№ბს-837(კ-20) 27 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე
კასატორი - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;
წარმომადგენელი - ც. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი. ა-ი;
წარმომადგენელი - ქ. ბ-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 15 თებერვალს ი. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 15 იანვრის MES 1 18 00029912 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ი. ა-ის მიერ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ მუსიკალურ სკოლა-ათწლედში 1993-1996 წლებში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე) გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ი. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 15 იანვრის MES 1 18 00029912 გადაწყვეტილება და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი გამოცემა დაევალა.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 251 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცენტრი ახდენს ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას. მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განათლების მიღების ფაქტის დადგენის მიზნებისათვის, პირის მიერ პროგრამის სრულად გავლა და მისთვის კვალიფიკაციის მინიჭება დასტურდება კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ოქმით/ბრძანებით ან/და დიპლომის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალით ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სხვა სახის დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს; ხოლო პირის მიერ პროგრამის ნაწილობრივ გავლა – საგანმანთლებლო პროგრამის შესაბამისი ნაწილის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციით.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება და განათლების აღიარების საკითხის გადაწყვეტა ევალება საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. ამასთან, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარება ხდება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ნებისმიერ სახის დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს.
ამასთან, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესით” რეგულირებული საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული პირების მიერ მიღებული განათლების აღიარების შესაძლებლობა იმთავითვე გულისხმობს მათ მიერ მიღებული განათლების შესახებ სრულყოფილი დოკუმენტაციის არარსებობას. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ბრძანებით რეგლამენტირებული განათლების აღიარების მიზანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან აღნიშნული პირების მიერ მიღებული განათლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას სწორედ ამ პირობებში.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები, რომ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1997 წლის 6 ოქტომბრის №1217-გ განკარგულებით თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას ნება დაერთო, მუსიკის ახალგაზრდა მასწავლებელთა და სტუდენტთა პედაგოგიური და მეთოდური მომზადების დონის ამაღლების მიზნით, მეთოდიკისა და პედაგოგიური პრაქტიკის კათედრასთან 1978 წლის 1 იანვრიდან გაეხსნა ექსპერიმენტული სკოლა-ათწლედი.
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 6 ივლისის №3/175 ბრძანებით, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო სკოლა-ათწლედი ლიკვიდირებული/გაუქმებული იქნა 2006 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2017 წლის 29 დეკემბრის №03/09-5110 წერილით თანახმად, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო სკოლა-ათწლედი დაარსების დღიდან - ლიკვიდაციამდე (1978-2006 წწ.) ახორციელებდა მხოლოდ სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამებს, ზოგადსაგანმანათლებლო დისციპლინების სწავლების უფლების გარეშე. შესაბამისად, აღნიშნული სამუსიკო სკოლის მოსწავლე ასევე სწავლობდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ე.წ. საშუალო სკოლაშიც, რომლის დასრულებისას მას ეძლეოდა ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი.
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის 2017 წლის 31 მარტის №1/264-22(5872) და 2017 წლის 19 აპრილის №1/296-22(5933) წერილების მიხედვით, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო სკოლა-ათწლედის სრული დოკუმენტაცია (მათ შორის, სოციალურ-უფლებრივი ხასიათის) გადაეცა სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს.
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 8 ნოემბრის №10/175927 წერილით თანახმად, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსვერატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო სკოლა-ათწლედს არსებობის მანძილზე (1977-2006 წწ.) სახელწოდება არ შეუცვლია. არქივში შესულია მხოლოდ 1978-2006 წლებში ხანგრძლივად შესანახი საარქივო დოკუმენტები, რომლებიც მოიცავს თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლების ბრძანებებსა და ხელფასის ბარათებს. არასრულადაა წარდგენილი ბრძანებები მოსწავლეთა შესახებ და აკადემიური მოსწრების აღრიცხვის ჟურნალები. სხვა ინფორმაცია, კერძოდ: ბრძანებები ძირითადი საქმიანობის შესახებ, წესდება/დებულება, პედსაბჭოსა და სახელმწიფო-საკვალიფიკაციო კომისიის სხდომის ოქმები, მოწმობა-ატესტატების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალები და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები არქივში სახელმწიფო დაცვაზე არ არის შესული.
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო სკოლა - ათწლედის 1993 წლის №17/7 ბრძანებით ი. ა-ი ჩაირიცხა სამუსიკო სკოლა - ათწლედის ... განყოფილების მე-9 კლასში.
1995-1996 სასწავლო წლის მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ჟურნალის მიხედვით, ი. ა-მა 1996 წელს დაასრულა სასწავლებელში სწავლების სრული კურსი. მე-11 კლასში ი. ა-მა მიიღო შემდეგი შეფასება: I -ლი სემესტრი: სოლფეჯიო - 3, ანალიზი - 3, ჰარმონია - 3, სავალდებულო ფორტეპიანო - 3, გუნდი - 5, ხმის დაყენება-ჩათვლა, ქართული ჰარმონია - 3; II სემესტრი: სოლფეჯიო - 3, ჰარმონია - 4, მუს. ლიტერატურა - 3, სავალდებულო ფორტეპიანო -3, გუნდი - ჩათვლა, ხმის დაყენება - 4, ქართული ჰარმონია - 5, კოლოქვიუმი - 4.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მოსარჩელის მიერ 1993-1996 წლებში თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ სამუსიკო სკოლაში მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ სამუსიკო სკოლა არ წარმოადგენდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხი სრულყოფილად არ გამოიკვლია და არ შეაფასა თბილისის ვანო სარჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული სამუსიკო სკოლა, წარმოადგენდა თუ არა საგანმანათლებლო დაწესებულებას და ჰქონდა თუ არა სადავო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება. სსიპ განთლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სწორედ აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში უნდა შეეფასებინა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტულ მუსიკალურ სკოლა - ათწლედში ი. ა-ის მიერ 1993-1996 წლებში მიღებული განათლების აღიარების საკითხი.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე-34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 15 იანვრის MES 1 18 00029912 გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეს უნდა დავალებოდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის მიერ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტულ მუსიკალურ სკოლა - ათწლედში 1993-1996 წლებში მიღებული განათლების აღიარებისთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინება საკასაციო გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს აქტის ბათილად ცნობის პირობებს. ცენტრმა სრულად დაიცვა სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფორმალური და მატერიალური კანონიერება.
ცენტრმა აქტის გამოცემისას იხელმძღვანელა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესით“.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ ერთი მხრივ, დადგენილად ცნო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2017 წლის 29 დეკემბრის №03/09-5110 წერილის თანახმად, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო სკოლა-ათწლედი დაარსების დღიდან ლიკვიდაციამდე (1978-2006წწ.) ახორციელებდა მხოლოდ სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამებს, ზოგადსაგანმანათლებლო დისციპლინის სწავლების უფლების გარეშე. აღნიშნული სამუსიკო სკოლის მოსწავლე ასევე სწავლობდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ე.წ. საშუალო სკოლაშიც, რომლის დასრულებისას მას ეძლეოდა ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი. მეორე მხრივ, ცენტრს დაავალა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა, მაშინ როდესაც თავად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება. კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, თუ რა დამატებითი ობიექტური გარემოებები შეიძლებოდა გამორკვეულიყო, რომელთა შედეგად ცენტრი მივიდოდა ი. ა-ის მიმართ კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტამდე.
კასატორის მითითებით, სასამართლო გადაწყვეტილებაში ვერ უთითებს, თუ რომელი კანონის მოთხოვნა დაარღვია ცენტრმა. სასამართლოს მსჯელობა და მიღებული გადაწყვეტილება ემყარება მხოლოდ კანონიერი ნდობის პრინციპს, რომელიც მოცემულ შემთხვევაში არც კი არსებობს. ასევე, არასწორად განმარტა კანონიერი ნდობის არსი და მისი მნიშვნელობა, არ მოუხდენია მისი შეპირისპირება კანონიერების პრინციპთან.
კასატორი აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონიერი ნდობა ი. ა-ს მის მიერ მიღებული განათლების მიმართ ობიექტურად ვერც ექნებოდა, ვინაიდან, სამუსიკო სკოლა-ათწლედში სწავლასთან ერთად ამ სკოლის მოსწავლეს პარალელურად შეეძლო ესწავლა საშუალო სკოლაშიც, სადაც მიღებული განათლების შედეგად მის სახელზე გაიცემოდა საგანმანათლებლო დოკუმენტი - ატესტატი, აღნიშნული გარემოება, კასატორის მითითებით, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სამუსიკო სკოლა-ათწლედი არ წარმოადგენდა კვალიფიკაციის მიმნიჭებელ საგანმანათლებლო დაწესებულებას. იგი ახორციელებდა მხოლოდ სამუსიკო პროგრამების სწავლებას, ზოგადსაგანმანათლებლო დისციპლინების სწავლების გარეშე.
კასატორის მითითებით, სასამართლო გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას მუსიკალური სკოლა-ათწლედის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დისციპლინების სწავლების უფლებამოსილების საკითხის თაობაზე, რითაც უხეშად დაირღვა „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის სავალდებულო კრიტერიუმი, რომლის დადგენის მიზნებისთვისაც ცენტრი ამოწმებს პირის მიერ პროგრამის სრულად გავლას, მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ოქმის/ბრძანების არსებობას ან/და დიპლომის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალს ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ სხვა სახის დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს. ხოლო პირის მიერ პროგრამის ნაწოლობრივ გავლას - საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი ნაწილის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციით. თუმცა ცენტრს, როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ ორგანოს, უფლება აქვს ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდგომ უარი უთხრას მოსარჩელეს საკითხის განხილვაზე იმ მიზეზით, რომ გამოსაკვლევი საკითხი არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას.
კასატორის მითითებით, ვინაიდან ქ. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო სკოლა არ წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, შესაბამისად, ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს ი. ა-ის მიერ 1993-1996 წლებში ქ. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ სამუსიკო სკოლაში მიღებული განათლების აღიარების საკითხი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან ცენტრმა გადაწყვეტილება მიიღო საქმის გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის საფუძველზე, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. სახეზე არ არის აქტის ბათილად ცნობის წინაპირობები, ვინაიდან იგი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, მატერიალური და ფორმალური კანონიერების წინაპირობების დაცვით, შესაბამისად, არც ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების წინაპირობა არსებობდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაშვებად იქნა მიჩნეული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა -განმარტებების მოსმენის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს - ი. ა-ის მიერ ქ. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ სამუსიკო სკოლაში, 1993-1996 წლებში, მიღებული განათლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 15 იანვრის MES 1 18 00029912 გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1997 წლის 6 ოქტომბრის №1217-გ განკარგულებით თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას ნება დაერთო, მუსიკის ახალგაზრდა მასწავლებელთა და სტუდენტთა პედაგოგიური და მეთოდური მომზადების დონის ამაღლების მიზნით, მეთოდიკისა და პედაგოგიური პრაქტიკის კათედრასთან 1978 წლის 1 იანვრიდან გაეხსნა ექსპერიმენტული სკოლა-ათწლედი.
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 6 ივლისის №3/175 ბრძანებით, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო სკოლა-ათწლედი ლიკვიდირებული/გაუქმებული იქნა 2006 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2017 წლის 29 დეკემბრის №03/09-5110 წერილით თანახმად, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო სკოლა-ათწლედი დაარსების დღიდან - ლიკვიდაციამდე (1978-2006 წწ.) ახორციელებდა მხოლოდ სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამებს, ზოგადსაგანმანათლებლო დისციპლინების სწავლების უფლების გარეშე. შესაბამისად, აღნიშნული სამუსიკო სკოლის მოსწავლე ასევე სწავლობდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ე.წ. საშუალო სკოლაშიც, რომლის დასრულებისას მას ეძლეოდა ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი.
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის 2017 წლის 31 მარტის №1/264-22(5872) და 2017 წლის 19 აპრილის №1/296-22(5933) წერილების მიხედვით, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო სკოლა-ათწლედის სრული დოკუმენტაცია (მათ შორის, სოციალურ-უფლებრივი ხასიათის) გადაეცა სსიპ საქართველოს ეროვნულ არქივს.
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 8 ნოემბრის №10/175927 წერილით თანახმად, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო სკოლა-ათწლედს არსებობის მანძილზე (1977-2006 წწ.) სახელწოდება არ შეუცვლია. არქივში შესულია მხოლოდ 1978-2006 წლებში ხანგრძლივად შესანახი საარქივო დოკუმენტები, რომლებიც მოიცავს თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლების ბრძანებებსა და ხელფასის ბარათებს. არასრულადაა წარდგენილი ბრძანებები მოსწავლეთა შესახებ და აკადემიური მოსწრების აღრიცხვის ჟურნალები. სხვა ინფორმაცია, კერძოდ: ბრძანებები ძირითადი საქმიანობის შესახებ, წესდება/დებულება, პედსაბჭოსა და სახელმწიფო-საკვალიფიკაციო კომისიის სხდომის ოქმები, მოწმობა-ატესტატების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალები და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები არქივში სახელმწიფო დაცვაზე არ არის შესული.
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო სკოლა - ათწლედის 1993 წლის №17/7 ბრძანებით ი. ა-ი ჩაირიცხა სამუსიკო სკოლა - ათწლედის ... განყოფილების მე-9 კლასში.
1995-1996 სასწავლო წლის მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ჟურნალის მიხედვით, ი. ა-მა 1996 წელს დაასრულა სასწავლებელში სწავლების სრული კურსი. მე-11 კლასში ი. ა-მა მიიღო შემდეგი შეფასება: I -ლი სემესტრი: სოლფეჯიო - 3, ანალიზი - 3, ჰარმონია - 3, სავალდებულო ფორტეპიანო - 3, გუნდი - 5, ხმის დაყენება-ჩათვლა, ქართული ჰარმონია - 3; II სემესტრი: სოლფეჯიო - 3, ჰარმონია - 4, მუს. ლიტერატურა - 3, სავალდებულო ფორტეპიანო -3, გუნდი - ჩათვლა, ხმის დაყენება - 4, ქართული ჰარმონია - 5, კოლოქვიუმი - 4.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ი. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 15 იანვრის MES 1 18 00029912 გადაწყვეტილება და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი გამოცემა დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის გასაჩივრებული განჩინებით.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მოცემული დავის გადაწყვეტისას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას და აღნიშნულთან მიმართებაში მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.04.18წ. №ბს-990-986(2კ-17) განჩინებაზე, რომლის თანახმადაც საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
მითითებული მუხლით რეგლამენტირებული სასამართლოსათვის მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილება - უარი თქვას სადავო საკითხის მოწესრიგებაზე და აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს იმავე საკითხზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, არ წარმოადგენს უპირობო და შეუზღუდავ უფლებამოსილებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი.
ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების კომპეტენცია სასამართლოს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება".
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს ახალი ფაქტები, ხოლო საქმეში მონაწილე პირებს უფლება აქვთ სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ ახალი მტკიცებულებები (კანონით დადგენილი წესით), ამდენად, სააპელაციო სასამართლო, საკასაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, შებოჭილი არაა პროცესუალური შესაძლებლობით, საქმეზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, გამოითხოვოს ან შეაფასოს მტკიცებულებები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პროცესის მონაწილეთა ვალდებულებას წარმოადგენს, მათ მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ. თავის მხრივ, სასამართლოს ვალდებულებაა, მხარეებს მისცეს მტკიცებულებათა წარდგენისა და საკუთარი პოზიციების დაცვის პროცესუალური შესაძლებლობა. ამასთან, ადმინისტრაციული პროცესის ინკვიზიციური ხასიათი მოსამართლეს პროცესში აქტიურ როლს ანიჭებს და აძლევს შესაძლებლობას, იზრუნოს საქმის მართებული გადაწყვეტისათვის საჭირო ინფორმაციისა თუ მტკიცებულებათა დამატებით მოპოვებისათვის.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შეიქმნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. ცენტრი, ამავე კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას. ამავე კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრულია, ცენტრის საჯარო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლები, კერძოდ, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. ამავე კანონის 251 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცენტრი ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცენტრი ახდენს ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარებას, რაც გულისხმობს ამ პირების მიერ განათლების მიღების ფაქტის დადგენას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განათლების მიღების ფაქტის დადგენის მიზნებისათვის, პირის მიერ პროგრამის სრულად გავლა და მისთვის კვალიფიკაციის მინიჭება დასტურდება კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ოქმით/ბრძანებით ან/და დიპლომის გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალით ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სხვა სახის დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების ფაქტს; ხოლო პირის მიერ პროგრამის ნაწილობრივ გავლა – საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი ნაწილის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციით.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 15 იანვრის MES 1 18 00029912 გადაწყვეტილებას, საფუძვლად უდევს ის ფაქტი, რომ ქ. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო სკოლა არ წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რის გამოც ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა ი. ა-ის მიერ 1993-1996 წლებში ქ. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ სამუსიკო სკოლაში მიღებული განათლების აღიარების საკითხი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება საკმარისად არ არის დასაბუთებული არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი თვალსაზრისით. საქმეში დაცული თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო სკოლა - ათწლედის 1993 წლის №17/7 ბრძანებით ი. ა-ი ჩაირიცხა სამუსიკო სკოლა - ათწლედის ... განყოფილების მე-9 კლასში, ხოლო 1995-1996 სასწავლო წლის მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ჟურნალის მიხედვით, ი. ა-მა 1996 წელს დაასრულა სასწავლებელში სწავლების სრული კურსი. მე-11 კლასში ი. ა-მა მიიღო შემდეგი შეფასება: I -ლი სემესტრი: სოლფეჯიო - 3, ანალიზი - 3, ჰარმონია - 3, სავალდებულო ფორტეპიანო - 3, გუნდი - 5, ხმის დაყენება-ჩათვლა, ქართული ჰარმონია - 3; II სემესტრი: სოლფეჯიო - 3, ჰარმონია - 4, მუს. ლიტერატურა - 3, სავალდებულო ფორტეპიანო -3, გუნდი - ჩათვლა, ხმის დაყენება - 4, ქართული ჰარმონია - 5, კოლოქვიუმი - 4. ამდენად, ჩამოთვლილი სასწავლო კურსებიდან ნათელია, რომ ი. ა-ი სამუსიკო სკოლაში სწავლის პერიოდში სხვა სასწავლო დისციპლინებს არ გადიოდა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახალი განხილვისას, სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს ქ. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო სკოლის სტატუსი, კერძოდ, ის გარემოება სკოლა ახორციელებდა მხოლოდ სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამებს თუ ახორციელებდა ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობასაც, ვინაიდან, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და არა სხვადასხვა სამუსიკო, სახელოვნებო თუ სხვა ტიპის პროგრამების ფარგლებში მიღებული განათლების აღიარება. აღნიშნული გარემოების დადგენა შესაძლებელია დამატებით იმ ფაქტის გამორკვევით, სამუსიკო სკოლაში სწავლის პარალელურად ი. ა-ი სწავლობდა თუ არა სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და შესაბამისად, მიღებული აქვს თუ არა მას შესაბამისი სკოლის დამამთავრებელი ატესტატი.
ამასთან, განსახილველ საქმეზე ასევე ბუნდოვანი და დაუდგენელია, თუ როგორ განხორციელდა ი. ა-ის მიერ სამუსიკო სკოლის ათწლედის 3 წელიწადში დასრულება. საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ ი. ა-ი სამუსიკო სკოლაში ჩაირიცხა მე-9 კლასში და დაასრულა 11 კლასი (1993-1996 წლები). ამდენად, დასადგენია ექსპერიმენტულ სამუსიკო სკოლას ხომ არ ჰქონდა ე.წ. ტექნიკუმის/კოლეჯის სტატუსი და 3 წლიანი სპეციალიზირებული სასწავლო პროგრამის გავლის შედეგად ხომ არ იძლეოდა შესაბამის კვალიფიკაციის მინიჭების შესაძლებლობას, ვინაიდან, სხვა შემთხვევაში გაუგებარია თუ რამ განაპირობა ი. ა-ის პირდაპირ მე-9 კლასში ჩარიცხვა და მის მიერ ათწლედის სრული კურსის სამ წელიწადში დასრულება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სამუსიკო სკოლის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისთან არსებობა ავტომატურად არ აქცევს სკოლას - კვალიფიკაციის მიმნიჭებელ დაწესებულებად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო საქმის მასალებში წარმოდგენილი არასაკმარისი მტკიცებულებისა და ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მოცემულ საკითხზე ფაქტობრივი გარემოებების დაუდგენლობის პირობებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლიდან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ი. ა-ის მიერ ქ. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ სამუსიკო სკოლაში 1993-1996 წლებში მიღებული განათლების აღიარების კანონიერების საკითხზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ, საქმის ხელახლა განხილვისას, საქმეში წარმოდგენილი და დამატებით მოძიებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შესწავლისა და მათი ანალიზის საფუძველზე სრულყოფილად უნდა დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ და საბოლოოდ საქმეზე მიიღოს კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, განსახილველ საქმეზე გაწეული სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი