Facebook Twitter

საქმე №ბს-942(კს-22) 23 თებერვალი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ რ.ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისი, თ.გ-ე, მ.ლ-ე, კ.ლ-ე, თ.ლ-ე, ნ.ტ-ი

მესამე პირი - თ.ჩ-ი

დავის საგანი _ უსწორობის გასწორება

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 27 მარტს რ.ბ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის, თ.გ-ის, მ.ლ-ის, კ.ლ-ის, თ.ლ-ისა და ნ.ტ-ის მიმართ, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 30 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამასთან, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში საქმეში მესამე პირად ჩაება თ.ჩ-ი.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ.ბ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 30 ივნისის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა ოფისმა, თ.გ-ემ, მ.ლ-ემ, კ.ლ-ემ, თ.ლ-ემ და ნ.ტ-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის, თ.გ-ის, მ.ლ-ის, კ.ლ-ის, თ.ლ-ის და ნ.ტ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 30 ივნისის №... გადაწყვეტილება 2016 წლის 27 ივნისს ამავე სამსახურში კ.ლ-ის მიერ წარდგენილი №... განცხადებით ... საკადასტრო კოდით დაზუსტებული სახით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულ ოფისს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კ.ლ-ის მიერ 2016 წლის 27 ივნისის №... განცხადებით მოთხოვნილ საკითხთან დაკავშირებით; დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

2021 წლის 25 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის განმარტება, იმ საფუძვლით, რომ სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ბუნდოვანი იყო - არ იყო მითითებული, №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია რომელ მიწის ნაკვეთთან, რომელი სარეგისტრაციო განაცხადით დაფიქსირებული გადაფარვის (ზედდების) ნაწილში უნდა გაუქმებულიყო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადება 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ. ამავე განჩინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა გასწორებულიყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა და ნაცვლად მითითებისა: „3. რ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 30 ივნისის №... გადაწყვეტილება 2016 წლის 27 ივნისს ამავე სამსახურში კ.ლ-ის მიერ წარდგენილი №... განცხადებით ... საკადასტრო კოდით დაზუსტებული სახით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულ ოფისს დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კ.ლ-ის მიერ 2016 წლის 27 ივნისის №... განცხადებით მოთხოვნილ საკითხთან დაკავშირებით“, მითითებულ უნდა ყოფილიყო: „3. რ.ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 30 ივნისის №... გადაწყვეტილება 2016 წლის 27 ივნისს ამავე სამსახურში კ.ლ-ის მიერ წარდგენილი №... განცხადებით ... საკადასტრო კოდით დაზუსტებული სახით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულ ოფისს დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კ.ლ-ის მიერ 2016 წლის 27 ივნისის №... განცხადებით მოთხოვნილ საკითხთან დაკავშირებით“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში დაშვებული უსწორობის გასწორება ან სააპელაციო სასამართლოსათვის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების დავალება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ოფისის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განჩინება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების საკითხის გადასაწყვეტად, საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინებით გასწორდა №3/ბ-177-19წ. ადმინისტრაციულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის მეორე აბზაცში დაშვებული უსწორობა და ნაცვლად: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულ ოფისს დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კ.ლ-ის მიერ 2016 წლის 27 ივნისის №... განცხადებით მოთხოვნილ საკითხთან დაკავშირებით - მიეთითა - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულ ოფისს დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი რ.ბ-ის მიერ 2017 წლის 6 თებერვლის №... განცხადებით მოთხოვნილ საკითხთან დაკავშირებით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ.ბ-ემ.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ დასაბუთებით, რომ უნდა გაუქმებულიყო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ უნდა ყოფილიყო ახალი გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის მოპასუხეზე დავალების შესახებ. სააპელაციო სასამართლო მიუთითებდა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ იყო საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენდა, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გააუქმა მოპასუხეთა სახელზე საჯარო რეესტრში არსებული სარეგისტრაციო ჩანაწერი, მაშინ როდესაც საკადასტრო მონაცემებით მხოლოდ ნაწილობრივი ზედდება ფიქსირდებოდა. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღნიშნული შინაარსიდან გამომდინარე გასაგებია და ცალსახაა, რომ სააპელაციო სასამართლოს სურს გააუქმოს სადავო 2016 წლის 30 ივნისის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ ნაწილობრივ, კერძოდ, მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში, დანარჩენ ნაწილში კი გადაწყვეტილება დატოვოს ძალაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ასეთი ჩამოყალიბება კი შეუსაბამოა, რამეთუ 2016 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით მოხდა სწორედ ... საკადასტრო კოდის საზღვრების ცვლილება, შესაბამისად, შეუძლებელია №... გადაწყვეტილება ზედდებაში მოვიდეს საკუთარ თავთან - ... საკადასტრო კოდთან. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის პირველი ნაწილი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 30 ივნისის №... გადაწყვეტილება 2016 წლის 27 ივნისს ამავე სამსახურში კ.ლ-ის მიერ წარდგენილი №... განცხადებით რ.ბ-ის მიერ 06.02.2017 წელს განცხადება №... -ზე დაზუსტებული სახით წარდგენილ მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში.“ რაც შეეხება სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის მე-2 ნაწილს - კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, უნდა დარჩეს იმ სახით, რაც მითითებულია 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით რ.ბ-ის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ.ბ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. მითითებული ნორმა გულისხმობს გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური ხასიათის უსწორობის გასწორებას და ემსახურება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას. ამასთან, დაუშვებელია ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თავდაპირველად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადების საფუძველზე საკითხი შეეხებოდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების განმარტებას, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების განმარტების საფუძველი, თუმცა სახეზე იყო აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობა, რომელიც უნდა გასწორებულიყო, რა საფუძვლითაც სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში გასწორდა უსწორობა, რასაც არ ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორი და მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ამგვარი სახით გასწორება შეუსაბამოა საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან და მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის იმგვარად ჩამოყალიბებას, რაც შესაბამისობაში იქნება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსთან.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 6 თებერვალს რ.ბ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა 5100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 თებერვლის №... გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ რ.ბ-ის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზის მონაცემებიდან გამომდინარე, უძრავი ნივთი ზედდებაშია №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან. სწორედ ზემოაღნიშნული გარემოებები გახდა განსახილველი დავის წარმოშობის წინაპირობა - მოსარჩელის ინტერესი, ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 30 ივნისის №... გადაწყვეტილება, უკავშირდება კ.ლ-ის მხრიდან საჯარო რეესტრში 2016 წლის 27 ივნისის №... განცხადებით უსწორო მონაცემების წარდგენას, რამაც გამოიწვია სადავო გადაწყვეტილებით მოსარჩელის სახელზე არსებული მიწის ნაკვეთის მოქცევა მესამე პირებზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში. დადგენილია, რომ №... უძრავი ნივთი, რომელთანაც დაფიქსირდა რ.ბ-ის ინტერესში შემავალი მიწის ნაკვეთის ზედდება, კ.ლ-ის მიერ 2016 წლის 27 ივნისს წარდგენილი №... განცხადების საფუძველზე, 2016 წლის 30 ივნისს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, თ.გ-ის, მ.ლ-ის, კ.ლ-ის, თ.ლ-ისა და ნ.ტ-ის თანასაკუთრებად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით იმსჯელა რ.ბ-ის მიერ გასაჩივრებული ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 30 ივნისის №... გადაწყვეტილების კანონიერებაზე და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში მიუთითა, რომ 1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი აღნიშნული გადაწყვეტილება 2016 წლის 27 ივნისს ამავე სამსახურში კ.ლ-ის მიერ წარდგენილი №... განცხადებით ... საკადასტრო კოდით დაზუსტებული სახით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში; 2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულ ოფისს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კ.ლ-ის მიერ 2016 წლის 27 ივნისის №... განცხადებით მოთხოვნილ საკითხთან დაკავშირებით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ... საკადასტრო კოდი სადავო მიწის ნაკვეთს სწორედ 2016 წლის 27 ივნისის განცხადების დაკმაყოფილებისა და მესამე პირების სახელზე 2016 წლის 30 ივნისის №... გადაწყვეტილებით საკუთრების უფლების რეგისტრაციით მიენიჭა. ამდენად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შედეგები ვერ იქნებოდა მიმართული თავად ამ გადაწყვეტილებით დადგენილ საკადასტრო კოდის მონაცემებზე. შეუძლებელია №... გადაწყვეტილება ზედდებაში მოსულიყო თავად ... საკადასტრო კოდთან. რეალურად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით რ.ბ-ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილება მოიაზრებს 2017 წლის 6 თებერვალს რ.ბ-ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი აზომვითი ნახაზის მონაცემებიდან გამომდინარე, №... მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 2016 წლის 30 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რ.ბ-ის სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში. სწორედ აღნიშნულ გარემოებებზე მიუთითებდა საკასაციო სასამართლო 2022 წლის 16 მარტის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს, თუმცა, საკასაციო სასამართლოს აღნიშნული მითითებები სათანადოდ არ ასახულა სააპელაციო სასამარათლოს 2022 წლის 21 ივნისის გასაჩივრებულ განჩინებაში, სადაც სააპელაციო სასამართლომ, მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლზე მითითებით მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში დაშვებული უსწორობა უნდა გასწორებულიყო, თუმცა გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება არ განხორციელებულა საკასაციო სასამართლოს მითითებების შესაბამისად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების მიხედვით, უნდა გაუქმებულიყო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ უნდა ყოფილიყო ახალი გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის მოპასუხეზე დავალების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გააუქმა მოპასუხეთა სახელზე საჯარო რეესტრში არსებული სარეგისტრაციო ჩანაწერი, მაშინ როდესაც საკადასტრო მონაცემებით მხოლოდ ნაწილობრივი ზედდება ფიქსირდებოდა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო, რომ ამავე სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით რ.ბ-ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილება მოიაზრებს 2017 წლის 6 თებერვალს რ.ბ-ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი აზომვითი ნახაზის მონაცემებიდან გამომდინარე, №... მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 30 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობას რ.ბ-ის სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში, უფრო კონკრეტულად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა გასწორებულიყო იმგვარად, რომ სარეგისტრაციო სამსახურის სადავო გადაწყვეტილება გაუქმებულიყო რ.ბ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში, რის შესაბამისადაც უნდა გასწორებულიყო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი იმ ნაწილში, რომელიც აქტის ბათილად ცნობას შეეხებოდა, აღნიშნულის ნაცვლად კი 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არასათანადოდ გასწორდა გურიის რეგიონული ოფისისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში, რამეთუ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ზედდების ნაწილში ლანჩხუთის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 30 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობას თან სდევს ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად არსებულ განცხადებაზე - კ.ლ-ის 2016 წლის 27 ივნისის №... განცხადებაზე ხელახალი მსჯელობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რ.ბ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების საკითხის გადასაწყვეტად საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ.ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების საკითხის გადასაწყვეტად საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ბ. სტურუა