საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-907(კ-21) 17 იანვარი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა.კ-ი ( შ.მ-ის უფლებამონაცვლე)
სარჩელზე მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია, შპს „თ...“
მესამე პირები - მ.ლ-ი, რ.ლ-ი, გ.მ-ი, ვ.მ-ი, თ.მ-ი, ნ.მ-ი, ხ.მ-ი, ი.ჭ-ა, შ.წ-ი, ვ.ა-ე, ვ.ქ-ე, ზ.ქ-ა, ნ.ღ-ი, ვ.გ-ი, მ.ი-ი, ა.ა-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 14 მარტს შ.მ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შპს „თ...ს“ მიმართ.
სარჩელის დაზუსტების შემდგომ მოსარჩელემ მოითხოვა, მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება, რომელთა თანახმად, ა.კ-ის კუთვნილი საკარმიდამო ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) მიმდებარე დანაგვიანებული ნაკვეთების მესაკუთრეებს, დაევალებათ ერთი თვის ვადაში მათ საკუთრებაში არსებული ტერიტორიების დასუფთავება, ხოლო მათ მიერ მითითებულ ვადაში ტერიტორიების დაუსუფთავებლობის შემთხვევაში, შპს ,,თ...ს" დაევალება ორი თვის ვადაში დაასუფთავოს ა.კ-ის კუთვნილი საკარმიდამო ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამშენებლო ნარჩენებით დანაგვიანებული ნაკვეთები (საკადასტრო კოდი 1) ...; 2)...; 3) ...; 4)...; 5)...; 6)...; 7)...; 8)...; 9)...; 10).... მოსარჩელემ ასევე მოითხოვა, მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ერთი თვის ვადაში, მოსარჩელე ა.კ-ის კუთვნილი საკარმიდამო ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კუთვნილი სამანქანო გზის იმდაგვარად კეთილმოწყობის დავალება, რომ მოსარჩელეს შეძლებოდა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთამდე სამანქანო გზით მისვლა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 მარტის საოქმო განჩინებით მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ მ.ლ-ი; რ.ლ-ი; გ.მ-ი; ვ.მ-ი, თ.მ-ი; ნ.მ-ი; ხ.მ-ი; ი.ჭ-ა; შ.წ-ი; ვ.ა-ე; ვ.ქ-ე; ზ.ქ-ა; ნ.ღ-ი; ვ.გ-ი; მ.ი-ი და ა.ა-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში მოსარჩელე შ.მ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ა.კ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა ა.კ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (მდებარე: ქ. თბილისი, ..., საკადასტრო კოდი ...) მისასვლელი გზის დასუფთავება. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.კ-მა (შ.მ-ის უფლებამონაცვლე) და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინებით ა.კ-ისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის განკარგულების მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ 100% - იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ იურიდიულ პირს - შპს ,,თ...ს“ დაევალა ორგანიზება გაუკეთოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქუჩების, მოედნების, შიდა კვარტალური ტერიტორიების, სკვერებისა და პარკების დასუფთავებას; მოსახლეობის, ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირების მიერ წარმოქმნილი მყარი (საყოფაცხოვრებო) ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებას, ნაგავსაყრელ პოლიგონზე ნარჩენების განთავსებას და გაუვნებლობას; ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მართვას, თოვლცვენის დროს ქუჩებსა და მოედნებზე მარილის მოყრას, დანართი 1-ის თანახმად. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა საკუთარი უფლებამოსილებები (ნარჩენების მართვა) გადასცა კომპანიას, რომელიც დამოუკიდებელ სუბიექტს წარმოადგენს მესამე პირებთან ურთიერთობაში. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ ნარჩენების მართვის კოდექსის მე-8 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების ვალდებულება დააკისრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, რაც კასატორის მოსაზრებით, არამართებულია. კასატორის განმარტებით, უცნობია რა ტიპის ნარჩენებია განთავსებული ტერიტორიაზე და აქვს თუ არა მუნიციპალიტეტს უფლება ნარჩენებისგან დაასუფთაოს აღნიშნული ტერიტორია. შესაბამისად, კასატორი ითხოვს გასაჩივრებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთთან (მდებარე: ქ. თბილისი, ..., საკადასტრო კოდი ...) მისასვლელი გზის დასუფთავება.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე საქმეებს აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
1985 წლის 15 ოქტომბრის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის (საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 2005 წლის 1 აპრილიდან) 3.1 მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა ნიშნავს ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების უფლებასა და შესაძლებლობას, კანონის ფარგლებში მოაწესრიგონ და მართონ საზოგადოებრივი საქმეების მნიშვნელოვანი წილი მათი პასუხისმგებლობითა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, რომლის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა არის საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ამავე კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრულია მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებებიდან ერთ-ერთია მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების დასუფთავება, ტერიტორიის გამწვანება, გარე განათების უზრუნველყოფა (,,ვ“ ქვეპუნქტი).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის ორგანიზების, მომსახურების წესების დადგენის, ოპერატორის შერჩევისა და თბილისის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესებს განსაზღვრავს ქ. თბილისის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის 14-46 განკარგულების ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ დანართი 3 - ,,დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესი“. მითითებული წესის მე-3 მუხლის თანახმად, თბილისის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზება თბილისის მთავრობის მიერ ხორციელდება: ა) უშუალოდ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის მეშვეობით; ბ) მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზებით; გ) კონკურსის წესით შერჩეული ოპერატორის ან/და ოპერატორების მეშვეობით; დ) თბილისის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით; ე) თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ.
აღნიშნული განკარგულებისა და ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 21 დეკემბრის N49.33.1038, 2017 წლის 21 დეკემბრის N48.03.961 და 2018 წლის 27 დეკემბრის N18.1144.1616 განკარგულებების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქუჩების, მოედნების, შიდა კვარტალური ტერიტორიების, სკვერებისა და პარკების დაგვა-დასუფთავების, მოსახლეობის, ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირების მიერ წარმოქმნილი მყარი (საყოფაცხოვრებო) ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირების, ნაგავსაყრელ პოლიგონზე ნარჩენების განთავსებისა და გაუვნებლობის, ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მართვის, თოვლცვენის დროს ქუჩებსა და მოედნებზე მარილის მოყრის საკითხის ორგანიზება, მუნიციპალიტეტის მთავრობამ გადაწყვიტა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის შპს ,,თ...ს“ მეშვეობით, აღნიშნული განკარგულებების დანართების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივ საფუძვლებს განსაზღვრავს ასევე ნარჩენების მართვის კოდექსი, რომლის ამოცანაა გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა: ა) ნარჩენების წარმოქმნის და მათი უარყოფითი გავლენის პრევენციით ან შემცირებით; ბ) ნარჩენების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნით; გ) რესურსების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირებით და რესურსების უფრო ეფექტიანი გამოყენებით (1.2 მუხლი). ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-4 ნაწილი კი, იმპერატიულად ადგენს, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების ვალდებულება მუნიციპალიტეტს ეკისრება, თუ აღნიშნული ტერიტორია კერძო საკუთრება არ არის.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ითხოვს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სამანქანო გზის დასუფთავებას იმდაგვარად, რომ შეძლოს საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთამდე სამანქანო გზით მისვლა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების სამართლებრივ შეფასებებს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მართებულად დაევალა ა.კ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზის დასუფთავება. ამასთან, საქმის მასალების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა საქმის ქვედა ინსტანციის სასამართლოებში განხილვისას დაადასტურა, რომ ა.კ-ის კუთვნილ საკარმიდამო ნაკვეთთან მისასვლელი გზის დასუფთავება მერიას შპს ,,თ...სთვის“ არ დაუვალებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, იმავე ნორმის საფუძველზე და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 31 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე