Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1363(კ-22) 6 აპრილი, 2023 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - მ. , რ. და გ. ს-ეები

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

მ. , რ. და გ. ს-ეებმა 2021 წლის 18 იანვარს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და ამავე სააგენტოს 2020 წლის 2 დეკემბრის №03/19021 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, მოსარჩელეების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.

სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები, 4 წევრის შემადგენლობით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები არიან, რომლებიც განსახლდნენ ...ში, ...ის ქ. №66-ში - დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში - ...ო „...ში“. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, შენობას მიენიჭა ნგრევადი სტატუსი, რის გამოც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ კრიტერიუმების გარეშე მოახდინა მასში მცხოვრები დევნილების გრძელვადიანი განსახლება და გადასცა ბინები. ს-ეების ოჯახს კი თანხმობა ეთქვა ოროთახიანი ბინით დაკმაყოფილებაზე, რის გამოც მათ განცხადებით მიმართეს სააგენტოს და მოითხოვეს მათი განცხადების ხელახლა განხილვა, რადგან ჩათვალეს, რომ საცხოვრებელი ფართი არასწორად იყო განაწილებული. მოსარჩელეთა მოსაზრებით, კომისიამ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ დევნილ ოჯახში იყო დაქორწინებული წყვილი - გ. ს-ე და თ. ყ-ი, რომელთაც ცალკე უნდა გადასცემოდათ ერთოთახიანი ბინა ან მთელ ოჯახს - სამოთახიანი საცხოვრებელი ფართი. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების მოქმედი რედაქციის შესაბამისად, დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების შეთავაზებისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, რომ საპირისპირო სქესის დაუქორწინებელი სრულწლოვანი დევნილები არ უნდა განთავსდნენ საერთო ფართში. დასახელებული გარემოება კი უგულებელყოფილ იქნა სააგენტოს მიერ, რომელმაც აღნიშნა, რომ მოსარჩელეები უკვე დაკმაყოფილებული იყვნენ ოროთახიანი საცხოვრებელი ფართით და მათ უარი უნდა ეთქვათ განცხადების ხელახლა განხილვაზე.

ამდენად, მოსარჩელეებმა სადავო აქტის ბათილად ცნობა და გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. , რ. და გ. ს-ეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- მოსარჩელეები არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები;

- დადგენილია, რომ ...ში, ...ის ქ. №66-ში მდებარე შენობა - ...ო „...ი“ წარმოადგენს დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტს, რომელსაც მიენიჭა ნგრევადი სტატუსი და იქ მცხოვრები დევნილების საკითხი სამინისტრომ განიხილა კრიტერიუმების გარეშე;

- 2020 წლის 15 სექტემბერს შედგენილ აღწერის ფორმის თანახმად, მოსარჩელეთა ოჯახის წევრები არიან: მ. ს-ე (ოჯახის უფროსი); რ. ს-ე (შვილი); გ. ს-ე (შვილი); თ. ყ-ი (რძალი - გ. მეუღლე). აღწერის ფორმაში ასევე მითითებულია, რომ ...ში, ...ის ქ. №66-ში (...ო „...ი“) განხორციელდა აღწერა. სამსახურის წარმომადგენლებს მისამართზე დახვდნენ მ. და რ. ს-ეები. გ. ს-ე იმყოფებოდა სამსახურში, ხოლო მისი მეუღლე თ. ყ-ი - ...ოში მშობლებთან - ნ. ყ-თან და მ. ყ-თან ერთად, რომლებიც დაკმაყოფილებულები იყვნენ ბინით ...ოში. თ. ჰყავდა დაოჯახებული დები. აღწერის ფორმაში დამატებით ინფორმაციად მითითებულია, რომ ოჯახი ...ში, ...ის ქ. №66-ში ცხოვრობს 1993 წლიდან. მ. ს-ის მეუღლე - მ. ს-ე 2010 წელს გარდაიცვალა;

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის“ 2020 წლის 20 ოქტომბრის №62 საოქმო გადაწყვეტილებით, მ. , რ. და გ. ს-ეები დაკმაყოფილდნენ ოროთახიანი საცხოვრებელი ფართით;

- 2020 წლის 21 ოქტომბერს მ. ს-ემ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, რომელშიც მიუთითა, რომ ...ში, ...ის ქ. №66-ში (...ო „...ში“) ცხოვრობდა ორ სრულწლოვან შვილთან ერთად, მათ შორის, ერთი იყო დაოჯახებული. მ. ს-ემ ასევე აღნიშნა, რომ მათ შესთავაზეს ოროთახიანი ბინა, რომლის ფართიც დათვლილი იყო სულადობით, თუმცა არ იყო გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ მისი ერთ-ერთი შვილი არ იყო დაოჯახებული, იყო სრულწლოვანი. ამდენად, მ. ს-ემ მოითხოვა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინება და ორი ბიოლოგიური ოჯახის ცალ-ცალკე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება;

- სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 2 დეკემბრის №03/19021 გადაწყვეტილებით მ. ს-ეს განცხადების პასუხად ეცნობა, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის სხდომის №62 ოქმის შესაბამისად, მ. ს-ის ოჯახს თანხმობა ეთქვა ოროთახიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას ხელახლა განეხილა მათი ოჯახის საცხოვრებელი პირობები;

- ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე გ. ს-ის მეუღლე - თ. ყ-ი ქორწინებამდე ცალკე ოჯახად იყო რეგისტრირებული №... სარეგისტრაციო ნომერზე, მისამართი: იმერეთი, ...ო, ...ის ქუჩა, კორპუსი №1, ბინა №38;

- საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 სექტემბრის №24/09/01 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნ. ყ-ს შორის (თ. ყ-ის და) დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ოჯახს საკუთრებაში გადაეცა 49.78 კვ.მ საცხოვრებელი ფართი. ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მყიდველმა აიღო ვალდებულება, უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართით ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პირები, მათ შორის, თ. ყ-ი.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას, საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით დადგენილ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებზე. კერძოდ, მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. ამასთან, ამავე წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების საფუძველზე, კომისიის მიერ დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილებისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილ ოჯახს შეეთავაზება საცხოვრებელი ფართი №320 ბრძანების მე-7 პუნქტით დამტკიცებული №8 დანართის („გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები, დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნების გათვალისწინებით“) შესაბამისად. ამავე ნორმის მე-13 პუნქტის თანახმად განისაზღვრა, რომ ამ მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახ(ებ)ისათვის საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შეთავაზებისას, შეძლებისდაგვარად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი გარემოებები: ა) საპირისპირო სქესის დაუქორწინებელი სრულწლოვანი დევნილები (მაგ.: სრულწლოვანი და-ძმა, მარტოხელა მშობელი და სრულწლოვანი შვილი) არ უნდა განსახლდენენ საერთო ოთახში; ბ) არასრულწლოვანი ოჯახის წევრები, მეუღლეები და ერთი სქესის სრულწლოვანი დევნილები შესაძლებელია განსახლდნენ ერთ ოთახში. ამასთან, მნიშვნელოვანია აღნიშნული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ამ წესის შესაბამისად, არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის“ 2020 წლის 20 ოქტომბრის №62 საოქმო გადაწყვეტილებით, მოსარჩელეები დაკმაყოფილდნენ ოროთახიანი საცხოვრებელი ფართით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესისა და ამავე ბრძანებით დამტკიცებული №8 დანართის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტებს დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ უსაფუძვლო იყო მ. ს-ის მოთხოვნა მისი ოჯახისთვის, როგორც ორი ბიოლოგიური ოჯახისთვის, ცალ-ცალკე ფართებით დაკმაყოფილების შესახებ, რაზეც მოსარჩელეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 2 დეკემბრის №03/19021 სადავო გადაწყვეტილებით მართებულად ეთქვა უარი.

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის წინაპირობები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. , რ. და გ. ს-ეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 2 დეკემბრის №03/19021 გადაწყვეტილება და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა არ დაეთანხმა მათ სამართლებრივ შეფასებას და განმარტა, რომ მოპასუხე, რომელიც წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებული იყო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მიდგომოდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განესაზღვრა დევნილი ოჯახის განსახლებასთან დაკავშირებული საკითხები.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ №8 დანართზე, რომლის თანახმად, განსაზღვრულია „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობა იყო 3-4 მოსახლე, საცხოვრებელ ფართში ოთახების რაოდენობა შესაბამისობაში მოდიოდა ოროთახიან ბინასთან, ფართით 45-60მ2, ხოლო 5-6 სულიანი ოჯახის შემთხვევაში - სამოთახიანთან. ამასთან, ამავე წესის მე-6 მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი იყო, რომ დევნილი ოჯახ(ებ)ისათვის საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შეთავაზებისას, შეძლებისდაგვარად, მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული შემდეგი გარემოებები: ა) საპირისპირო სქესის დაუქორწინებელი სრულწლოვანი დევნილები (მაგ.: სრულწლოვანი და-ძმა, მარტოხელა მშობელი და სრულწლოვანი შვილი) არ უნდა განსახლდნენ საერთო ოთახში; ბ) არასრულწლოვანი ოჯახის წევრები, მეუღლეები და ერთი სქესის სრულწლოვანი დევნილები შესაძლებელია განსახლდნენ ერთ ოთახში.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო აქტის გამოცემის დროისთვის, 2020 წლის 15 სექტემბერს შედგენილი აღწერის ფორმის მიხედვით, მოსარჩელეთა ოჯახის წევრებად მითითებულნი იყვნენ: მ. ს-ე (ოჯახის უფროსი); რ. ს-ე (სრულწლოვანი შვილი); გ. ს-ე (სრულწლოვანი შვილი); თ. ყ-ი (რძალი - გ. მეუღლე), თუმცა ამჟამად შეცვლილი ფაქტობრივი გარემოების პირობებში, მოსარჩელეთა ოჯახი შედგება 5 სულისგან, კერძოდ, ოჯახის შემადგენლობას დაემატა გ. ს-ისა და თ. ყ-ის შვილი - ლ. ს-ე, რომელსაც ასევე მინიჭებული აქვს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. პალატის მოსაზრებით, მოცემულ პირობებშსი, განმცხადებელს გაზრდილი სულადობის გათვალისწინებით შეუძლია მოითხოვოს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება მომდევნო ეტაპზე კრიტერიუმების გარეშე, როგორც კომპაქტურად განსახლების ობიექტში მცხოვრებმა ოჯახმა. ამასთანავე, პალატამ მნიშვნელოვნად მიიჩნია იმ გარემოებაზე მითითება, რომ „დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის“ 2020 წლის 20 ოქტომბრის №62 საოქმო გადაწყვეტილებას არ მოჰყოლია რაიმე სამართლებრივი შედეგი (ბრძანების გამოცემა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ, ხელშეკრულების დადება მხარეთა შორის, ასევე მოსარჩელეთათვის საცხოვრებელი ფართის ფაქტობრივად გადაცემა და სხვ.). შესაბამისად, სახეზეა მოცემულობა, როდესაც მოსარჩელის ოჯახი დგას საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის ხელახლა განხილვის წინაშე. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, მ. ს-ის განცხადების განხილვისას არ გაითვალისწინა მასში მითითებული ფაქტები ოჯახის წევრთა სულადობის, შვილთა სრულწლოვანებისა და მათ შორის ერთ-ერთის ქორწინების შესახებ.

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტთა მოსაზრება, რომ მათი ოჯახი აღმოჩნდა განსხვავებულ მდგომარეობაში იდენტურ სამართლებრივ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ხსენებული საკითხის შეფასების მიზნით, გამოითხოვა ...ო „...ში“ მცხოვრები ვ. და თ. უ-ების, ასევე ბ. გ. და მ. ჩ-ეების საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები, თუმცა ვერ დადგინდა მათთვის განსხვავებული ოდენობის ფართის გადაცემის ფაქტი, ვინაიდან ერთ შემთხვევაში ოჯახს მიღებული ჰქონდა ერთოთახიანი ბინა, ხოლო ორ შემთხვევაშ - ოროთახიანი ბინა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ გამოთხოვილი მასალებით არ დგინდებოდა ფაქტი, რომ აღნიშნული ოჯახები სულადობის გათვალისწინებით იმყოფებოდნენ მოსარჩელის ოჯახის მსგავს მდგომარეობაში. პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ იყო ისეთი გარემოება, იმგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც, რომელიმე ნიშნის გამო, მოსარჩელეებს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებდა ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სადავო აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის, საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად, ახალი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

საკასაციო საჩივრის თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (ოქმი №62) მ. , რ. და გ. ს-ეებს, როგორც ნგრევად ობიექტში ფაქტობრივ მაცხოვრებლებს, თანხმობა ეთქვათ საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და ისინი სულადობის გათვალისწინებით ოროთახიანი ბინის მიღების კანდიდატებად განისაზღვრნენ.

კასატორი მიუთითებს 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების საფუძველზე კომისიის მიერ დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილებისათვის, დევნილ ოჯახს შეეთავაზება საცხოვრებელი ფართი ამ ბრძანების მე-7 პუნქტით დამტკიცებული „საორიენტაციო სტანდარტების და დევნილი ოჯახის რიცხოვნობის გათვალისწინებით“ დანართი №8 შესაბამისად. ამავე ნორმის მე-13 პუნქტის შესაბამისად კი, ამ მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახ(ებ)ისათვის საცხოვრებელი ფართების შეთავაზებისას, შეძლებისდაგვარად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი გარემოებები: ა) საპირისპირო სქესის დაუქორწინებელი სრულწლოვანი დევნილები (მაგ.: სრულწლოვანი და-ძმა, მარტოხელა მშობელი და სრულწლოვანი შვილი) არ უნდა განსახლდნენ საერთო ოთახში; ბ) არასრულწლოვანი ოჯახის წევრები, მეუღლეები და ერთი სქესის სრულწლოვანი დევნილები შესაძლებელია განსახლდნენ ერთ ოთახში. კასატორის აღნიშვნით, კანონში პირდაპირ არის მითითებული, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები შეძლებისდაგვარად უნდა იქნეს გათვალისწინებული და არა აუცილებლად.

კასატორის მოსაზრებით, ასევე მნიშვნელოვანია დასახელებული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ამ წესის შესაბამისად არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში. საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელე გ. ს-ის მეუღლე - თ. ყ-ი ქორწინებამდე ცალკე ოჯახად იყო რეგისტრირებული №... სარეგისტრაციო ნომერით, მისამართზე: იმერეთი, ...ო, ...ის ქ. კორპ. №1, ბინა №38. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 სექტემბრის №24/09/01 განკარგულების საფუძველზე კი, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მეორე მხრივ, ნ. ყ-ს შორის (თ. ყ-ის და) დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმდა, ოჯახს საკუთრებაში გადაეცა 49.78 კვ,მ საცხოვრებელი ფართი. ამავე ხელშეკრულების თანახმად, მყიდველმა აიღო ვალდებულება, უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართით ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პირები, მათ შორის, თ. ყ-ი. შესაბამისად, დგინდება, რომ თ. ყ-ი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე სახელმწიფოს მხრიდან დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით და მას კანონდებლობის თანხმად მოთხოვნის უფლება აღარ წარმოეშობა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ გ. ს-ისა და თ. ყ-ის შვილი, რომელიც საკითხის განხილვის დროისათვის საერთოდ არ იყო დაბადებული (დაბადების თარიღი: ...წ.) ადმინისტრაციულმა ორგანომ გაითვალისწინოს სულადობაში და ოჯახი დააკმაყოფილოს არა კრიტერიუმების საფუძველზე, არამედ კრიტერიუმების გარეშე, როგორც 2020 წელს ნგრევად ობიექტში ფაქტობრივად მაცხოვრებელი. სააგენტოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა დაუსაბუთებელია, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის განხილვისას, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, სრულყოფილად აქვს გამოკვლეული საქმის გარემოებები. სადავო აქტი მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. , რ. და გ. ს-ეების სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

- მ. , რ. და გ. ს-ეები არიან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომელთაც მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი;

- დადგენილია, რომ ...ში, ...ის ქ. №66-ში მდებარე შენობა - ...ო „...ი“ წარმოადგენს დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტს, რომელსაც მიენიჭა ნგრევადი სტატუსი და იქ მცხოვრები დევნილების საკითხი განიხილება კრიტერიუმების გარეშე. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნულ ობიექტში 2020 წლის 15 სექტემბერს განხორციელდა ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების აღწერა;

- მოსარჩელეთა აღწერის ფორმაში ოჯახის წევრებად მითითებულნი არიან: მ. ს-ე (ოჯახის უფროსი), რ. ს-ე (შვილი), გ. ს-ე (შვილი), თ. ყ-ი (რძალი - გ. მეუღლე). აღწერის ფორმაში ასევე მითითებულია, რომ ...ში, ...ის ქ. №66-ში (...ო „...ი“) აღწერისას სამსახურის წარმომადგენლებს მისამართზე დახვდნენ მ. და რ. ს-ეები. გ. ს-ე იმყოფებოდა სამსახურში, ხოლო მისი მეუღლე თ. ყ-ი - ...ოში მშობლებთან - ნ. ყ-თან და მ. ყ-თან ერთად, რომლებიც დაკმაყოფილებულები იყვნენ ბინით ...ოში. თამარს ჰყავს დაოჯახებული დები. აღწერის ფორმაში დამატებით ინფორმაციად მითითებულია, რომ დევნილი ოჯახი ...ში, ...ის ქ. №66-ში ცხოვრობს 1993 წლიდან. მ. ს-ის მეუღლე - მ. ს-ე კი გარდაიცვალა 2010 წელს;

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის“ 2020 წლის 20 ოქტომბრის №62 საოქმო გადაწყვეტილებით, მ. , რ. და გ. ს-ეებს თანხმობა ეთქვათ ოროთახიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე;

- 2020 წლის 21 ოქტომბერს მ. ს-ემ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მიუთითა, რომ ...ში, ...ის ქ. №66-ში (...ო „...ში“) ცხოვრობდა ორ სრულწლოვან შვილთან ერთად, მათ შორის, ერთი იყო დაოჯახებული. მ. ს-ემ ასევე აღნიშნა, რომ მის ოჯახს შესთავაზეს ოროთახიანი ბინა, რომელიც დათვლილი იყო სულადობით, თუმცა არ იყო გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მისი დაუოჯახებელი შვილი იყო სრულწლოვანი. ამდენად, მ. ს-ემ მოითხოვა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინება და ორი ბიოლოგიური ოჯახის ცალ-ცალკე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება

- სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 2 დეკემბრის №03/19021 გადაწყვეტილებით მ. ს-ეს განცხადების პასუხად ეცნობა, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის სხდომის №62 ოქმის შესაბამისად, მ. ს-ის დევნილ ოჯახს თანხმობა ეთქვა ოროთახიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას ხელახლა განეხილა მათი ოჯახის საცხოვრებელი პირობები;

- ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე გ. ს-ის მეუღლე - თ. ყ-ი ქორწინებამდე ცალკე ოჯახად იყო რეგისტრირებული №... სარეგისტრაციო ნომერზე, შემდეგ მისამართზე: იმერეთი, ...ო, ...ის ქუჩა, კორპუსი №1, ბინა №38;

- საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 სექტემბრის №24/09/01 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნ. ყ-ს შორის (თ. ყ-ის და) დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ოჯახს საკუთრებაში გადაეცა 49.78 კვ.მ საცხოვრებელი ფართი. ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მყიდველმა აიღო ვალდებულება, უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართით ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პირები, მათ შორის, თ. ყ-ი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მ. ს-ის დევნილი ოჯახის საცხოვრებელი პირობების ხელახლა განხილვაზე მოპასუხის მიერ უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 20 ოქტომბრის სხდომის №62 ოქმის შესაბამისად, მისი ოჯახი დაკმაყოფილებული იყო ოროთახიანი საცხოვრებელი ფართით.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. ამასთან, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. გამონაკლისის სახით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის რიგითობის განსაზღვრისთვის, მათი განცხადების დაკმაყოფილებისთვის პირები უნდა აკმაყოფილებდნენ ნორმატიულად განსაზღვრულ წინაპირობებს. ამასთან, დასახელებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილი ოჯახების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას. ამრიგად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად უპირატესობა მიენიჭება დევნილთა იმ ოჯახებს, რომელთაც ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი არ გააჩნიათ.

ამრიგად, ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის შედეგად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხდება სახელმწიფოს მიერ, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. გამონაკლისია ნგრევად ობიექტში ცხოვრება, რაც შესაბამისი საექსპერტო დასკვნით უნდა დასტურდებოდეს. თუმცა აღნიშნული გამონაკლისიც ექვემდებარება რიგითობის დაცვას, თუ სიცოცხლისთვის საშიშ ობიექტში მცხოვრებ დევნილებს გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, ამ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებათ დევნილებს, რომლებსაც ასეთი საცხოვრებელი არ აქვთ. საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ მოსარჩელეთა ოჯახი ცხოვრობდა ნგრევად ობიექტში და მასში მცხოვრები დევნილების განსახლების საკითხი ექვემდებარებოდა კრიტერიუმების გარეშე განხილვას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში შეფასებას საჭიროებს საკითხი, რამდენად მართებული იყო მოსარჩელეთათვის ოროთახიანი ბინით დაკმაყოფილების შემდეგ, ოჯახის სხვადასხვა სქესის სრულწლოვანი წევრების, მათ შორის, ერთი დაოჯახებული პირის არსებობის პირობებში, ახალი განცხადების განხილვა და დაკმაყოფილება.

დასახელებული გარემოების შეფასებისას, საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ წესზე, რომლის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამავე მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების საფუძველზე კომისიის მიერ დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილებისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილ ოჯახს შეეთავაზება საცხოვრებელი ფართი №320 ბრძანების მე-7 პუნქტით დამტკიცებული №8 დანართის შესაბამისად, რომლითაც განსაზღვრულია „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნების გათვალისწინებით“. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობა შეადგენს 3-4 მოსახლეს, საცხოვრებელ ფართში ოთახების რაოდენობა შესაბამისობაში მოდის ოროთახიან ბინასთან, ფართით 45-60მ2, ხოლო 5-6-სულიანი ოჯახის შემთხვევაში - სამოთახიანთან. ამასთანავე, „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-13 პუნქტის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახ(ებ)ისათვის საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შეთავაზებისას, შეძლებისდაგვარად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი გარემოებები: ა) საპირისპირო სქესის დაუქორწინებელი სრულწლოვანი დევნილები (მაგ.: სრულწლოვანი და-ძმა, მარტოხელა მშობელი და სრულწლოვანი შვილი) არ უნდა განსახლდენენ საერთო ოთახში; ბ) არასრულწლოვანი ოჯახის წევრები, მეუღლეები და ერთი სქესის სრულწლოვანი დევნილები შესაძლებელია განსახლდნენ ერთ ოთახში. მნიშვნელოვანია ასევე აღნიშნული წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ამ წესის შესაბამისად არ განიხილება იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომლებსაც, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, ერთხელ უკვე აქვთ მიღებული საცხოვრებელი ფართი ან/და ერთჯერადი ფულადი დახმარება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში.

განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ სადავო აქტის გამოცემის დროისთვის, 2020 წლის 15 სექტემბერს შედგენილი აღწერის ფორმის მიხედვით, მოსარჩელეთა ოჯახის წევრებად მითითებულნი იყვნენ: მ. ს-ე (ოჯახის უფროსი); რ. ს-ე (სრულწლოვანი შვილი); გ. ს-ე (სრულწლოვანი შვილი); თ. ყ-ი (რძალი - გ. მეუღლე). „დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის“ 2020 წლის 20 ოქტომბრის №62 საოქმო გადაწყვეტილებით, მოსარჩელეები დაკმაყოფილდნენ ოროთახიანი საცხოვრებელი ფართით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესისა და ამავე ბრძანებით დამტკიცებული დანართი №8-ის შესაბამისად. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ამჟამად შეცვლილი ფაქტობრივი გარემოების პირობებში, ვინაიდან მოსარჩელეთა ოჯახი შედგება 5 სულისგან, კერძოდ, ოჯახის შემადგენლობას დაემატა გ. ს-ისა და თ. ყ-ის შვილი - ლ. ს-ე, რომელსაც ასევე მინიჭებული აქვს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი, საკითხი ექვემდებარება დამატებით გამოკვლევას, რადგან, საკასაციო სასამართლოს მითითებით, დევნილთა მიერ განაცხადის გაკეთების, აღწერის ფორმების შევსებისა და სადავო აქტის გამოცემის დროისთვის ოთხსულიან ოჯახებზე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისთვის საორიენტაციო სტანდარტს ოროთახიანი ბინა წარმოადგენდა, ამასთან, არარელევანტურია მოსარჩელეთა მითითება „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-13 პუნქტზე, რამდენადაც დასახელებული ნორმის შინაარსი, სხვადასხვა სქესის ოჯახის სრულწლოვანი წევრების არსებობის პირობებში, მათი ორ ბიოლოგიურ ოჯახად განხილვას და ცალ-ცალკე ფართით დაკმაყოფილებას არ ითვალისწინებს. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართის საკითხის განხილვისას სააგენტოს შეძლებისდაგვარად შეუძლია საპირისპირო სქესის დაუქორწინებელი სრულწლოვანი დევნილების გათვალისწინება, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს მის ვალდებულებას. შესაბამისად, უსაფუძვლოა მ. ს-ის მოთხოვნა მისი ოჯახისთვის, როგორც ორი ბიოლოგიური ოჯახისთვის, ცალ-ცალკე ფართებით დაკმაყოფილების შესახებ, რაზეც სადავო აქტით - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 2 დეკემბრის №03/19021 გადაწყვეტილებით მართებულად ეთქვა უარი. ასევე მნიშვნელოვანია იმ გარემოებაზე მითითება, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 24 სექტემბრის №24/09/01 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნ. ყ-ს შორის (თ. ყ-ის და) დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ოჯახს საკუთრებაში გადაეცა 49.78 კვ.მ საცხოვრებელი ფართი. ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მყიდველმა აიღო ვალდებულება, უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართით ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პირები, მათ შორის, თ. ყ-ი. დასახელებული გარემოება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გ. ს-ის მეუღლე - თ. ყ-ი, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ თავადვე აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა მიმართ არ დასტურდებოდა არათანასწორი მიდგომა იდენტურ სამართლებრივ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, რის გამოც დასახელებული საკითხის შეფასების მიზნით, გამოითხოვა ...ო „...ში“ მცხოვრები ვ. და თ. უ-ების, ასევე ბ. გ. და მ. ჩ-ეების საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები, თუმცა ვერ დაადგინა მათთვის განსხვავებული ოდენობის ფართის გადაცემის ფაქტი, ვინაიდან ერთ შემთხვევაში ოჯახს მიღებული ჰქონდა ერთოთახიანი ბინა, ხოლო ორ შემთხვევაში - ოროთახიანი ბინა. ამდენად, პალატის მოსაზრებით, სახეზე არ იყო ისეთი გარემოება, იმგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც, რომელიმე ნიშნის გამო, მოსარჩელეებს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებდა ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა თანასწორობის უფლების უგულებელყოფას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო საქმეზე უდავოდ დადგენილი გარემოებები, ასევე წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად შესწავლასა და მოსარჩელეთა ოროთახიანი ბინით დაკმაყოფილების მართებულობას. საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს პოზიცია დაუსაბუთებელია, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის განხილვისას, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, სრულყოფილად აქვს გამოკვლეული საქმის გარემოებები და განმცხადებლის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რის გამოც სადავო - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 2 დეკემბრის №03/19021 გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, რის გამოც, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მ. , რ. და გ. ს-ეების სასარჩელო მოთხოვნას არ გააჩნია სათანადო ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ხოლო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო პრეტენზია არგუმენტირებული და დასაბუთებულია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევა, რომლის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები), ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. , რ. და გ. ს-ეების სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გადაწყვიტა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ. , რ. და გ. ს-ეების სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე