Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-702(2კ-21) 21 თებერვალი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) – 1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ.ჩ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივნისის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ლ.ჩ-ემ 2019 წლის 18 ივნისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2018 წლის 13 თებერვლის №36-01180442483 წერილისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 21 მაისის №616 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოპასუხისათვის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც ლ.ჩ-ე ცნობილი იქნება ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №6/16-ში მდებარე ნაგებობის პირველ სართულზე არსებული 59,08 კვ.მ ფართის, მეორე სართულზე არსებული 31,45 კვ.მ ფართისა და სარდაფის - 19,38 კვ.მ ფართის კანონიერ მოსარგებლედ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ.ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 21 მაისის №616 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2018 წლის 13 თებერვლის №36-01180442483 წერილი და ...ის რაიონის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად მოსარჩელის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივნისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ...ის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ...ის რაიონის გამგეობამ.

კასატორები არ ეთანხმებიან სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივნისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორთა განმარტებით, საცხოვრებელი ან არასახოვრებელი ფართების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, მხარის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილ იქნა საბინაო წიგნის ამონარიდის ასლი, რომელშიც ფიქსირდება ლ.ჩ-ე. კასატორები მიუთითებენ, რომ მხარისათვის საბინაო წიგნის დედნის მოთხოვნისა და მისი წარდგენის შემთხვევაშიც, შეუძლებელი იქნებოდა იმ გარემოების დადგენა, შენობა-ნაგებობის რომელ ნაწილში მდებარე, რა ოდენობის ფართი გადაეცა ლ.ჩ-ეს. თუ გადაცემული ფართის ოდენობა დაზუსტებული არ არის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში ან/და არ ირკვევა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, მხოლოდ მხარის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზისა და მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით განკარგოს ესა თუ ის ნივთი.

კასატორები მიიჩნევენ, რომ ...ის რაიონის გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ლ.ჩ-ისათვის ქ. თბილისში, ...ის ქ. №6/16-ში მდებარე სარდაფის, პირველ და მეორე სართულებზე მდებარე ფართობების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის თაობაზე შეესაბამება კანონმდებლობას და არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ივლისისა და 20 სექტემბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის 2018 წლის 13 თებერვლის №36-01180442483 წერილისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 21 მაისის №616 ბრძანების კანონიერება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნილი ფართის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, რომლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით აღიარებულია საკუთრების ინსტიტუტის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძვლად არსებული ღირებულების კონსტიტუციური მნიშვნელობა, რომელიც ინდივიდის პიროვნული თავისუფლებისა და ინდივიდუალური თვითრეალიზების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებულ „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“ არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს (მუხ. 1). ამავე „წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს კანონიერი მოსარგებლის დეფინიციას, რომლის მიხედვით, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე. „წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის 8 დეკემბერს ლ.ჩ-ემ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობას ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №6/16-ში მდებარე ნაგებობის პირველ სართულზე არსებული 59,08 კვ.მ ფართის, მეორე სართულზე არსებული 31,45 კვ.მ ფართისა და სარდაფის - 19,38 კვ.მ ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. ...ის რაიონის გამგეობის 2018 წლის 13 თებერვლის №36-01180442483 წერილით ლ.ჩ-ეს უარი ეთქვა 2017 წლის 8 დეკემბრის განცხადებით მოთხოვნილი ფართის გადაცემაზე იმაზე მითითებით, რომ არ დასტურდებოდა შესაბამისი ფართის უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონიერ სარგებლობაში გადაცემა. აღნიშნული წერილით მოსარჩელეს ასევე მიეთითა იმ გარემოებებზე, რომ მის მიერ წარდგენილი საბინაო წიგნის ამონარიდის ასლით არ დგინდებოდა დოკუმენტის ნამდვილობა და ის ფაქტი, თუ რა ოდენობის ფართობი გადაეცა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი“ ითვალისწინებს არაპრივატიზებული ფართობის საკუთრებაში გადაცემის განცხადებისათვის დასართავი და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს. „წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულია, რომ განცხადებას უნდა დაერთოს არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.). აღნიშნულ ნორმაში, მართალია, მითითებულია იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებითაც დადასტურებული უნდა იქნეს კანონიერი სარგებლობის ფაქტი, თუმცა კანონმდებელი არ იძლევა ამ დოკუმენტების ამომწურავ ჩამონათვალს, რომლებიც ადასტურებენ არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის ფაქტს. კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ ადმინისტრაციულმა ორგანომ თავად დაადგინოს და განსაზღვროს როგორც კონკრეტული საცხოვრებელი ფართის, ასევე კანონიერი მოსარგებლის მიერ დაკავებული სხვა არასაცხოვრებელი ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა. იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი შეეხება უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური უფლების - საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლებს, საკითხის ნორმატიული მოწესრიგება შესაძლებლობას აძლევს ადმინისტრაციულ ორგანოს, საკუთრებაში გადაცემა განახორციელოს სხვა მტკიცებულებების საფუძველზეც, რაც ადასტურებს კანონიერ სარგებლობაში საცხოვრებელი თუ არასაცხოვრებელი ფართის გადაცემას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ...ის რაიონის გამგეობამ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, არ გაუთვალისწინებია მთელი რიგი ის მტკიცებულებები, რაც მოსარჩელის მიერ იყო წარდგენილი. საგულისხმოა, რომ მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის ლ.ჩ-ის მიერ ფართით ფაქტობრივ სარგებლობას და უარის თქმას უკავშირებს კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობასა და კანონიერ სარგებლობაში გადაცემული ფართობის ოდენობის გაურკვევლობას, თუმცა ვერ მიუთითებს თუ როგორ გამორიცხა მოსარჩელის მიერ საბინაო წიგნის ამონარიდის დედნის წარდგენის, ასევე დაკავებული ფართის ოდენობისა და მდებარეობის დადგენის შესაძლებლობა, მით უფრო, რომ საქმეში წარმოდგენილია როგორც საინვენტარიზაციო გეგმა სართულების მიხედვით, ასევე მოწმეთა განმარტებები, რომლებიც ადასტურებენ 1973 წლიდან ლ.ჩ-ის მიერ კონკრეტული ფართების ფლობის ფაქტს. გარდა ამისა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს საინფორმაციო ბარათის მიხედვით ირკვევა, რომ ლ.ჩ-ე რეგისტრირებული იყო მისამართზე - თბილისში, ...ის ჩიხი №6/16, ხოლო კომუნალური გადასახადის გადახდის ქვითრების შესაბამისად, ლ.ჩ-ის მეუღლე ( ჯ.ა-ა) ამავე მისამართზე წარმოადგენდა რეგისტრირებულ აბონენტს (№...) და იხდიდა გადასახადებს. ამგვარად, სადავო აქტები არ შეიცავს საკითხის იმგვარად გადაწყვეტის დასაბუთებას, რასაც იმპერატიულად ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებები შეაგროვოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენის, მოწმეთა დაკითხვის ან კანონით სხვა ნებისმიერი განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სადავო აქტები სწორად იქნა ბათილად ცნობილი და ...ის რაიონის გამგეობას მართებულად დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივნისის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე