Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-796(კ-22) 27 იანვარი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 18 აპრილს ე.ბ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. სარჩელისა და მხარეების საბოლოოდ დაზუსტების შედეგად, მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. ამასთანავე, მოსარჩელემ საბოლოოდ მოითხოვა ...ის ტერიტორიული ორგანოს 2010 წლის 17 აგვისტოს N326 ცნობის ბათილად ცნობა; 2010 წლის 11 ოქტომბრის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის ბათილად ცნობა; მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის მოსარჩელის ოჯახის (შემადგენლობით: ე.ბ-ე, ლ.ნ-ი და ნ.ბ-ე) კომპენსირებული დევნილების მონაცემთა ბაზიდან ამოღების დავალება; მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის ერთი თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მოსარჩელის ოჯახი (შემადგენლობით: ე.ბ-ე, ლ.ნ-ი და ნ.ბ-ე) დარეგისტრირდება ცალკე ოჯახად; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 16 ნოემბრის N04/61705 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსათვის, ერთი თვის ვადაში, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც მოსარჩელის ოჯახი (შემადგენლობით: ე.ბ-ე, ლ.ნ-ი და ნ.ბ-ე) დაკმაყოფილდება გრძელვადიანი საცხოვრებლით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის და 2020 წლის 24 სექტემბრის განჩინებებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ლ.ნ-ი, ნ.ბ-ე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ე.ბ-ის სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 16 ნოემბრის N04/61705 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბათილად იქნა ცნობილი ...ის ტერიტორიული ორგანოს 2010 წლის 17 აგვისტოს N326 ცნობა; ბათილად იქნა ცნობილი 2010 წლის 11 ოქტომბრის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტა; მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა მოსარჩელის ოჯახის (შემადგენლობით: ე.ბ-ე, ლ.ნ-ი და ნ.ბ-ე) ამოღება კომპენსირებული დევნილების მონაცემთა ბაზიდან; მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ერთი თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელის ოჯახი (შემადგენლობით: ე.ბ-ე, ლ.ნ-ი და ნ.ბ-ე) დარეგისტრირდება ცალკე ოჯახად; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და შეაფასა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2010 წლის 11 ოქტომბრის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის მიხედვით, ე.ბ-ე შსს-დან კომპენსირებულია, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 16 ნოემბრის N04/61705 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ე.ბ-ეს განემარტა, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს: ბ.ბ-ეს, ნ.ბ-ეს და ლ.ნ-ს საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 20 აგვისტოს N589 განკარგულების შესაბამისად, გადაეცათ გორში, ...ის გზატკეცილ N22-ში მდებარე ბინა N..., როგორც 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებულ ადგილნაცვალ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს (ოჯახს).

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, მე-4 მუხლის ,,დ“, ,,ე“, „ლ“, „ო“ ქვეპუნქტებზე, მე-13 მუხლის მე-3, მე-4 პუნქტებზე. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მეორე მუხლის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებზე.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 20 აგვისტოს N589 განკარგულების, 2009 წლის 21 სექტემბრის N41/43 ხელშეკრულებისა და 2009 წლის 30 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ქ. გორში, ...ის გზატკეცილ N22/19-ში მდებარე უძრავი ქონება (54.80 კვ.მ ფართი) საკუთრებაში გადაეცა ბ.ბ-ეს. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 20 აგვისტოს N589 განკარგულებასა და მის დანართში, ასევე 2009 წლის 21 სექტემბრის N41/43 ხელშეკრულებასა და 2009 წლის 30 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტში, ბინით დაკმაყოფილებულ პირად მითითებულია მხოლოდ ბ.ბ-ე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. გარდა ამისა, აღნიშნულ დოკუმენტებში არ არის ჩანაწერი, რომ ბ.ბ-ეს, როგორც ოჯახის უფროსს, გადაეცა საცხოვრებელი ფართი და მან აიღო ვალდებულება სხვა ოჯახის წევრების: მამის - ე.ბ-ის, დის - ნ.ბ-ისა და დედის - ლ.ნ-ის მიმართ.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის მოსაზრება, იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეები რეალურად ერთ ოჯახად ცხოვრობენ. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეზე წარმოდგენილ ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის თვითმართველი ერთეულის 2018 წლის 12 ივლისის N122 დასკვნაზე, რომლის თანახმად, ...ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 2018 წლის 26 ივნისის N8 ოქმის საფუძველზე, ე.ბ-ე, მისი მეუღლე - ლ.ნ-ი და შვილი - ნ.ბ-ე ცხოვრობდნენ ცალკე ოჯახად, ხოლო ბ.ბ-ე ცხოვრობდა ცალკე ოჯახად. სასამართლომ ასევე მიუთითა ...ის თვითმართველი ერთეულის 2019 წლის 19 ივნისის N427 ცნობაზე, რომელშიც მითითებულია, რომ ე.ბ-ე, მისი მეუღლე - ლ.ნ-ი და შვილი - ნ.ბ-ე ცხოვრობდნენ ერთ საცხოვრებელ სახლში, ცალკე ოჯახად, ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, 2008 წლის აგვისტოს ომამდე, ხოლო მათი შვილი - ბ.ბ-ე, ამავე ეზოში ფლობდა ცალკე საცხოვრებელ სახლს. ამდენად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მითითებული პირები ერთობლივად არ ეწეოდნენ შინასამეურნეო საქმიანობას, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, ერთ-ერთი სავალდებულო ელემენტია, პირების „დევნილ ოჯახად“ მისაჩნევად. სააპელაციო პალატის განმარტებით, ზემოაღნიშნულ 2018 წლის 12 ივლისის N122 დასკვნასა და 2018 წლის 26 ივნისის N8 ოქმში ასახული ინფორმაცია, ...ის ტერიტორიული ორგანოს 2010 წლის 17 აგვისტოს №326 ცნობის საწინააღმდეგოდ ადასტურებს, რომ ე... და ბ... ბ-ეები ცალ-ცალკე ოჯახებად ცხოვრობდნენ. ამასთანავე, ...ის ტერიტორიული ორგანოს 2010 წლის 17 აგვისტოს N326 ცნობის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში მიღებული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაშია - მოპასუხე ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და დაადასტურა, რომ ...ის ტერიტორიული ორგანოს 2010 წლის 17 აგვისტოს N326 ცნობა შეცდომით გაიცა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი - ვერ დაადასტურა, რომ ე... და ბ... ბ-ეები ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ და საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 20 აგვისტოს N589 განკარგულების, 2009 წლის 21 სექტემბრის N41/43 ხელშეკრულებისა და 2009 წლის 30 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ბ.ბ-ესთან ერთად, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ ე.ბ-ე, ნ.ბ-ე და ლ.ნ-ი. აპელანტს არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მიუთითებია გარემოებაზე, თუ რატომ ჩაითვალნენ ე.ბ-ე, ნ.ბ-ე და ლ.ნ-ი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულ პირებად, იმ პირობებში, როდესაც ბ.ბ-ის მიმართ გამოცემულ აქტებში ისინი არ არიან მითითებულნი. ამასთან, დადასტურებულია, რომ მითითებული პირები ცხოვრობდნენ ცალკე ოჯახად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ უკანონოა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 16 ნოემბრის N04/61705 წერილი.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები, სადავო 2010 წლის 11 ოქტომბრის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილშიც. სააპელაციო პალატის განმარტებით, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა ბ.ბ-ე (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის სტატუსიდან გამომდინარე), რომელიც ცალკე ოჯახად ცხოვრობდა, ხოლო თავად ე.ბ-ე, როგორც დევნილი პირი, არ არის საცხოვრებლით დაკმაყოფილებული. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად გასაჩივრებული აქტები და დაავალა მოპასუხეს ახალი აქტების გამოცემა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს და არასწორად განმარტა კანონი, რომელიც გამოიყენა. განჩინება დაუსაბუთებელია და ეყრდნობა ისეთ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც არ დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით. სააპელაციო პალატამ თავისი პოზიცია დაამყარა მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ერთ საცხოვრებელ სახლში ცალკე ოჯახად ცხოვრობდა შვილთან ერთად, თუმცა საქმეზე წარმოდგენილ, მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულ ცნობაში ოჯახის შემადგენლობა მითითებულია. აღნიშნული ცნობით პირდაპირ დასტურდება ბ.ბ-ის და ე.ბ-ის ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტი. ამდენად, საცხოვრებელი ფართით უკვე დაკმაყოფილებულ ოჯახს სასამართლომ ფაქტობრივად მისცა საშუალება, ხელმეორედ მიიღოს საცხვოვრებელი ფართი სახელმწიფოსაგან. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია საქმეზე წარმოდგენილ უტყუარ მტკიცებულებებს და არ გაითვალისწინა, რომ სსიპ სოციალური სააგენტოს 2018 წლის 16 ნოემბრის 04/61705 წერილი, ასევე ...ის ტერიტორიული ორგანოს 2010 წლის 17 აგვისტოს N326 ცნობა და 2010 წლის 17 აგვისტოს დევნილის ანკეტა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ არის. აღნიშნული ცნობები და საოჯახო ანკეტა ინფორმაციული ხასიათისაა და მათში ასახულია მონაცემები კონკრეტული პირის/ოჯახის შესახებ.

კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 20 აგვისტოს N589 განკარგულებისა და თანდართული დანართის შესაბამისად, ე.ბ-ე ოჯახთან და შვილთან - ბ.ბ-ესთან ერთად დაკმაყოფილებულია გრძელვადიანი საცხოვრებლით. ამდენად, ე.ბ-ე და მისი შვილი - ბ.ბ-ე, დევნილების მონაცემთა ბაზაში მონიშნულები არიან, როგორც სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით დაკმაყოფილებული პირები (დევნილი ოჯახი). სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას, დევნილების მონაცემთა ბაზაში კომპენსაციით მონიშვნა გააუქმოს, ვინაიდან აქტი, რომლის საფუძველზეც აღნიშნული განხორციელდა, ჯერ კიდევ ძალაშია. არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, ხელახლა იქნეს განხილული მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი. ამასთანავე, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების გამოცემიდან და აღნიშნული განკარგულების საფუძველზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან გასულია 3 წელზე მეტი, დავა არის ხანდაზმული. გასულია სახელმწიფო ქონების პრივატიზებისათვის კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების სამწლიანი ვადა. მხარე ცდილობს, ხელმეორედ მიიღოს საცხოვრებელი, რომელიც სწორედ ოჯახის სულადობის გათვალისწინებით გადაეცა ბ.ბ-ის ოჯახს. დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებას და არა ოჯახის ცალკეული წევრებისას. სწორედ ამიტომ, კანონის დონეზე განიმარტა „დევნილი ოჯახი“ და ყველა ნორმატიულ აქტში აისახა ეს ცნება. მოსარჩელე, შვილთან - ბ.ბ-ესთან ცხოვრობდა ერთ ოჯახად, როგორც დევნილობამდე, ისე დევნილობის შემდეგ. იგი არასდროს ყოფილა ცალკე ოჯახად რეგისტრირებული და საცხოვრებლით უზრუნველყოფილ იქნა თავის ოჯახის წევრებთან ერთად. სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია ემთხვეოდა ოჯახის ფაქტობრივ მდგომარეობას.

კასატორი აღნიშნავს, რომ ერთ ოჯახად, ერთ სარეგისტრაციო ნომერზე აღრიცხვა განხორციელდა ...ის მუნციპალიტეტის მიერ 2010 წლის 17 აგვისტოს გაცემულ ცნობაზე დატანილი ინფორმაციის საფუძველზე, რაზეც თავის დროზე არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ მხარეებს. ...ის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 17 აგვისტოს N326 ცნობაში მითითებულია, რომ ე.ბ-ე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა (ოჯახის წევრები 4) შემდეგ მისამართზე: გორი, ...ის გზატკეცილი N22, ბინა N.... მხარემ სასამართლოში კვლავ წარმოადგინა ...ის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული 2019 წლის 19 ივნისის N427 ცნობა, სადაც მითითებულია, რომ ბ.ბ-ე ე.ბ-ის ეზოში ფლობდა ცალკე საცხოვრებელ სახლს. გაუგებარია, რატომ გასცა ...ის მუნიციპალიტეტმა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები, იმ პირობებში, როდესაც ე.ბ-ე და ბ.ბ-ე ერთ საკარმიდამო ეზოში ცხოვრობდნენ. მათ გააჩნდათ საერთო საოჯახო მეურნეობა. ზემოაღნიშნული მტკიცებულება სააგენტოში არ წარდგენილა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში იმსჯელებდა ცნობასთან და წარდგენილ მოთხოვნასთან დაკავშირებით. დევნილების მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანა და შესაბამისად, შესწორებული საოჯახო ანკეტის გაცემა, განეკუთვნება არა სასამართლოს, არამედ, სააგენტოს კომპეტენციას.

კასატორი ასევე არ იზიარებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ქონება გადაეცა ბ.ბ-ეს, როგორც შინაგან სააქმეთა სამინისტროს თანამშრომელს. კასატორის განმარტებით, აღნიშნული არსად არ არის მითითებული. გაურკვეველია, რატომ დაეყრდნო სასამართლო მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას, იმ პირობებში, როდესაც საქმეზე წარმოდგენილია საქართველოს მთავრობის განკარგულება, შესაბამისი დანართი და არაერთი მტკიცებულება ოჯახის წევრების მითითებით.

კასატორი მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“, „ე“ პუნქტებზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დევნილების მონაცემთა ბაზაში, ოჯახის რეგისტრაციისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების მისამართი. აღნიშნული მხარეებმა დაადასტურეს და სარჩელშიც შესაბამისი მისამართი მიუთითეს. ამდენად, უდავოა, რომ ე.ბ-ე, შვილებთან და მეუღლესთან ერთად, ერთ ოჯახად ცხოვრობს. შესაბამისად, მოსარჩელე დევნილების მონაცემთა ბაზაშიც ერთ ოჯახად, ერთ სარეგისტრაციო ნომერზეა რეგისტრირებული. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უკანონო, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

ე.ბ-ე არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომლის სახელზეც გაცემულია შესაბამისი მოწმობა.

...ის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2009 წლის 24 ივლისს გაცემული N2574 ცნობის მიხედვით, ე.ბ-ეს და მის შვილს - ბ.ბ-ეს ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში ჰქონდათ ერთი ორსართულიანი კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სახლი და გაყრილობის გამო, ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე ოჯახებად.

დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 20 აგვისტოს N589 განკარგულების, 2009 წლის 21 სექტემბრის N41/43 ხელშეკრულებისა და 2009 წლის 30 სექტემბრის N131 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ბ.ბ-ეს საკუთრებაში გადაეცა ქალაქ გორში, ...ის გზატკეცილ N22/19-ში მდებარე 54.80 კვ.მ ფართის უძრავი ქონება. აღნიშნულის დამადასტურებლად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს მიერ 2009 წლის 30 სექტემბერს ბ.ბ-ის სახელზე გაცემულია საკუთრების მოწმობა.

ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, ქალაქ გორში, ...ის გზატკეცილ N2219/-ში მდებარე 54.80 კვ.მ ფართის N... ბინაზე, საჯარო რეესტრში აღირიცხა ბ.ბ-ის საკუთრების უფლება.

...ის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2010 წელს გაცემული N478 ცნობის შესაბამისად, ე.ბ-ე, მისი მეუღლე - ლ.ნ-ი და შვილი - ნ.ბ-ე, 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდნენ ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში. ამჟამად არიან დევნილები.

...ის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული 2010 წლის 17 აგვისტოს N326 ცნობით დგინდება, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთთან ომამდე, ბ.ბ-ე მუდმივად ცხოვრობდა ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, მისამართზე: გორი, ...ის გზატკეცილი N22, ბინა N.... მისი ოჯახი შედგება 4 წევრისაგან: მამა - ე.ბ-ე, დედა - ლ.ნ-ი, და - ნ.ბ-ე.

საქმეზე წარმოდგენილი, 2010 წლის 11 ოქტომბერს შედგენილი იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის მიხედვით, ე.ბ-ე შსს-ს მხრიდან კომპენსირებულია.

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2013 წლის 29 ივლისის, 30 ივლისის, 31 ივლისის, 4 აგვისტოს და 25 აგვისტოს წერილებით დგინდება, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, დევნილების - ლ.ნ-ის, ბ.., ე.., ს.., ნ.., და რ.ბ-ების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია: შიდა ქართლი, გორი, ...ის გზატკეცილი N22, ბინა N....

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 19 მარტის N01- 01/07/8158 წერილით ე.ბ-ეს ეცნობა, რომ სამინისტროს მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციით, ...ის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული 2010 წლის 17 აგვისტოს N326 ცნობის საფუძველზე, იგი დევნილად რეგისტრირებულია 2010 წლის 11 ოქტომბრიდან.

...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის თვითმმართველი ერთეულის 2018 წლის 12 ივლისის N122 დასკვნისა (საფუძველი: ...ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი სამუშაო ჯგუფის 2018 წლის 26 ივნისის N8 ოქმი) და ამავე თარიღით გაცემული N123 ცნობის მიხედვით, ე.ბ-ე, მისი მეუღლე - ლ.ნ-ი და შვილი - ნ.ბ-ე ცხოვრობდნენ ცალკე ოჯახად, ხოლო ბ.ბ-ე ცხოვრობდა ცალკე ოჯახად.

N48112/01 განცხადების პასუხად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 16 ნოემბრის N04/61705 წერილით, ე.ბ-ეს ეცნობა, რომ სააგენტოს დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტში არსებული დოკუმენტაციიდან გამომდინარე, მას და მისი ოჯახის წევრებს: ბ.ბ-ეს, ნ.ბ-ეს და ლ.ნ-ს, საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 20 აგვისტოს N589 განკარგულების შესაბამისად, როგორც 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებულ ადგილნაცვალ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ოჯახს გადაეცა გორში, ...ის გზატკეცილ N22-ში მდებარე ბინა N....

...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის თვითმმართველი ერთეულის მიერ გაცემულ 2019 წლის 19 ივნისის N427 ცნობაში მითითებულია, რომ ე.ბ-ე, მისი მეუღლე - ლ.ნ-ი და შვილი - ნ.ბ-ე ცხოვრობდნენ ერთ საცხოვრებელ სახლში, ცალკე ოჯახად, ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, 2008 წლის აგვისტოს ომამდე, ხოლო მათი შვილი - ბ.ბ-ე ამავე ეზოში ფლობდა ცალკე საცხოვრებელ სახლს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2019 წლის 27 დეკემბრის ცნობით დგინდება, რომ ლ.ნ-მა, ბ..., ე... , ნ..., რ.., და ს.ბ-ებმა გაიარეს 2013 წლის დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია და მინიჭებული აქვთ სარეგისტრაციო N...

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს იმ დამაბრკოლებელი გარემოებების აღმოფხვრა, რომლებიც მას, როგორც დევნილ პირს, სამომავლოდ ართმევს უფლებას, მოითხოვოს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. სადავო აქტების ბათილად ცნობის შედეგად, მოსარჩელის სამომავლო ინტერესი უკავშირდება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პროცედურის გავლას და დევნილი პირის უფლების რეალიზებას - უზრუნველყოფილ იქნას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით.

მოცემულ საქმეზე, სადავო 2018 წლის 16 ნოემბრის N04/61705 წერილის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელეს თვლის საცხოვრებლით უკვე უზრუნველყოფილ პირად. კერძოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ე.ბ-ეს განუმარტავს, რომ დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტში არსებული დოკუმენტაციიდან გამომდინარე, ე.ბ-ეს, ბ.ბ-ეს, ნ.ბ-ეს და ლ.ნ-ს, საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 20 აგვისტოს N589 განკარგულების შესაბამისად, როგორც 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებულ ადგილნაცვალ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ოჯახს გადაეცა გორში, ...ის გზატკეცილ N22-ში მდებარე ბინა N.... ამდენად, მოსარჩელეს გააჩნია ინტერესი, აღნიშნული წერილის ბათილად ცნობით, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში მასთან დაკავშირებით დაცულ ინფორმაციაში იმგვარი ცვლილება განხორციელდეს, რომ სამომავლოდ მიეცეს შესაძლებლობა, დამოუკიდებლად, ცალკე ოჯახად მოითხოვოს საცხოვრებლით უზრუნველყოფა, როგორც დევნილმა პირმა. საგულისხმოა, რომ ამავე მიზანს ემსახურება მოსარჩელის მხრიდან 2010 წლის 11 ოქტომბრით დათარიღებული დევნილის ანკეტის ჩანაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნის დაყენება.

საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს კასატორის მითითებას 2010 წლის 11 ოქტომბრით დათარიღებული დევნილის ანკეტის ჩანაწერთან დაკავშირებით და თვლის, რომ დევნილის ანკეტა არ შეიცავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნიშნებს, იგი დამოუკიდებლად არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგს მოსარჩელესთან მიმართებაში, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, მითითებულ დოკუმენტთან ერთად 2018 წლის 16 ნოემბრის N04/61705 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების პირობებში, საკასაციო პალატის მოსაზრებით, შესაძლებელია, ერთობლიობაში შეფასდეს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ გაკეთებული დასკვნები სადავო საკითხთან მიმართებაში. მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომ მოსარჩელის სახელზე შედგენილი ანკეტა უდავოდ არასწორ მონაცემს შეიცავს, თუმცა აღნიშნული მონაცემის უსწორობის დადასტურებას რეალურად ახდენს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 16 ნოემბრის N04/61705 წერილის უკანონოდ მიჩნევა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მითითებული წერილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია, მასში ასახული ინფორმაციით იცვლება მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა - მოსარჩელის ოჯახთან მიმართებაში საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფაქტის დადასტურება, მოსარჩელეს ართმევს შესაძლებლობას, როგორც დევნილმა, მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს, მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“. აღნიშნული კანონის მიზანია ისეთი სამართლებრივი მექანიზმების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფს დევნილის უფლებების დაცვას დევნილობის პერიოდში, ხელს უწყობს დევნილის პრობლემების გადაჭრას. კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტრო ახორციელებს დევნილების მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებას, ხოლო მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ დევნილი ოჯახი უზრუნველყოფილია გრძელვადიანი საცხოვრებლით, სახელმწიფოს ეხსნება დევნილის ან მისი ოჯახის წევრთა პირდაპირი დამავალი შტოს შთამომავლების საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ვალდებულება, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 20 აგვისტოს N589 განკარგულების, 2009 წლის 21 სექტემბრის N41/43 ხელშეკრულებისა და 2009 წლის 30 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ქ. გორში, ...ის გზატკეცილ N22/19-ში მდებარე უძრავი ქონება (54.80 კვ.მ ფართი) საკუთრებაში გადაეცა ბ.ბ-ეს. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 20 აგვისტოს N589 განკარგულებასა და მის დანართში, ასევე 2009 წლის 21 სექტემბრის N41/43 ხელშეკრულებასა და 2009 წლის 30 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტში, ბინით დაკმაყოფილებულ პირად მითითებულია მხოლოდ ბ.ბ-ე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. აღნიშნულ დოკუმენტებში არ არის ჩანაწერი, რომ ბ.ბ-ეს, როგორც ოჯახის უფროსს, გადაეცა საცხოვრებელი ფართი და მან აიღო ვალდებულება სხვა ოჯახის წევრების: მამის - ე.ბ-ის, დის - ნ.ბ-ისა და დედის - ლ.ნ-ის მიმართ. ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 16 ნოემბრის N04/61705 წერილი, რომლითაც ე.ბ-ეს ეცნობა ბ.ბ-ესთან ერთად მისი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ, არ ეფუძნება რეალურად არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ უხსნის ვალდებულებას, სათანადო პროცედურის დაცვით იმსჯელოს მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესაძლებლობაზე, მისი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელისა და ბ.ბ-ის ერთ ოჯახად ცხოვრება, მათი მხრიდან ერთობლივი შინასამეურნეო საქმიანობის წარმართვა, რაც სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესით“ გათვალისწინებული აუცილებელი პირობაა, პირის დევნილი ოჯახის შემადგენლობაში არსებობის დასადასტურებლად (კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, პირი კონკრეტული ოჯახის წევრად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ იგი ოჯახის სხვა წევრებთან მუდმივად ცხოვრობს განცალკევებულ ფართში და მათთან ერთად ეწევა შინასამეურნეო საქმიანობას). აღნიშნული დასკვნის საფუძველს იძლევა საქმეზე წარმოდგენილი, ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის თვითმართველი ერთეულის მიერ გაცემული 2018 წლის 12 ივლისის N122 დასკვნა და 2019 წლის 19 ივნისის N427 ცნობა, რომლებშიც თვითმმართველი ერთეული ადასტურებს ე.ბ-ისა და ბ.ბ-ის ცალ-ცალკე ოჯახებად ცხოვრებას ...ის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, 2008 წლის აგვისტოს ომამდე. საყურადღებოა, რომ საწინააღმდეგო ინფორმაციის შემცველი ...ის ტერიტორიული ორგანოს 2010 წლის 17 აგვისტოს N326 ცნობა, რომელიც განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა, ბათილად არის ცნობილი და ამ ნაწილში მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მტკიცების ტვირთი მოიაზრებს დავის მონაწილე მხარის იურიდიულ მოვალეობას, შეასრულოს გარკვეული პროცესუალური მოქმედება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს გააჩნია არამხოლოდ საპროცესო-სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა, რომ ბ.ბ-ე, ე.ბ-ის ოჯახთან ერთად (შემადგენლობით: ე.ბ-ე, ნ.ბ-ე და ლ.ნ-ი) დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით, საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 20 აგვისტოს N589 განკარგულების, 2009 წლის 21 სექტემბრის N41/43 ხელშეკრულებისა და 2009 წლის 30 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ამასთანავე, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ე... და ბ.ბ-ეები ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ. მართებულია სააპელაციო პალატის დასკვნები, 2018 წლის 16 ნოემბრის N04/61705 აქტის ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალების თაობაზე, რომლებითაც უზრუნველყოფილი იქნება მოსარჩელის დევნილი ოჯახის კომპენსირებული დევნილების მონაცემთა ბაზიდან ამოღება, სამომავლოდ საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ მოთხოვნის უფლების რეალიზებისათვის.

საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას სასარჩელო ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან არ დგინდება ბ.ბ-ის საკუთრების უფლების წარმომშობი დოკუმენტების შინაარსის შესახებ მოსარჩელის ინფორმირება, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც მოცემული დავის ფარგლებში დადასტურებული არ არის მოსარჩელის ერთ ოჯახად ცხოვრება ბ.ბ-ის ოჯახთან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე