საქმე #ბს-1017(კ-22) 23 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ.კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2018 წლის 9 მარტს მ.კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონული ოფისის მიმართ.
მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 30 აპრილის #... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ 2018 წლის 5 მარტის #... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 26 თებერვლის #... გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 14 თებერვლის #... გადაწყვეტილების, 2018 წლის 23 მარტის #... გადაწყვეტილების, რეგისტრაციის შესახებ 2008 წლის 15 დეკემბრის #... გადაწყვეტილების, 2018 წლის 22 თებერვლის #... გადაწყვეტილების, რეგისტრაციის შესახებ 2008 წლის 15 დეკემბრის #... გადაწყვეტილების, 2018 წლის 23 თებერვლის #... გადაწყვეტილების, რეგისტრაციის შესახებ 2013 წლის 17 იანვრის #... გადაწყვეტილების, რეგისტრაციის შესახებ 2018 წლის 21 თებერვლის #... გადაწყვეტილების, 2013 წლის 17 იანვრის #... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 27 მარტის #... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 ოქტომბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ქალაქ რუსთავში, ქალაქის შემოსასვლელი #...-ში უძრავი ქონების მოსარჩელის სახელზე რეგისტრაციის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, 1993 წლის 29 დეკემბრის #198 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მას გადაეცა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 900 კვ.მ მიწის ნაკვეთი. 2011 წელს მოსარჩელემ მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს უძრავი ნივთის რეგისტრაციის მოთხოვნით. წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, დადგინდა ზედდება მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დადგენილი ხარვეზი ვერ შესწორდა, მოსარჩელეს უარი ეთქვა რეგისტრაციის განხორციელებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ჯერ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო შემდგომ - სასამართლოში. სასამართლოს გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
მოსარჩელის მითითებით, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, მარეგისტრირებელმა ორგანომ დაიწყო საქმის წარმოება, მოწვეულ იქნენ დაინტერესებული პირები. ნაკვეთის მდებარეობის დასადგენად, 2017 წლის 28 ნოემბერს განხორციელდა ადგილზე გასვლა, თუმცა კადასტრის წარმომადგენელს არ გადაუმოწმებია საჯარო რეესტრის მიერ გამოცემული სიტუაციური ნახაზის მიხედვით გადაფარვის წერტილების სისწორე, რის გამოც 2018 წლის 14 თებერვლის #... გადაწყვეტილების საფუძველზე, აღადგინეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 11 ოქტომბრის #... და 2017 წლის 25 სექტემბრის #... გადაწყვეტილების საფუძველზე დროებით შეჩერებული ს.კ. ..., ..., ..., ... და ... რეგისტრირებული მონაცემების მოქმედება და დადგინდა, რომ ფაქტობრივი შეუსაბამობა არ დადასტურდა.
2018 წლის 25 მაისის დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ტერიტორიაზე ნაკვეთები ერთმანეთისაგან არ არის გამიჯნული ღობით, არ დგას ნარგავები, არც რაიმე ნაგებობა. ქაღალდის ვერსიის მიხედვით, ნაკვეთების შესწორების შემთხვევაში, აღარ იარსებებს დავის საგანი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ჯ.ნ-ი, დ.ბ-ე, ბ.ქ-ე, ზ.ც-ე და თ.ბ-ე.
მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, აღნიშნა, რომ ჯ.ნ-ის რეგისტრაციისა და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 ოქტომბრის #... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ნაწილში მოთხოვნა არ ჰქონდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა მოწმის სახით შპს „მ...ის“ დაკითხვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის წარმომადგენელი ითხოვდა იურიდიული პირის - შპს „მ...ის“ მოწმედ დაკითხვას, თუმცა მოსარჩელე ვერ ასახელებდა, თუ ვინ იყო იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, კონკრეტულად ვინ უნდა ყოფილიყო მოწვეული სასამართლო სხდომაზე. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იყო.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ივნისის განჩინებით თ.ბ-ის უფლებამონაცვლედ განისაზღვრა ე.ბ-ე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით დ.ბ-ის უფლებამონაცვლედ განისაზღვრა მ.ბ-ე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ი.ბ-ე, ს.ბ-ე და ქ.ბ-ე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით მ.კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის საოქმო განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მაისის განჩინებით მ.კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის საოქმო განჩინება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-18 მუხლის პირველ პუნქტზე და მიიჩნია, რომ ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლისა და მასალების ურთიერთშეჯერებით, მარეგისტრირებელმა ორგანომ ვერ დაადგინა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საზღვრების არასწორად განსაზღვრის ფაქტი, იხელმძღვანელა მიწის სარგებლობაში გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტებითა და მესამე პირთა მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზებით, რაც საკმარის საფუძველს ქმნიდა სადავო უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელებისათვის.
რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო განაცხადზე სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს, სააპელაციო პალატამ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ რამდენადაც არ დასტურდებოდა ბ.ქ-ის მიწის ნაკვეთის საზღვრების არასწორად დადგენისა და, შესაბამისად, რეგისტრაციის განხორციელების ფაქტი, მართებული იყო მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებები მოსარჩელისათვის კორექტირებული აზომვითი ნახაზის მოთხოვნის თაობაზე, რამეთუ რეგისტრირებულ მონაცემთა ზედდების პირობებში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო დადებითი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ამასთან, სარეგისტრაციო განაცხადზე მოთხოვნილი დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო, ასევე, არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ, ასევე, ყურადღება გაამახვილა მოწმის დაკითხვის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის საოქმო განჩინების კანონიერებაზე, კერძოდ, აღნიშნა, რომ მოსარჩელე მოითხოვდა მოწმედ შპს „მ...ის“ დირექტორის - მ.ჩ-ის დაკითხვას, რომელიც მისი განმარტებით, დაადასტურებდა აღნიშნული კომპანიის მიერ შედგენილი და საქმეში წარმოდგენილი აზომვითი ნახაზების მართებულობას.
სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზიდან ირკვეოდა, რომ საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილმა პირმა - შპს „მ...ის“ წარმომადგენელმა დაინტერესებული პირის - მ.ო-ის დაკვეთით განახორციელა მოსარჩელის დაინტერესებაში და მის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების აზომვა. ნახაზზე არსებული შენიშვნის მიხედვით, ნაკვეთის საზღვრის გარდატეხის წერტილის კოორდინატები აღებულია დამკვეთის მითითებით.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გაურკვეველი იყო, თუ რა გარემოების დადასტურების მიზნით უნდა ყოფილიყო მოწვეული მოწმის სახით ხსენებული კომპანიის დირექტორი, რომლის მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზი, რომელიც ასახავს დამკვეთის მითითებებს, ისედაც წარმოდგენილი იყო საქმეში. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მისი სისწორის დადასტურებისთვის, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა დამატებით ვინმეს გამოკითხვის აუცილებლობა. გასაჩივრებული აქტების კანონიერებასა და თითოეულ სასარჩელო მოთხოვნაზე მსჯელობის ფარგლებში, გამოკვლეულ იქნა საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება, ასევე, შეფასება მიეცა წარმოდგენილ სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, მათ შორის, აზომვით ნახაზებს, რის გამოც სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა დამატებით შპს „მ...-ის“ დირექტორის სასამართლო სხდომაზე მოწვევისა და მისი მოწმის სახით დაკითხვის საჭიროება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, მას და მესამე პირებს - ბ.ქ-ეს, ზ.ც-ეს, მემკვიდრეებს მ..., ი..., ს..., ქ... და ე.ბ-ეებს მიწის ნაკვეთები მღებული აქვთ თანაბარუფლებიანი მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე. აქტების მიხედვით, ნაკვეთებს აქვს ერთი და იგივე ზომები და ფართობები. ელექტრონულად აზომვამდე ნაკვეთებს შორის გადაფარვები არ არსებობდა, სადავო არ იყო არც ნაკვეთების მეზობლად მდებარეობა. UTM სისტემის დანერგვის შემდგომ, არასწორად ათვლილი კოორდინატების მიხედვით განხორციელებული რეგისტრაციის გამო, ბ.ქ-ის, ზ.ც-ის, დ.ბ-ისა და თ.ბ-ის სახელზე დარეგისტრირებული ნაკვეთები ტერიტორიაზე განთავსდა არასწორად, რამაც გამოიწვია ნაკვეთების ზედდება. კასატორის მითითებით, თუ არასწორად რეგისტრირებული ოთხივე მესაკუთრე საკუთარი სურვილით განახორციელებს რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე ცვლილებას, დავა აღმოიფხვრება, რამდენადაც ხუთივე ნაკვეთი 100 მეტრის სიგანის ადგილზე განთავსდება. კასატორის მითითებით, დავის აღმოფხვრის შესაძლებლობას ადასტურებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ...ის დეპარტამენტის უფროსის - ი.ც-ის 06.11.2017წ. #... სამსახურებრივი ბარათი და კომისიის მიერ აზომილი მიწის ნაკვეთების განთავსების სქემა, რომელზეც მითითებულია ნაკვეთების მდებარეობა და მათი გადაწევის შესაძლებლობა. ამ სქემიდან ბოლო ნაკვეთი (მესაკუთრე - ჯ.ნ-ი, ს.კ. ...) უკვე შესწორებულია, კერძოდ, იგი გადაწეულია ისრის მიმართულებით 10.9 მეტრით მარჯვენა მხარეს.
კასატორი მიუთითებს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სერვისების განყოფილების 2016 წლის 25 თებერვლის #... წერილის დანართზე, რომელშიც მითითებულია ნაშალი ცემენტის ბოძებით მონიშნული ბ.ქ-ის ნაკვეთის მდებარეობა ს.კ. ... , რომელიც შესული არის მ.კ-ის საკუთრებაში 10.9 მეტრით, ასევე, გადასული არის გზაზე 7.5 მეტრით, გადაფარვის ფართობია 416.21 კვ.მ - დასარეგისტრირებელი 900 კვ.მ მიწის ნაკვეთის თითქმის ნახევარი.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მიწის ნაკვეთები მოსარჩელეს და მესამე პირებს გადაცემული აქვთ მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, რომელთა თანახმად, თითოეული ნაკვეთის ფართობია 900 კვ.მ (45მX20მ). ქაღალდის ვერსიის მიხედვით, ტერიტორიაზე 24-ნაკვეთიან მართკუთხედში მხოლოდ 6 ნაკვეთი არის არასწორად დარეგისტრირებული, მათ შორის, სადავო ნაკვეთები: ს.კ ... , ს.კ. ..., ს.კ. ... და ს.კ. ....
კასატორის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ისე, რომ არ გამოურკვევია, რატომ იყო ნაკვეთები გადაფარვაში და შეიძლებოდა თუ არა ზედდების გასწორება. სააპელაციო სასამართლომ უპირობოდ გაიზიარა ბეტონის ნაშალი ბოძებით მ.კ-ის ნაკვეთში ბ.ქ-ის ნაკვეთის 10.9 მეტრით შესვლის ფაქტი. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა შეცდომით მე-5 მიწის ნაკვეთის (ს.კ. ... მესაკუთრე - ჯ.ნ-ი) რეგისტრაციაში ცვლილების განხორციელების ფაქტით გამოწვეული ცვლილებები, არ შეაფასა, შეიძლებოდა თუ არა არასწორად რეგისტრირებული კიდევ 4 ნაკვეთის რეგისტრაციაში ცვლილების განხორციელება და ამ გზით სადავო საკითხის აღმოფხვრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ.კ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტების (მიღება- ჩაბარების აქტების) საფუძველზე, რომლებიც სადავოდ არ გამხდარა, ასევე წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზების შესაბამისად, თავდაპირველად მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებულ იქნა მესამე პირთა მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილებები, მათ შორის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 15 დეკემბრის რეგისტრაციის შესახებ #... გადაწყვეტილებით უძრავი ქონება (ქალაქ რუსთავის შესასვლელში, 900 კვ.მ, ს. კ. ... ) საკუთრების უფლებით აღირიცხა ბ.ქ-ის სახელზე, რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 15 დეკემბრის #... გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა ზ.ც-ის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე (ქალაქ რუსთავის შესასვლელში, 900 კვ.მ, ს. კ. ...), რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 17 იანვრის #... გადაწყვეტილებით დ.ბ-ის საკუთრებაში აღირიცხა უძრავი ქონება (ქალაქ რუსთავის შესასვლელში, 900 კვ.მ, ს. კ. ...), ხოლო რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 17 იანვრის #... გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა თ.ბ-ის საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე (ქალაქ რუსთავის შესასვლელში, 900 კვ.მ, ს. კ. ...).
საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ ხსენებული დაზუსტებული რეგისტრაციების განხორციელების შემდგომ, მოსარჩელის დაინტერესებიდან და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ კვლავ იქნა შესწავლილი ზემოაღნიშნულ რეგისტრაციათა მართლზომიერება. რეგისტრირებულ უფლებათა კანონიერების გადამოწმებისას, მოპასუხის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, განხორციელდა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მოწვევა და დაინტერესებულ პირთა მოსმენა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ... , ..., ... და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების საზღვრები დაფიქსირებული იყო ნაშალი ბეტონის ბოძებით, რაც შესაბამისობაში იყო რეგისტრირებულ მონაცემებთან. ამასთან, ადგილზე დათვალიერების დროს მ.კ-ის წარმომადგენელმა - მ.ო-ემ მარეგისტრირებელ ორგანოს ვერ მიუთითა მარწმუნებლის მიწის ნაკვეთის კონკრეტული მდებარეობა. გარდა ამისა, ქალაქ რუსთავის მერიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში არ მოიპოვებოდა ინფორმაცია (რაიმე სახის გეგმა) ... , ..., ..., ...და ... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის შესახებ. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი მოკლებული იყო მიწის ნაკვეთების კონფიგურაციის სისწორის დადასტურების შესაძლებლობას.
საგულისხმოა ისიც, რომ მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენა ვერ განხორციელდა სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზის მიერაც, ვინაიდან ზემოხსენებულ მიწის ნაკვეთთა ზუსტი ადგილმდებარეობის დასადგენად დამატებით საჭირო იყო მიწის ნაკვეთების უფლების დამდგენი დოკუმენტების გაცემის პერიოდის ამსახველი ნაკვეთების განაწილების გეგმის წარდგენა, რომელზეც დატანილი იქნებოდა მოსარჩელისა და მესამე პირების მიწის ნაკვეთები, ცენტრალური საავტომობილო გზა, შიდა გზები და მყარი ორიენტირები, რაც ვერ იქნა მოძიებული. კერძოდ, აღნიშნულ მტკიცებულებათა მოპოვების მიზნით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიიდან, რის საფუძველზეც, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, გაირკვა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ქალაქ რუსთავის მიწის განაწილების სიები და სქემები დაცული არ იყო, ხოლო მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რეფორმის პერიოდში მოქალაქეთათვის გადაცემული ნაკვეთების განაწილების გეგმა მათთან დაცულ მონაცემებში არ ინახებოდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-18 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები, ხოლო „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (21-ე, 22-ე და 23-ე მუხლები) კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება.
ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლისა და მასალების ურთიერთშეჯერებით, მარეგისტრირებელმა ორგანომ ვერ დაადგინა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საზღვრების არასწორად განსაზღვრის ფაქტი, იხელმძღვანელა მიწის სარგებლობაში გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტებითა და მესამე პირთა მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზებით, რაც საკმარის საფუძველს ქმნიდა სადავო უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელებისათვის.
რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო განაცხადზე სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის 22-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდებოდა ბ.ქ-ის მიწის ნაკვეთის საზღვრების არასწორად დადგენისა და, შესაბამისად, რეგისტრაციის განხორციელების ფაქტი, მართებული იყო მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებები მოსარჩელისთვის კორექტირებული აზომვითი ნახაზის მოთხოვნის თაობაზე, რამეთუ რეგისტრირებულ მონაცემთა ზედდების პირობებში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო დადებითი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ამასთან, სარეგისტრაციო განაცხადზე მოთხოვნილი დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო, ასევე, არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
წარმოდგენილი სარჩელით მ.კ-ე, ასევე, მოითხოვს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ იმ პირობებში, როდესაც ვერ იქნა დადგენილი მესამე პირთა საკუთრების უფლების რეგისტრაციების კანონშეუსაბამობა და ასევე მართლზომიერად იქნა მიჩნეული მოსარჩელის სარეგისტრაციო განაცხადზე მიღებული სადავო გადაწყვეტილებები სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის, შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ, არ არსებობდა ხსენებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის საფუძველი. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ რეგისტრირებული მონაცემების კანონიერება ერთხელ უკვე შემოწმებული იყო მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ (2018 წლის 14 თებერვლის #... გადაწყვეტილებით), მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 5 მარტის #... გადაწყვეტილებით უარი ეთქვა შინაარსობრივად იმავე მოთხოვნით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.
რაც შეეხება მოწმის დაკითხვის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის საოქმო განჩინების კანონიერებას, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მოითხოვდა მოწმედ შპს „მ...-ის“ დირექტორის - მ.ჩ-ის დაკითხვას, რომელიც მისი განმარტებით, დაადასტურებდა აღნიშნული კომპანიის მიერ შედგენილი და საქმეში წარმოდგენილი აზომვითი ნახაზების მართებულობას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამასთან, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმეში წარმოდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზიდან ირკვევა, რომ საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილმა პირმა - შპს „მ...-ის“ წარმომადგენელმა დაინტერესებული პირის - მ.ო-ის დაკვეთით შეადგინა მოსარჩელის დაინტერესებაში და მის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზი. ამავე ნახაზზე არსებული შენიშვნის მიხედვით, ნაკვეთის საზღვრის გარდატეხის წერტილის კოორდინატები აღებულია დამკვეთის მითითებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ გაურკვეველია, თუ რა გარემოების დადასტურების მიზნით უნდა ყოფილიყო მოწვეული მოწმის სახით ხსენებული კომპანიის დირექტორი, რომლის მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზი, რომელიც ასახავს დამკვეთის მითითებებს, ისედაც წარმოდგენილია საქმეში. თავის მხრივ, მართებულია სააპელაციო პალატის განმარტება, რომ მისი სისწორის დადასტურებისთვის, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს დამატებით ვინმეს გამოკითხვის აუცილებლობა. საგულისხმოა, რომ გასაჩივრებული აქტების კანონიერებასა და თითოეულ სასარჩელო მოთხოვნაზე მსჯელობის ფარგლებში, ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ გამოკვლეულ იქნა საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება, ასევე, შეფასება მიეცა წარმოდგენილ სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, მათ შორის, აზომვით ნახაზებს, რის გამოც არ არსებობდა დამატებით შპს „მ...-ის“ დირექტორის სასამართლო სხდომაზე მოწვევისა და მისი მოწმის სახით დაკითხვის საჭიროება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ.კ-ის (პ/ნ ...) საკასაციო საჩივარზე მ.ო-ეს (პ/ნ ...) 01.11.2022წ. #... საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მ.კ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე მ.ო-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 17 მაისის განჩინება;
3. მ.კ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე მ.ო-ის (პ/ნ ...) მიერ 01.11.2022წ. #... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა