Facebook Twitter

საქმე №ბს-500(კ-21) 17 იანვარი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ზ.ჩ-ა

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისი

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ.ჩ-ამ 2019 წლის 25 თებერვალს წარმომადგენლის მეშვეობით სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის მიმართ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2018 წლის 13 ნოემბრის №..., სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 ნოემბრის №... და 2019 წლის 15 იანვრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და 2014 წლის 15 სექტემბრის ნასყიდობით შეძენილ ადმინისტრაციული შენობის ქვეშ არსებულ 480 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ზ.ჩ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოპასუხისთვის დავალება მოითხოვა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 220 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით ზ.ჩ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განჩინებით ზ.ჩ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ზ.ჩ-ას მიერ.

კასატორის მოსაზრებით, როგორც პირველმა ინსტანციამ, ისე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე, 171-ე და 179-ე მუხლები, რომელთა გამოყენების შემთხვევაში დაკმაყოფილდებოდა ზ.ჩ-ას მოთხოვნა, ხოლო კანონები, რომლითაც სასამართლოებმა იხელმძღვანელეს, არ უნდა გამოეყენებინათ.

კასატორის წარმომადგენლის მითიტებით, მაშინ, როდესაც სადავო გარემოებას არ წარმოადგენდა ზ.ჩ-ას მიერ სს კოოპერატივ „ლ...ის“ საკუთრებაში არსებული ადმინისტრაციული შენობის, ფარდულის, ღობის, რკინის კარებისა და წყლის აუზის ყიდვა 15.09.2014 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებითა და მიღება-ჩაბარების აქტით, ირელევანტურია აღნიშნული შენობა-ნაგებობის ქვეშ არსებულ მიწის ნაკვეთზე სს კოოპერატივ „ლ...ეს“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის არარსებობა საჯარო რეესტრში. იგი აღნიშნავს, რომ შენობა-ნაგებობები მყარადაა დაკავშირებული მის ქვეშ არსებულ მიწის ნაკვეთზე ისე, რომ მისი დაშლის (დემონტაჟის) გარეშე შეუძლებელია მათი განცალკევება, რაც გამოიწვევს შენობა-ნაგებობის პირვანდელი სახის დაკარგვას, შესაბამისად, მიზანშეწონილად მიიჩნევს სამოქალაქო კოდექსის 150-ე, 171-ე და 177-ე მუხლების გამოყენებას.

კასატორი მიიჩნევს, რომ ყურადსაღებია სადავო ქონებაზე ყადაღის მოხსნის საფუძველი, რაც გამოხატავდა ზ.ჩ-ას ნებას, შეეძინა ყადაღადადებული ქონება. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა შეფასების მიღმა დატოვეს ზ.ჩ-ას მიერ შეძენილი შენობა-ნაგებობის, მის ქვეშ არსებული 480 კვ.მ მიწის ნაკვეთის ურთიერთკავშირი, კერძოდ ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული შენობა-ნაგებობა წარმოადგენს სადავო მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს.

ამდენად, კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან შენობა-ნაგებობები, რომელიც შეიძინა მოსარჩელემ, მყარადაა დაკავშირებული 480 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მათი განცალკევება შეუძლებელია აღნიშნული შენობა-ნაგებობის დანგრევის გარეშე, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სადავო განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ.ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზ.ჩ-ას საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ.ჩ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის გადაწყვეტილებათა კანონიერება, შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში შესაფასებელია სადავო გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა თუ არა დარგის მომწესრიგებელი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქმეზე დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ „ ... ლ...სა“ და ზ.ჩ-ას შორის 2014 წლის 15 სექტემბერს წერილობით დაიდო მარტივი ფორმის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ზ.ჩ-ამ შეიძინა კოოპერატივის სხვადასხვა ქონება, რომლის ღირებულებად განისაზღვრა 28 350 ლარი, მათ შორის, კოოპერატივის ადმინისტრაციული შენობა, რომლის ღირებულება იყო 26 000 ლარი. აღნიშნულის შესახებ შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, გადახდილ იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ამასთანავე დადგენილია, რომ 2014 წლის 15 სექტემბრის ხელშეკრულება სანოტარო წესით არ დამოწმებულა და შესაბამის უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში საკუთრების უფლების რეგისტრაცია ზ.ჩ-ას მიერ არ ყოფილა მოთხოვნილი. ზ.ჩ-ას მიერ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მარეგისტრირებელ ორგანოში მოთხოვნილ იქნა 2018 წლის 18 ოქტომბერს, რა დროსაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მხარეს დაევალა დამოწმებული საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. 2018 წლის 08 ნოემბერს მოხდა კოოპერატივ „ლ...ესა“ და ზ.ჩ-ას შორის 2014 წლის 15 სექტემბრის ხელშეკრულების ნოტარიული წესით დამოწმება, რაც ზ.ჩ-ამ, როგორც დაინტერესებულმა პირმა წარადგინა მარეგისტრირებელ ორგანოში. სსიპ საჯარო რეესტრის მიერ აღნიშნული დოკუმენტი არ იქნა მიჩნეული საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად და განმცხადებელს კვლავ განემარტა, რომ საჭირო იყო სათანადო წესით დამოწმებული საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ვინაიდან ზ.ჩ-ას მიერ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე, შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგანან მიწაზე. კანონმდებელი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეძენას უშვებს გარიგების საფუძველზეც, ხოლო უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის წესს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი განსაზღვრავს, რომლის თანახმად, უძრავ ნივთზე უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია ხელშეკრულების წერილობითი ფორმის დაცვა და წერილობითი ხელშეკრულების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. იმ შემთხვევაში თუ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული არ იქნება წერილობითი ფორმით და არ იქნება ნოტარიულად დამოწმებული, ხელშეკრულება, როგორც ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნებისთვის უფლების დამდგენ დოკუმენტად ვერ მიიჩნევა. ამასთან, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთზე გარიგებისა და სხვა სამართლებრივი მოქმედების განხორციელებისას, გარდა მემკვიდრეობის უფლების დადგენისა, მასზე დაინტერესებული პირის უფლებამოსილება დგინდება მხოლოდ ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ზ.ჩ-ასა და კოოპერატივ „ლ...ს“ შორის 2014 წლის 15 სექტემბერს დადებული ხელშეკრულება ნოტარიულად დამოწმდა მხოლოდ 2018 წლის 08 ნოემბერს, ხოლო 2018 წლის 08 ნოემბრისთვის კოოპერატივი „ლ...“ აღარ იყო სსიპ საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის მესაკუთრედ რეგისტრირებული, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება სადავო მიწის ნაკვეთის სამოქალაქო კოდექსის 171-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან ზ.ჩ-ას მიერ ხელშეკრულების დადება შესაბამისი ფორმით ფაქტობრივად განხორციელდა 2018 წლის 08 ნოემბერს, როდესაც კოოპერატივი „ლ...ე“ აღარ იყო უფლებამოსილი განეკარგა შენობა-ნაგებობა, ვინაიდან იგი აღარ იყო მისი მესაკუთრე.

ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და ამავე სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისი სადავო აქტების გამოცემისას მოქმედებდნენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გამოიკვლეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღეს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, კასატორმა ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მსჯელობას, მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, დაადასტურებდა სააპელაციო პალატის სამართლებრივი დასკვნების მცდარობას. შესაბამისად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ.ჩ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 19 თებერრვლის განჩინება;

3. ზ.ჩ-ას (პ/ნ - ... ) დაუბრუნდეს ნ.ჩ-ს მიერ 20.07.2021წ. №... საგადახდო დავალებით საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან : ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა

გ. მაკარიძე