Facebook Twitter

ბს-94(კ-23) 30 მარტი, 2023წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.2022წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ც-ამ 01.06.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის 20.04.2021წ. №03-940/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე კანონით დადგენილი წესითა და ვადებში მოსარჩელისა და მისი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე ახალი აქტის გამოცემის მოპასუხისთვის დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.01.2022წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნ. გ-ი, მ. გ-ი და დ. გ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.06.2022წ. გადაწყვეტილებით, ნ. ც-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 20.04.2021წ. №03-940/ო ბრძანება და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ნ. ც-ას, ნ. გ-ის, მ. გ-ის და დ. გ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.2022წ. გადაწყვეტილებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ნ. ც-ას, ნ. გ-ის, მ. გ-ისა და დ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.06.2022წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ც-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 20.04.2021წ. №03-940/ო ბრძანება, მოპასუხეს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ. ც-ას (განცხადებით გათვალისწინებული პირების) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ კანონმდებლის მიერ მკაფიოდაა დადგენილი საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმები, რომლის ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა, დევნილი ოჯახისათვის კონკრეტული ქულის მინიჭების საფუძველია. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი დადგენილი კრიტერიუმების მიღმა, დამატებით განსაზღვროს კონკრეტული ოჯახის გადაუდებელი განსახლების საჭიროება-არსაჭიროების საკითხები. ბინა, სადაც მოსარჩელე ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობს ქირით, არის ნ. გ-ის საკუთრება. ქირის თანხას მოსარჩელე იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ოჯახში არის ორი 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი წევრი. დევნილ ოჯახს სოციალურ კრიტერიუმში მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა - 3001-ზე ნაკლები. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ მოსარჩელის არადევნილი მეუღლის დედას ჰქონდა საცხოვრებელი სახლი კახეთის რაიონში, ...ში, სოფ. ...ში. დადგენილია, რომ მოსარჩელის ოჯახის არც ერთ წევრს არ გააჩნია საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, ხოლო სახლი, რომელზეც მოპასუხე მიუთითებს წარმოადგენს მოსარჩელის მეუღლის დედის საკუთრებას, რაც არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი ხსენებულ საცხოვრებელში შეუზღუდავი ცხოვრების შესაძლებლობა. გარდა ამისა, მოსარჩელის ოჯახს არასდროს უცხოვრია აღნიშნულ სახლში, ბავშვები სკოლაში დადიან და მოსარჩელის ოჯახი სოციალური კავშირებით სრულად ადაპტირებულია ქ. თბილისში. მოსარჩელის მდგომარეობა შეფასდა 5.5 ქულით, რაც საქმის მასალების მიხედვით, საკმარის საფუძველს წარმოადგენდა კონკრეტულ ეტაპზე განსახლების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი მდგომარეობისა და საჭიროებების განსაზღვრისთვის საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა იყო საკმარისი და არ არსებობდა დამატებით ახალი გარემოებების გამოკვლევის აუცილებლობა, რაც ქმნიდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელის მეუღლეს დ. გ-ს გააჩნია მამაპაპისეული სახლი, სადაც ცხოვრობს მხოლოდ მოსარჩელის მეუღლის დედა, შესაბამისად, ნ. ც-ას ოჯახთან ერთად უსასყიდლოდ შეუძლია ისარგებლოს აღნიშნული საცხოვრებელი სახლით. აუცილებელი არ არის მოსარჩელის მეუღლეს საკუთრებაში გააჩნდეს უძრავი ქონება, თუ ასეთი ქონებით სარგებლობა ოჯახს შეუზღუდავად შეუძლია. ასეთ შემთხვევაში არ არსებობს ქირით ცხოვრების საჭიროება. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად არ უნდა იხარჯებოდეს. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ ამჟამად მოქმედი საკანონმდებლო ნორმა (08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანება) გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის აწესებს გარკვეულ რიგითობას, პრიორიტეტულობას, კერძოდ, პირველ რიგში ხდება იმ დევნილი ოჯახების დაკმაყოფილება, რომლებიც უპირატესად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას და არ გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი. სააგენტო პრიორიტეტს ანიჭებს იმ ოჯახს, რომლის განსახლების გადაუდებელი და აუცილებელი საჭიროება არსებობს. განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მხარე შესაძლოა თავშესაფრის გარეშე დარჩეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. საქმეში დაცული მასალებით ნ. ც-ა და მისი არასრულწლოვანი შვილები ნ. გ-ი და მ. გ-ი არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, ასევე მოსარჩელეები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 02.04.2021წ. №19 სხდომის ოქმის თანახმად, ოროთახიანი ბინის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა ნ. ც-ას, რომლის ოჯახი შედგება ოთხი წევრისაგან. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობა მეუღლის ალტერნატიული საცხოვრებლის გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 20.04.2021წ. №03-940/ო ბრძანებით დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 02.04.2021წ. გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №19) ნ. ც-ას (განცხადებით გათვალისწინებულ პირებს) ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. საქმეში დაცული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ...ში, ... მ/რ, 22-ე კორ. ბ. 149 წარმოადგენს ნ. გ-ის საკუთრებას. 17.11.2020წ. გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მინიტორინგის ოქმის თანახმად, მითითებულ მისამართზე მოსარჩელე ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობს ქირით 2015 წლიდან. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 20.01.2015წ. №04, 28.05.2015წ. №56, 18.02.2019წ. №7 და 04.11.2019წ. №43 სხდომის ოქმებით დგინდება, რომ დროებითი საცხოვრებლის დაქირავების მიზნით ამავე ოქმებით განსაზღვრული ვადით ნ. ც-ას გაეწია ფინანსური დამხარება, ასევე სს „...ი ბანკიდან“ ნ. ც-ას ანგარიშის ამონაწერით 01.01.2014წ.-01.12.2021წ. პერიოდში დგინდება ქირის საფასურის ჩარიცხვა. საჯარო რეესტრის 14.06.2021წ. და 25.03.2022წ. წერილების მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით მოსარჩელის და მისი მეუღლის - დ. გ-ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლი უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის თანახმად გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. 28.02.2019წ., 16.09.2020წ. და 16.10.2020წ. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების შეფასებების ელექტრონული ფორმის თანახმად, 5.50 ქულიდან 1,5 ქულა მოსარჩელის ოჯახს მიენიჭა საცხოვრებლის ფინანსური პირობების გამო, 3 ქულა მიენიჭა სოციალური კრიტერიუმის გამო (30001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულით), ხოლო 1 ქულა მიენიჭა ორი არასრულწლოვანი შვილის გამო. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მითითებული ნორმის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელის განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, მეუღლის ალტერნატიული საცხოვრებლის გამო, არ ქმნის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს. როგორც ზემოთ აღინიშნა, საჯარო რეესტრის 14.06.2021წ. და 25.03.2022წ. წერილების მიხედვით, მოსარჩელის მეუღლის - დ. გ-ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, დევნილ ოჯახად განიხილება განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. უდავოა, რომ მოსარჩელის მეუღლის დედა (ნ. გ-ი) არ წარმოადგენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებით გათვალისწინებულ პირს, ასევე მითითებული ნორმის მოთხოვნებიდან გამომდინარე არ დგინდება ნ. გ-ის მოსარჩელის ოჯახის წევრად არსებობის ფაქტი, კერძოდ, არ დგინდება ნ. გ-ის მიერ დევნილი ოჯახის წევრებთან ერთად განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად ცხოვრებისა და ერთობლივი შინასამეურნეო საქმიანობის გაწევის ფაქტი, შესაბამისად, მოსარჩელის მეუღლის დედის უძრავი ნივთის ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართად განხილვა, მოცემულ შემთხვევაში უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს გაზიარებული.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტებზე“ (№9 დანართი), რომლითაც განსაზღვრულია გადასაცემი ფართების ოდენობა დევნილი ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით. აღნიშნული გამომდინარეობს ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფის ვალდებულებიდან („საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხ. „ნ“ ქვ.პ., მე-13 მუხ., მე-17 მუხ.), შესაბამისად, საცხოვრებელი სახლის მოცულობისა და ოჯახის წევრთა ოდენობის შესაბამისობის დადგენის გარეშე, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოსარჩელის მეუღლის დედას საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება და მოსარჩელეს შეუძლია ამ ქონებით შეუზღუდავად სარგებლობა, არ წარმოადგენს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის და დასაბუთებულ საფუძველს. გარდა ამისა, საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის მოსარჩელის მეუღლის დედის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც, უძრავი ნივთის მოსარჩელის მეუღლის მშობლ(ებ)ის საკუთრებაში არსებობის ფაქტი იმთავითვე არ გულისხმობს ასეთ ფართში მოსარჩელის და მისი ოჯახის წევრების შეუზღუდავად ცხოვრების შესაძლებლობას, არ გამორიცხავს ფართის მოცულობისა და ოჯახის წევრთა ოდენობის შესაბამისობის შეფასების საჭიროებას, შესაბამისად, დასაბუთებული არ არის კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს და მის ოჯახს შეუზღუდავად შეუძლია ისარგებლოს მოსარჩელის მეუღლის დედის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთით.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ (საქართველო კონვენციას შეუერთდა საქართველოს პარლამენტის 21.04.1994წ. დადგენილებით) 3.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ბავშვის უფლებათა კოდექსის 5.3 მუხლის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. იმავე კოდექსის 5.6 მუხლის შესაბამისად, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნ. ც-ასთან ერთად საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა მის არასრუწლოვან შვილებს. აღსანიშნავია ისიც, რომ 21.03.2022წ. სსიპ ქ. თბილისის №... საჯარო სკოლის ცნობების მიხედვით მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილები სწავლობენ ქ. თბილისში, №... საჯარო სკოლაში. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელეს ოჯახთან ერთად მოსარჩელის მეუღლის დედის სახლში არასდროს უცხოვრია, ბავშვები სკოლაში დადიან თბილისში, შესაბამისად, ადაპტირებული არიან და სოციალური კავშირები გააჩნიათ თბილისში. ამდენად, გასაჩივრებული აქტით ნ. ც-ას (განცხადებით გათვალისწინებულ პირების) საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ამ ეტაპზე მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო დასაბუთებული არ არის, შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოეშვა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.11.2022წ. გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი