Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-1216(2კ-21) 21 დეკემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი - ანა ნიგურიანი

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - მ. ც-ი

კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

წარმომადგენელი - ც. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ. ხ-ე

წარმომადგენელი - შ. კ-ა

თავდაპირველი მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენლები - თ. ა-ი, ი. ფ-ა

მესამე პირი - ...ის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - მ. ღ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივლისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 29 მაისს გ. ხ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 ივნისის განჩინებით გ. ხ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განჩინებით გ. ხ-ის სარჩელი განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით გ. ხ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული გ. ხ-ის სარჩელი.

სარჩელის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ საბოლოოდ მოითხოვა: 1) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთის-რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2012 წლის 7 სექტემბრის Nტ-... წერილის ბათილად ცნობა; 2) ...ში, ...ის ქუჩა N28ა-ში მდებარე უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრის მიერ 2012 წლის 14 სექტემბერს განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა, რომელიც შეეხება შენობა-ნაგებობის მიწის ნაკვეთთან ერთად სახელმწიფოსათვის საკუთრების უფლებით გადაცემას; 3) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 სექტემბრის N1/1-17 ბრძანების ბათილად ცნობა; 4) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ქალაქ ...ში, ...ის ქუჩა N28ა-ში მდებარე შენობა-ნაგებობის თავისივე მიწის ნაკვეთით ...ის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლებით დარეგისტრირების შესახებ; 5) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 11 აპრილის N1-1/155 ბრძანების ბათილად ცნობა, გ. ხ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე; 6) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც ქალაქ ...ში, ...ის ქუჩა N28ა-ში მდებარე შენობა-ნაგებობა, თავისივე მიწის ნაკვეთით, საკუთრების უფლებით გადაეცემა გ. ხ-ეს. გ. ხ-ემ ასევე დააზუსტა მოპასუხეთა წრე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, მიუთითა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

მოსარჩელის განმარტებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 24 სექტემბრის N1/1-17 ბრძანებით ...ის მუნიციპალიტეტს დამატებითი ქონების სახით საკუთრებაში გადაეცა ...ში, ...ის ქუჩა N28ა-ში მდებარე მშენებარე ნაგებობა (დაუმთავრებელი, განაშენიანების ფართობი - 168 კვ.მ), თავისივე 365,8 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთით. აღნიშნული ქონება ...ის მუნიციპალიტეტის საკუთრებად საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2012 წლის 23 ოქტომბერს. ეს გადაწყვეტილებები უკანონოა. მთელი რაიონისათვის ცნობილი ფაქტია, რომ მითითებული შენობა-ნაგებობა ეკუთვნოდა გ. ხ-ეს. ჯერ კიდევ ...ის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის 1991 წლის 31 იანვრის N7 გადაწყვეტილებით, სახსრების უქონლობის გამო, ურთიერთანგარიშსწორების საფუძველზე, შენობა-ნაგებობა მშენებლობის გასაგრძელებლად გადაეცა არქიტექტურულ-დიზაინერულ კოოპერატივს „...“, რომლის დამფუძნებელიც იყო გ. ხ-ე. 1991 წლის 25 ოქტომბრის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით კოოპერატივმა დასახელებული მშენებარე ობიექტი საკუთრების უფლებით გადასცა მის დამფუძნებელს - გ. ხ-ეს, იმ მიზეზით, რომ კოოპერატივის დანარჩენმა შვიდმა წევრმა აღარ ისურვა მშენებლობის გაგრძელება ქვეყანასა და რაიონში მაშინ შექმნილი უმძიმესი ვითარების გამო. ამავდროულად, განხორციელდა კოოპერატივის ლიკვიდაცია. მოსარჩელის განმარტებით, მან გააგრძელა მშენებლობა, მაგრამ ვეღარ შეძლო ბოლომდე მიყვანა და იძულებული გახდა, შეეწყვიტა იგი 1989-1991 წლებში. ამის შემდეგ, სამოქალაქო ომისა და ქვეყანაში შექმნილი კრიმინოგენური ვითარები გამო, მისი ოფისი გაქურდეს და სხვა ნივთებთან ერთად, გაიტაცეს სეიფი, რომელშიც ინახებოდა მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, ასევე სამშენებლო მასალა. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 სექტემბრის N1/1-17 ბრძანების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2016 წლის 13 ოქტომბერს. 2016 წლის 7 ნოემბერს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აღნიშნული აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემით, კუთვნილი სადავო ქონების დაბრუნების მოთხოვნით. სამინისტროს 2017 წლის 11 აპრილის ბრძანებით უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე, იმ მოტივით, რომ არ დგინდებოდა მისი იურიდიული ინტერესი 2012 წლის 24 სექტემბრის N1/1-17 ბრძანების გაუქმებასთან მიმართებაში. ამ ბრძანების გაუქმების შემთხვევაში, ქონება დაუბრუნდებოდა სახელმწიფოს და არა გ. ხ-ეს. მოსარჩელეს აღნიშნული ბრძანება უკანონოდ მიაჩნია, ითხოვს მის გაუქმებას და საქმის გარემოებების არსებითად გამოკვლევას.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ...ის მუნიციპალიტეტის მერია.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. ხ-ის სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთის-რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2012 წლის 7 სექტემბრის Nტ-... წერილი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 სექტემბრის N1/1-17 ბრძანება, N1 დანართის ნაწილში, რომლის თანახმად, ქ. ...ში, ...ის ქუჩა N28ა-ში მდებარე შენობა-ნაგებობა N1, 168 კვ.მ, მიწის ნაკვეთი - 365 კვ.მ, ს/კ ..., საკუთრებაში გადაეცა ...ის მუნიციპალიტეტს, როგორც დამატებითი ქონება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 11 აპრილის N1-1/155 ბრძანება, გ. ხ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები; უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ შეაფასა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთის-რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2012 წლის 7 სექტემბრის Nტ-... წერილის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 სექტემბრის N1/1-17 ბრძანებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 11 აპრილის N1-1/155 ბრძანების კანონშესაბამისობა.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2012 წლის 7 სექტემბერს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს უფროსმა NT-... წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურს, ...ის მუნიციპალიტეტში, ...ის ქუჩა N28ა-ში მდებარე მშენებარე ნაგებობის დაზუსტებული მონაცემებით სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირების მოთხოვნით (განაშენიანების ფართი - 168.0 კვ.მ), მასზე დამაგრებულ 365.08 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან ერთად.

2012 წლის 14 სექტემბერს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ქ. ...ში, ...ის ქუჩა N28ა-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 365.00 კვ.მ დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთზე (ს/კ ..., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1), დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2012 წლის 7 სექტემბრის Nტ-... მიმართვა.

...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დ. კ-ემ 2012 წლის 18 სექტემბერს N1-1/378 წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ...ის მუნიციპალიტეტის მერიისათვის N1 დანართში მითითებული ქონების ძირითადი ქონების სახით გადაცემის მოთხოვნით. დანართში მითითებული იყო ორი უძრავი ქონება: 1) ...ში, ...ის ქუჩა N28ა-ში მდებარე 365.08 კვ.მ ფართის მშენებარე, დაუტვირთავი (ს/კ ...), მუნიციპალიტეტის ...ის განსათავსებლად; 2) ...ში ...ოს თემში მდებარე 639 კვ.მ ფართის ყოფილი ...ი და ...ის შენობა.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 სექტემბრის N1/1-17 ბრძანებით ...ის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადაეცა დანართში მითითებული უძრავი ქონება, როგორც დამატებითი ქონება.

2012 წლის 23 ოქტომბერს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ...ში, ...ის ქუჩა N28ა-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 365.00 კვ.მ დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1, ს/კ ...) საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ...ის მუნიციპალიტეტის სახელზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 სექტემბრის N1/1-17 ბრძანება.

2016 წლის 12 სექტემბრის NAA2016067880-05 საარქივო ცნობის მიხედვით, ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული ...ის რაისაბჭოს აღმასკომის 1987-1991 წლების სხდომის ოქმებით დასტურდება ინფორმაცია, 1987 წლის 19 აგვისტოს N280 გადაწყვეტილებით არქიტექტურულ-დიზაინერული კოოპერატივის „...ს“ შექმნისა და განხორციელებული ცვლილებების შესახებ (1987 წლის 22 მაისის N178, 1989 წლის 21 თებერვლის N68, 1991 წლის 31 იანვრის N7 გადაწყვეტილებები). ...ის რაისაბჭოს აღმასკომის 1988 და 1990 წლების სხდომის ოქმებში, ინფორმაცია კოოპერატივ „...ს“ შექმნისა და მასთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების შესახებ რეგისტრირებული არ არის.

...ის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის 1991 წლის 31 იანვრის N7 გადაწყვეტილებით ...ის რაიონის აღმასკომის მშენებლობისა და არქიტექტურის საქმეთა განყოფილებას ნება დაერთო, ...ის რაიონის ცენტრში, ...ის ქუჩაზე მდებარე თავისი მშენებარე საპროექტო სახლი (რომლის პირველი სართულის მშენებლობაც დამთავრებული იყო, მაგრამ მშენებლობის საშუალება მას არ გააჩნდა სახსრების უქონლობის გამო), ურთიერთანგარიშსწორების საფუძველზე, გადასცემოდა არსებულ საპროექტო არქიტექტურულ-დიზაინერულ კოოპერატივ „...ს“, რომელიც იღებდა ვალდებულებას მშენებლობის დასამთავრებლად.

...ის არქიტექტურულ-დიზაინერული კოოპერატივის „...ს“ 1991 წლის 25 ოქტომბრის კრების ოქმის მიხედვით, გადაწყდა უსახსრობის გამო კოოპერატივის ლიკვიდაცია და ...ის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის 1991 წლის 31 იანვრის N7 გადაწყვეტილებით მასზე მიკუთვნებული არქიტექტორთა სახლის საკუთრებაში გადაცემა კოოპერატივის დამფუძნებლის - გ. ხ-ისათვის. აღნიშნული ოქმი დადასტურებულია ბეჭდით, კრების თავმჯდომარის, მდივნისა და კოოპერატივ „...ს“ თავმჯდომარის ხელმოწერებით.

2016 წლის 7 ნოემბერს გ. ხ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 სექტემბრის N1/1-17 ბრძანების ბათილად ცნობისა და კუთვნილი სადავო ქონების დაბრუნების მიზნით, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 16 ნოემბრის N04/7219 წერილით გ. ხ-ეს ეცნობა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტისა და 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის უფლებამოსილება გააჩნია დაინტერესებულ მხარეს, ხოლო ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული მხარე არის პირი, რომლის კანონიერ ინტერესებსა და უფლებებზე გავლენას ახდენს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარში საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ბრძანების საფუძველზე, გ. ხ-ის საკუთრებაში არსებული, ...ში, ...ის ქუჩა N28ა-ში მდებარე უძრავი ქონება გადაეცა ...ის მუნიციპალიტეტს, დამატებითი ქონების სახით, თუმცა, გ. ხ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება გასაჩივრებული აქტის საფუძველზე ...ის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემული უძრავი ქონებისა და გ. ხ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იდენტურობა. ამასთანავე, წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა, რომ ...ში, ...ის ქუჩა N28ა-ში მდებარე უძრავი ქონება იყო გ. ხ-ის საკუთრება ან/და აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მას გააჩნდა მართლზომიერი მფლობელის/მოსარგებლის უფლება. ამდენად, სამინისტრომ ჩათვალა, რომ არ იკვეთებოდა საჩივრის ავტორის იურიდიული ინტერესი, „აქტის“ ბათილად ცნობასთან მიმართებაში.

ზემოაღნიშნულ წერილზე, 2016 წლის 28 ნოემბერს, გ. ხ-ემ ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 11 აპრილის N1-1/155 ბრძანებით განუხილველად დარჩა გ. ხ-ის 2016 წლის 7 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივარი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 სექტემბრის N1/1-17 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, იმ დასაბუთებით, რომ საჩივრის ავტორს უნდა წარედგინა დამატებითი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომლითაც დადგინდებოდა გასაჩივრებულ ბრძანებასთან მიმართებაში მისი იურიდიული ინტერესი. სამინისტროს 2016 წლის 16 ნოემბრის N4/7219 წერილით ადმინისტრაციულ საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, საჩივრის ავტორმა 2016 წლის 28 ნოემბერს წარადგინა N15278/09 განცხადება, თუმცა აღნიშნული განცხადებით არ არის დასაბუთებული მხარის იურიდიული ინტერესი გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობასთან მიმართებაში.

სამინისტროს განმარტებით, გ. ხ-ის 2016 წლის 7 ნოემბრის N14442/21 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისა და შემდგომში მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 სექტემბრის N1/1-17 ბრძანების საფუძველზე, ...ის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემული ქონება დაბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში. შესაბამისად, მხარის რეალური მიზანი, რაც გამოიხატება ხსენებული ქონების მის საკუთრებაში გადასვლაში, კონკრეტული ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის გზით ვერ განხორციელდება. ამდენად, სახეზეა ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

რაიონული სასამართლოს 2021 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთებაში სააპელაციო პალატამ მიუთითა „სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლზე, რომლის თანახმად სამომხმარებლო კოოპერატივის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მეპაიეთა საერთო (წარმომადგენელთა) კრების ან სასამართლოს გადაწყვეტილებით. სამომხმარებლო კოოპერატივის ლიკვიდაციისას, ქონება, რომელიც დარჩება შრომის ანაზღაურების, ბიუჯეტთან, ბანკებთან და სხვა კრედიტორებთან ანგარიშსწორების შემდეგ, წესდებისა და კანონმდებლობის შესაბამისად, ნაწილდება სამომხმარებლო კოოპერატივის წევრ-მეპაიეებს შორის.

სააპელაციო პალატამ საყურადღებოდ მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს სხდომაზე მოწმეთა სახით დაკითხულმა, 1991 წლის 25 ოქტომბრის კრების ოქმზე ხელმომწერმა პირებმა: არქიტექტურულ-დიზაინერული კოოპერატივის „...ს“ თავმჯდომარემ - ლ. მ-ამ, კრების თავმჯდომარემ - კ. შ-ამ და თ. ხ-ემ სრულად დაადასტურეს 1991 წლის 25 ოქტომბრის კრების ოქმში მითითებული გარემოებები. კერძოდ, ლ. მ-ას განმარტებით, იგი მუშაობდა არქიტექტურულ-დიზაინერული კოოპერატივის „...ს“ თავმჯდომარედ, სადაც აკეთებდნენ შენობების პროექტებს და იღებდნენ ანაზღაურებას - ღირებულების 4-5%-ს. აღმასკომის მიერ საპროექტო სახლის მშენებარე ნაგებობის გადაცემის დროს, მისი მხოლოდ ერთი სართული იყო დამთავრებული. ანგარიშსწორება განხორციელდა საბანკო გადარიცხვით (სულ 30 000 მანეთი გადაირიცხა). ამის შემდეგ, მეორე სართული დააშენეს, რომლის ხარჯიც გ. ხ-ემ გაიღო. რამდენიმე თვეში კოოპერატივმა ლიკვიდაცია გამოაცხადა და კრების გადაწყვეტილებით ქონება გ. ხ-ეს გადაეცა, ვინაიდან იგი წარმოადგენდა დამფუძნებელს და შენობა ძირითადად მისი თანხებით შენდებოდა. არეულობის პერიოდში მოხდა ქურდობა და კოოპერატივის ოფისიდან გაიტაცეს ყველა დოკუმენტი. მოწმე კ. შ-ამ განმარტა, რომ გასული საუკუნის 80-იან წლებში გ. ხ-ემ დააფუძნა კოოპერატივი „...“, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლ. მ-ა. მაშინდელმა აღმასკომმა საპროექტო სახლის მშენებარე ნაგებობა გადასცა კოოპერატივს, ხოლო როდესაც ლიკვიდაცია გამოაცხადეს, ეს ქონება გადასცეს გ. ხ-ეს, რომლის ღირებულება აანაზღაურა კოოპერატივმა, თანხის ოდენობა არ ახსოვს. მოწმე თ. ხ-ემ აღნიშნა, რომ იყო „ვ...-ის“ მშენებელი ინჟინერი და მისი საწარმო აშენებდა საპროექტო სახლს ...ის რაიონში. გადარიცხული თანხებით ააშენა შენობის პირველი სართული და შემდეგ გადაიყვანეს სხვა სამსახურში. მის ადგილზე დაინიშნა ფ-ე, რომელმაც განაგრძო მშენებლობა. მისთვის ცნობილია, რომ საბოლოოდ, ეს ქონება გადაეცა არქიტექტორ გ. ხ-ეს, რომელიც იყო ამავე პროფილით მომუშავე კოოპერატივ „...ს“ დამფუძნებელი.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ...ში, ...ის ქუჩა N28ა-ში მდებარე უძრავი ქონება არის ის შენობა-ნაგებობა და მიწის ნაკვეთი, რომელიც ...ის რაიონის აღმასკომის 1991 წლის 31 იანვრის N7 გადაწყვეტილებით გადაეცა არქიტექტურულ-დიზაინერულ კოოპერატივ „...ს“, ხოლო 1991 წლის 25 ოქტომბრის არქიტექტურულ-დიზაინერული კოოპერატივის „...ს“ კრების ოქმით - მის დამფუძნებელს გ. ხ-ეს.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საკუთრების უფლება აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციით და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმით. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული. ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტზე, რომელიც შეიცავს განმარტებას მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის შესახებ. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ...ის რაიონის აღმასკომის 1991 წლის 31 იანვრის N7 გადაწყვეტილება და არქიტექტურულ-დიზაინერული კოოპერატივის „...ს“ 1991 წლის 25 ოქტომბრის კრების ოქმი, ზემოაღნიშნული კანონით გათვალისწინებული მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტებია, რომელთა საფუძველზეც, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუძლია საჯარო რეესტრში სადავო უძრავ ქონებაზე მოითხოვოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამდენად, გ. ხ-ეს იურიდიული ინტერესი გააჩნია გასაჩივრებული აქტების მიმართ.

სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს ამ კანონის მე-6 მუხლით დადგენილი წესით უსასყიდლოდ გადასცემს საკუთრებაში ქონებას, რომელიც საჭიროა თვითმმართველი ერთეულის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავოდ დადგენილი ფაქტია, რომ აქტის გამოცემიდან მრავალი წლის შემდეგაც, ...ის მუნიციპალიტეტს სადავო ქონება არ აუთვისებია. შესაბამისად, არ არსებობდა ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემის კანონისმიერი საფუძველიც.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ...ის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა რაიონული სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, განმარტა, რომ სადავო ქონება, რომელიც ამჟამად არის ...ის მუნიციპალიტეტის საკუთრება, სინამდვილეში გ. ხ-ის საკუთრებაა. ქონება აღმასკომმა გადასცა გ. ხ-ის კოოპერატივს - „...ს“, ხოლო კოოპერატივმა კრების ოქმით გადასცა გ. ხ-ეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ...ის მუნიციპალიტეტი არ იქნება წინააღმდეგი, თუ გ. ხ-ე დაიბრუნებს მის კუთვნილ ქონებას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე, არსებობს სადავო 2012 წლის 7 სექტემბრის Nტ-... წერილის, 2012 წლის 24 სექტემბრის N1/1-17 ბრძანებისა და 2017 წლის 11 აპრილის N1-1/155 ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

კასატორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 ივლისის განჩინების გაუქმებას და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებლობის მოტივით, საქმის წარმოების შეწყვეტას.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია სამართლებრივი თვალსაზრისით და უნდა გაუქმდეს. ამავდროულად, გ. ხ-ის მოთხოვნა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

კასატორი მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე, 262 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სარჩელის დასაშვებად მიჩნევისათვის, აუცილებელია სარჩელის აღძვრის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობა. ადმინისტრაციულ პროცესში სარჩელის დასაშვებობის ინსტიტუტის არსებობის მიზანია, კანონით გათვალისწინებულ მთელ რიგ აუცილებელ საკითხებთან ერთად, დადგინდეს, არის თუ არა მოსარჩელე კონკრეტულ მოთხოვნასა და შესაბამის სამართალწარმოებაზე უფლების მქონე პირი, გააჩნია თუ არა მას საქმეზე რეალური სამართლებრივი ინტერესი. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელი დასაშვებია, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის ინტერესს, უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი საქმის მიმართ, გაურკვეველია, რა სახის პირდაპირი და უშუალო ზიანის მომტანი შეიძლება იყოს მისთვის გასაჩივრებული აქტები, იმ პირობებში, როდესაც მხარეს არ გააჩნია საკუთრების უფლების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება სადავო ქონებასთან მიმართებაში. ამასთანავე, გასაჩივრებული აქტების შესაძლო ბათილობა შედეგის მომტანი არ იქნება მოსარჩელისათვის და რეალურად არ შეიცვლება მისი სამართლებრივი მდგომარეობა. 2012 წლის 17 სექტემბრამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების მართვაზე და განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ კანონის საფუძველზე გამოცემული ცალკეული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მითითებული კანონის მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ან უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ხოლო ამავე მუხლის „უ1“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავი ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული).

კასატორი ასევე მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის „კ“ ქვეპუნქტზე, ამავე კანონის მე-9 მუხლზე და თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 7 სექტემბრის Nტ-1/2141 მიმართვა ქმნიდა სადავო ქონების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის საფუძველს. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ქონება არ წარმოადგენდა სხვა პირის საკუთრებას და შესაბამისი უფლება რეგისტრირებული არ იყო საჯარო რეესტრში. ამდენად, ის გარემოება, რომ გ. ხ-ე შესაძლებელია წარმოადგენდეს სადავო ქონების მართლზომიერ მფლობელს, არ ქმნის გასაჩივრებული მიმართვის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს.

კასატორი აღნიშნავს, რომ 2007 წლის 11 ივლისს მიღებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით შესაძლებელი გახდა ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების მართლზომიერ სარგებლობაში ან თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება. აღნიშნული კანონის მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

კასატორის განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. ხ-ეს, რომელსაც სადავო ქონებაზე არ გააჩნია საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, განცხადებით არ მიუმართავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის, ...ში, ...ის ქუჩა N28ა-ში მდებარე მშენებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სამინისტროს მიმართვა სადავო ქონების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია, ვინაიდან ქონების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია არ წარმოადგენს მართლზომიერად თუ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელ გარემოებას. პირიქით, მიწაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების არსებობა წარმოადგენს აუცილებელ პირობას საკუთრების უფლების აღიარებისათვის. ასეთ პირობებში, სადავო უფლების დამდგენი დოკუმენტი და შესაბამისად, სამინისტროს ბრძანება არ აყენებს პირდაპირ და უშუალო ზიანს გ. ხ-ის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

კასატორი ასევე უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს გასაჩივრებულ განჩინებას, სამინისტროს ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში. კასატორის მოსაზრებით, უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ აქტი მოსარჩელის კანონიერი უფლებისათვის ზიანის მომტანია.

კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტზე („ადმინისტრაციული საჩივარი“), მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე („დაინტერესებული მხარე“), ასევე 83-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მხარეს დაუდგინოს ხარვეზი, თუკი ამ უკანასკნელს არ წარუდგენია კანონით ან კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებული რაიმე დოკუმენტაცია ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია საქმის შედეგისათვის. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად მხარეს უნდა განესაზღვროს ვადა, რომლის განმავლობაშიც საჩივრის ავტორმა უნდა წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია თუ ინფორმაცია. კასატორის განმარტებით, 2017 წლის 11 აპრილს წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 16 ნოემბრის N04/7219 კორესპონდენციით გ. ხ-ეს დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა ათდღიანი ვადა, დამატებითი დოკუმენტაციის წარსადგენად, იმისათვის, რომ ნათელი გამხდარიყო, რომელ უფლებაზე ან კანონიერ ინტერესზე მოახდინა პირდაპირი და უშუალო გავლენა გასაჩივრებულმა ადმინისტრაციულ-სამართლებრივმა აქტმა. საჩივრის ავტორს ასევე დაევალა მოთხოვნის დაზუსტება და ადმინისტრაციული საჩივრის შესაბამისობაში მოყვანა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან. ამასთან, ეცნობა, რომ მითითებული ხარვეზის განსაზღვრულ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში, საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. სამინისტროს მიერ დადგენილი ხარვეზი მოსარჩელეს არ გამოუსწორებია. გ. ხ-ემ წარადგინა განცხადება, რომლითაც არ არის დასაბუთებული მისი იურიდიული ინტერესი გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობასთან მიმართებაში.

კასატორი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან საჩივრის ავტორმა არ შეავსო ხარვეზი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უფლებამოსილი იყო, განუხილველად დაეტოვებინა ადმინისტრაციული საჩივარი.

კასატორის მოსაზრებით, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის, არსებითი მნიშვნელობა აქვს სადავო ქონებაზე კოოპერატივის უფლებრივი საკითხის დადგენა-გამოკვლევას და კასატორებისათვის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს. კასატორის განმარტებით, სადავო ქონებაზე მოსარჩელის უფლების დამადასტურებელ ძირითად მტკიცებულებად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ...ის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის 1991 წლის 31 იანვრის N7 გადაწყვეტილება. აღნიშნული დოკუმენტით ...ის რაიონის აღმასკომის მშენებლობისა და არქიტექტურის საქმეთა განყოფილებას ნება დაერთო, თავისი მშენებარე საპროექტო სახლი, ურთიერთანგარიშსწორების საფუძველზე, გადაეცა არსებული საპროექტო არქიტექტურულ-დიზაინერული კოოპერატივის - „...სათვის“, რომელიც ვალდებულებას იღებდა მშენებლობის დასამთავრებლად. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა ამავე კოოპერატივის 1991 წლის 25 ოქტომბრის კრების ოქმზე, ...ში, ...ის ქუჩა N28ა-ში მდებარე ქონების გ. ხ-ისათვის გადაცემის შესახებ. კასატორის განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტები არ შეიცავს არანაირ მითითებას უძრავი ქონების კანონით დადგენილი წესით საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც გ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმეში არსებული მასალები, დადგენილად მიჩნეული გარემოებები არ ჰპოვებს დადასტურებას შესაბამისი მტკიცებულებებით, ამასთან, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს არ მიეცა ობიექტური შეფასება. შესაბამისად, სასამართლოს დასკვნები დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით. კასატორი თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

კასატორის განმარტებით, სადავო არ არის ის გარემოება, რომ 2012 წლის 24 სექტემბრის მდგომარეობით, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება აღრიცხული იყო სახელმწიფოს საკუთრების უფლებით. ამასთანავე, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 სექტემბრის N1/1-17 ბრძანებით ...ის მუნიციპალიტეტს დამატებითი ქონების სახით საკუთრებაში გადაეცა ...ში, ...ის ქუჩა N28-ში მდებარე N1 შენობა-ნაგებობა, ასევე ...ში, სოფელ ...ოში მდებარე შენობა-ნაგებობა N1. აღნიშნული ბრძანების მომზადების სამართლებრივი საფუძველია „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი, „სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N391 დადგენილების მე-5 მუხლის „გ“ პუნქტი და ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 18 სექტემბრის N1-1/378 წერილი. 2012 წელს მოქმედი რედაქციის „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას, გარდა ამ კანონის მეორე მუხლის მე-5 პუნქტში და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 651 მუხლის 62 და 63 პუნქტებში აღნიშნული ობიექტებისა, თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემდა ქონების მმართველი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს თხოვნის საფუძველზე, ხოლო ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულს - ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N391 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების“ მეორე მუხლით განისაზღვრა სააგენტოს მიზნები (ა) სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა; ბ) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა; გ) სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილების განხორციელება; დ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელება). შესაბამისად, დადგინდა, რომ სახელმწიფო ქონების მართვაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელიც უფლებამოსილი იყო, განეკარგა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის დამატებითი ქონების გადაცემის გზით.

კასატორი მიუთითებს რომ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, სააგენტო უფლებამოსილი იყო, განეკარგა სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთი და დამატებითი ქონების სახით გადაეცა იგი ...ის მუნიციპალიტეტისათვის. უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ ვინაიდან აქტის გამოცემიდან მრავალი წლის შემდეგაც ...ის მუნიციპალიტეტს სადავო ქონება არ აუთვისებია, არ არსებობდა მისი თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემის კანონისმიერი საფუძველი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამარათლომ კანონშეუსაბამოდ მიიჩნია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2012 წლის 7 სექტემბრის Nტ-... წერილი, რომელიც სადავო უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველია. უდავოა, რომ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციო წარმოებისას არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც შეუძლებელს გახდიდა სადავო უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციას. ამასთანავე, არც 2012 წელს და არც დღეის მდგომარეობით, სადავო ქონების რეგისტრაციის მიზნით, გ. ხ-ეს არ მიუმართავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის. შესაბამისად, დაუდგენელია, შეძლებს თუ არა იგი უფლების რეალიზებას. საქმეს არ ერთვის მარეგისტრირებელი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დადასტურდებოდა გასაჩივრებული აქტებით გ. ხ-ის კანონით დაცული ინტერესის შელახვა. ამდენად, გაუგებარია, რაში გამოიხატება გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მოსარჩელისათვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენება.

კასატორი აღნიშნავს, რომ თუ სასამართლო არ ასაბუთებს თავის გადაწყვეტილებას ან ასაბუთებს არასაკმარისად, მაშინ შეუძლებელია მიღებული გადაწყვეტილების გადამოწმება. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება ფაქტობრივადაც და იურიდიულადაც დასაბუთებული უნდა იყოს. წაგებულმა მხარემ უნდა იცოდეს, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ მის წინააღმდეგ და რა საფუძვლით, რა კონკრეტულ ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე დაყრდნობით. სხვაგვარად მის მიმართ არ იქნება განხორციელებული ეფექტიანი მართლმსაჯულება. „..“სასამართლო გადაწყვეტილებების ხარისხის შესახებ“ ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს N11 (2008) დასკვნის 34-36-ე და 38-ე პუნქტების შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. გადაწყვეტილების ხარისხი უმთავრესად მის დასაბუთებულობაზეა დამოკიდებული. ჩვეულებრივ, დასაბუთებულობა იმპერატიულად სავალდებულოა და იგი არ უნდა იყოს უგულებელყოფილი სიჩქარის გამო. დასაბუთება აუცილებელია არა მარტო იმისათვის, რომ მხარეების მიერ გაგებული იყოს გადაწყვეტილება, ასევე იმისთვისაც, რომ თავიდან ავიცილოთ თვითნებური გადაწყვეტილების მიღება. ეს პრინციპი, პირველ რიგში, ავალებს მოსამართლეს უპასუხოს მხარეთა მოსაზრებებს და დააკონკრეტოს ის არგუმენტები, რაც ამართლებს გადაწყვეტილებას და მას კანონიერ გადაწყვეტილებად გახდის. მეორე რიგში, ეს პრინციპები ხელს უწყობს საზოგადოებისათვის სასამართლო სისტემის ფუნქციონირების სწორად აღქმას. არგუმენტები უნდა იყოს თანმიმდევრული, ნათელი, არაორაზროვანი, არაწინააღმდეგობრივი. მკითხველს უნდა შეეძლოს მიჰყვეს იმ დასაბუთების განვითარების ჯაჭვს, რამაც განაპირობა ასეთი გადაწყვეტილების მიღება. დასაბუთება (არგუმენტების მოყვანა) უნდა ემყარებოდეს მხარის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებს, რაც აისახება მათ სარჩელებსა და მათ შესაგებლებში. ეს აუცილებელი გარანტიაა იმისა, რომ მხარეები დარწმუნდნენ, რომ სასამართლომ იმსჯელა მათ მოთხოვნებზე და მიიღო ისინი მხედველობაში..“(სუს 2017 წლის 7 აპრილის Nას-730-698-2016 გადაწყვეტილება).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 იანვრის და 2022 წლის პირველი თებერვლის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები. ამავე სასამართლოს 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა მათი განხილვა ზეპირი მოსმენით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის ზეპირი განხილვის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემული დავის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია გარემოებები, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმის გადაწყვეტისათვის, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლისა და 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2012 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს უფროსმა NT-... წერილით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის სარეგისტრაციო სამსახურს, ...ის მუნიციპალიტეტში, ...ის ქუჩა N28ა-ში მდებარე მშენებარე ნაგებობის (განაშენიანების ფართი - 168 კვ.მ) და მასზე დამაგრებული 365.08 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დაზუსტებული მონაცემებით სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირების მოთხოვნით.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 14 სექტემბრის N... გადაწყვეტილებით ქ. ...ში, ...ის ქუჩა N28ა-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 365 კვ.მ დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზე დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრების უფლება (ს/კ ...). ამავე თარიღით მომზადებული ამონაწერის მიხედვით, სახელმწიფოს სახელზე აღნიშნული უძრავი ქონების საკუთრების უფლებით აღრიცხვის საფუძველი გახდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2012 წლის 7 სექტემბრის Nტ-... მიმართვა.

...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ 2012 წლის 18 სექტემბერს N1-1/378 წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ...ის მუნიციპალიტეტის მერიისათვის N1 დანართში მითითებული ქონების ძირითადი ქონების სახით გადაცემის თხოვნით (დანართში მითითებული იყო: 1) ქ. ...ში, ...ის ქუჩა N28ა-ში მდებარე 365.8 კვ.მ მშენებარე, დაუტვირთავი ფართი (ს/კ ...), მუნიციპალიტეტის ...ის განსათავსებლად; 2) ...ში ...ოს თემში მდებარე 639 კვ.მ ფართის ყოფილი ...ი და ...ის შენობა).

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტმა მოხსენებითი ბარათით მიმართა ამავე სააგენტოს თავმჯდომარეს და მიუთითა, რომ ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2012 წლის 18 სექტემბრის N1-1/378 წერილით ითხოვს საელმწიფო ქონების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (დანართი N1) თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მომზადდა ბრძანების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ...ის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 სექტემბრის N... ბრძანებით, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N391 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 18 სექტემბრის N1-1/378 წერილისა და სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ...ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დანართში მითითებული უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცა ...ის მუნიციპალიტეტს, დამატებითი ქონების სახით.

2012 წლის 23 ოქტომბერს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ...ში, ...ის ქუჩა N28ა-ში მდებარე 365 კვ.მ დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა (ს/კ ...) დარეგისტრირდა ...ის მუნიციპალიტეტის საკუთრებად. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 სექტემბრის N1/1-17 ბრძანება.

2016 წლის 7 ნოემბერს გ. ხ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 სექტემბრის N1/1-17 ბრძანების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის მოთხოვნით, რომლითაც ...ში, ...ის ქუჩა N28ა-ში მდებარე უძრავი ქონება (მშენებარე ნაგებობა, თავისივე 365 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთით), საკუთრების უფლებით დაუბრუნდებოდა მის ფაქტობრივ მესაკუთრეს - გ. ხ-ეს, ხოლო საჯარო რეესტრში აღნიშნული ქონების ...ის მუნიციპალიტეტის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვა გაუქმდებოდა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, 2016 წლის 16 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გ. ხ-ის ადმინისტრაციულ საჩივარზე დაადგინა ხარვეზი, საქმის გადაწყვეტისათვის აუცილებელი, კანონით გათვალისწინებული დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის სამინისტროში წარსადგენად. სამინისტრომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტისა და 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის უფლებამოსილება გააჩნია დაინტერესებულ მხარეს, ხოლო ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული მხარე არის პირი, რომლის კანონიერ ინტერესსა და უფლებაზეც გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა გასაჩივრებული აქტის საფუძველზე ...ის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემული უძრავი ქონებისა და გ. ხ-ის საკუთრებად მითითებული უძრავი ქონების იდენტურობა. ამასთანავე, არ იყო წარდგენილი რაიმე სახის დოკუმენტი, რომლითაც დადგინდებოდა, რომ ...ში, ...ის ქუჩა N28ა-ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენს გ. ხ-ის საკუთრებას ან/და აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მას გააჩნდა მართლზომიერი მფლობელის/მოსარგებლის უფლება. ამდენად, არ იკვეთებოდა საჩივრის ავტორის იურიდიული ინტერესი აქტის ბათილად ცნობასთან მიმართებით.

2016 წლის 16 ნოემბერს დადგენილი ხარვეზის გაცნობის შემდეგ, გ. ხ-ემ 2016 წლის 28 ნოემბერს მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ადმინისტრაციული საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ ...ის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის 1991 წლის 31 იანვრის N7 გადაწყვეტილებით, ...ის არქიტექტურულ-დიზაინერული კოოპერატივის „...ს“ 1991 წლის 25 ოქტომბრის კრების ოქმით და სხვა დოუმენტებით უტყუარად დგინდებოდა ...ის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონებისა და გ. ხ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების იდენტურობა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 11 აპრილის N1-1/155 ბრძანებით განუხილველად დარჩა გ. ხ-ის 2016 წლის 7 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივარი. ბრძანების მიხედვით, ადმინისტრაციულ საჩივარზე სამინისტროს 2016 წლის 16 ნოემბრის N4/7219 წერილით დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, საჩივრის ავტორმა 2016 წლის 28 ნოემბერს წარადგინა N15278/09 განცხადება, თუმცა აღნიშნული განცხადებით არ დაუსაბუთებია იურიდიული ინტერესი გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობასთან მიმართებაში. გ. ხ-ის 2016 წლის 7 ნოემბრის N14442/21 ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისა და შემდგომში დაკმაყოფილების შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 სექტემბრის N1/1-17 ბრძანების საფუძველზე ...ის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემული ქონება დაბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში. შესაბამისად, მხარის რეალური მიზანი, რაც მდგომარეობს სადავო ქონების მისთვის საკუთრებით გადაცემაში, კონკრეტული ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის გზით ვერ იქნება მიღწეული. ამდენად, არ იკვეთება საჩივრის ავტორის იურიდული ინტერესი გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობასთან მიმართებაში. საჩივრის ავტორმა განსაზღვრულ ვადაში არ გამოასწორა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ხარვეზი, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად, მისი ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

...ის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის 1991 წლის 31 იანვრის N7 გადაწყვეტილებით ...ის რაიონის აღმასკომის მშენებლობისა და არქიტექტურის საქმეთა განყოფილებას ნება დაერთო ...ის რაიონის ცენტრში, ...ის ქუჩაზე მდებარე თავისი მშენებარე საპროექტო სახლი (რომლის პირველი სართულის მშენებლობა დამთავრებულია, მაგრამ მშენებლობის საშუალება მას არ გააჩნია სახსრების უქონლობის გამო), ურთიერთანგარიშსწორების საფუძველზე, გადაეცა არსებული საპროექტო არქიტექტურულ-დიზაინერული კოოპერატივისათვის „...“, რომელიც ვალდებულებას იღებდა მშენებლობის დასამთავრებლად.

საქმეში არსებული ...ის არქიტექტურულ-დიზაინერული კოოპერატივის „...ს“ 1991 წლის 25 ოქტომბრის კრების ოქმის მიხედვით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, უსახსრობის გამო, კოოპერატივის ლიკვიდაციის შესახებ და ...ის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის 1991 წლის 31 იანვრის N7 გადაწყვეტილებით კოოპერატივისათვის მიკუთვნებული არქიტექტორთა სახლი საკუთრებაში გადაეცა კოოპერატივის დამფუძნებელს - გ. ხ-ეს.

ქუთაისის ცენტრალური არქივის 2016 წლის 12 სექტემბრის NAA2016067880-05 საარქივო ცნობის მიხედვით, ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული ...ის რაისაბჭოს აღმასკომის 1987-1991 წლების სხდომის ოქმებით დასტურდება ინფორმაცია არქიტექტურულ-დიზაინერული კოოპერატივის „...ს“ 1987 წლის 19 აგვისტოს N280 გადაწყვეტილებით შექმნისა და მასთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების შესახებ (1987 წლის 22 მაისის N178 გადაწყვეტილება, 1989 წლის 21 თებერვლის N68 გადაწყვეტილება და 1991 წლის 31 იანვრის N7 გადაწყვეტილება). ამასთან, ...ის რაისაბჭოს აღმასკომის 1988 და 1990 წლების სხდომის ოქმებში კოოპერატივ „...ს“’ შექმნისა და მასთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია რეგისტრირებული არ არის.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველი საკასაციო საჩივრების ფარგლები მოიცავს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით გაკეთებული დასკვნების სისწორის შეფასებას, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით.

დადგენილია, რომ სადავო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთის-რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2012 წლის 7 სექტემბრის Nტ-... წერილი საფუძვლად დაედო ...ის მუნიციპალიტეტში, ...ის ქუჩა N28ა-ში მდებარე მშენებარე ნაგებობაზე (განაშენიანების ფართი - 168 კვ.მ) და მასზე დამაგრებულ 365.08 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციას საჯარო რეესტრში, ხოლო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 სექტემბრის N1/1-17 ბრძანების საფუძველზე, იმავე ქონებაზე, საჯარო რეესტრში აღირიცხა ...ის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლება. მოსარჩელე თვლის, რომ აღნიშნული აქტების გამოცემამდე, შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე, იმავე უძრავ ნივთზე მას წარმოეშვა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება. ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში, უნდა შეფასდეს: მოსარჩელის მიერ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტებად მიჩნეული ...ის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის 1991 წლის 31 იანვრის N7 გადაწყვეტილება და ...ის არქიტექტურულ-დიზაინერული კოოპერატივის „...ს“ 1991 წლის 25 ოქტომბრის კრების ოქმი, წარმოადგენს თუ არა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნის მართლზომიერ საფუძველს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მეორე მუხლის „უ1“ ქვეპუნქტის თანახმად, უძრავი ქონება განმარტებული იყო, როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), ხაზობრივი ნაგებობა, მიწაზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთის-რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2012 წლის 7 სექტემბრის Nტ-... აქტის გამოცემის დროს მოქმედებდა საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის N77 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულება“. აღნიშნული დებულების სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მეორე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობის ძირითადი სფეროები მოიცავდა სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას. ამავე მუხლის მეორე პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში, სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად ამოცანად ითვლებოდა სახელმწიფოს სახელით სახელმწიფო ქონების ფლობა, მართვა და განკარგვა. ამავე დებულების მე-3 მუხლის თანახმად, სამინისტროს სისტემაში შედიოდნენ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები, ხოლო მე-7 მუხლის მე-21 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროს ერთ-ერთ ტერიტორიულ ორგანოს წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტროს ტერიტორიული ორგანო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენდა სამინისტროს.

სადავო 2012 წლის 7 სექტემბრის Nტ-... აქტის გამოცემის დროს ასევე მოქმედებდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 იანვრის N1-1/24 ბრძანება, რომლითაც დამტკიცებული იყო „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს დებულება“. აღნიშნული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველო წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენდა სამინისტროს, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის უზრუნველსაყოფად სამმართველო ახორციელებდა შესაბამის ტერიტორიაზე არსებული სამინისტროსაგან დელეგირებული სახელმწიფო ქონების ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას. აღნიშნული დებულების მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სამმართველო თავისი ძირითადი ფუნქციების შესასრულებლად არსებული კანონმდებლობის ფარგლებში აღრიცხავდა შესაბამის სამსახურებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობების ტერიტორიაზე არსებულ და მის გამგებლობას მიკუთვნებულ სახელმწიფო ქონებას, ხოლო მე-4 მუხლის მეორე პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამმართველოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სადავო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 24 სექტემბრის N1/1-17 ბრძანების გამოცემის დროს მოქმედებდა საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“, რომელიც ადგენდა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შექმნის წესსა და ქონებრივ უფლებებს. აღნიშნული კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის ქონებაში მოიაზრებოდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, მათ შორის, ქონება, რომელსაც თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემდა სახელმწიფო. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონება იყოფოდა ორ კატეგორიად - ძირითად (განუსხვისებელ) და დამატებით ქონებად. მითითებული კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონების შექმნის ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემა. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას, გარდა ამ კანონის მეორე მუხლის მე-5 პუნქტში და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 651 მუხლის 62 და 63 პუნქტებში აღნიშნული ობიექტებისა, თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემდა ქონების მმართველი, თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს თხოვნის საფუძველზე, ხოლო მეორე პუნქტის შესაბამისად, ქონების მმართველი წარდგენილ თხოვნაზე იღებდა დასაბუთებულ დადებით ან უარყოფით გადაწყვეტილებას. ამასთან, კანონის მე-8 მუხლი ადგენდა, რომ სახელმწიფოს მიერ თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემული ქონება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირდებოდა ქონების მმართველის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N391 დადგენილებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულებაზე“, რომლის ერთ-ერთ მიზნადაც განისაზღვრა სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა (მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი), ხოლო მე-3 მუხლის პირველი პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილებაში შედიოდა თვითმმართველი ერთეულისათვის ქონების (ძირითადი (განუსხვისებელი) და დამატებითი) საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება. ამავე დებულების მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს თავმჯდომარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე სადავო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმერეთის-რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2012 წლის 7 სექტემბრის Nტ-... წერილი, თავისი არსით, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, რომელიც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული წარმოების დაწყების საფუძველია. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სამმართველოს მხრიდან სახელმწიფოს სახელზე ქონების აღრიცხვის თაობაზე მიმართვის წარდგენა საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევას. ადმინისტრაციულ ორგანოს, მის საკუთრებად უძრავი ქონების აღრიცხვის თაობაზე სარეგისტრაციო სამსახურისადმი მიმართვის გადაწყვეტილების მიღებისას, ხელთ უნდა ჰქონოდა საჯარო რეესტრში არსებული ინფორმაცია შესაბამის უძრავ ნივთთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხოლოდ მის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის შესაძლებლობა გააჩნია, ანუ იმ ქონების, რომელიც არ წარმოადგენს კერძო პირთა საკუთრებას. როგორც სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით, ისე საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N391 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულებით“, დაურეგისტრირებელი/გაუსხვისებელი სახით არსებული ქონების სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნებისათვის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, რაიმე სახის უფლების დადასტურების თვალსაზრისით, მტკიცების ვალდებულებას არ წარმოშობს, თუ სახელმწიფოს მხრიდან ქონება უკვე განკერძოებული არ არის.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციის უფლება დაკავშირებულია შენობა-ნაგებობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართზე. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობი მოიცავს მიწის ნაკვეთის შენობა-ნაგებობებით დაფარულ, განაშენიანებული ზედაპირის ფართობს.

საკასაციო პალატა საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ ...ის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის 1991 წლის 31 იანვრის N7 გადაწყვეტილებით, ...ის რაიონის აღმასკომის მშენებლობისა და არქიტექტურის საქმეთა განყოფილებას ნება დაერთო ...ის რაიონის ცენტრში, ...ის ქუჩაზე მდებარე თავისი მშენებარე საპროექტო სახლი გადაეცა არსებული საპროექტო არქიტექტურულ-დიზაინერული კოოპერატივისათვის „...“, ხოლო ...ის არქიტექტურულ-დიზაინერული კოოპერატივის „...ს“ 1991 წლის 25 ოქტომბრის კრების ოქმის მიხედვით, კოოპერატივის ლიკვიდაციის შედეგად, კოოპერატივისათვის მიკუთვნებული არქიტექტორთა სახლი საკუთრებაში გადაეცა კოოპერატივის დამფუძნებელს - გ. ხ-ეს. არც ერთ მითითებულ დოკუმეტში საუბარი არ არის მიწის ნაკვეთზე. სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო სადავო 2012 წლის 7 სექტემბრის NT-... და 2012 წლის 24 სექტემბრის N... აქტები, იმ პირობებში, როდესაც მათი შინაარსი, ...ში, ...ის ქუჩა N28ა-ში მდებარე შენობა-ნაგებობასთან ერთად, მოიცავდა იმავე მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთის გადაცემასაც. ამავდროულად, გადაცემას დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთის საერთო ფართი განაშენიანების ფართს აღემატება (მშენებარე ნაგებობის განაშენიანების ფართია 168 კვ.მ, ხოლო შენობასთან ერთად გადაცემული მიწის ნაკვეთის საერთო ფართია 365.08 კვ.მ).

საგულისხმოა, რომ საჯარო რეესტრმა სწორედ 2012 წლის 7 სექტემბრის NT-... და 2012 წლის 24 სექტემბრის N... სადავო აქტებში ასახული მონაცემებით აღრიცხა უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლება, ჯერ სახელმწიფოს, ხოლო შემდგომ - მუნიციპალიტეტის სახელზე. ამდენად, სააპელაციო პალატის მხრიდან იმ გარემოებაზე მითითება, რომ გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის პირობებში, მოსარჩელეს შეუძლია კანონით დადგენილი წესით საჯარო რეესტრში სადავო უძრავ ქონებაზე მოითხოვოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია, არ არის შესაბამისობაში უძრავ ნივთზე მისი შესაძლო კანონიერი ინტერესის ფარგლებთან. სააპელაციო სასამართლოს გაჩინება არ შეიცავს მსჯელობას სახელმწიფოს, ხოლო შემდგომ მუნიციპალიტეტის საკუთრების სრულად გაუქმების პირობებში, რა უფლების დამდგენი დოკუმენტი გააჩნია მოსარჩელეს მიწის ნაკვეთის მიმართ.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან გამოკვლევას საჭიროებს უძრავ ნივთზე მოსარჩელის კანონიერი ინტერესის ფარგლები, კერძოდ, დაზუსტებას საჭიროებს: მოსარჩელის ინტერესი, 2012 წლის 7 სექტემბრის NT-... და 2012 წლის 24 სექტემბრის N... აქტების ბათილად ცნობასთან მიმართებაში, ამ დოკუმენტებში ასახულ სრულ ქონებას უკავშირდება თუ მხოლოდ შენობა-ნაგებობას, შესაბამისი განაშენიანების ფართით. აღნიშნული გარემოების დადგენა პრინციპულია, რამდენადაც გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატის მხრიდან მოსარჩელის სასარგებლოდ საკითხის გადაწყვეტამ და მისთვის საჯარო რეესტრისადმი მიმართვის უფლების განმარტებამ, უძრავი ქონების იმ ნაწილზეც დაადასტურა მოსარჩელის უფლება, რომელიც მოსარჩელის ინტერესის წარმომშობ დოკუმენტში ასახული არ არის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ განჩინებაში ასახული მითითებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ არსებული სასარჩელო მოთხოვნების ფარგლების საფუძვლიანობაზე და მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამდენად, საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივისის გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 28 ივლისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის გადანაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე