Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1183(კ-21) 17 იანვარი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბიძინა სტურუა, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - მ.ც-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 26 ივნისს მ.ც-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 11 აპრილის №03-02/59 დადგენილებისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 29 მაისის №01-06 412 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით მ.ც-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 06 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ.ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მ.ც-ის საჩივრის უარყოფის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 29 მაისის №01-06 412 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 11 აპრილის №03-02/59 დადგენილება - სამშენებლო სამართალდარღვევისათვის დაჯარიმებისა და კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე რეკონსტრუქციის შეჩერების შესახებ; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაევალა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მ.ც-ის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ზედაპირული გადაწყვეტილება მიიღო, რაც მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. სააპელაციო სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არასაკმარისად მიიჩნია და ადმინისტრაციულ ორგანოს ისეთი არარეალური მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობაზე მიუთითა, როგორიცაა სახელმწიფოს მიერ 18 წლის წინ მრავალბინიანი კორპუსების გადახურვის ამსახველი დოკუმენტაცია, რაც შეუძლებელი იყო. კასატორმა აღნიშნა, რომ აპელანტის მიერ მითითებული სხვენის სინკარებისგან გათავისუფლების ფაქტი, თავისი შინაარსით გულისხმობდა არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილების არსობრივად შეცვლას, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით, რაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად ნიშნავდა რეკონსტრუქციას. კასატორის განმარტებით, 2019 წლის 19 მარტის მითითება ერთ-ერთი მეზობლის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე შედგა; კერძოდ, სხვენში არსებულ უნებართვო მშენებლობის თაობაზე საუბრობდა ხუთსართულიანი კორპუსის მე-5 სართულზე მცხოვრები ა.ჯ-ე. აღნიშნული ფაქტის გასამყარებლად მტკიცებულების სახით სასამართლოში წარმოდგენილი იყო DVD დისკზე ჩაწერილი ვიდეო-ფირი, რომელიც რეალურად ასახავდა უკანონო რეკონსტრუქციის ფაქტებს, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ასევე არასაკმარის მტკიცებულებად მიიჩნია აღნიშნული. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მოსაზრებით, მსგავსი პრაქტიკის დანერგვა მოსახლეობას უბიძგებს უნებართვო მშენებლობების წარმოებისაკენ იმ იმედით, რომ სასამართლო მათ მსგავსი ქმედების შემთხვევაში საჯარიმო სანქციებს გაუბათილებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2019 წლის 19 მარტს შედგა №03-07/63 მითითება, რომლითაც ადმინისტრაციულმა ორგანომ მ.ც-ე მიიჩნია ქ. ქობულეთში, ...ის ქუჩის №...-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სხვენის რეკონსტრუქციის მწარმოებელ პირად შესაბამისი ნებართვის გარეშე, რაც წამოადგენდა სამშენებლო სამართალდარღვევას. ამავე მითითებით მ.ც-ეს დაევალა სამშებელო სამუშაოების შეჩერება და 10 დღის ვადაში მშენებლობისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა. ზედამხედველობის სამსახურმა 2019 წლის 04 აპრილს შედგენილი შემოწმების აქტით მიიჩნია, რომ მ.ც-ის მიერ მითითების პირობები არ იქნა შესრულებული; კერძოდ, დამრღვევმა ვერ უზრუნველყო მშენებლობისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა. ამდენად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 11 აპრილის №03-02/59 სადავო დადგენილებით ქ. ქობულეთში, ...ის ქუჩის №... ბინა №11-ში მცხოვრები მ.ც-ე რეკონსტრუქციის უნებართვოდ წარმოების საფუძვლით დაჯარიმდა 2000 ლარით და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია შეჩერდა მშენებლობის ნებართვის წარდგენამდე. დადგენილება გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც არ დაკმაყოფილდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 29 მაისის №01-06 412 ბრძანებით.

საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის მსგავსად, მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის გარეშე მიიღო სადავო აქტები; კერძოდ, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 11 აპრილის №03-02/59 დადგენილების თანახმად, მ.ც-ემ აწარმოა რეკონსტრუქცია, თუმცა ადმინისტრაციული ორგანო მითითებაში არ განმარტავს, თუ რაში გამოიხატა საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია. სადავო პერიოდში მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტი №57 დადგენილების მე-3 მუხლის 50-ე პუქნტის თანახმად, რეკონსტრუქცია განიმარტებოდა როგორც არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით. მოსარჩელის განმარტებით, სხვენის დასუფთავების მიზნით, ობიექტიდან გამოჰქონდა სამშენებლო ნაგავი - ჩამონგრეული ფილები („სინკარები“). მ.ც-ის მითითებით, მას ფილები არ ჩამოუნგრევია, პირიქით, მიუთითებდა სახელმწიფოს მიერ აღნიშნული მრავალბინიანი კორპუსის სახურავის შეცვლის დროს მის შესაძლო დაზიანებასა და ნარჩენებით დაბინძურებაზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სხვენის დასუფთავება (სამშენებლო მასალისაგან გაწმენდა) დაიწყო მეზობლების და ბმა-ის თავმჯდომარის მითითებით. მოცემული გარემოება ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოკვლეულა მეზობელთა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის გამოკითხვის გზით, რაც ადასტურებს დავის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად გადაწყვეტის კანონიერებას. საკითხის ხელახალი გამოკვლევისას ადმინისტრაციულმა ორგანომ მტკიცებულებათა სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად უტყუარად უნდა დაადასტუროს, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სხვენზე კონსტრუქციული ჩარევა (გადახურვის ფილების ნაწილობრივ მოშლა, რაც ფიქსირდება საქმეში წარმოდგენილ ვიდეო ფირზე) წარმოებული იყო თუ არა მ.ც-ის მიერ და მის მიერ განხორციელებული ქმედება ექცეოდა თუ არა საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის კანონით განსაზღვრულ დეფინიციაში.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა

გ. მაკარიძე