვევაში შესრულების ადგილის დადგენა ხელშეკრულების მხარეთა ნების ახსნა-განმარტების გზით ხდება, რა დროსაც მხედველობაში მიიღება შესასრულებელი ვალდებულების ბუნება, მსგავს ურთიერთობებში დამკვიდრებული წესები, კონკრეტული ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი თავისებურებები და სხვ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე: ა) „სახელმწიფო ქონების შპს „ალ...“-თვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 30 ივლისის №30/07/03 განკარგულების თანახმად, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად და „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალებისა და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილების გათვალისწინებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. ქარელში მდებარე 4000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ...) პირდაპირი მიყიდვის ფორმით 8 064 (რვა ათას სამოცდაოთხი) ლარად საკუთრებაში გადაეცა შპს „ალ...“- ს (ს.ფ. 15-16); ბ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამონაცვლე) და შპს „ა...ს“ (შპს „ალ...“-ის უფლებამონაცვლე) შორის 2012 წლის 31 ივლისს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანიას გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - ქ. ქარელში მდებარე ... კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ((მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ...). ამავე ხელშეკრულების 3.1.2. მუხლის თანახმად, კომპანია ვალდებული იყო 2013 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველეყო ხელშეკრულების პირველი მუხლით გათვალისწინებული ქონების ბაზაზე 20-საწოლიანი მრავალპროფილიანი ...ს შექმნა და ექსპლუატაციაში მიღება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სალიცენზიო/სანებართვო პირობების დაცვით. ხელშეკრულების 3.1.4 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების 3.1.2 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით, კომპანია ვალდებული იყო გამყიდველისთვის წარედგინა „საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის №1064 განკარგულებით განსაზღვრული ერთ-ერთი საექსპერტო ან/და აუდიტორული პირის მიერ მომზადებული დასკვნა (ს.ფ. 19-28).

ამდენად, მხარეთა შორის 2012 წლის 31 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მყიდველს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა ქ. ქარელში მდებარე ... კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: ...). მოცემულ შემთხვევაში კი, მხარეთა შორის დავა წარმოშობილია ხელშეკრულებით ნაკისრი ერთ-ერთი ვალდებულების შეუსრულებლობის, კერძოდ, ხელშეკრულების 3.1.4. გათვალისწინებული ექსპერტიზის/აუდიტის დასკვნის დადგენილ ვადაში წარუდგენლობით, რის გამოც მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წინამდებარე სარჩელით ითხოვს დასახელებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებას.

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნის გათვალისწინებით ურთიერთობა წარმოშობილია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან, რომლიდანაც ცალსახად დგინდება, რომ ძირითადი ვალდებულების - ქონების გადაცემისა და ...ს მოწყობის შესრულების ადგილია ქ. ქარელი. რაც შეეხება ხელშეკრულების 3.1.4. მუხლით გათვალისწინებული ექსპერტიზის/აუდიტის დასკვნის წარდგენის ვალდებულების შესრულების ადგილს - აღნიშნულის თაობაზე არ არსებობს კონკრეტული ჩანაწერი ხელშეკრულებაში, თუმცა ხელშეკრულების 3.1.4. მუხლით გათვალისწინებული შინაარსით დგინდება, რომ „საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის №1064 განკარგულებით განსაზღვრული ერთ-ერთი საექსპერტო ან/და აუდიტორული პირის მიერ მომზადებული დასკვნის წარდგენის ვალდებულება სწორედ ძირითადი ვალდებულების - 20-საწოლიანი მრავალპროფილიანი ...ს შექმნა და ექსპლუატაციაში მიღება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სალიცენზიო/სანებართვო პირობების დაცვით, შესრულების დადასტურების მიზნით ხდება. შესაბამისად, აღნიშნული ვალდებულების შესრულება გამომდინარეობს ძირითადი ვალდებულების სათანადოდ შესრულების ინტერესიდან, რის გამოც, მოცემული დავის საგნის გათვალისწინებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების, მათ შორის, მისი 3.1.4. მუხლით განსაზღვრული ვალდებულების, შესრულების ადგილად მიჩნეულ უნდა იქნეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულების შესრულების ადგილი - ქ. ქარელი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის №3 დადგენილების 25-ე მუხლის მეორე პუნქტზე, რომლის მიხედვით, ხაშურის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება ხაშურის, ქარელისა და თიღვის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ხაშურის რაიონულ სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი, მოპასუხის - შპს „ა...ის“ მიმართ, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ხაშურის რაიონულ სასამართლოს;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე