Facebook Twitter

№ბს-1242(კ-22) 23 თებერვალი, 2023 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების და 2022 წლის 9 აგვისტოს დამატებითი გადაწყვეტილებების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 29 ოქტომბერს ზ.მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 19 სექტემბერს მასა და სსიპ „დ. აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის ეროვნულ აკადემიას“ შორის დაიდო კონტრაქტი 10 წლის ვადით, საიდანაც 4 წელი ისწავლა აკადემიაში. თავდაპირველად მას მიენიჭა მსმენელის, ხოლო შემდეგ იუნკერის სტატუსი (2014 წლის 1 სექტემბერი) აკადემიის ... პროგრამაზე. ... პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მოსარჩელე 2015 წლის 20 სექტემბრიდან ჩაირიცხა ...ის ჯგუფის მსმენელად. კონტრაქტის შესაბამისად, ... სწავლების დასრულების შემდეგ კონტრაქტის დასრულების ვადა შეადგენდა 6 წელს. 2016 წლის 20 თებერვალს ზ.მ-ე დაინიშნა ...ის ...ად და მიენიჭა უფროსი ლეიტენანტის წოდება. 2016 წლის 20 დეკემბრის ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განყოფილებაში. მოსარჩელემ 2017 წლის 2 თებერვლის ბრძანებით მიიღო ლეიტენანტის წოდება, 2017 წლის 25 სექტემბრის ბრძანებით მიენიჭა სამხედრო წოდება - ,,უფროსი ლეიტენანტი‘’. ზ.მ-ე 2021 წლის 13 სექტემბრამდე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ წარმოადგენდა თავდაცვის სამინისტროს სამხედო პოლიციის დეპარტამენტის ...ის მეთაურს, ასევე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის 04.10.2019 წ. ბრძანებით MOD 9 19 00003282 დაეკისრა ...ის უფროსის მოვალეობა, რომლის სახელფასო დანამატი თვეში 150 ლარი იყო. მოსარჩელეს 3 თვის განმავლობაში (2019 წლის ოქტომბრიდან 2020 წლის იანვრამდე) სახელფასო დანამატი არ მიუღია. 2021 წლის 13 სექტემბერს გამოიცა №MOD 2 21 00004074 ბრძანება ზ.მ-ის დაკავებული თანამდებობიდან დათხოვნის თაობაზე, რომელშიც მოსარჩელის გათავისუფლების თარიღად მიეთითა 2021 წლის 13 აგვისტო. მოსარჩელე აცხადებს, რომ დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებდა კეთილსინდისიერად, მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და მისი სამსახურიდან ვადაზე ადრე განთავისუფლება საფუძველსაა მოკლებული.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 13.09.2021 წ. №MOD 2 21 00004074 ბრძანების ბათილად ცნობა; 2. მოპასუხის დავალება ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე, სადაც სამსახურიდან გათავისუფლების თარიღად მითითებული იქნება 19.09.2021წ; 3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 2021 წლის სექტემბრის თვის სახელფასო დავალიანების (დაბეგრილი) - 1020 ლარის, 2019 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის და 2020 წლის იანვრის სახელფასო დანამატის - 600 ლარის ანაზღაურება; 4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 1000 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით ზ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 13.09.2021 წ. №MOD 2 21 00004074 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სადაც სამსახურიდან გათავისუფლების თარიღად მითითებული იქნება 19.09.2021წ.; მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 2021 წლის სექტემბრის თვის სახელფასო დავალიანების (დაბეგრილი) 1020 ლარის, 2019 წლის ოქტომბრის, ნოემბრის, დეკემბრის და 2020 წლის იანვრის სახელფასო დანამატის 600 ლარის ანაზღაურება; მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 1000 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება - სასამართლო ხარჯების - სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ.მ-ეს დაუბრუნდა მის მიერ 2021 წლის 28 ოქტომბერს სს „ თ...ის“ მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ.მ-ე 2011 წლის 19 სექტემბრიდან ჩაირიცხა სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ...ის საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელად. საქმეში დაცული 19.09.2011წ. კონტრაქტის 2.1 პუნქტის თანახმად, „სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენდა 6 კალენდარულ წელს და მსმენელად ყოფნის ვადის ჯამს. პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ მსმენელად ყოფნის პერიოდი მოიცავს ოთხწლიან ... პროგრამას, რაც სრულყოფილად შეასრულა მოსარჩელე მხარემ. ასევე დადგენილია, რომ ზ.მ-ე დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ...ის სასწავლო კურსებზე ჩარიცხული ...ის ჯგუფის მსმენლად 2015 წლის 20 სექტემბრიდან, რაც თავის მხრივ მოიაზრებდა მის მიერ საშტატო კატეგორია „ლეიტენანტის“ დაკავებას, შტატით N2/339-51. პალატის შეფასებით, სწორედ აღნიშნული თარიღიდან უნდა აითვლილიყო კონტრაქტით გათვალისწინებული 6 კალენდარული წლის ვადა, ვინაიდან თავად კონტრაქტის პირობაც ადგენს, რომ აღნიშნული ვადის დაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ნამსახურები კალენდარული წლები. სააპელაციო პალატამ საქმეში დაცულ ეროვნული თავდაცვის აკადემიის საინფორმაციო ფურცელსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდაუწყებრივ მიმოწერაზე დაყრდნობით, დადასტურებულად მიიჩნია, რომ ზ.მ-ის მიმართ მოქმედებდა 10 წლიანი კონტრაქტი, რომელიც სრულდებოდა 2021 წლის 20 სექტემბერს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ 2021 წლის 23 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით, სამხედრო პოლიციის ...ის მორიგეობის გრაფიკზე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო პოლიციის ...ის მეთაურის ბრძანებებზე, რომლითაც განსაზღვრულია სადღეღამისო განაწესში გასასვლელი პირადი შემადგენლობის მორიგეობის დრო და ვინაობა. აღნიშნული დოკუმენტებზე დაყრდნობით პალატამ მიიჩნია, რომ ზ.მ-ე ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ბოლო მორიგეობა შეასრულა 29-30 აგვისტოს და პირადი პატაკის საფუძველზე სარგებლობდა შვებულებით 2021 წლის 31 აგვისტოდან - 12 სექტემბრის ჩათვლით. აღნიშნული შვებულება შეწყდა სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე და მოსარჩელეს დაევალა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა 2021 წლის 7 სექტემბრიდან. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია კონტრაქტის მოქმედების ვადის ამოწურვა 2021 წლის 20 სექტემბერს, შესაბამისად მართებულად ჩათვალა მოსარჩელის მოთხოვნა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 13.09.2021 წ. №MOD 2 21 00004074 ბრძანების ბათილად ცნობასა და მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, სადაც მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თარიღად მითითებული იქნება 19.09.2021წ.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის N238 დადგენილების მე-16 თავის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, დანიშნულ სამხედრო მოსამსახურეს ფულადი ანაზღაურება მიეცემა შესაბამის თანამდებობრივი მოვალეობის შესრულების დღიდან, რაზედაც გაიცემა ბრძანება, რომელშიც უნდა აისახოს სამსახურის ადგილზე გამოცხადებისა და მის მიერ სამხედრო სამსახურის ფაქტობრივად დაწყების თარიღი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ზ.მ-ე კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, რამაც მის მიმართ წარმოიშვა კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ფარგლებში (2021 წლის 20 სექტემბერი) თანამდებობრივი სარგოს გაცემის ვალდებულება. სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 2021 წლის სექტემბრის თვის სახელფასო დავალიანების (დაბეგრილი) 1020 ლარის ზ.მ-ის სასარგებლოდ დაკისრების მოთხოვნა. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ.მ-ე 04.10.2019 წლიდან ასრულებდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ...ის უფროსის მოვალეობასაც, რაც ითვალისწინებდა დანამატს თვეში 150 ლარის ოდენობით. ზ.მ-ეს ოთხი თვის (2019 წლის ოქტომბერი, ნოემბერი დეკემბერი და 2020 წლის იანვარი) სახელფასო დანამატი განმავლობაში არ აუღია, რაც ასევე ანაზღაურებას უნდა დაექვემდებარებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 აგვისტოს დამატებითი გადაწყვეტილებით ზ.მ-ის წარმომადგენლის ნ.ა-ს შუამდგომლობა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზ.მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 100 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო შესაგებლით დასტურდება რომ ზ.მ-ეს ნ.ა-სთვის, სააპელაციო ინსტანციაში, ადვოკატის მომსახურეობისთვის გადახდილი ჰქონდა 500 (ხუთასი) ლარი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2022 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ამასთან, პალატამ დავის საგნის (საქმის კატეგორიას), საქმის სირთულის, წარმომადგენლის მიერ განხორციელებული მოქმედებების, საქმის განხილვის ხანგრძლივობის მხედველობაში მიღებით ჩათვლა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაკისრებოდა მოწინააღმდეგე მხარის - ზ.მ-ის სასარგებლოდ, მოსარჩელის წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ასევე საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 აგვისტოს დამატებითი გადაწყვეტილება და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

კასატორი აღნიშნავს, რომ „სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის N729 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს 6 კალენდარულ წელს და მსმენელად ყოფნის ვადის ჯამს. კონტრაქტის მოქმედება იწყება მსმენელად ჩარიცხვის დღიდან. აღნიშნული ვადის დაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ნამსახურები კალენდარული წლები. კონტრაქტში არსად არ არის მითითებული, რომ მისი მოქმედების ვადა შეადგენს 10 წელს, რაც წარმოადგენს ფაქტობრივ უსწორობას, შესაბამისად დაუსაბუთებელია ამ მსჯელობის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებაც. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზ.მ-ე 2011 წლის 19 სექტემბერს ჩაირიცხა მსმენელად სსიპ დ. აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში, ხოლო 2015 წლის 21 აგვისტოს მან დაასრულა ... პროგრამა და ამავე თარიღიდან მიენიჭა ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის ვადის 6 (ექვსი) წლის ათვლა დაიწყო 2015 წლის 21 აგვისტოდან და დასრულდა 2021 წლის 21 აგვისტოს. კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლოების პოზიციას მასზედ, რომ მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების თარიღად 2021 წლის 19 აგვისტო უნდა იქნეს მითითებული.

კასატორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის N238 დადგენილების მე-17 თავის მე-8 პუნქტზე, რომლის თანახმად, "სამხედრო მოსამსახურეს თუ იგი დანიშნულია კანონიერი საფუძვლით დროებით თანამდებობაზე არმყოფი სამხედრო მოსამსახურის თანამდებობაზე, ანაზღაურება მიეცემა თავისი სამხედრო წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოს მიხედვით.“ კასატორი საგულისხმოდ მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 14 თებერვლის N1950 ბრძანებით მოსარჩელეს ხელახლა დაეკისრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო პოლიციის ...ის ...ის უფროსის მოვალების შესრულება და აღნიშნულ პერიოდში იგი გათავისუფლდა ძირითადი თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებისგან, შესაბამისად ამის შემდგომ ის იღებდა დამატებით ანაზღაურებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დამატებითი ანაზღაურების ნაწილში მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.

კასატორი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პლატის 2022 წლის 9 აგვისტოს დამატებითი გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არასწორად დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ადვოკატის ხარჯების - 100 ლარის გადახდის ვალდებულება. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო ზემოაღნიშნული სასამართლოსგარეშე ხარჯის მოპასუხისთვის დაკისრების ვალდებულებას უკავშირებს ზ.მ-ის მიერ სააპელაციო შესაგებელზე დანართის სახით არსებულ 7.07.2022წ. საგადახდო დავალებას, თუმცა ზემოაღნიშნული დოკუმენტი არ ადასტურებს, რომ გადახდილი თანხა დაკავშირებულია კონკრეტულად მოცემულ სამართლებრივ ურთიერთობასთან და არა სხვა იურიდიულ მომსახურებასთან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დავის სწორად გადაწყვეტისთვის არსებითია ზ.მ-ის სამსახურიდან განთავისუფლების თარიღის სწორად დადგენა, რის შემდეგადაც უნდა განისაზღვროს მოსარჩელის ხელფასის და სახელფასო დანამატის ოდენობა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ 2011 წლის 19 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის ძალებში უნდა ემსახურა 10 წლის ვადით, შესაბამისად, მისი დათხოვნა უნდა განხორციელებულიყო არა 2021 წლის 21 აგვისტოდან, არამედ 2021 წლის 20 სექტემბრიდან.

დადგენილია, რომ სსიპ დ. აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის 26.10.2011წ. N41 ბრძანებით ზ.მ-ე 2011 წლის 19 სექტემბრიდან ჩაირიცხა მსმენელად სსიპ დ. აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის ... საგანმანათლებლო პროგრამაზე და აყვანილ იქნა ყველა სახის კმაყოფაზე.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ზ.მ-ეს შორის 2011 წლის 19 სექტემბერს გაფორმებული კონტრაქტის 2.1 პუნქტის თანახმად, „სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს 6 კალენდარულ წელს და მსმენელად ყოფნის ვადის ჯამს. კონტრაქტის მოქმედება იწყება მსმენელად ჩარიცხვის დღიდან. აღნიშნული ვადის დაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ნამსახურები კალენდარული წლები. დადგენილია, რომ მსმენელად ყოფნის პერიოდი მოიცავს ოთხ წლიან ... პროგრამას, რაც სრულყოფილად შეასრულა მოსარჩელე მხარემ.

ამდენად, მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტი შინაარსობივად შედგებოდა ორი ეტაპისაგან კერძოდ, პირველი ეტაპი გულისხმობდა ... საფეხურზე სწავლის პერიოდს და შესაბამისი ხარისხის მინიჭებას, ხოლო მეორე ეტაპი მოიცავდა 6 კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საქმიანობას. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 14/09/2015წ №MOD 5 15 00004849 ბრძანებით, ლეიტენანტი ზ.მ-ე დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ...ის სასწავლო კურსებზე ჩარიცხული ...ის ჯგუფის მსმენელად 2015 წლის 20 სექტემბრიდან, რაც თავის მხრივ მოიაზრებდა მის მიერ საშტატო კატეგორია „ლეიტენანტის“ დაკავებას, შტატით N2/339-51. საგულისხმოა, რომ საქმეში დაცული ეროვნული თავდაცვის აკადემიის საინფორმაციო ფურცელში მითითებულია, რომ „... პროგრამებზე ჩაბარების შემთხვევაში იუნკერი თავდაცვის სამინისტროსთან აფორმებს 10-წლიან კონტრაქტს, რაც ითვალისწინებს 4 წლიან სწავლებასა და 6 წლიან სამხედრო საკონტრაქტო სამსახურს. ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდაუწყებრივი მიმოწერიდან ირკვევა, რომ თავად სამინისტროც მოიაზრებდა, რომ ზ.მ-ის კონტრაქტის დასრულების თარიღი იყო 2021 წლის 20 სექტემბერი (ს.ფ. 46). საქართველოს თავდაცვის მინისტრის 13.09.2021 წ. MOD 2 21 00004074 ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და სამსახურიდან დათხოვნის თარიღად მითითებულ იქნა წინარე რიცხვი - 21.08.2021 წ.

საკასაციო სასამართლო ზ.მ-ის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების კუთხით ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ სამხედრო პოლიციის ...ის 2021 წლის 23 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით ბატალიონის მორიგეობის გრაფიკსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო პოლიციის ...ის მეთაურის ბრძანებებზე, რომლითაც განსაზღვრულია სადღეღამისო განაწესში გასასვლელი პირადი შემადგენლობის მორიგეობის დრო და ვინაობა (ს/ფ 33-38). აღნიშნული დოკუმენტებით ირკვევა, რომ ზ.მ-ე ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ბოლო მორიგეობა შეასრულა 29-30 აგვისტოს და პირადი პატაკის საფუძველზე ისარგებლა შვებულებით 2021 წლის 31 აგვისტოდან - 12 სექტემბრის ჩათვლით. აღნიშნული შვებულება შეწყდა სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე და მოსარჩელეს დაევალა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა 2021 წლის 7 სექტემბრიდან. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ.მ-ის მიერ სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების პროცესში, 2021 წლის აგვისტოში და მომდევნო პერიოდშიც - შვებულებით სარგებლობისა თუ დისტანციურ სამუშაოზე გადაყვანისას, მას ვერ ექნებოდა ვარაუდი, რომ 2021 წლის 21 აგვისტოდან გათავისუფლებული იყო დაკავებული თანამდებობიდან. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ზ.მ-ე 2021 წლის სექტემბრის თვეშიც ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობებს.

ამდენად, ზ.მ-ე სრულყოფილად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ემორჩილებოდა ზემდგომ მოსამსახურეთა მითითებებს, ჰქონდა დაშვება სახელმწიფოსათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ინფორმაციასთან და არ ჰქონდა არავითარი ვარაუდი იმისა, რომ 2021 წლის 21 აგვისტოდან გათავისუფლდებოდა დაკავებული თანამდებობიდან.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაცციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ ყოფილა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ აქტი გამოცემულია 2021 წლის 13 სექტემბერს, რომელშიც მიეთითა, რომ ზ.მ-ე დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდა 2021 წლის 21 აგვისტოს. გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას რის საფუძველზე და რა გარემოებების გათვალისწინებით გათავისუფლდა მოსარჩელე აქტის გამოცემის წინარე თარიღით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში, ზ.მ-ის მიმართ კონტრაქტით განსაზღვრული სამხედრო სამსახურის 6 წლიანი კალენდარული ვადის ათვლა უკავშირდება 2015 წლის 20 სექტემბერს (მოსარჩელის მიერ საშტატო კატეგორია „ლეიტენანტის“ დაკავება), ვინაიდან კონტრაქტის პირობითაც დგინდება, რომ ვადის დაანგარიშებაში გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ნამსახურები კალენდარული წლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ.მ-ის მიმართ კონტრაქტის ვადა ამოიწურა 2021 წლის 20 სექტემბერს, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორად მიუთითა 2021 წლის 21 აგვისტო, რაც სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობაა.

საქმის მასალებით დგინდება და არც მხარეებს გაუხდიათ სადავო, რომ მოსარჩელის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა დაბეგრილი სახით შეადგენდა 1500 ლარს, მხარეთა შორის გაფორმებული კონტაქტი სრულდებოდა 2021 წლის 20 სექტემბერს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელესთან გაფორმებული კონტრაქტის 3.1. პუნქტის თანახმად, მოსამსახურეს სტიპენდია ან/და შრომის ანაზღაურება მიეცემა კანონმდებლობით დადგენილი ოდენობითა და წესით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სამხედრო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის N238 დადგენილების მე-16 თავზე, რომლითაც განსაზღვრულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების, შრომის ანაზღაურების, სამუშაო დროის და სამსახურის გავლის სხვა თავისებურებანი. ზემოაღნიშნული დადგენილების მე-16 თავის მე-3 პუნქტის თანახმად, დანიშნულ სამხედრო მოსამსახურეს ფულადი ანაზღაურება მიეცემა შესაბამისი თანამდებობრივი მოვალეობის შესრულების დღიდან, რაზედაც გაიცემა ბრძანება, რომელშიც უნდა აისახოს სამსახურის ადგილზე გამოცხადებისა და მის მიერ სამხედრო სამსაურის ფაქტობრივად დაწყების თარიღი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ზ.მ-ე ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ცალსახაა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმოიშვა კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ფარგლებში (2021 წლის 20 სექტემბერი) თანამდებობრივი სარგოს გაცემის ვალდებულება. ამდენად, კანონიერია მოთხოვნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 2021 წლის სექტემბრის თვის სახელფასო დავალიანების (დაბეგრილი) 1020 ლარის ზ.მ-ის სასარგებლოდ დაკისრების თაობაზე.

სახელფასო დანამატთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ზ.მ-ე 04.10.2019 წლიდან ასევე ასრულებდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ...ის უფროსის მოვალეობასაც, რაც ითვალისწინებდა დანამატს თვეში 150 ლარის ოდენობით, რომელიც ოთხი თვის (2019 წლის ოქტომბერი, ნოემბერი დეკემბერი და 2020 წლის იანვარი) განმავლობაში მოსარჩელეს არ აუღია, რაც ასევე ანაზღაურებას ექვემდებარება.

კასატორის მიერ ასევე სადავოდ არის გამხდარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 აგვისტოს დამატებითი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზ.მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 100 ლარის ანაზღაურება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

2022 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება - სასამართლო ხარჯების - სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ.მ-ეს დაუბრუნდა მის მიერ 2021 წლის 28 ოქტომბერს სს „თ...ის“ მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას მასზედ, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის სააპელაციო შესაგებელზე თანდართული 07.07.2022წ. საგადახდო დავალებიდან არ დასტურდება, რომ აღნიშნული თანხა სწორედ მოცემული დავის ფარგლებში არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას უკავშირდება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული ზ.მ-ის სააპელაციო შესაგებელზე დართულ საგადახდო დავალებაში (07.07.2022წ) ცალსახად და პირდაპირაა მითითებული, რომ 500 ლარი წარმოადგენს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გაწეული იურიდიული მომსახურების საფასურს. ზემოხსენებული დოკუმენტში გადამხდელად ფიქსირდება ზ.მ-ე, ხოლო თანხის მიმღებად ნ.ა-ა. ამასთან, მოსარჩელე სააპელაციო შესაგებლითვე ითხოვდა ადვოკატისთვის იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ გაწეული ხარჯის მოპასუხისთვის დაკისრებას. ამდენად, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ დავის საგნის, საქმის სირთულის, მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ განხორციელებული მოქმედებების გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა მოსარჩელის სასარგებლოდ, მისი წარმომადგენლისთვის გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯის - 100 ლარის ანაზღაურება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 აგვისტოს დამატებითი გადაწყვეტილება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა