საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე № ბს-974(კ-21) 17 იანვარი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - ც.ა-ი
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2016 წლის 23 აგვისტოს ც.ა-მა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის მიმართ და ამავე ცენტრის № 13/38854 აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.
2016 წლის 9 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ც.ა-მა მოპასუხე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის 2014 წლის 24 იანვრის სააღსრულებო ფურცლის და სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ვალდებულების შესრულების დავალება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 იანვრის განჩინებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული საქმეები 3/1698-16წ და 3/27-17წ გაერთიანდა ერთ წარმოებად და მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი №3/1698-16.
მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მოპასუხეებად მიუთითა: საქართველოს მთავრობა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსათვის დავალება, რათა მიმართოს საქართველოს მთავრობას (ინიცირება), ქ. ქუთაისში ...ის ქუჩის N25-ში (ფართი - 51.0 კვ.მ, სამეურნეო ფართი - 20.80 კვ.მ) მდებარე უძრავი ნივთის ს/კ ... ც.ა-ისათვის (პ/ნ ...) სიმბოლურ ფასად, პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ; მოსარჩელემ ასევე მოითხოვა საქართველოს მთავრობისათვის განკარგულების გამოცემის დავალება, ქ. ქუთაისში ...ის ქუჩა N25-ში ს/კ ... (ფართი - 51.0 კვ.მ სამეურნეო ფართი - 20.80 კვ.მ) მდებარე უძრავი ნივთის, უსასყიდლოდ, ც.ა-ისათვის სიმბოლურ ფასად, პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელის დაუშვებლობის მოტივით, შეწყდა საქმის წარმოება ადმინისტრაციული საქმეზე 3/1698-16-19 მოსარჩელე - ც.ა-ის სარჩელისა გამო, მოპასუხე - საქართველოს მთავრობის მიმართ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალების თაობაზე; ც.ა-ის სარჩელი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა მიმართოს საქართველოს მთავრობას (ინიცირება), ქ. ქუთაისში ...ის ქუჩის N25-ში (ფართი -51.0 კვ.მ. სამეურნეო ფართი -20.80 კვ.მ) მდებარე უძრავი ნივთის ს/კ ... ც.ა-ისათვის სიმბოლურ ფასად, პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება; მითითებული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 17 დეკემბრის განჩინებაზე, რომლითაც ც.ა-სა და ქალაქ ქუთაისის მერიას შორის დამტკიცდა მორიგება და ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობამ იკისრა ვალდებულება დააყენოს საკითხი საქართველოს მთავრობის წინაშე ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩის №25-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სადავო ფართის ც.ა-ისთვის სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დავის მონაწილე მხარეები იყვნენ ც.ა-ი და ქ. ქუთაისის მერია, ხოლო სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენდა ადმინისტრაციული პროცესის/მორიგების აქტის სუბიექტს. არსებული სამართლებრივი წინაპირობების გათვალისწინებით სააგენტო არ არის უფლებამოსილი შეასრულოს მხარეთა შორის მორიგებით გათვალისწინებული პირობები.
კასატორის განმარტებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეძენა შესაძლებელია პრივატიზების გზით. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების პროცესი რეგულირდება ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პრივატიზება ხორციელდება ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო ქონება, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას. ამდენად, „სააგენტო“ ახორციელებს მესაკუთრის უფლებამოსილებას სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. შესაბამისად „სააგენტო“ სარგებლობს ყველა იმ უფლებითა და მოვალეობით, რაც მინიჭებულია მესაკუთრისათვის საკუთრების უფლების განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობით, ხოლო ამ უფლებამოსილებების განხორციელებისას „სააგენტო“ მოქმედებს იმ შეზღუდვების გათვალისწინებით, რაც განსაზღვრულია ადმინისტრაციული კანონმდებლობით.
„სააგენტო“ უფლებამოსილია მოახდინოს სახელმწიფო ქონების განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუმცა აღნიშნული წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას და არა ვალდებულებას. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გააჩნია კანონით განსაზღვრული დისკრეციული უფლებამოსილება, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით წარმოადგენს უფლებამოსილებას, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ნებისმიერი ფორმით განკარგვის შესახებ დაინტერესებული პირის განცხადებით მიმართვის შემდგომ, სააგენტო წინადადებას განიხილავს პროპორციულობის პრინციპის დაცვით, შეაჯერებს საჯარო და კერძო ინტერესებს და მიიღებს ყველაზე მისაღებ გადაწყვეტილებას - დააკმაყოფილოს თუ არა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების საკითხი. შესაბამისად, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სარჩელის მიზანია 1976 წლის 1 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მის მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული 51.00 კვ.მ საცხოვრებელი და 20.80 კვ.მ დამხმარე ფართის მის საკუთრებაში აღრიცხვა. შესაბამისად, დავის საგანია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დავალდებულება, მიმართოს საქართველოს მთავრობას - ინიცირებით, ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩის N25-ში მდებარე უძრავი ნივთის ს/კ-ით ... (ფართი - 51.0 კვ.მ. სამეურნეო ფართობი- 20.80 კვ.მ) ც.ა-ისათვის სიმბოლურ ფასად -1 ლარად, პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონება ეს არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე; ამავე კანონით რეგლამენტირებულია სახელმწიფო ქონების განკარგვა მისი პრივატიზებისა და სხვა სამართლებრივი მოწესრიგების გზით, ამავე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პრივატიზება ეს არის ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლო გადაცემის ფორმებით, სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური ან იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 18.1 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ფორმებია: ა) აუქციონი; ბ) პირდაპირი მიყიდვა: ბ.ა) პირდაპირი მიყიდვა; ბ.ბ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე; გ) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. ამავე კანონის 18.3 მუხლის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით, 63 და მე-10 მუხლებით დადგენილი წესით და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ქონების მმართველის მიერ, ამავე კანონის 181 მუხლით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-2 მუხლის ჰ1 ქვეპუნქტის თანახმად კი ქონების მმართველი არის სამინისტრო, ქონების სააგენტო ან მათ მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი ორგანო, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე პირი (გარდა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისა, ასევე სააგენტოსი − მის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეულ ქონებასა და განსაკარგავად გადაცემული მოძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულებისას), რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული წესითა და ფორმით. ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქონების მმართველის ინიცირების ან/და წარდგინების საფუძველზე. ზემოაღნიშნული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის განსახორციელებლად, რომლის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს პირდაპირი მიყიდვა, ქონების მმართველი ინიცირებით უნდა წარდგეს საქართველოს მთავრობის წინაშე.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N390 დადგენილებით დამტკიცებული ქონების მმართველის უფლებამოსილებებისა და მათი განხორციელების წესისა და ფორმის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ფუნქციაა კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიცირება.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 118.1 მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით, ხოლო ქ. თბილისის ქონების პრივატიზება - აგრეთვე პირდაპირი განკარგვის, გაცვლის ან კონკრეტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. პირდაპირი მიყიდვის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებას არ ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, გარდა ქ. თბილისისა. ამგვარი წესით ქონების განკერძოება შესაძლებელია მხოლოდ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2013 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით (განჩინებით) დაკმაყოფილდა ქალაქ ქუთაისის მერისა და ც.ა-ის შუამდგომლობა და დამტკიცდა წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით: ,,ა) ც.ა-ი უარს ამბობს მის მიერ აღძრულ სააპელაციო საჩივარზე; ბ) ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობა კისრულობს ვალდებულებას დააყენოს საკითხი საქართველოს მთავრობის წინაშე ქალაქ ქუთაისში, ...ის ქუჩის N25-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სადავო ფართის ც.ა-ისათვის (აპელანტისათვის) სიმბოლურ ფასად, 1 (ერთ) ლარად პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ; გ) ქალაქ ქუთაისის მერიის მიერ ზემოთ მითითებული ვალდებულების განხორციელება მოხდება მომავალი სამუშაო წლიდან (2014 წლიდან) და მხოლოდ აპელანტის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების შემდგომ; დ) მხარეთა მიერ მორიგების აქტით განსაზღვრული პირობებისა და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეების დავას გადაწყვეტს სასამართლო; ე) მორიგების აქტი შედგენილია მხარეთა თავისუფალი ნების გამოხატვით, ამასთან მხარეთათვის ცნობილია საქმის მორიგებით დამთავრების შედეგები’’. აღნიშნულ განჩინებაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2014 წლის 24 იანვარს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
აღნიშნული განჩინების აღსრულების მიზნით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის N117 განკარგულებით საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54.1 მუხლის ,,დ. დ" ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის N-65 დადგენილებისა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრის 01.14.2014 წლის Nა-9544 მომართვის საფუძველზე ქალაქ ქუთაისის მერს თანხმობა მიეცა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების, ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩის N25-ში მდებარე ქონებიდან (ს/კ-ით ...) 3/5 ნაწილის, სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 13 მარტის N413 ბრძანებით კი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქალაქ ქუთაისში, ...ის ქუჩის N25-ში მდებარე ქონებიდან (ს/კ-ით ...) 3/5 ნაწილი. დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული უძრავი ქონება - 51.00 კვ.მ საცხოვრებელი და 20.80 კვ.მ დამხმარე ფართი დღეის მდგომარეობით სახელმწიფოს სახელზე ირიცხება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო ქონების სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემის ერთადერთი მიზანი იყო საკითხის კანონშესაბამისად გადაწყვეტა და 1976 წლის 1 სექტემბრის Nდ1-1063 ნასყიდობის ხელშეკრულებით შეძენილი უძრავი ქონების ც.ა-ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.
საკასაციო სასამართლო საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის საფუძველზე, მიუთითებს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა. გადაწყვეტილების შესრულება კი გულისხმობს მის ჯეროვნად, სრულად, სასამართლოს მიერ დაფიქსირებული მითითებებისა და დავალებების დაცვით აღსრულებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ქონების საკუთრებაში რეგისტრაციის შემდეგ, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უგულებელყო სასამართლოს გადაწყვეტილება, რამდენადაც სახელმწიფო ქონებას განკარგავს ქონების მმართველი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ან/და სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება კონკრეტული სახელმწიფო ქონების გასხვისების საკითხის განხილვა და ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ინიცირება. დადგენილია, რომ სადავო ფართი ამჟამად სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს. შესაბამისად, სწორედ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უნდა მიმართოს ინიცირებით საქართველოს მთავრობას, ქალაქ ქუთაისში, ...ის ქუჩა N25-ში მდებარე სახლის 51.0 კვ.მ და სარდაფის სართულში ერთი სათავსოს, ფართით - 20,80 კვ.მ უძრავი ნივთის, მოსარჩელე ც.ა-ისათვის უძრავი ნივთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მსგავსად ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 დეკემბრის განჩინების მონაწილე მხარეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, იმავე ნორმის საფუძველზე და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე